9.
თქვენ დალოცვილნი ხართ მღვდლობის გასაღებებითა და უფლებამოსილებით
მათე 16:18-19
იესო ქრისტე, პეტრე მოციქულს რომ ასწავლიდა მღვდლობის უფლებამოსილების შესახებ, გასაღებებზე ისაუბრა. გასაღებს გაღებისა და გახსნის ფუნქცია აქვს. მღვდლობის გასაღებებს შეუძლია გახსნან ღვთის ძალა, ძღვენნი და დალოცვები თქვენს ცხოვრებაში.
მარადიული ჭეშმარიტებანი
მღვდლობის ყველა გასაღები და უფლებამოსილება იესო ქრისტესგან მოდის. მღვდლობის მატარებელ ყოველ პირს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების გადმომცემთა ხაზის დადგენა, დაწყებული უფლისგან. მხსნელი წყვეტს, ვინ მიიღებს მის უფლებამოსილებას და ვინ მიიღებს მღვდლობის გასაღებებს. ჩვენ ვენდობით მის სრულყოფილ ცოდნას.
იესო ქრისტემ აღადგინა თავისი მღვდლობა ჩვენს დროში. ის კარნახობს, როგორ უნდა გამოიყენონ მღვდლობა. ადამი, მოსე, პეტრე და მრავალი სხვა წინასწარმეტყველი, მთელი ისტორიის მანძილზე იღებდნენ მღვდლობის გასაღებებს. ჩვენს დროში, ჯოზეფ სმითმა მიიღო მღვდლობის გასაღებები იოანე ნათლისმცემლისგან, პეტრესგან, მოსესგან, ელიასისგან, ელიასგან და სხვებისგან. პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრები ფლობენ დედამიწაზე არსებულ ყველა გასაღებს. მღვდლობის ადგილობრივი ხელმძღვანელები და ქვორუმის პრეზიდენტები ასევე ფლობენ მღვდლობის გასაღებებს თავიანთი მოწოდებებისთვის. მღვდლობის გასაღებები მართავენ ღვთის საქმეს. ისინი აძლევენ ქალებსა და მამაკაცებს ამ საქმეში მონაწილეობის უფლებამოსილებას.
მღვდლობის უფლებამოსილება აკურთხებს ღვთის ყველა შვილს. იმის გამო, რომ მღვდლობა აღდგა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წეს-ჩვეულებები და დადოთ აღთქმები ღმერთთან. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ ღვთის სახელით, როცა მიიღებთ დავალებას ან მოწოდებას, უფლებამოსილების მქონე პირისგან.
მოწვევები
მიიღეთ საეკლესიო მოწოდებები და ერთგულად იმსახურეთ. საეკლესიო მოწოდების მიღებისას თქვენ ხელდასხმით გეძლევათ უფლებამოსილება ღმერთისგან, რათა ამ როლში იმსახუროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ღმერთისგან ხელმძღვანელობა თქვენი მსახურებისთვის. მსახურებისას თქვენ წარმოადგენთ იესო ქრისტეს. საუკეთესოდ ემსახურეთ მას.
მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც ღმერთმა მოიხმო მსახურებისთვის. მხარის დაჭერა ხელის აწევაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, როცა საეკლესიო შეხვედრაზე სახელს წაიკითხავენ. ეს ნიშნავს მხარში დგომასა და დახმარებას. ეძიეთ მათი მხარდაჭერის გზები, ვინც იესო ქრისტემ თავის ეკლესიაში მსახურებისთვის მოიხმო.
შეასრულეთ დავალებები თქვენი ეკლესიის ხელმძღვანელებისგან – მათ შორის თქვენი ქვორუმისა ან კლასის პრეზიდენტობებისგან. მათ ღვთისგან აქვთ ბოძებული უფლებამოსილება, რომელსაც ისინი ამ დავალებისთვის თქვენ გადმოგცემენ. შესაძლოა დაგავალონ ვინმეზე მზრუნველობა, ზიარებაზე მოსული ადამიანების კარებში შეგებება ან ღონისძიებისთვის მზადება. რა დავალებაც არ უნდა იყოს, გამოიყენეთ იგი როგორც იესო ქრისტეს მოწაფეობის და ღვთის შვილებისთვის მსახურების შესაძლებლობა.
