ახალგაზრდები
11. ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ


ძველი დროის ახალგაზრდა მამაკაცი გრაგნილს კითხულობს

ინადიმეთ სიტყვით, ლიზ ლემონ სუინდლის მიერ გამოყენებულია Havenlight-ის ნებართვით.

11.

ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ

იოანე 8:32

თქვენი მამაზეციერი ჭეშმარიტების ღმერთია. ის ყოვლის მცოდნეა. ყოველივე ჭეშმარიტება მოდის მისგან და მისკენ მივყავართ. როცა სწავლას ეძიებთ, პატიოსნად ცხოვრობთ და გაბედულად იცავთ იმას, რაც იცით, რომ სწორია – მაშინაც კი, როცა მარტო გიწევთ დგომა, თქვენ ამით აჩვენებთ, რომ ჭეშმარიტებას აფასებთ.

მარადიული ჭეშმარიტებანი

ზეციურ მამას სურს, რომ მისი ძენი და ასულნი ყოველთვის სწავლობდნენ. თქვენ გაქვთ როგორც მიწიერი, ისე სულიერი მიზეზები იმისთვის, რომ ეძიოთ და გიყვარდეთ სწავლა. განათლება მხოლოდ ფულის შოვნას არ ეხება. ეს არის თქვენი მარადიული მიზნის ნაწილი – უფრო მეტად დაემსგავსოთ მამაზეციერს.

პატიოსნად ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ გიყვართ ის, რაც ღმერთის თვალში არის მართალი – პირად კომფორტზე, პოპულარობაზე ან მოხერხებულობაზე მეტად. ეს ნიშნავს აკეთო მართალი საქმე მხოლოდ იმის გამო, რომ ის მართალია.

თქვენ რაღაც ძვირფასი გაქვთ გასაზიარებლად. იესო ქრისტეს სახარება მოიცავს ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხებს. ეს არის გზა სიმშვიდისა და ბედნიერებისკენ. შესაძლოა თქვენ ყველაფერი არ იცოდეთ, მაგრამ საკმარისი იცით იმისთვის, რომ გიყვარდეთ მოყვასი, გაუზიაროთ მას ჭეშმარიტი პრინციპები და მოიწვიოთ ისინი, შეიტყონ მეტი.

მოწვევები

ყოველთვის ისწავლეთ. ეძიეთ თქვენი გონებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები შეიძლება მოიცავდეს როგორც ოფიციალურ განათლებას სკოლაში ან ხელობის შესწავლას, აგრეთვე არაოფიციალურ სწავლას თქვენთვის სანდო წყაროდან. ჩართეთ თქვენს მცდელობებში უფალი და ის წინ გაგიძღვებათ.

ისწავლეთ სულიერი ჭეშმარიტებანი. გარშემო სამყაროს შესწავლისას, ასევე ისწავლეთ მხსნელის შესახებ, რომელმაც სამყარო შექმნა. შეისწავლეთ მისი ცხოვრება და სწავლება. აქციეთ სემინარია, ინსტიტუტი და სახარების პირადი შესწავლა თქვენი ცხოვრების მუდმივ ნაწილად. ეს მოგამზადებთ მისიაში მსახურებისთვის და მთელი ცხოვრების მანძილზე სახარების გაზიარებისთვის.

იცხოვრეთ პატიოსნად. არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, არ იეშმაკოთ და არ მოიტყუოთ – არც სკოლაში, არც სამსახურში და არც ონლაინ. იყავით იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი საჯაროდ და პირადად.

აღმდგარი იესო ქრისტეს წინაშე მუხლმოყრილი ადამიანები

დაპირებული კურთხევები

განათლება ზრდის თქვენს უნარს, ემსახუროთ უფალს, მათ შორის მისიონერის როლში. ეს გაძლევთ სხვების, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახის წევრების, დალოცვის ძალას. რაც უფრო მეტს ისწავლით, მით უფრო მეტად შეგეძლებათ ღმერთის სასუფევლის შენებაში დახმარება და სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენა.

პატიოსნებას მოაქვს სიმშვიდე და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. როცა თქვენი სიტყვები და ქმედებები ჭეშმარიტების ფარგლებშია, თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენი ნდობა შეუძლიათ როგორც სხვა ადამიანებს, ისე უფალს.

როცა იესო ქრისტეს სწავლებებს იცავთ, ის თქვენს გვერდითაა. იესო ქრისტე არის თქვენი ძალა! შეიძლება სხვები არ ეთანხებიან თქვენს მრწამსს, მაგრამ თქვენი გამბედაობა და გულწრფელობა შესამჩნევი იქნება. განურჩევლად იმისა, მიბაძავენ თუ არა სხვები თქვენს მაგალითს, თქვენი მოწმობა, დაჯერებულობა და ქრისტეში რწმენა გაიზრდება.

კითხვა-პასუხები

არასწორია ეკლესიის შესახებ კითხვები მქონდეს? როგორ ვიპოვო პასუხები? შეკითხვების ქონა სისუსტის ან რწმენის ნაკლებობის ნიშანი არ არის. ფაქტობრივად, შეკითხვების დასმა შესაძლოა რწმენის გაძლიერებაში დაგეხმაროთ. სახარების აღდგენა დაიწყო, როცა 14 წლის ჯოზეფ სმითმა რწმენით დასვა კითხვები. ეძიეთ პასუხები წმინდა წერილში, ღვთის წინსწარმეტყველების სიტყვებში, ხელმძღვანელებისგან და ოჯახის ერთგული წევრებისგან და უშუალოდ ღმერთისგან. თუ პასუხებს მაშინვე არ მიიღებთ, გჯეროდეთ, რომ მცნებას-მცნებაზე ისწავლით. გააგრძელეთ ცხოვრება იმის მიხედვით, რაც უკვე იცით და გააგრძელეთ ჭეშმარიტების ძიება.

როგორ დავიცვა სიმართლე ისე, რომ არ ვაწყენინო მათ, ვისაც განსხვავებული მრწამსი აქვთ? დაიწყეთ იმით, რომ დარწმუნდით: თქვენი სიტყვები და ქმედებები შთაგონებულია ღმერთისა და მისი შვილების მიმართ სიყვარულით. სახარების გაზიარება არ უნდა ხდებოდეს კამათის სულით, არამედ გამჭვირვალედ, თავმდაბლობითა და სიკეთით. შეგიძლიათ სხვების მიმართ სიყვარულით იყოთ გამსჭვალულნი მაშინაც კი, როცა არ ეთანხებით მათ შეხედულებებს. თქვენი ცხოვრების წესით იყავით იესო ქრისტეს მიმდევრის კარგი მაგალითი.

იხ. მათე 5:14–16 (ანათებდეს თქვენი ნათელი); იოანე 14:6 (იესო არის ჭეშმარიტება); 1 პეტრე 3:15 (მზად იყავით, ყოველთვის გააზიაროთ თქვენი იმედი ქრისტეში); მოძღვრება და აღთქმები 88:77–80 (რა სურს უფალს, რომ ვისწავლოთ); 88:118 (ეძიეთ სიბრძნე საუკეთესო წიგნებში); 93:36 (ღვთის დიდება გონიერებაა); 124:15 (პატიოსნება ნიშნავს გიყვარდეს ის, რაც მართალია); 130:18 (აღდგომისას ჩვენი განათლება ჩვენთან ერთად აღდგება).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვები

  • ცდილობთ, იყოთ პატიოსანი ყველა საქმეში?

  • უჭერთ მხარს ან ხელს უწყობთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის საპირისპირო სწავლებებს, საქმიანობასა თუ მოძღვრებას?