კურთხევების ანაზღაურება
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მრავალი გარემოება შეიძლება ჩვენს კონტროლს მიღმა იყოს, არცერთი ჩვენგანი არ არის უფლის უსასრულო კურთხევების მიღმა.
თავმჯდომარე ეპისკოპოსობაში მსახურებით, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი უკანასკნელ დღეთა წმინდანებს მთელი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ადგილებსა და კულტურაში. მე გამუდმებით შთაგონებული ვარ თქვენი მუდმივი რწმენით და უფალი იესო ქრისტესადმი თავდადებით. თუმცა, ჩემზე ასევე იმოქმედა იმ სხვადასხვა და ხშირად რთულმა გარემოებებმა, რომლებსაც ბევრი თქვენგანი აწყდება—ისეთმა გამოწვევებმა, როგორიცაა ავადმყოფობა, ინვალიდობა, შეზღუდული რესურსები, ქორწინების ან განათლების ნაკლები შესაძლებლობები, სხვების მხრიდან ძალადობა და სხვა შეზღუდვები ან ფარგლები. ზოგჯერ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს განსაცდელები წინსვლაში გაბრკოლებთ და გეწინააღმდეგებათ თქვენს მონდომებულ მცდელობაში, რომ სახარებით იცხოვროთ სრულად, რაც ართულებს მსახურებას, ღვთის თაყვანისცემას და წმინდა მოვალეობების შესრულებას.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ ოდესმე იგრძნობთ თავს შეზღუდულად ან დაჩაგრულად თქვენი ცხოვრებისეული გარემოებების გამო, მინდა იცოდეთ ეს: უფალს თქვენ პირადად უყვარხართ. ღმერთისათვის ცნობილია თქვენი გარემოებები და მისი კურთხევების კარი ღიაა თქვენთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე ხართ.
მე ვისწავლე ეს ჭეშმარიტება პირადი გამოცდილებით, რომელიც, შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყო, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. 22 წლის ასაკში, როდესაც პარიზში ფრანგულ საჰაერო ძალებში ვმსახურობდი, აღფრთოვანებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ უფლის მოციქული, უხუცესი ნილ ა. მაქსველი, სიტყვით გამოვიდოდა კონფერენციაზე ელისეს მინდვრებზე. თუმცა, ღონისძიების დაწყებამდე, მე მივიღე ბრძანება, რომ მიმეყვანა უფროსი ოფიცერი აეროპორტში ზუსტად იმ დროს, როდესაც კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო.
იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა დასწრება გადაწყვეტილი მქონდა, ოფიცერი მივიყვანე და კონფერენციაზე სასწრაფოდ გავეშურე. მანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნის შემდეგ, შანზ-ელიზეზე სწრაფად გავიქეცი შეხვედრის ადგილისკენ და სუნთქვაშეკრული მივედი, როცა შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ ხუთი წუთი რჩებოდა. როგორც კი შევედი, გავიგონე უხუცესი მაქსველის სიტყვები, „ახლა მე დაგლოცავთ სამოციქულო კურთხევით.“ იმ მომენტში მე მშვენიერი, დაუვიწყარი სულიერი გამოცდილება მივიღე. მე სულიწმიდა დამეუფლა და კურთხევის სიტყვებმა თითქოს მთელ ჩემს სულში შეაღწია, თითქოს ისინი მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.
რაც იმ დღეს განვიცადე ღვთის შვილებისათვის მისი გეგმის მანუგეშებელი ასპექტის მცირე, მაგრამ ძლიერი გამოვლინება იყო: როდესაც ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებები ხელს გვიშლის ჩვენი გულის სამართლიანი სურვილების შესრულებაში, უფალი ისე გვინაზღაურებს, რომ მოგვცემს თავისი დაპირებული კურთხევების მიღების საშუალებას.
ეს დამამშვიდებელი ჭეშმარიტება ეფუძნება იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებაში არსებულ სამ ძირითად პრინციპს:
-
ღმერთს თითოეული ჩვენგანი სრულყოფილად უყვარს. „[ჩვენ] ყველას მო[გვი]ხმობს, [მივიდეთ] მასთან და [მივიღოთ] მისი სიკეთე.“ მისი გამოსყიდვის გეგმა უზრუნველყოფს, რომ ყველას, გამონაკლისის გარეშე, მიეცემა სამართლიანი შესაძლებლობა, ერთ დღესაც მიიღოს ხსნისა და ამაღლების კურთხევა.
