გააკეთეთ შთამაგონებელი არჩევანი
სახელმძღვანელოში ახალგაზრდების გასაძლიერებლად თქვენ იპოვით იესო ქრისტეს და მისი წინასწარმეტყველების სწავლებებს. ამ ჭეშმარიტებით, რომელიც წინამდებარე გზამკვლევშია თავმოყრილი, თქვენ შეძლებთ შთაგონებული არჩევანის გაკეთებას, რაც აწ და მარადის დაგლოცავთ.
თქვენ ღვთის საყვარელი სულიერი შვილი ხართ. მისი ბედნიერების დიადი გეგმა შესაძლებელს ხდის, სულიერად გაიზარდოთ და განავითაროთ თქვენი ღვთიური პოტენციალი. ღმერთმა იესო ქრისტე გამოგზავნა თქვენს მხსნელად.
თქვენი მამაზეციერი გენდობათ. მან გიბოძათ კურთხევები, მათ შორის, სახარების სისრულე და წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებიც გაკავშირებენ უფალთან და მოაქვთ მისი ძალა თქვენს ცხოვრებაში. ამ აღთქმებს თან მეტი სიხარული და პასუხისმგებლობა მოჰყვა. მან უწყის, რომ თქვენ შეგიძლიათ, სამყარო შეცვალოთ უკეთესობისკენ და ეს ხშირად მოითხოვს, განსხვავდებოდეთ ამაქვეყნისგან. არჩევანის გაკეთებისას, ეძიეთ მამაზეციერის ხელმძღვანელობა. ის, სულიწმინდის მეშვეობით შთაგონებით დაგლოცავთ.
იესო ქრისტე არის მარადიული სიხარულისკენ მიმავალი გზა. როცა იყენებთ თავისუფალ არჩევანს – იაროთ იესო ქრისტეს კვალზე, თქვენ მარადიული ბედნიერებისკენ მიმავალ გზას ადგებით. გახადეთ იესო ქრისტე თქვენს სტანდარტად, თქვენს კლდეზე აგებულ საძირკველად. ააგეთ თქვენი ცხოვრება მის სწავლებებზე და თქვენი ყოველი არჩევანი ამ სწავლებებით განსაზღვრეთ. აღთქმები, რომლებსაც ნათლობისას, ზიარებისას და ტაძრში დებთ, ქრისტეზე აშენებული მყარი საძირკველის აგურებია. თქვენ მაინც დადგებით სირთულეებისა და ცდუნებების წინაშე, მაგრამ მამაზეციერი და მხსნელი დაგეხმარებიან მათ დაძლევაში.
ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზამკვლევის მიზანია არა ის, რომ ყოველ შესაძლო არჩევანზე „კი“ ან „არა“ გითხრათ. არამედ უფალი გიწვევთ, იაროთ უფრო მაღალი და წმინდა გზით – იცხოვროთ ისე, რომ ფოკუსირებულნი იყოთ მარადიულ ჭეშმარიტებაზე და უფლის დაპირებულ კურთხევებზე. ეს მისი გზაა. ეს სახელმძღვანელო გაგაცნობთ უფლის გზას. მასში ახსნილია უფლის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტებანი. დაე, ეს ჭეშმარიტებები გახდეს თქვენი არჩევანის გაკეთების გზამკვლევი – მნიშვნელოვანი არჩევანის, როგორიცაა ტაძარში აღთქმის დადება ან მისიაში მსახურება, აგრეთვე ყოველდღიური არჩევნის, მაგალითად, როგორ მოეპყროთ ადამიანებს ან რაზე დახარჯოთ დრო.
მართალია, სხვებს შეუძლიათ, დაგეხმარონ, მაგრამ თქვენი სულიერი ზრდა პირადი რამ არის. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. მაქსიმალურად ეცადეთ, ყოველდღე გაუმჯობესდეთ, დაიცვათ ღვთის მცნებები, პატივი სცეთ თქვენს აღთქმებს და დაეხმაროთ სხვებს, დაუახლოვდნენ მხსნელს.
იხ. მოსია 4:29–30 (არსებობს ცოდვის ჩადენის უამრავი გზა, ასე რომ ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს); ჰელამანი 5:12 (ააშენეთ თქვენი საძირკველი ქრისტეზე); მოძღვრება და აღთქმები 45:57 (იყოლიეთ სულიწმიდა თქვენს გზამკვლევად); 25:13 (ჩაეჭიდეთ თქვენს აღთქმებს).
როგორ არის შედგენილი ეს გზამკვლევი
ყოველი სათაური სამი ნაწილიდან შედგება:
-
მარადიული ჭეშმარიტებანი ანუ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლება
-
მოწვევები იმოქმედოთ ამ ჭეშმარიტებების მიხედვით
-
დაპირებული კურთხევები რომლებსაც უფალი ჰპირდება მათ, ვინც მისი სწავლებების მიხედვით ცხოვრობს