ახალგაზრდები
12. იესო ქრისტეს მოაქვს სიხარული


იოსები და მარიამი ყრმა იესოსთან ერთად

12.

იესო ქრისტეს მოაქვს სიხარული

მოძღვრება და აღთქმები 101:36

თქვენი მამაზეციერი სიხარულით აღვსილია. მას სურს, რომ მის შვილს რაც შეიძლება მეტი სიხარული ჰქონდეს. ამიტომაც მოგვიმზადა მან ბედნიერების გეგმა. მან გამოგვიგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რათა გამხდარიყო თქვენი მხსნელი და თავისი სახარება ესწავლებინა. სიტყვა სახარება ნიშნავს „სასიხარულო ამბავს“ და სასიხარულო ამბავი არის ის, რომ იესო ქრისტეს წყალობით თქვენ შეგიძლიათ გაბედნიერდეთ ამ ცხოვრებაში და სიხარულის სისრულე მარადჟამს გქონდეთ.

მარადიული ჭეშმარიტებანი

თქვენ სიხარულისა და ბედნიერებისთვის ხართ შექმნილნი. ეს თქვენი ცხოვრების მიზანია. ეს მამაზეციერის ბედნიერების გეგმის მიზანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არასოდეს მოიწყენთ ან რთული პერიოდები არ გექნებათ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მხსნელს შეუძლია დაგეხმაროთ რთული პერიოდის დაძლევაში და სიხარულის პოვნაში.

სიხარული არ მოდის თქვენი ვითარებიდან; ის მოდის იესო ქრისტეს მიმდევრობიდან. შესაძლოა მძიმე დღე, მძიმე კვირა ან მძიმე წელი გქონდეთ. მაგრამ სიხარული არ ნიშნავს ცხოვრებაში მწუხარების არ არსებობას. ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ქრისტეს არსებობას.

მხსნელის სიხარული უფრო დიდი და ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე. სატანა გაცდუნებთ, ეგოისტური გზებით ან მიწიერ სიამოვნებაში ეძიოთ სიხარული და კმაყოფილება. ვერაფერი, რაც იესო ქრისტესა და მის მცნებებს ეწინააღმდეგება, ვერ მოგიტანთ ჭეშმარიტ, ხანგრძლივ სიხარულსა და ბედნიერებას. გახსოვდეთ, რომ ყოველივე ამაქვეყნიური დროებითია. იესო ქრისტეს სახარება გთავაზობთ ღრმა, წმინდა და მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას.

მოწვევები

აირჩიეთ სიხარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოვრებაში მწუხარება და გასაჭირი არსებობს, ზეციერმა მამამ სამყარო აღავსო მრავალი ლამაზი, სასარგებლო რამით. ეძიეთ ისინი. ყოველდღიურად ეცადეთ, შეამჩნიოთ მიზეზი სიხარულისთვის – იქნებ ჩაიწეროთ კიდევაც ეს მიზეზები. ეს თქვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის საჩუქრებია.

მიანიჭეთ სხვებს სიხარული და ბედნიერება. იესო ქრისტემ სიხარულის სისავსე იპოვა ჩვენთვის სიხარულის მინიჭებისას. შეგიძლიათ მიბაძოთ მის მაგალითს და სხვების მსახურებაში იპოვოთ სიხარული. დაეხმარეთ ვინმეს, იგრძნოს სიყვარული. უთხარით გულწრფელი ქათინაური. გაამხნევეთ გასაჭირში მყოფი ადამიანი. თუ იგრძნობთ, რომ სიხარული გაკლიათ, ეცადეთ ვინმეს მოჰგვაროთ სიხარული.

სიხარულით ეცით თაყვანი უფალს. როცა ეკლესიაში მიდიხართ, მთელი ყურადღება გადაიტანეთ იმ სიხარულზე, რომელსაც იესო ქრისტე გიბოძებთ; აქეთ და ადიდეთ იგი ამისთვის. შეიტანეთ თქვენი წვლილი და შემატეთ საეკლესიო შეხვედრებს სიხარული. გახადეთ სასულიერო მუსიკა სახლში და ეკლესიაში ღვთის თაყვანისცემის ნაწილი.

