არაფერი არ მომაკლდება, იონგსუნ კიმი. Havenlight-ის ნებართვით.
5.
იარეთ ღვთის ნათელში
გალატელთა 5:25
თქვენ უკეთეს არჩევანს აკეთებთ, როცა ყველაფერს ნათლად ხედავთ. ამიტომაც ასე მნიშვნელოვანია ნათელი; ნათელში უფრო კარგად ჩანს სწორი გზა. მამაზეციერმა მოგცათ წვდომა სინათლის ზეციურ წყაროზე – სულიწმინდის ძღვენზე – რათა დაგეხმაროთ, ნათლად დაინახოთ კარგი და ცუდი, მართალი და ტყუილი.
მარადიული ჭეშმარიტებანი
შესაძლებელია, სულიწმინდა მუდმივ თანამგზავრად იყოლიოთ. როცა ეკლესიის წევრად დაგიმტკიცეს, თქვენ მოგიწვიეს: „მიიღეთ სულიწმინდა“. სულიწმიდის მუდმივი თანხლება არის ღმერთის ერთ-ერთი უდიდესი ძღვენი.
კარგი არჩევანის გაკეთება აუმჯობესებს თქვენს უნარს იგრძნოთ სულიწმიდა. ამ სამყაროში იმდენი კარგი და ჯანსაღი რამ არის. ზუსტად როგორც თქვენს სხეულზე აისახება ის, რასაც ჭამთ და სვამთ, ასევე თქვენს სულსა და გონებაზე აისახება ის, რასაც კითხულობთ, უყურებთ ან უსმენთ.
მოწვევები
ყოველდღიურად დაუთმეთ დრო უფალს. შეიცანით იგი. ყოველთვის გახსოვდეთ იგი. ილოცეთ მამაზეციერისადმი. ისწავლეთ წმინდა წერილი და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები. შემდეგ ეცადეთ იცხოვროთ ნასწავლის მიხედვით.
ეძიეთ ის, რაც აგამაღლებთ, შთაგაგონებთ და იწვევს სულიწმიდას. როცა აკეთებთ არჩევანს იმის შესახებ, თუ რას უყუროთ, რა წაიკითხოთ, რას უსმინოთ ან რაში მიიღოთ მონაწილეობა, იფიქრეთ იმის შესახებ, რა გრძნობებს იწვევს ეს თქვენში. იწვევს ეს კარგ აზრებს? გაერიდეთ ყოველივეს, რაც სასაცილოდ იგდებს სიწმინდეებს ან ამორალურია. არ მიიღოთ მონაწილეობა არაფერში, რაც აკნინებს თქვენი განსჯის ან სულიწმიდის შეგრძნების უნარს, მაგ., ძალადობა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები. იქონიეთ გამბედაობა, რომ გამორთოთ ესა თუ ის ვიდეო ან თამაში, დატოვოთ კინოთეატრი ან საცეკვაო მოედანი, შეცვალოთ მუსიკა ან ზურგი შეაქციოთ ყოველივეს, რაც არ არის ჰარმონიაში სულიწმიდასთან.
გამოიყენეთ სოციალური ქსელები ასამაღლებლად. სოციალური ქსელები შეიძლება იყოს საუბრის ძლიერი იარაღი. მათი გამოყენებისას მოახდინეთ ფოკუსირება სინათლეზე, რწმენასა და ჭეშმარიტებაზე. არ შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვების ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენი ღირებულება გამომდინარეობს ზეციური მშობლების ყოლისგან და არა სოციალური ქსელებიდან.
ეძიეთ ჯანსაღი გამოცდილება და ჭეშმარიტი, ხანგრძლივი ურთიერთობები. ყურადღებით იყავით, რომ მედიამ და ტექნიკურმა საშუალებამ არ ჩაანაცვლონ ოჯახთან და მეგობრებთან გასატარებელი დრო. სოციალურ ქსელებსა და სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს შეუძლიათ უამრავი დრო წაგართვან, სანაცვლოდ რამე მნიშვნელოვანი ღირებულების მოცემის გარეშე. შეისვენეთ ვირტულური სამყაროსგან და დაუკავშირდით ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში.
