ღვთის სიყვარული
მე სიხარულით ვმოწმობ, რომ მხსნელი იესო ქრისტე არის ღვთის სიყვარული. უფლის ჩვენდამი სიყვარული არის სრულყოფილი, პირადი და მარადიული.
ერთ ზაფხულს, მიყრუებულ ადგილას მოგზაურობისას, ჩვენმა ოჯახმა საღამო უღრუბლო ცის ქვეშ ძილში გაატარა. ჩვენს ზემოთ ნათლად ჩანდა ბრწყინვალე ირმის ნახტომი, სავსე უთვალავი ვარსკვლავით და პერიოდულად ჩამოვარდნილი ვარსკვლავიც. გაოცებულები ვიყავით ღვთის შემოქმედების სიდიადით და ამ დროს ჩვენ უფალთან მოკრძალებულ კავშირს ვგრძნობდით. ჩვენს ახალგაზრდა შვილებს, რომლებიც ჰონგ კონგში გაიზარდნენ, მანამდე მსგავსი რამ არ გამოუცდიათ. მათ უმანკოდ იკითხეს, იგივე ცის ქვეშ ვცხოვრობდით თუ არა ჩვენს სახლშიც. მე ვეცადე ამეხსნა მათთვის, რომ იგივე ცა იყო ჩვენთანაც, მაგრამ ჩვენი საცხოვრებლის ჰაერისა და განათების დაბინძურება ხელს გვიშლიდა ამ ვარსკვლავების დანახვაში.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც მოველით, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.“ მართალია, ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და მიწიერი ცდუნებები ჩვენს სულიერ ხედვას ბუნდოვანს ხდიან, მაგრამ როდესაც ვავლენთ რწმენას ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ, ჩვენ ვიღებთ მკაფიო დარწმუნებას მათ ნამდვილობაზე და რომ ისინი ჩვენზე ზრუნავენ.
მორმონის წიგნში წინასწარმეტყველმა ლეხიმ დაინახა „ხე, რომლის ნაყოფი იყო სანატრელი ადამიანის ბედნიერებისთვის“ და „ყველაზე ტკბილი.“ როდესაც მან გასინჯა ნაყოფი, მისი სული დიდი სიხარულით აღივსო და მას სურდა, რომ მის ოჯახსაც გაესინჯა. ჩვენ ვიგებთ, რომ აღნიშნული ხე წარმოადგენს „ღვთის სიყვარულს,“ და როგორც ლეხის, ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ ღმერთის მოწმეობის სიხარული, როდესაც უფალს მოვიწვევთ ჩვენს ცხოვრებაში.
იესო ქრისტე განასახიერებს მამაზეციერის სიყვარულს ჩვენდამი. უფალმა, გამომსყიდველი მსხვერპლით, საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და დალეწილი იყო ჩვენი ურჯულოებისთვის. მან თავად იტვირთა ჩვენი მწუხარება და ზიდა ჩვენი დარდი, აიტანა ჩვენი ტკივილი და ავადმყოფობა. უფალი სანუგეშებლად გვიგზავნის სულიწმინდას და სულის ნაყოფი მოიცავს სიხარულს, სიმშვიდეს და რწმენას, რომელიც იმედითა და სიყვარულით გვავსებს.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიყვარული ხელმისაწვდომია ყველასთვის, ბევრი ეძებს მას გულმოდგინედ, ზოგსაც ღვთის სიყვარულის შეგრძნების სურვილის მიუხედავად, არ სჯერა, რომ ამას იმსახურებს. ზოგიერთნი კი უიმედოდ ცდილობენ მას ჩაებღაუჭონ. წმინდა წერილი და უფლის წინასწარმეტყველი გვასწავლიან, რომ შეგვიძლია განუწყვეტლივ განვიცდიდეთ ღვთის სიყვარულს, როდესაც იესო ქრისტეს მადლით, ჩვენ კვლავ მოვინანიებთ, გულწრფელად ვაპატიებთ, ვესწრაფვით, რომ დავიცვათ უფლის მცნებები და უანგაროდ ვემსახუროთ სხვებს. ჩვენ ღვთის სიყვარულს ვგრძნობთ, როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც ღმერთთან გვაახლოებს, მათ შორისაა, უფალთან ყოველდღიური საუბარი ლოცვითა და წმინდა წერილის კითხვით, და იმ მოქმედებების შეწყვეტით, რაც მას გვაშორებს, როგორიცაა სიამაყე, დავა და ამბოხება.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, რომ „მხსნელის დახმარებით, ჩვენი ცხოვრებიდან მოვიშოროთ ძველი ნარჩენები“ და „[სიმწარე] გადა[ვ]დოთ გვერდზე.“ იგი გვამხნევებს, რომ „ჩვენი სულიერი საძირკველი გავამყაროთ“ ჩვენი „ცხოვრების მხსნელზე ორიენტირებით და მისი სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების საშუალებებით“. იგი დაგვპირდა, რომ „როცა სატაძრო აღთქმებს ვიცავთ, ჩვენ უფრო მეტად მიგვიწვდება ხელი უფლის გამაძლიერებელ ძალაზე. … ჩვენ უხვად ვგრძნობთ მამაზეციერისა და იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულს!”
