ახალგაზრდები
4. იესო ქრისტე დაგეხმარებათ


იესო ქრისტე

4.

იესო ქრისტე დაგეხმარებათ

ფსალმუნები 146:3

იესო ქრისტე თქვენი ძალაა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თქვენ ამ ცხოვრებასა და მარადისობაში სიხარული გქონოდათ. მისი და მისი სახარების არჩევით თქვენ მარადიულ ბედნიერებასა და სიხარულს ირჩევთ.

მაშინაც კი, როცა მაქსიმალურად ეცდებით, კარგი არჩევანი გააკეთოთ, ზოგჯერ მაინც დაუშვებთ შეცდომებს. გააკეთებთ ისეთ რამეს, რის ჩადენასაც ინანებთ. ეს ყველას მოსდის. როცა ასე ხდება, ძალიან ადვილია, იმედგაცრუება იგრძნო ან იფიქრო იმაზე, ოდესმე თუ შეძლებ, ისევ საკმარისად კარგი პიროვნება გახდე. თუმცა კარგი ამბავი გვაქვს – შესანიშნავი, იმედის მომცემი ამბავი! ვინაიდან ღმერთს უყვარხართ, მან თავისი ძე, იესო ქრისტე, მოავლინა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო თქვენი ცოდვები, რათა თქვენ მონანიება შეგძლებოდათ, მოგტევებოდათ და წინსვლა გაგეგრძელებინათ.

მარადიული ჭეშმარიტებანი

იესო ქრისტე გაგაძლიერებთ. ის თქვენი სურვილების, აზრებისა და ქმედებების შეცვლაში დაგეხმარებათ. როცა შეწუხებულები ხართ, გეშინიათ ან გიჭირთ, ის განუგეშებთ. ის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ უფალს ენდოთ.

მონანიება არ არის სასჯელი ცოდვისთვის; ეს არის გზა, რომლითაც მხსნელი ცოდვისაგან გვათავისუფლებს. მონანიება ნიშნავს შეცვლას – ცოდვისთვის ზურგის შექცევას და ღმერთისკენ მობრუნებას. ეს ნიშნავს თავის გაუმჯობესებას და პატიების მიღებას. ასეთი ცვლილება არ არის ერთჯერადი მოვლენა; ეს მუდმივი პროცესია.

მოწვევები

გახადეთ იესო ქრისტე თქვენი ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად. ეძიეთ მისი დახმარება ყველა საქმეში.

მოინანიეთ. მობრუნდით ღმერთისკენ გაუმჯობესების სურვილით. როცა რამეს დააშავებთ, გულწრფელად აღიარეთ ეს ღმერთის წინაშე და საჭიროებისას, ეპისკოპოსთან და ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა, ზიანი მიაყენეთ. მაქსიმალურად ეცადეთ, გამოასწოროთ შეცდომები.

გაიხარეთ ძღვენისთვის – გამოასწოროთ ჩადენილი და თავადაც გამოსწორდეთ. მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის და იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თქვენ გსურთ, არასოდეს გაჩერდეთ. გააგრძელეთ მუშაობა და ენდეთ უფალს. ის ამ გზის ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარებათ.

იესო სამარიელ ქალთან ერთად ჭასთან ზის

დაპირებული კურთხევები

მამაზეციერი მოგიტევებთ და განგკურნავთ, თუკი მოინანიებთ. იგი დანაშაულის გრძნობას სიმშვიდითა და სიხარულით შეცვლის. მას აღარ ეხსომება თქვენი ცოდვები. იესო ქრისტე არის თქვენი ძალა და მისი ძალით, გაიზრდება თქვენი მცნებების დაცვის სურვილი.

იგი გულსა და ცხოვრებას შეგიცვლით. ნელ-ნელა გაიზრდებით და დაემსგავსებით უფალს.

კითხვა-პასუხები

როგორ გავიგო, რომ ღმერთმა მომიტევა? ღმერთი გვპირდება, რომ მიუტევებს მათ, ვინც მოინანიებენ. როცა სულიწმინდისგან ნუგეშს გრძნობთ იცოდეთ, რომ მხსნელის გამომსყიდველი ძალა ამუშავდა თქვენს ცხოვრებაში.

როდის მჭირდება ეპისკოპოსის დახმარება მოსანანიებლად? თქვენი ეპისკოპოსი ფლობს გასაღებებს და სულიერ ძღვენს, რომ დაგეხმაროთ მონანიებაში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეძიოთ მისი დახმარება და რჩევა. სერიოზული შეცდომის დაშვებისას, მაგალითად, უბიწოების კანონის დარღვევისას, შეხვდით თქვენს ეპისკოპოსს. ის არ განგსჯით. როგორც იესო ქრისტეს წარმომადგენელი, ის დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მოინანიოთ სრულად და მიიღოთ მხსნელის სამკურნალო და გამამხნევებელი ძალა.

ვცდილობ მოვინანიო, მაგრამ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებ. რა უნდა ვქნა? არ დაყაროთ ფარ-ხმალი! მიუბრუნდით ქრისტეს და იწამეთ იგი. მისი მადლი საკმარისია. კიდევ სცადეთ. თქვენ არასოდეს არ ხართ მარტო წინსვლის მცდელობისას. იესო ქრისტე ყოველთვის თქვენთან არის.

იხ. ენოსი 1:6 (დანაშაული შეიძლება ჩამოირეცხოს); მოსია 4:3 (სულიწმინდის მეშვეობით ღმერთი გამცნობთ, რომ მოგეტევათ); 26:30 (მხსნელი მოგვიტევებს იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ვინანიებთ); ეფერი 12:27 (მხსნელის მადლით სუსტი ძლიერად იქცევა); მორონი 6:8 (ისინი, ვინც მოინანიებენ, მიეტევებათ); 10:32 (გახდით სრულყოფილნი ქრისტეში); მოძღვრება და აღთქმები 1:32 (უფალი მიუტევებს მათ, ვინც ინანიებენ); 58:42–43 (მონანიება მოიცავს ცოდვის აღიარებას და ცოდვის მიტოვებას).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვები

  • გაქვთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დამოწმება, ასევე მისი როლის, როგორც თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველისა?

  • გაქვთ ჩადენილი მძიმე ცოდვები ცხოვრებაში, რომლებიც საჭიროებს სამღვდელოების ხელმძღვანელებთან განხილვას, როგორც თქვენი მონანიების ნაწილი?