-
იმის გამო, რომ ღმერთი სამართლიანი და მოწყალეა ერთდროულად და მისი გეგმა სრულყოფილია, ის არ დაგვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა განმარტა, რომ „ღმერთი … მოწყალებით ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩვენს სურვილებსა და მოქმედებას, არამედ სირთულის ხარისხსაც, რომელსაც ჩვენი განსხვავებული გარემოებები განაპირობებს.“
-
იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ძალა საბოლოოდ ცხოვრების ყველა სირთულის გასაძლებად და გადასალახად. როგორც ალმა ასწავლიდა, მხსნელმა საკუთარ თავზე აიღო არამხოლოდ მომნანიებელთა ცოდვები, მაგრამ ასევე „საკუთარი ხალხის ტკივილი და ავადმყოფობა“ და „მათი უძლურებანი.“ ამრიგად, ჩვენი შეცდომების გამოსყიდვის გარდა, უფლის წყალობა და მადლი მხარს გვიჭერს უსამართლობისას, ნაკლოვანებებისას და შეზღუდვებისას, რაც ჩვენი მიწიერი გამოცდილებითაა განპირობებული.
ამ ანაზღაურებული კურთხევების მიღება დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე. უფალი გვთხოვს, გავაკეთოთ „ყველაფერი, რაც შეგვიძლია“ და „[მივუძღვნათ] მთელი [ჩვენი] სული, როგორც მისადმი შესაწირი.” აღნიშნული მოითხოვს ღრმა სურვილს, გულწრფელ და ერთგულ გულს, ასევე ჩვენს უდიდეს მონდომებას უფლის მცნებების შესასრულებლად და რომ ჩვენი ნება დავამთხვიოთ უფლისას.
როდესაც ჩვენი ბეჯითი ძალისხმევა არ შეესაბამება ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, უფალი მაინც მიიღებს ჩვენი გულის საწადელს, როგორც ღირსეულ შესაწირს. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი ასწავლიდა: „ჩვენ კურთხეულნი ვიქნებით ჩვენი გულის სამართლიანი საწადელისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გარეშე გარემოებამ შეუძლებელი გახადა ჩვენთვის ამ სურვილების განხორციელება.“
როგორც წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი წუხდა თავის ძმაზე, ალვინზე, რომელიც მოკვდა სახარების ძირითადი წეს-ჩვეულებების მიღების გარეშე, მან ეს მანუგეშებელი გამოცხადება მიიღო: „ყოველი, რომელიც ამიერიდან გარდაიცვლება სახარების ცოდნის გარეშე, რომელიც მიიღებდა მას მთელი თავისი გულით, [ღვთის ცელესტიალური] სასუფევლის მემკვიდრე გახდება“. უფალმა შემდეგ განაგრძო: „ვინაიდან მე, უფალი, განვსჯი ყოველ ადამიანს მისი საქმეებისა და გულის საწადელის შესაბამისად.“
უფლისათვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის ფაქტი, ჩვენ შეგვიძლია თუ არა, არამედ რამდენად გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ვიყოთ მისი, როგორც ჩვენი მხსნელის, მიმდევრები.
ერთხელ მეგობარმა ანუგეშა ახალგაზრდა მისიონერი, რომელიც გლოვობდა მის ვადამდე გათავისუფლებას, ჯანმრთელობის მიზეზით, მიუხედავად მისი გულწრფელი ლოცვებისა და მსახურების გულწრფელი სურვილისა. ამ მეგობარმა გაუზიარა წმინდა წერილი, სადაც უფალმა განაცხადა, რომ როდესაც მისი შვილები „მიდიან მთელი თავიანთი ძალისხმევით“ და „არ თმობენ სიბეჯითეს“ უფლის მცნებების შესასრულებლად, „და მათი მტრები [რაც შეიძლება მოიცავდეს ცხოვრებისეულ რთულ გარემოებებსაც] აფერხებენ მათ საქმის შესრულებისას, აჰა, აუცილებელია, რომ [მათგან] მეტი არ მოვითხოვო, არამედ მივიღო მათი შემოწირულობანი.“
ჩემმა მეგობარმა დაუმოწმა ამ ახალგაზრდას, რომ ღმერთმა იცოდა, მან მაქსიმუმი გაიღო მსახურების მოწოდების საპასუხოდ. მან დაარწმუნა ის, რომ უფალმა მიიღო მისი შესაწირი და რომ ყველა ერთგული მისიონერისთვის დაპირებული კურთხევები არ დააყოვნებდა.
უფლის კურთხევების ანაზღაურება ხშირად მოდის სხვების სიკეთითა და მსახურებით, რომლებიც გვეხმარებიან განვახორციელოთ ის, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად არ შეგვიძლია. მახსოვს დრო, როდესაც საფრანგეთში ჩვენი ერთ-ერთი ქალიშვილისგან შორს ვცხოვრობდით, უძლურად ვიგრძენით თავი, როდესაც მისი დახმარება გვინდოდა, რთული მშობიარობის შემდეგ. იმავე კვირას, ჩვენს მეურვეობაში, იუტაში, ერთ-ერთი დედა საჭიროებდა დახმარებას. მას ახლახან გაეჩინა ტყუპები. ჩემი ცოლი, ვალერი, მოხალისედ მივიდა მასთან საკვების მისატანად. იგი გულში ლოცულობდა, როგორც ამ ახალბედა დედისთვის, ისევე ჩვენი ქალიშვილისთვის. ჩვენ მალევე შევიტყვეთ, რომ საფრანგეთში ჩვენი ქალიშვილის მეურვეობის დებმა მოაგვარეს მისი ოჯახისათვის საკვების უზრუნველყოფა. ჩვენთვის ეს იყო ღმერთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე, მისი ანგელოზების გაგზავნით, რომლებიც ზრუნავდნენ იქ, სადაც ჩვენ არ შეგვეძლო.
როდესაც შეზღუდვებსა და გამოწვევებს ვაწყდებით, ჩვენ შეიძლება ჩვენივე კურთხევები ვიცნოთ—ჩვენი საჩუქრები, რესურსები, დრო—და გამოვიყენოთ ისინი გაჭირვებულთა დასახმარებლად. თუ ასე მოვიქცევით, არამხოლოდ სხვებს დავლოცავთ ამით, არამედ მოვიწვევთ კურნებასა და ანაზღაურებას ჩვენივე ცხოვრებაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომ წვლილი შევიტანოთ ღვთის მიერ ანაზღაურებულ კურთხევებში, არის ჩვენი წინაპრებისთვის ჩანაცვლებითი სამუშაოი, რომელსაც ვასრულებთ უფლის სახლში. როდესაც მათი სახელით ვატარებთ წეს-ჩვეულებებს, ჩვენ საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით აქტიურად ვმონაწილეობთ უფლის ხსნის დიდებულ საქმეში, რათა უზრუნველვყოთ კურთხევები მათთვის, ვისაც მათი მიღების შესაძლებლობა თავიანთი მიწიერი ცხოვრებისას არ ჰქონიათ.
ეს სიყვარულით სავსე მსახურება, რომელსაც ვწირავთ წმინდა ტაძრებში გვახსენებს, რომ უფლის მადლი ვრცელდება ამ ცხოვრების მიღმაც. მომავალ ცხოვრებაში შეიძლება მოგვეცეს ახალი შესაძლებლობები, რომ განვახორციელოთ ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით ამ მიწიერ ცხოვრებაში. დებთან საუბრისას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ეპოვათ მარადიული მეუღლე, პრეზიდენტმა ლორენცო სნოუმ სიყვარულით თქვა: „არ არსებობს უკანასკნელ დღეთა წმინდანი, რომელიც მოკვდება ერთგულებით ცხოვრების შემდეგ, რომ დაკარგოს რამე, თუ ვერ შეასრულა გარკვეული საქმეები, რომლის შესაძლებლობაც მას არ მიეცა. … მათ ექნებათ ყველა კურთხევა, ამაღლება და დიდება, რომელიც ყოველი კაცისა და ქალისათვის არის ხელმისაწვდომი, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.“
იმედისა და ნუგეშის აღნიშნული გზავნილი ყველა ჩვენგანს ეკუთვნის, ღვთის შვილებს. ვერცერთი ჩვენგანი გაექცევა მოკვდავობის გამოწვევებსა და შეზღუდვებს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ყველანი დავიბადეთ საკუთარი თავის გადარჩენის თანდაყოლილი უუნარობით. თუმცა, ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მხსნელი და „ჩვენ ვიცით, რომ [უფლის] მადლით გადავრჩებით, მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია.”
მე ვმოწმობ, რომ მართალია, ცხოვრების მრავალი გარემოება შეიძლება ჩვენს კონტროლს მიღმა იყოს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ არის უფლის ამოუწურავ კურთხევებს მიღმა. უფლის გამომსყიდველი მსხვერპლის საშუალებით, მხსნელი აანაზღაურებს ყველა უძლურებასა და უსამართლობას, თუ ჩვენ მას მთელ საკუთრ სულს შევთავაზებთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.