წყალობის გეგმა
უფალი მოწყალეა და ჩვენი მამაზეციერის ხსნის გეგმა ჭეშმარიტად წყალობის გეგმაა.
წინასწარმეტყველის მოწვევა
გასულ აპრილს, მალევე მას შემდეგ, რაც ეკლესიის მიერ კირტლანდის ტაძრის შეძენის სასიხარული ამბავი შევიტყვეთ, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, გვესწავლა კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ლოცვა, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები, ნაწილი 109-ში. მიძღვნის ლოცვა, - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა, „არის სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორ გვაძლევს ტაძარი სულიერ ძალას მე და თქვენ, რათა გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ამ უკანასკნელ დღეებში.“
დარწმუნებული ვარ, რომ 109-ე ნაწილის სწავლამ ღრმად გაგარკვიათ საკითხში, რომელმაც დაგლოცათ. ამ საღამოს გაგიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რომელიც წინასწარმეტყველის მოწვევის შემდეგ შევიტყვე. მშვიდობის მომცემმა გზამ, საითკენაც ჩემი სწავლა მიმიძღვოდა, შემახსენა, რომ უფალი მოწყალეა და ჩვენი მამაზეციერის ხსნის გეგმა ნამდვილად წყალობის გეგმაა.
ახლად მოხმობილი მისიონერების ტაძარში მსახურება
შესაძლოა იცოდეთ, რომ „ახლად მოხმობილ მისიონერებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე მიიღონ შემოსვის წეს-ჩვეულება და რაც შეიძლება ხშირად იარონ ტაძარში.“ შემოსვის შემდეგ, მათ ასევე „შეუძლიათ იმსახურონ ტაძრის … მუშაკებად, სანამ მისიონერულ მსახურებას შეუდგებიან.“
მისიონერთა მომზადების ცენტრში (მ.მ.ც.) შესვლამდე, ტაძარში გატარებული დრო შესაძლოა საოცარი დალოცვა გახდეს ახალი მისიონერებისათვის, რადგან ისინი მეტს იტყობენ სატაძრო აღთქმების შესახებ, სანამ ამ აღთქმების კურთხევებს მსოფლიოს გაუზიარებენ.
მაგრამ 109-ე ნაწილში ვისწავლე, რომ ტაძარში ღმერთი აძლიერებს ახალ მისიონერებს - მართლაც, ყოველივე ჩვენგანს - დამატებითი, წმინდა საშუალებით. მიძღვნის ლოცვაში, რომელიც გამოცხადებითაა ბოძებული, წინასწარმეტყველი ჯოზეფი ლოცულობდა: „როდესაც შენი მსახურნი წავლენ შენი სახლიდან … რათა გააზიარონ დამოწმება შენს სახელზე,“ „ყოველ ხალხ[ს]“ „დაე, … გული მოულბეთ“—როგორც „დიდებულ[თა] დედამიწისა“, ისე „ყოვე[ლ] ღარიბ[ს], ღატაკ[სა] და გაჭირვებულ[ს].“ იგი ლოცულობდა, რომ „დაე, მათმა ცრურწმენამ გზა დაუთმოს ჭეშმარიტებას და შენმა ხალხმა კეთილგანწყობა მოიპოვოს ყველას თვალში; რათა დედამიწის ყველა კიდემ იცოდეს, რომ ჩვენ, შენმა მსახურებმა, მოვისმინეთ შენი ხმა და რომ შენ გაგვაგზავნე.“
ეს მშვენიერი დაპირებაა ახლად მოხმობილი მისიონერისათვის—რომ ცრურწმენამ „გზა დაუთმოს ჭეშმარიტებას“, რათა „კეთილგანწყობა მოიპოვოს ყველას თვალში,“ და მსოფლიომ იცოდეს, რომ უფლის მიერ არის გამოგზავნილი. თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად სჭირდება იგივე კურთხევები. როგორი კურთხევა იქნებოდა გულების მოლბობა, მეზობლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობებისას. მიძღვნითი ლოცვა ზუსტად არ განმარტავს, თუ როგორ მოალბობს სხვების გულებს ჩვენ მიერ ტაძარში გატარებული დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაკავშირებულია ტაძარში ყოფნისას ჩვენივე გულების მოლბობასთან, იესო ქრისტესა და მის მოწყალებაზე ფოკუსირებისას.
უფალი პასუხობს ჯოზეფ სმითის მოწყალების თხოვნას
როცა ვსწავლობდი კირტლანდის მიძღვნის ლოცვას, მე ასევე მაოცებდა, რომ ჯოზეფ სმითი გამუდმებით ევედრებოდა უფალს მოწყალებას—ეკლესიის წევრებისათვის, ეკლესიის მტრებისათვის, ქვეყნის ლიდერებისათვის, დედამიწის ერებისათვის. და იგი უფალს პირადად მის მოხსენიებას ევედრებოდა და რომ შეეწყალებინა მისი საყვარელი ემა და მათი შვილები.
