ოჯახი სინათლისკენ იყურება, ლოვეტა რეიეს ქაიროს მიერ. სურათი გამოყენებულია Havenlight-ის ნებართვით.
10.
თქვენი სხეული წმინდაა
1 კორინთელთა 6:18-20
თქვენი სხეული მამაზეციერის საოცარი ძღვენია. სხეული გაძლევთ მომატებულ ძალას იმისთვის, რომ ისარგებლოთ თავისუფლებით სწორსა და არასწორს შორის არჩევანის გასაკეთებლად. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება დაგეხმარებათ დაინახოთ სხეული ღმერთის გადმოსახედიდან. და ეს დიდ განსხვავებას ახდენს თქვენს არჩევანზე სხეულთან მიმართებით - როგორ მოეპყროთ მას და როგორ მოუაროთ.
მარადიული ჭეშმარიტებანი
თქვენი სხეული ღმერთის ხატად არის შექმნილი – სამყაროში ყველაზე დიდებული, საოცარი არსებისა. წმინდა წერილი ჩვენს სხეულს ადარებს წმინდა ტაძარს – ადგილს, სადაც სულიწმინდა სუფევს. რა თქმა უნდა, თქვენი სხეული ახლა არ არის სრულყოფილი. მაგრამ ის გამოცდილება, რომელსაც ამ სხეულში ყოფნისას იძენთ, დაგეხმარებათ, ერთ დღეს მიიღოთ სრულყოფილი, აღმდგარი, დიდებული სხეული.
თქვენი სამშვინველი სხეულისა და სულისგან შედგება. ამის გამო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული. მხსნელმა გაგვიმხილა სიბრძნის სიტყვა, სხეულზე ზრუნვის პრინციპების სწავლებისა და ფიზიკური და სულიერი დალოცვების დაპირების მიზნით.
სექსუალური გრძნობები ღვთის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ბედნიერი ქორწინებისა და მარადიული ოჯახების შექმნისთვის. ეს გრძნობები არ არის ცოდვა – ისინი წმინდაა. იმის გამო, რომ სექსუალური გრძნობები ასეთი წმინდა და ძლიერია, ღმერთმა მოგცათ უბიწოების კანონი, რათა მოგამზადოთ იმისთვის, რომ ეს გრძნობები მისი ჩანაფიქრის მიხედვით გამოიყენოთ უბიწოების კანონი აცხადებს, რომ ღმერთის თვალში გამართლებულია, სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთზე დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს შორის. მრავალი ადამიანი უგულებელყოფს ან სასაცილოდაც კი იგდებს ღვთის კანონს, მაგრამ უფალი გვიწვევს, ვიყოთ მისი მოწაფენი და უფრო მაღალი სტანდარტით ვიცხოვროთ.
მოწვევები
პატივისცემით მოეპყარით თქვენს სხეულს — და სხვების სხეულებს. როდესაც ტანსაცმელთან, ვარცხნილობასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „პატივს ვცემ თუ არა ჩემს სხეულს, როგორც ღვთისგან ბოძებულ წმინდა საჩუქარს?“ მამაზეციერს სურს, ერთმანეთს ვხედავდეთ ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში ვართ – არა უბრალოდ ფიზიკურ სხეულებად, არამედ მის საყვარელ შვილებად, ღვთიური დანიშნულებით. თავი აარიდეთ ისეთ სტილს, რომელიც ხაზს უსვამს ან არასათანადო ყურადღებას იპყრობს თქვენი ფიზიკური სხეულისადმი ნაცვლად იმისა, რომ ხართ ღვთის შვილი მარადიული დანიშნულებით. დაე, სიწმინდე და ღმერთისადმი სიყვარული წინ უძღვოდეს თქვენს არჩევანს. ეძიეთ რჩევა თქვენი ოჯახის წევრებისგან.
გააკეთეთ ის, რაც გააძლიერებს თქვენს სხეულს და არა ის, რაც დააზიანებს ან ავნებს მას. მადლიერებით დატკბით უამრავი სიკეთით, რომელიც ღმერთმა გიბოძათ. გახსოვდეთ: ალკოჰოლი, თამბაქო, ჩაი, ყავა და სხვა მავნე ნარკოტიკები და ნივთიერებები არ არის კარგი თქვენი სხეულისთვის ან სულისთვის. სასარგებლო ნივთიერებებიც კი, როგორიცაა რეცეპტით გაცემული მედიკამენტები, შეიძლება დამანგრეველი იყოს, თუ სწორად არ გამოიყენება.
სქესობრივი აქტი და სექსუალური გრძნობები წმინდად შეინარჩუნეთ. ეს არ არის ხუმრობის ან გართობის საგანი. ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის ქორწინების მიღმა, არასწორია სხვა ადამიანის სხეულის ინტიმურ, წმინდა ადგილებზე შეხება, თუნდაც ჩაცმულ მდგომარეობაში. როდესაც ირჩევთ, რა აკეთოთ, რას უყუროთ, რა წაიკითხოთ, რას უსმინოთ, რაზე იფიქროთ, რა დაპოსტოთ ან მესიჯად გააგზავნოთ, მოერიდეთ ყველაფერს, რაც განზრახ იწვევს ვნების აღძვრას სხვებში ან თქვენში. ეს მოიცავს ნებისმიერი სახის პორნოგრაფიას. თუ აღმოაჩენთ, რომ რომელიმე სიტუაცია ან ღონისძიება უფრო გაცდუნებთ, თავი აარიდეთ მას. თქვენ იცით, რა სიტუაციებზე და ღონისძიებებზეა საუბარი. და თუ არ ხართ დარწმუნებული, სულიწმინდა, თქვენი ოჯახი და ხელმძღვანელები დაგეხმარებიან, გაიგოთ ეს. აჩვენეთ თქვენს ზეციერ მამას, რომ პატივს სცემთ სიცოცხლის შექმნის წმინდა ძალას.