მე მყავს მეგობარი, რომელიც კურთხეული იყო მშვენიერი ოჯახითა და პერსპექტიული კარიერით. აღნიშნული შეიცვალა, როდესაც ავადმყოფობამ მას მუშაობის საშუალება წაართვა, რასაც განქორწინება მოჰყვა. მას შემდეგ წლების განმავლობაში სირთულეები აქვს, მაგრამ საკუთარი შვილების სიყვარული და ღმერთთან დადებული აღთქმები მხარს უმაგრებენ მას. ერთ დღეს მან შეიტყო, რომ მისი ყოფილი მეუღლე ხელახლა დაქორწინდა და მათი სატაძრო ჩაბეჭდვის გაუქმება მოითხოვა. იგი აღელვებული და დაბნეული იყო. იგი ეწვია უფლის სახლს სიმშვიდისა და გონიერებისათვის. ვიზიტიდან მომდევნო დღეს, მე მისგან შემდეგი შეტყობინება მივიღე:
„წუხელ საოცარი გამოცდილება მქონდა ტაძარში. ვფიქრობ, აშკარა იყო, რომ კვლავაც დიდ წყენას ვატარებდი. … ვიცოდი, რომ უნდა შევცვლილიყავი, და მთელი კვირის განმავლობაში ვლოცულობდი ამისათვის. … გასულ ღამეს ტაძარში პირდაპირი მნიშვნელობით ვიგრძენი, თუ როგორ მომაშორა გულიდან წყენა სულიწმინდამ. … დიდი შვება იყო ამ წყენისგან გათავისუფლება. … ავბედითი ფიზიკური ტვირთი, რომელიც მამძიმებდა, ჩამომეხსნა.“
მართალია, მას კვლავ აქვს გამოწვევები, მაგრამ ჩემი მეგობარი ძალიან აფასებს უფლის სახლში იმ გამოცდილებას, სადაც ღვთის სიყვარულის გამათავისუფლებელმა ძალამ იგი ღმერთთან დააახლოვა, აგრძნობინა მას მეტი ოპტიმიზმი საკუთარი ცხოვრების მიმართ და ნაკლები მღელვარება მისი მომავლისადმი.
როდესაც ღვთის სიყვარულს ვგრძნობთ, ჩვენ ადვილად ვუმკლავდებით საკუთარ ტვირთს, მოთმინებითა და სიხარულით ვემორჩილებით უფლის ნებას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი გაიხსენებს ჩვენთან დადებულ აღთქმებს, მოგვინახულებს ჩვენი გასაჭირისას და გვიხსნის ტყვეობისგან. ჩვენ ასევე მოგვინდება, განცდილი სიხარული გავუზიაროთ ჩვენს ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს. როგორც ლეხის ოჯახს, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი თავისუფალი არჩევანი—ნაყოფი მიიღოს თუ არა—მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს, გავუზიაროთ და მოვიწვიოთ ისინი იმგვარად, რომ ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა შეძლონ ღვთის სიყვარულის შეგრძნება.
იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხვებს ღვთის სიყვარულის შეგრძნებაში, ჩვენ საკუთარ თავში უნდა განვავითაროთ ქრისტეს მსგავსი თვისებები, როგორიცაა თავმდაბლობა, ქველმოქმედება, თანაგრძნობა და მოთმინება, და დავეხმაროთ სხვებს მხსნელისკენ მიბრუნებაში, ორი დიდი მცნების შესრულების საშუალებით: ღმერთის სიყვარულითა და მოყვასის სიყვარულით.
ჩვენს ერთ-ერთ ვაჟს, მოზარდი რომ იყო, უჭირდა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და თვითშეფასების პრობლემა ჰქონდა. მე და ჩემი ცოლი ვლოცულობდით, რომ გვეპოვა მისი დახმარების გზა, ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი რამ გვეცადა, რასაც უფალი მიიჩნევდა საჭიროდ. ერთ დღეს ვიგრძენი კარნახი, რომ უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტისთვის მეკითხა, თუ იცოდა ვინმე გაჭირვებული, ვის მონახულებასაც მე და ჩემი ვაჟი ერთად შევძლებდით. მცირე ხანს ფიქრის შემდეგ, მან გვთხოვა, რომ მოგვენახულებინა ქალბატონი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მრევლის პრეზიდენტის ნებართვით, მისთვის ზიარება მიგვეტანა ყოველ კვირას. მე აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ ასევე ვღელავდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი შვილის რეაქცია ამ ყოველკვირეულ ვალდებულებაზე.
ჩვენი პირველი ვიზიტისას, გული გვიწუხდა ამ ძვირფასი ქალბატონის გამო, ვინაიდან გამუდმებული ტკივილი ჰქონდა. იგი ძალიან მადლიერი იყო ზიარებისათვის და ჩვენც გვიხაროდა ქალბატონისა და მისი მეუღლის მონახულება. რამდენიმე სტუმრობის შემდეგ, ერთ კვირას სხვაგან მომიწია ყოფნა და ვერ გავყევი ჩემს შვილს, მაგრამ მე მას ჩვენი დავალების შესახებ შევახსენე. როდესაც სახლში დავბრუნდი, მოუთმენლად ველოდი მისგან გამეგო, თუ როგორ ჩაიარა მისმა სტუმრობამ. ჩემმა ვაჟმა მიპასუხა, რომ მის კლასელებს ალბათ ასეთ მაგარ საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ. და შემდეგ მან განმარტა, რომ მისი ძმა წაიყოლა დასახმარებლად და ზიარებამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ჩვენი ძვირფასი და მთელი კვირის განმავლობაში სევდიანად იყო, ვინაიდან მას თავისი მეგობრები მოეწვია ფილმის საყურებლად სახლში, მაგრამ ვიდეო პლეერი არ მუშაობდა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ინტერნეტში მოძებნა პრობლემის მოგვარების ხერხი და იმ წუთასვე ყველაფერი გამოსწორდა. მან თავი იგრძნო საჭიროდ, ბედნიერად და საიმედოდ, ვინაიდან შეძლო რაღაცის გაკეთება, რაც ქალბატონს გაუბრწყინებდა იმ დღეს. ჩემმა შვილმა იგრძნო ღვთის სიყვარული თავისი თავის მიმართ.
თუ, თქვენი საუკეთესო ძალისხმევის მიუხედავად, ცხოვრება მოღრუბლულია, თუ გრძნობთ, რომ თქვენი ლოცვა არ ისმის, ან თუ ვერ გრძნობთ ღვთის სიყვარულს, გთხოვთ, იცოდეთ, რომ თქვენი ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და, ისეთი დანამდვილებით, როგორც ჩვენს ზემოთ არსებული ვარსკვლავებია, მამაზეციერი და იესო ქრისტე გიცნობენ, მათ ესმით თქვენი და უყვარხართ.