მინერვა ტეიხერტი: იესო ქრისტე წითელ მოსასხამში

დაპირებული დალოცვები

შეგიძლიათ იგრძნოთ სიხარული მაშინაც კი, როცა ცხოვრება რთულია. შეიძლება ფიქრობდეთ, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, მაგრამ ეს ჭეშმარიტებაა. თქვენი რწმენა იესო ქრისტეში, მისი განკურნების ძალა და მარადიული დაპირებები მუდმივი სიხარულის წყაროდ შეიძლება იქცეს. მისი სიხარული მწუხარებას გადაფარავს და ისეთ სიმშვიდეს მოგგვრის, რომელიც ყოველგვარ წვდომას აღემატება.

ღვთის ცელესტიალურ სასუფეველში სიხარულის სისრულე გელით. იესო ქრისტემ სძლია ყოველივეს, რასაც მარადიული სიხარულის მიღებაში შეეძლო თქვენთვის ხელის შეშლა. როცა უფალს ენდობით და მას მისდევთ, ეს სიხარული თქვენი იქნება.

კითხვა-პასუხები

თუ სახარება სიხარულით აღვსილია, რატომ ვგრძნობ თავს ასე მოწყენილად? მოწყენილობის გრძნობა არ არის იმის ნიშანი, რომ სახარების მიხედვით არ ცხოვრობთ. ყოველი ადამიანის ცხოვრება მოიცავს გასაჭირს, განსაცდელსა და მწუხარებას. იესო ქრისტეს მიმდევრობა ამას არ ცვლის, მაგრამ გაკავშირებთ მხსნელთან, რომელსაც შეუძლია განუგეშოთ და დაგეხმაროთ სიხარულისა და ბედნიერების პოვნაში.

რატომ არის ამდენი ტანჯვა ამქვეყნად? ადამიანები ამქვეყნად ნაწილობრივ იტანჯებიან თავისუფალი არჩევანის გამო, როცა მცდარ არჩევანს აკეთებენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს მათივე ტანჯვა და სხვა ადამიანების ტანჯვა. ზოგიერთ შემთხვევაში ტანჯვა არავისი ბრალი არ არის – ეს უბრალოდ არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრების შედეგია. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, გულსატკენია ხედავდე ვინმეს, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის, ტანჯვას. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ღმერთი აგრეთვე წუხს, როცა თქვენ იტანჯებით. ის უშვებს, რომ მიწიერი ცხოვრების განსაცდელები დაგეხმაროთ ზრდაში და მასთან ერთად მარადიული სიხარულისთვის მომზადებაში, მაგრამ ის არ გტოვებთ მარტო ტანჯვაში. მან გამოაგზავნა იესო ქრისტე, რათა თავის თავზე აეღო თქვენი ტკივილი და დაგხმარებოდათ. იესო ქრისტე არის თქვენი ძალა! იგი გიწვევთ, როგორც ერთ-ერთ მის მიმდევარს, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ სხვების ტანჯვა შეამსუბუქოთ.

იხ. ფსალმუნი 15:11 (ღვთის სუფევაში სიხარულის სისრულეა); 94:1 (უმღერეთ უფალს); იოანე 16:33 (გამხნევდით, იესო ქრისტემ სძლია სოფელს); გალატელთა 5:22 (სულის ნაყოფი სიხარულია); ებრაელთა 12:2 (იესომ აიტანა ტანჯვა ღვთის შვილების ხსნის სიხარულის გამო); 2 ნეფი 2:25 (ღმერთს სურს, სიხარული გქონდეთ); ალმა 26:15–16 (ღვთის საქმის კეთებას სიხარულისკენ მივყავართ); მოძღვრება და აღთქმები 18:15–16 (რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული, როცა სხვებს დაეხმარებით ქრისტესთან მისვლაში).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა

  • გაქვთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დამოწმება, ასევე მისი როლის, როგორც თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველისა?