ახალგაზრდები
3. თქვენ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ღვთის საქმეში


იესო ქრისტე პატრონობს თავის ცხვრებს და ზრუნავს მათზე.

3.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ღვთის საქმეში

მოსე 1:39

მამაზეციერს ყველა თავისი შვილი უყვარს. მას სურს, დაეხმაროს მათ ბედნიერებისა და სიხარულის პოვნაში, მასთან დაბრუნებაში და მარადიული ცხოვრების მიღებაში. ამას ეწოდება ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმე და იგი გიწვევთ, დაეხმაროთ!

მარადიული ჭეშმარიტებანი

ღვთის საქმე და დიდებაა თქვენი მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების უზრუნველყოფა. უკვდავება ნიშნავს მარადიულ ცხოვრებას აღმდგარ სხეულში. მარადიული სიცოცხლე ანუ ამაღლება ნიშნავს დაემსგავსო ღმერთს და მასთან ერთად მარადიულად იცხოვრო, როგორც ოჯახი. ეს ყველაფერი შესაძლებელია იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის წყალობით. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას.

შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ღვთის საქმეში ქრისტესთან მოსვლით და სხვების მასთან მიყვანით. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ეხმარებით, გახდეს ქრისტეს მიმდევარი, თქვენ ღვთის საქმის შესრულებაში შეგაქვთ წვლილი.

მოწვევები

იცხოვრეთ სახარების მიხედვით. გაზარდეთ თქვენი რწმენა იესო ქრისტეში. ყოველდღიურად მოინანიეთ. მიიღეთ ღვთის მღვდლობის წეს-ჩვეულებები და დაიცავით თქვენი აღთქმები. ცხოვრების ბოლომდე მიჰყევით ამ ნიმუშს.

იზრუნეთ გასაჭირში მყოფებზე. იპოვეთ სხვებისთვის მსახურებისა და მათზე ზრუნვის გზები, მათ შორის თქვენს ოჯახზე, მეგობრებზე და თემზე. გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარების ერთ-ერთი გზაა მარხვის კანონის დაცვა და მარხვის შემოწირულობის გაღება.

მოიწვიეთ ყველა, მიიღონ სახარება. თქვენი სიტყვები და ქმედებები იესო ქრისტეში რწმენას უნდა გამოხატავდეს. მზად იყავით მოუყვეთ ყველას, ვინც გეკითხებათ, იმ იმედისა და ბედნიერების შესახებ, რომელსაც გრძნობთ, როგორც მისი მოწაფე. ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სრული დროის მისიაში მსახურება სამღვდელოების პასუხისმგებლობაა. ახალგაზრდა ქალებისთვის ეს არის დიდი შესაძლებლობა; ილოცეთ, რათა გაიგოთ, სურს თუ არა უფალს თქვენი მსახურება. მზად იყავით, მთელი ცხოვრების მანძილზე გააზიაროთ სახარება.

ოჯახური ისტორიისა და სატაძრო სამუშაოს შესრულებით გააერთიანეთ ოჯახები მარადისობისთვის. შეიტყვეთ თქვენი წინაპრების შესახებ. გაიგეთ, ვის სჭირდება სატაძრო წეს-ჩვეულებები. იარეთ ტაძარში რაც შეიძლება ხშირად, რათა მათთვის მოინათლოთ და წევრად დამტკიცდეთ. თუ დახმარება გჭირდებათ, გადადით აქ: FamilySearch.org.

იესო ქრისტე მსახურობს ამერიკის კონტინენტზე

დაპირებული კურთხევები

თქვენ გექნებათ ღმერთის დახმარება. მამაზეციერი არ ელის თქვენგან იმას, რომ მარტო შეასრულოთ ეს საქმე. ის თქვენთანაა. როცა თქვენ მორჩილად სთავაზობთ მას თქვენს დროსა და გულს, ის თქვენი მეშვეობით საოცარ საქმეებს განახორციელებს. იესო ქრისტე არის თქვენი ძალა!

თქვენ სიხარულით აღივსებით. ღმერთის საქმე სახალისო საქმეა! მასში მონაწილეობით თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ სიხარული, რომელსაც იგი გრძნობს. წარმოიდგინეთ სიხარული, რომელსაც მამაზეციერს და მის შვილებს გაუზიარებთ, რომლებიც მასთან მიიყვანეთ!

კითხვა-პასუხები

ღმერთს მართლა შეუძლია ჩემი გამოყენება თავის საქმეში? დიახ! ამ საქმეში წვლილის შეტანის მრავალი გზა არსებობს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სხვა ადამიანებს თქვენზე მეტი ნიჭი ან უნარი აქვთ, მაგრამ მამაზეციერი ხედავს თქვენს პოტენციალს. მან გიბოძათ ძღვენნი, რომლების გამოყენებაც შეგიძლიათ ღვთის შვილების მსახურებისა და შეკრებისთვის. და არა უშავს, თუ ეს ძღვენნი განსხვავდება იმისგან, რაც სხვა ადამიანებს გააჩნიათ. ფაქტობრივად, ზუსტად ამიტომ არის თქვენი ძღვენნი ასე ძვირფასი. თქვენ საჭირონი ხართ!

იხ. მათე 10:39 (თუ უფლის მსახურებაში სიცოცხლეს შეელევით, თქვენ ჰპოვებთ მას); 1 კორინთელთა 12:14–27 (ქრისტეს სხეულში ყველა წევრია საჭირო); ფილიპელთა 1:6 (დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი თქვენით მოქმედებს); იაკობი 5:72 (ვენახის პატრონი თქვენთან ერთად შრომობს); მოძღვრება და აღთქმები 18:15–16 (დიდი იქნება თქვენი სიხარული მათთან, ვინც ქრისტესთან მოგყავთ); 64:33–34 (დიადი საქმე სრულდება პატარა და უბრალო საქმეებით); მოსე 1:6 („მაქვს საქმე შენთვის“); 6:31–34 (ღმერთი ღირსეულად აქცევს მათ, ვისაც მოიხმობს, თუნდაც ისინი თავს არასაკმარისად გრძნობდნენ).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა

  • გაქვთ იესო ქრისტეს სახარების აღდგენის დამოწმება?