დაპირებული კურთხევები
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ მიერ მიღებული წეს-ჩვეულებები იესო ქრისტესგან არის უფლებამოსილი. ეს არის ერთ-ერთი რამ, რის გამოც იესო ქრისტეს ეკლესია უნიკალურია. მღვდლობის წეს-ჩვეულებების მეშვეობით ღვთის ძალა ვლინდება.
თქვენ გახდებით იარაღი უფლის ხელში. როცა უფალს მისი უფლებამოსილებით და მისი მსახურების ხელმძღვანელობით ემსახურებით, ის დაგეხმარებათ, გაიგოთ როგორ ემსახუროთ სხვებს მის საქმეში. იესო ქრისტე თქვენი ძალაა. მისი მსახურება დაგეხმარებათ, მიუახლოვდეთ მას და სიხარულს მოგგვრით.
კითხვა-პასუხები
ვინ ფლობს მღვდლობის გასაღებებს ჩემს მეურვეობაში? ეპისკოპოსი და უხუცესთა, მასწავლებელთა და დიაკვანთა ქვორუმების პრეზიდენტები ფლობენ მღვდლობის გასაღებებს. ეს ნიშნავს, რომ უფალმა დანიშნა ისინი, რათა ეხელმძღვანელათ მღვდლობის გამოყენება მსახურების პროცესში და მეურვეობაში ყოველი ადამიანი დაელოცათ.
როგორ მლოცავენ მე მღვდლობის გასაღებები? წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა და ზიარება, მღვდლობის გასაღებებით არის უფლებამოსილი. საეკლესიო მოწოდების მიღებისას თქვენ ხელდასხმით ინიშნებით გასაღებების მქონე პირის მიერ. ეს დაგლოცავთ ამ მოწოდებაში მსახურების უფლებამოსილებით. ეკლესიის ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა, რომლებიც გემსახურებიან, ასევე მიიღეს მღვდლობის უფლებამოსილება გასაღებების მეშვეობით.
როგორ მსახურობენ მამაკაცები და ქალები მღვდლობის უფლებამოსილების გამოყენებით? ღირსეულ მამაკაცებს გადაეცემათ მღვდლობა და მათ ხელდასხმით აკურთხებენ მღვდლობის წოდებებზე, როგორიცაა დიაკვანი, მასწავლებელი, მღვდელი და უხუცესი. ქალებიც და მამაკაცებიც, რომლებიც ხელდასხმით აკურთხეს მოწოდებაში მსახურებისთვის, ღმერთისგან იღებენ მღვდლობის გადმოცემულ უფლებამოსილებას ამ მოწოდებისთვის. იგივე ეხება მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც იღებენ დავალებას ეკლესიის ხელმძღვანელისგან.
იხ. მოძღვრება და აღთქმები 35:24–27 (ეკლესია იმართება უფლის მიერ ბოძებული გასაღებებით); 107:18–20 (მელქიცედეკისა და აარონის მღვდლობის გასაღებები); 110:11–16 (მოსემ, ელიამ და ელიასმა აღადგინეს გასაღებები).
სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვები
-
უჭერთ მხარს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტს როგორც წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტს და განმცხადებელს და როგორც ერთადერთ ადამიანს დედამიწაზე, რომელიც უფლებამოსილია, გამოიყენოს მღვდლობის ყველა გასაღები?
-
უჭერთ მხარს პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრებს, როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებს და განმცხადებლებს?
-
უჭერთ მხარს ეკლესიის მთავარ ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ ხელმძღვანელებს?