ახალგაზრდები
2. ღმერთს სურს თქვენთან საუბარი


მამა ღმერთი და მისი ძე გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს წმინდა ტყეში

2.

ღმერთს სურს თქვენთან საუბარი

მოძღვრება და აღთქმები 8:2–3

სახარების აღდგენა დაიწყო, როცა მოზარდმა სახელად ჯოზეფ სმითი ილოცა და მამაზეციერმა და მისმა ძემ, იესო ქრისტემ, უპასუხეს მას. ღმერთი აგრძელებს თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობას ცოცხალი წინასწარმეტყველების მეშვეობით. მას ასევე სურს თქვენთან, მის შვილთან, საუბარი, სულიწმინდის მეშვეობით. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი უნარი, რომლის შეძენა შეგიძლიათ, არის სულიწმინდის თქვენთან საუბრის ამოცნობა.

მარადიული ჭეშმარიტებანი

სულიწმიდა მამაზეციერისა და იესო ქრისტესკენ მიგიძღვით. ეს სულიწმინდის მნიშვნელოვანი როლია. ის აგრეთვე შთაგაგონებთ, მოინანიოთ და მიჰყვეთ ქრისტეს, რათა შეძლოთ მისი გამოსყიდვის დალოცვების მიღება. როცა ინანიებთ, სულიწმიდა განგწმენდთ და დაგეხმარებათ, შეიცვალოთ.

სულიწმინდა გონებაში და გულში გესაუბრებათ. სულიწმიდის გზავნილები მრავალი გზით შეიძლება მოგივიდეთ გონებაში – შთაგონებული აზრებით, გაფრთხილების სახით, მკაფიო გაგებით და სულიერი მოგონებებით. სულიწმინდას შეუძლია გესაუბროთ გულში ან გონებაში ასამაღლებელი გრძნობების მეშვეობით, როგორიცაა ნუგეში, დაჯერებულობა, სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული, თავმდაბლობა, მადლიერება და მოთმინება.

მოწვევები

„მიიღეთ სულიწმინდა“. ეს სიტყვები ითქვა, როცა ქრისტეს ეკლესიის წევრად დაგამტკიცეს. როგორ იღებთ სულიწმინდას? იესო ქრისტეს სწავლებებისადმი მორჩილებით. ის არის თქვენი ძალა. უფლის კვალზე სიარული სულიწმინდას იწვევს თქვენს ცხოვრებაში.

ეძიეთ მამაზეციერი ლოცვაში. გადაუშალეთ მას გული. მადლობა გადაუხადეთ მას მრავალი შესანიშნავი დალოცვისთვის, რომელიც მან გიბოძათ. გაუზიარეთ მას თქვენი სიხარული, მწუხარება და შეკითხვები. იყავით ჩუმად და მოუსმინეთ მის პასუხებს, რომლებიც შესაძლოა მოვიდეს სიმშვიდის გრძნობით, გონებაში აზრებით ან რაღაცის კეთების ბიძგით.

გაიგონეთ ღვთის ხმა წმინდა წერილებში. წმინდა წერილები არის თქვენთვის განკუთვნილი ღვთის სიტყვა! ყოველდღიურად შეისწავლეთ ისინი, რათა ღმერთის ხმა და მისი სიყვარული აღმოაჩინოთ. კითხვისას დაფიქრდით, რას გასწავლით ღმერთი და ჩაიწერეთ შთაბეჭდილებები. ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ წმინდა წერილის შესწავლა – განსაკუთრებით მორმონის წიგნისა.

იმოქმედეთ მიღებული სულიერი შთაბეჭდილებების მიხედვით. თუ ვინმეს მიმართ კეთილი საქციელი აზრად მოგივიდათ ან შეგრძნება გაგიჩნდათ და ეს ვინმეს დალოცავს – განახორციელეთ ეს! ყოველივე კეთილი ღმერთსგან მოდის. აჩვენეთ მამაზეციერს, რომ მას შეუძლია გენდოთ, რომ მისგან მიღებულ შთაბეჭდილებას არ უგულებელყოფთ.

იესო ქრისტე

დაპირებული კურთხევები

სულიწმინდა განუგეშებს და წინ გაგიძღვებათ. ის ცნობილია, როგორც ნუგეშისმცემელი. იგი გასაჭირის ჟამს მხარში დაგიდგებათ. ის დაგეხმარებათ იმის ცოდნაში, რა თქვათ ან რა მოიმოქმედოთ. მისი გავლენით თქვენ შეძლებთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის განსხვავებას. ის დაგეხმარებათ, იპოვოთ კეთილი საკუთარ თავში და სხვებში. სულიწმიდას ასევე შეუძლია გაგაფრთხილოთ საფრთხის შესახებ. ის გაგიძღვებათ იესო ქრისტესკენ და ცოდვას აგაცილებთ.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სულიერი ძღვენნი. არსებობს მრავალი ძღვენი, რომელსაც ღმერთი თავის შვილებს უბოძებს სულიწმინდის მეშვეობით. ზოგიერთი მათგანი ნახსენებია წმინდა წერილში, მათ შორის გამოცხადება, რწმენა იესო ქრისტეში, სწავლება, ამოცნობა და სიბრძნე. ილოცეთ, რათა გაიგოთ მამაზეციერისგან თქვენთვის ბოძებული სულიერი ძღვენების შესახებ, როგორ განავითაროთ ისინი და როგორ სურს მას თქვენ მიერ მათი გამოყენება სხვების დასალოცად.

კითხვა-პასუხები

რატომ აქვთ სხვა ადამიანებს ჩემზე დიდი სულიერი გამოცდილება? ყოველი სულიერი გამოცდილება არ არის სასწაულებრივი ან დრამატული. მეტწილად ღმერთი გველაპარაკება გონებაში მოსული აზრების ან გულში ნაზი გრძნობების მეშვეობით. ეს არის ნაზი, ჩუმი ხმის ჩურჩული. შესაძლოა გრძნობდეთ სულიწმიდას, მაგრამ ჯერ არ შეგიძლოთ მისი ამოცნობა. გააგრძელეთ ლოცვა. გააგრძელეთ ღვთის სიტყვის შესწავლა. დროთა განმავლობაში, საკმარისი ვარჯიშით თქვენ შეძლებთ სულიწმინდის ამოცნობას სხვადასხვა ხერხით.

იხ. 3 მეფეთა 19:11–12 (ღმერთი საუბრობს ჩუმი, ნაზი ხმით); იოანე 15:26 (სულიწმინდა მოწმობს ქრისტეზე); მორონი 10:3–5 (გაიგეთ ჭეშმარიტება სულიწმიდის მეშვეობით); მოძღვრება და აღთქმები 11:12-13 (სულიწმინდა წინ მიგვიძღვის სიკეთის კეთებისკენ); 45:57 (იყოლიეთ სულიწმინდა თქვენს გზამკვლევად); 46:8–26 (სულიერი ძღვენნი).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა

  • გაქვთ რწმენა და დამოწმება ღმერთის, მარადიული მამის, მისი ძის იესო ქრისტესი და სულიწმინდისა?