დაპირებული დალოცვები
თქვენი პატივისცემა საკუთარი თავისა და სხვებისადმი გაიზრდება, თუკი თქვენს სხეულს პატივს სცემთ თქვენი ქცევით, გარეგნობითა და ჩაცმულობით.
უფალი დაჰპირდა ცოდნის დიდი განძი მათ, ვინც სიბრძნის სიტყვას იცავს. მავნე ჩვევებისგან თავისუფალი ჯანმრთელი სხეული ასევე ზრდის პირადი გამოცხადების მიღების, საღად აზროვნებისა და უფლის მსახურების უნარს.
უბიწოების კანონით ცხოვრებას ღვთის მოწონება და პირადი სულიერი ძალა მოაქვს. ის გიცავთ თქვენ და თქვენს მომავალ ოჯახს. როცა დაქორწინდებით, ეს კანონი თქვენს ქორწინებაში შემოიტანს მეტ სიყვარულს, ნდობასა და ერთობას. ამ კანონის მორჩილება შესაძლებელს გახდის თქვენთვის მარადიულ წინსვლას და უფრო დაგამსგავსებთ მამაზეციერს. თქვენი თავდაჯერება მოიმატებს, როცა იესო ქრისტეს მოწაფის როლში იცხოვრებთ.
კითხვა-პასუხები
როგორია უფლის სტანდარტი ჩაცმულობასთან, ვარცხნილობასთან, ტატუსთან და პირსინგთან მიმართებით? უფლის სტანდარტია პატივი სცეთ თქვენი სხეულის სიწმინდეს, მაშინაც კი, როცა ეს ნიშნავს განსხვავდებოდეთ სხვა ადამიანებისგან. ნება დართეთ ჭეშმარიტებას და სულიწმინდას, იყოს თქვენი გზამკვლევი გადაწყვეტილების მიღების დროს – განსაკუთრებით ისეთი გადაწყვეტილებების, რომლებიც ხანგრძლივ გავლენას ახდენენ თქვენს სხეულზე. იყავით გონიერი და ერთგული, ეძიეთ რჩევა ოჯახისგან და ხელმძღვანელებისგან.
როგორ დავძლიო ცდუნება და მავნე ჩვევები? მამაზეციერსა და იესო ქრისტეს აქვთ თქვენი დახმარების ძალა. შეავსეთ თქვენი ცხოვრება ისეთი რამით, რაც მათ ძალას იწვევს თქვენს ცხოვრებაში, მაგ: ლოცვა, წმინდა წერილის სწავლა და მსახურება. მიბრუნდით იესო ქრისტესა და მისი სახარებისკენ და თქვენ აღმოაჩენთ, რომ სისუსტე შეიძლება ძალად იქცეს. საჭიროებისას, ეძიეთ დახმარება ოჯახისგან, ხელმძღვანელებისგან და სანდო პროფესიონალი მრჩევლებისგან. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, კვლავ კონტროლის ქვეშ აიყვანოთ თქვენი ცხოვრება. ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ იყავით მომთმენნი და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.
მე ჩემივე სქესის მქონე ადამიანები მიზიდავენ. როგორ მეხება მე ეს სტანდარტები? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ მიზიდულობა ცოდვა არ არის. თუ თქვენ ეს გრძნობები გაქვთ და არ აღრმავებთ მათ და არ მოქმედებთ მათ შესაბამისად, თქვენ მამაზეციერის უბიწოების წმინდა კანონის მიხედვით ცხოვრობთ. თქვენ ღმერთის საყვარელი შვილი და იესო ქრისტეს მოწაფე ხართ. გახსოვდეთ, რომ მხსნელს ესმის ყოველი თქვენი გამოცდილება. თქვენი მასთან აღთქმისეული კავშირის მეშვეობით თქვენ ჰპოვებთ ძალას, დაემორჩილოთ ღვთის მცნებებს და მიიღოთ მის მიერ დაპირებული დალოცვები. ენდეთ მას და მის სახარებას.
ჩემზე იძალადეს და მრცხვენია. ცოდვილი ვარ? არა. რამე სახის ძალადობის ან თავდასხმის მსხვერპლი არ არის ცოდვილი. მხსნელს თქვენ უყვარხართ. იგი არის თქვენი ძალა. მას სურს, დაგეხმაროთ, განგკურნოთ და სიმშვიდე მოგგვაროთ. სანდო პროფესიონალ მრჩევლებს, თქვენი ოჯახის წევრებსა და ხელმძღვანელებს ასევე შეუძლიათ დაგეხმარონ.
იხ. დაბადება 1:27 (ჩვენ ვართ ღმერთის მსგავსად შექმნილნი); იოანე 14:18 (მხსნელი გვპირდება ნუგეშს); ფილიპელთა 4:7 (ღმერთის სიმშვიდე სცდება გაგებას); მოსია 2:41 (ვინც იცავს ღმერთის მცნებებს, დალოცვილია ფიზიკურად და სულიერად); მოძღვრება და აღთქმები 88:15 (სული და სხეული არის სამშვინველი); 89 (სიბრძნის სიტყვა); 121:45 (სათნო აზრები თავდაჯერებულობის ზრდას იწვევს).
სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვები
-
უფალმა თქვა, რომ ყველაფერი „სისუფთავეში უნდა გაკეთდეს“ მის წინაშე (მოძღვრება და აღთქმები 42:41). ცდილობთ მორალურ სისუფთავეს ფიქრებსა და ქცევაში?
-
ცხოვრობთ უბიწოების კანონის მიხედვით?
-
გესმით სიბრძნის სიტყვა და იცავთ მას?