ერთხელ, როდესაც უფლის მოწაფეები ნავში ისხდნენ და „ტალღები ეხეთქებოდნენ [მათ],“ მხსნელი მათკენ მიდიოდა წყალზე და არწმუნებდა, „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ როდესაც პეტრეს უნდოდა მხსნელთან მისულიყო წყლის გავლით, იესომ ანიშნა მას და უთხრა, „მოდი.“ და როდესაც პეტრეს ყურადღება გაეფანტა და ჩაძირვა დაიწყო, მხსნელმა იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა უსაფრთხოდ და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“
როდესაც ქარი ჩვენს საწინააღმდეგოდ უბერავს ცხოვრებაში, ამ დროს ვართ თუ არა მხნედ და გამბედავები? როგორ შეგვიძლია გვახსოვდეს, რომ მხსნელი არ მიგვატოვებს და უფალი ჩვენთან ახლოსაა, შესაძლოა იმ გზებით, რომლებიც ჯერ ჩვენთვის შეუცნობელია? რამდენად გვსურს უფალთან მისვლა რწმენით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ წინაშე არსებული გზა შეუძლებელი ჩანს? და უფალი რა გზებით ამოგიყვანს ზემოთ უსაფრთხოდ, როდესაც ჩვენ ვფართხალებთ? როგორ შეგვიძლია რწმენით დავეყრდნოთ უფალს ყოველ ფიქრში, ეჭვისა თუ შიშის გარეშე?
თუ გსურთ, იგრძნოთ ღვთის სიყვარული თქვენს ცხოვრებაში უფრო უხვად, თქვენი ნებართვით მოგიწვევთ, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი:
-
უპირველეს ყოვლისა, ხშირად შეჩერდით და გაიხსენეთ, რომ ღვთის შვილი ხართ და იფიქრეთ იმაზე, რისთვისაც მადლიერები ხართ.
-
მეორე, ილოცეთ ყოველდღიურად, სთხოვეთ მამაზეციერს, დაგეხმაროთ იმის მიხვედრაში, თუ ვის სჭირდება ღვთის სიყვარულის შეგრძნება თქვენს გარშემო.
-
მესამე, გულწრფელად იკითხეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ ასეთ ადამიანს ღვთის სიყვარულის განსაცდელად.
-
და მეოთხე, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ როდესაც შთაგონებას მიიღებთ.
თუ ჩვენ მუდმივად ვლოცულობთ და ვითხოვთ სხვების სახელით, ღმერთი გვაჩვენებს ადამიანებს, ვისი დახმარებაც შეგვიძლია. და თუ ვიმოქმედებთ დაუყოვნებლივ, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ საშუალებები, რომლითაც უფალი პასუხობს მათ ლოცვებს. ამის კეთებით, დროთა განმავლობაში, ჩვენ საკუთარ ლოცვებზე პასუხებს მივიღებთ და ჩვენივე ცხოვრებაში ვიგრძნობთ ღვთის სიყვარულს.
რამდენიმე თვის წინ, ვიეტნამში მოგზაურობისას, მე და ჩემი ცოლი თვითმფრინავში ვისხედით, როდესაც იგი ძლიერი ქარიშხლისას აფრინდა. სერიოზული ტურბულენტობა იყო, შავი ღრუბლები, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი ჩანდა ჩვენი ფანჯრიდან. გრძელი და არასტაბილური აფრენის შემდეგ, ჩვენი თვითმფრინავი საბოლოოდ ქარიშხლის ღრუბლებს ზემოთ მოექცა და დიდებული ხედი გადაიშალა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა ჩვენი ზეციური მამა და იესო ქრისტე და ვიგრძენით მათი ჩვენდამი დიდი სიყვარული.
ძვირფასო მეგობრებო, როგორც ღვთის სიყვარულ-განცდილი ადამიანი, მე სიხარულით ვმოწმეობ, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე არის ღვთის სიყვარული. უფლის ჩვენდამი სიყვარული არის სრულყოფილი, პირადი და მარადიული. დაე, აღვივსოთ ღვთის სიყვარულით, როდესაც ერთგულად მივყვებით უფალს და დაე, ვიყოთ შუქურა, რომელიც სხვებს მიუძღვის ღვთის სიყვარულისკენ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.