დაპირებული კურთხევები
თქვენ შეგიძლიათ, ყოველთვის იყოლიოთ თანამგზავრად სულიწმინდა. ეს დაპირება არის იმ აღთქმის ნაწილი, რომელსაც ყოველ ჯერზე ზიარების მიღებისას დებთ. სულიწმიდა დაგიმოწმებთ მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესახებ. იგი განუგეშებთ, წინ გაგიძღვებათ, გაგაფრთხილებთ და განგწმენდთ. იგი დაგეხმარებათ, ამოიცნოთ ჭეშმარიტება და დაინახოთ ამაქვეყნიური სიკეთე.
კითხვა-პასუხები
როგორ გავიგო, რომ სულიწმინდას ვგრძნობ? სულიწმიდის აღქმა მოითხოვს დროს, ვარჯიშსა და მოთმინებას. იგი სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ხერხით ესაუბრება. არ გამოგრჩეთ მხედველობიდან უბრალო რაღაცები – სიმშვიდის შეგრძნება ვინმეს დამოწმების მოსმენისას ან მცდარი არჩევანის შემდეგ გაჩენილი მშფოთვარე გრძნობები. ეძიეთ წმინდა წერილში აღწერილი სულიწმიდის საუბრის სხვადასხვა ხერხი, ილოცეთ ამის შესახებ და მუდამ ეძებეთ სულიწმიდის შეგრძნების შესაძლებლობები.
რა არის პორნოგრაფია? რატომ უნდა ავარიდო მას თავი? პორნოგრაფია არის სიტყვიერი ან ვიზუალური სახით წარმოჩენილი რამ, რაც სექსუალურ გრძნობებს აღძრავს. არსებობს პორნოგრაფიის მრავალი სახეობა, მათ შორის ვიდეო, სურათები, წიგნები, თამაშები და მუსიკა. ეს აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს მეგობრებს შორის გაცვლილ გზავნილებს ან სურათებს. პორნოგრაფია წმინდას ანუ ჩვენს ფიზიკურ სხეულსა და სექსუალურ გრძნობებს შეურაცხჰყოფს. შესაძლოა პორნოგრაფიას თქვენი განზრახვის გარეშე წააწყდეთ. მიუხედავად იმისა, პორნოგრაფიას გამიზნულად მოძებნით თუ უნებლიეთ გადაეყრებით, უმალვე შეაქციეთ მას ზურგი. ასევე, რეკომენდებულია მშობელს ან სხვა სანდო ზრდასრულს გაესაუბროთ ამის შესახებ. გამიზნულად პორნოგრაფიის ყურება ცოდვაა და ავნებს სულიწმინდის შეგრძნების უნარს. ის ასუსტებს თვითკონტროლს და ამრუდებს საკუთარი თავისა და სხვების აღქმას. იესო ქრისტეს ძალუძს დაგეხმაროთ, შეეწინააღმდეგოთ პორნოგრაფიას და მოინანიოთ. შემობრუნდით უფლისკენ და ზურგი შეაქციეთ სიბნელეს. თქვენს ეპისკოპოსს შეუძლია, მხსნელის მეშვეობით ძალისა და მიტევების მიღებაში დაგეხმაროთ. იესო ქრისტე თქვენი ძალაა!
იხ. ფსალმუნი 118:105 (ღვთის სიტყვა ჩვენს გზაზე ნათელს ჰგავს); ამოსი 5:14 (ეძიეთ სიკეთე); გალატელთა 5:22–23 (სულიწმინდის ნაყოფი); მორონი 7:18–19 (ქრისტეს ნათელი); მოძღვრება და აღთქმები 6:23 (უფალი სიმშვიდეს გვგვრის); 20:77, 79 (ზიარების ლოცვები).
სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა
-
უფალმა თქვა, რომ ყველაფერი „სისუფთავეში უნდა გაკეთდეს“ მის წინაშე (მოძღვრება და აღთქმები 42:41). ცდილობთ მორალურ სისუფთავეს ფიქრებსა და საქციელში?