როგორ იგრძნობდა ჯოზეფი თავს, ერთი კვირის შემდეგ, აღდგომის დღეს, 1836 წლის 3 აპრილს, როდესაც კირტლანდის ტაძარში მხსნელი გამოეცხადა მას და ოლივერ ქაუდერის და როგორც დაწერილია მოძღვრება და აღთქმების 110-ე ნაწილში, უფალმა თქვა: „აჰა, მივიღე ეს სახლი და აქ იქნება ჩემი სახელი და გამოვეცხადები ჩემს ხალხს გულმოწყალებით ამ სახლში.“ ალბათ მოწყალების ამ დაპირებას ჯოზეფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა. და როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა გასულ აპრილს, ეს დაპირება ასევე „ეხება ყოველ მიძღვნილ ტაძარს [დღეს].“
უფლის სახლში მოწყალების პოვნა
არსებობს უამრავი გზა იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს მოწყალება უფლის სახლში. ეს სიმართლეა იქიდან მოყოლებული, რაც უფალმა ისრაელს პირველად უბრძანა, რომ კარავი აეგოთ და მის შუაში განეთავსებინათ „თავსარქველი.“ ტაძარში ჩვენ მოწყალებას აღთქმების დადების საშუალებით ვპოულობთ. აღნიშნული აღთქმები, ნათლობის აღთქმასთან ერთად, გვაკავშირებს მამასთან და ძესთან და როგორც პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლის, გვეძლევა უფრო ძლიერი წვდომა „განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე … რომელსაც ებრაულად ეწოდება ჰესედ“ .
ჩვენ მოწყალებას ვპოულობთ ჩვენს ოჯახებთან ერთად სამარადჟამოდ ჩაბეჭდვაში. ტაძარში ჩვენ ასევე მეტი სიცხადით ვიაზრებთ შექმნას, დაცემას, მხსნელის გამომსყიდველ მსხვერპლსა და ჩვენს შესაძლებლობას, რომ კვლავ მოვიპოვოთ მამაზეციერის სუფევაში ყოფნა.ხსნის გეგმის ყოველი ნაწილი არის მოწყალების გამოვლენა. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ხსნის გეგმა ზუსტადაც ბედნიერების გეგმაა, ვინაიდან ის არის „წყალობის გეგმა“.
შენდობის ძიება კარს უღებს სულიწმინდას
მე მადლიერი ვარ 110-ე ნაწილის მშვენიერი დაპირებისთვის, რომ ღმერთი გულმოწყალებით გამოგვეცხადება თავის ტაძრებში. მე ასევე მადლიერი ვარ, რასაც იგი გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ გამოგვეცხადება უფალი გულმოწყალებით, როდესაც ჩვენ, ჯოზეფის მსგავსად, ვევედრებით მოწყალებას.
ჯოზეფ სმითის შეწყალების ვედრება 109-ე ნაწილში არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა შეწყალების ვედრებამ გამოიწვია გამოცხადება. წმინდა ტყეში, ახალგაზრდა ჯოზეფი ლოცულობდა არამხოლოდ იმის გასაგებად, თუ რომელი ეკლესია იყო ჭეშმარიტი, არამედ მან ასევე თქვა: „შევღაღადე უფალს წყალობისთვის, რადგან სხვა არავინ იყო, ვისთანაც შემეძლო წყალობის მისაღებად მიმართვა“. მისმა გაცნობიერებამ, რომ მას სჭირდებოდა შეწყალება, რომლის უზრუნველყოფაც მხოლოდ უფალს შეეძლო, როგორღაც განაპირობა ზეცის სარკმელების გაღება. სამი წლის შემდეგ, ანგელოზი მორონი გამოეცხადა მას. რაც ამას მოჰყვა, ჯოზეფმა უწოდა „ლოცვა და [ვედრება] ყოვლადძლიერი ღმერთ[ი]ს [მიმართ], შეენდო ჩემთვის ყოველი ჩემი ცოდვა და უგუნურობა.“
წმინდა წერილებში წყალობის ვედრების შემდეგ გამოცხადების მიღება ხშირად განმეორებადი ცნობილი მაგალითია. ენოსს უფლის ხმა მხოლოდ მას შემდეგ მოესმა, რაც შენდობისთვის ილოცა. მეფე ლამონის მამის მოქცევა იწყება მისი ლოცვით: „დავთმობ ყველა ცოდვას, რათა შეგიცნო.“ შესაძლოა, ჩვენ ამგვარი დრამატული გამოცდილებებით არ ვიყოთ კურთხეულნი, მაგრამ მათთვის, ვინც ზოგჯერ იღწვიან ლოცვაზე პასუხის შესაგრძნობად, უფლის წყალობის ძიება არის სულიწმინდის მოწმეობის განცდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება.
ღმერთის წყალობაზე ღრმა ფიქრი კარს უღებს მორმონის წიგნის დამოწმებას.
მსგავსი პრინციპი შესანიშნავადაა გადმოცემული მორონი 10:3–5-ში. ჩვენ ზოგჯერ ვამოკლებთ ამ მუხლებს იმის სასწავლებლად, რომ გულწრფელი ლოცვით ჩვენ შეგვიძლია შევიტყოთ, ჭეშმარიტია თუ არა მორმონის წიგნი. მაგრამ ამ შემოკლებამ შესაძლოა უგულებელყოს წყალობის მნიშვნელოვანი როლი. მოუსმინეთ, თუ როგორ იწყებს მორონი ქადაგებას: „მოგიწოდებთ, როდესაც ყოველივე ამას წაიკითხავთ, … გახსოვდეთ, როგორი მოწყალე იყო უფალი ადამიანთა შვილების მიმართ ადამის შექმნიდან იმ დრომდე, როდესაც მიიღებთ ამას და გულში იმსჯელებთ.“
მორონი მოგვიწოდებს არა მხოლოდ ვიკითხოთ ეს ყოველივე - ჩანაწერები, რომლების ჩაბეჭდვასაც იმ დროს აპირებდა, არამედ ასევე ვიმსჯელოთ ჩვენს გულებში იმის შესახებ, რასაც მორმონის წიგნი გვიმხელს, თუ „როგორი მოწყალე იყო უფალი ადამიანთა შვილების მიმართ.“ სწორედ უფლის მოწყალების შესახებ მსჯელობა გვამზადებს, „[ვკითხოთ] ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, ჭეშმარიტია თუ არა ყოველივე ეს.“
მორმონის წიგნზე მსჯელობისას შესაძლოა, გაგვიჩნდეს კითხვა: ნამდვილად სიმართლეა, რასაც ალმა ასწავლიდა, რომ ღმერთის მოწყალების გეგმის შესაბამისად, ყოველი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, აღდგება, და თანაც „აღდგება თავის … სრულყოფილ ფორმაში“? მართალია ამულეკი? შეუძლია მხსნელის წყალობას სამართლიანობის ყველა მწარე მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლის გადახდაც მოგვიწევდა და ნაცვლად ამისა, ჩვენი „უსაფრთხოების მკლავებში“ [მოქცევა]?
ჭეშმარიტია თუ არა, როგორც ალმა მოწმობს, რომ ქრისტე არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისთვის იტანჯებოდა, არამედ ჩვენი „ტკივილ[ი]სა და ტანჯვ[ისთვისაც]“, რათა შეეცნო, „თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“? უფალი ჭეშმარიტად, როგორც მეფე ბენიამინი ასწავლიდა, იმდენად მოწყალეა, რომ უსასყიდლოდ გამოისყიდა „მათ[ი] ცოდვებ[ი], … ვინც ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა ღვთის ნების შესახებ ან ვინც უმეცრებით შესცოდა“?
ჭეშმარიტია, რაც ლეხიმ თქვა, რომ „ადამი დაეცა, რათა ადამიანები ყოფილიყვნენ; და ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“? და რა შეიძლება ითქვას აბინადის მოწმობაზე როცა, ესაია წინასწარმეტყველის ციტირებით, მან განაცხადა, რომ იესო ქრისტე „ჩვენი შეცოდებებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის დალეწილი; მას დააწვა სასჯელი ჩვენი მშვიდობისათვის; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“?
საბოლოო ჯამში, არის მამაზეციერის გეგმა, როგორც ამას მორმონის წიგნი ასწავლის, ამდენად მოწყალე? მე ვმოწმoბ, რომ ეს ასეა და რომ მორმონის წიგნში მოცემული მშვივდობის მომგვრელი და იმედის მომცემი სწავლებები მოწყალების შესახებ ჭეშმარიტია.
თუმცა მიუხედავად თქვენი თავდადებული კითხვისა და ლოცვებისა, შესაძლოა გიჭირდეთ მორონის დაპირების გააზრება, რომ მამაზეციერი „გამოგიცხადებთ ამის ჭეშმარიტებას სულიწმინდის ძალით.“ მე ვიცი ამ ბრძოლის შესახებ, ვინაიდან მრავალი წლის წინ, როდესაც პირველად რამდენჯერმე წავიკითხე მორმონის წიგნი, ვერ მივიღე ჩემს ლოცვებზე იმწუთიერი და ცხადი პასუხები.
თუ გიჭირთ, გიწვევთ მიჰყვეთ მორონის დარიგებას და იმსჯელოთ მრავალ გზაზე, რომლის საშუალებითაც მორმონის წიგნი ასწავლის, „როგორი მოწყალე იყო უფალი ადამიანთა შვილების მიმართ“. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიმედოვნებ, რომ როდესაც ასე მოიქცევით, სულიწმინდის სიმშვიდე შემოვა თქვენს გულებში და თქვენ გეცოდინებათ, დაიჯერებთ და იგრძნობთ, რომ მორმონის წიგნი და წყალობის გეგმა, რომელსაც იგი ასწავლის, ჭეშმარიტია.
მე მადლიერი ვარ მამაზეციერის მოწყალების დიდებული გეგმისათვის და მხსნელის მიერ მისი შესრულების ნებისთვის. მე ვიცი, რომ ღმერთი გამოგვეცხადება თავისი გულმოწყალებით უფლის წმინდა ტაძრებში და ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, თუ ჩვენ უფალს ვეძიებთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.