Come, Follow Me
გასათვალისწინებელი აზრები: კარავი და მსხვერპლშეწირვა


„გასათვალისწინებელი აზრები: კარავი და მსხვერპლშეწირვა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„კარავი და მსხვერპლშეწირვა“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

აზრების ხატულა

გასათვალისწინებელი აზრები

კარავი და მსხვერპლშეწირვა

როდესაც ძველ აღთქმას ვკითხულობთ, ხანდახან ვაწყდებით გრძელ ამონარიდებს, რომლებიც აშკარად მნიშვნელოვანი იყო უფლისათვის, თუმცა შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი დღეს ჩვენ აღარ გვეხება. გამოსვლა 25–30; 35–40 და ლევიანები 1–9; 16–17 არის ამის მაგალითები. ეს თავები დეტალურად აღწერენ ისრაელის კარავს უდაბნოში და იქ შესრულებულ ცხოველთა მსხვერპლშეწირვას. კარავი იყო მოძრავი ტაძარი, უფლის სამყოფებელი ადგილი თავის ხალხს შორის.

ჩვენი თანამედროვე ტაძრები ჰგვანან ისრაელის კარვს, თუმცა ისინი ნამდვილად არ ემთხვევა ტაძრის აღწერილობას გამოსვლაში. და ჩვენც არ ვკლავთ ცხოველებს ჩვენს ტაძრებში — მხსნელის მიერ გამოსყიდვამ ცხოველთა მსხვერპლშეწირვა თითქმის 2000 წლის წინ დაასრულა. თუმცა მიუხედავად ამ განსხვავებისა, ძველი ისრაელის თაყვანისცემის ფორმების შესახებ კითხვა დღეს განსაკუთრებით ღირებულია, მით უმეტეს, თუ ჩვენ მათ ვხედავთ ისე, როგორც ღვთის ხალხი მორმონის წიგნში — როგორც საშუალებას, რომ „[განამტკიცოს მათი რწმენა] ქრისტეში“ (ალმა 25:16). როდესაც კარგად გვესმის კარვისა და ცხოველის მსხვერპლშეწირვის სიმბოლიზმი, ჩვენ ვმდიდრდებით სულიერი მოსაზრებებით, რომლებიც ასევე გააძლიერებს ჩვენს რწმენას ქრისტეში.

ისრაელიელებს კრავი მიჰყავთ კარავში

Sacrifice of a Lamb [კრავის შეწირვა], რობერტ თ. ბარეტის მიერ

კარავი აძლიერებს რწმენას ქრისტეში

როდესაც ღმერთმა მოსეს უბრძანა, აეშენებინა კარავი ისრაელიელების ბანაკში, უფალმა განაცხადა მისი დანიშნულება: „და დავივანებ მათ შორის“ (გამოსვლა 25:8). კარავში ღვთის გარემოცვა წარმოდგენილი იყო აღთქმის კიდობნით — ოქროში ამოვლებული ხის ყუთით, რომელშიც ინახებოდა თავისი ხალხის წინაშე ღმერთის აღთქმის ჩანაწერი. კიდობანი ყველაზე წმინდა, შიდა ოთახში ინახებოდა, რომელიც დანარჩენი კარვისგან ფარდაგით იყო გამოყოფილი. ამ ფარდაგმა შეიძლება, სიმბოლიზებულად გამოხატოს დაცემის გამო ჩვენი გამოყოფა უფლის გარემოცვისგან, ისევე როგორც ჩვენი დაბრუნება მასთან — მხსნელის საშუალებით.

მოსეს გარდა, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო „წმიდათა წმიდაში“ შესვლა (გამოსვლა 26:34) — მღვდელმთავარი. სხვა მღვდლების მსგავსად, იგი ჯერ უნდა განბანილიყო და ზეთცხებულიყო და შემოსილიყო წმინდა სამოსელში, რომელიც სიმბოლური იყო მისი წოდებისა. წელიწადში ერთხელ, იმ დღეს, რომელსაც ეწოდება გამოსყიდვის დღე, მღვდელმთავარი მსხვერპლს სწირავდა ხალხის სახელით, ვიდრე კარავში მარტო შევიდოდა. ფარდასთან იგი საკმეველს წვავდა. ზეცაში აღმავალი სურნელოვანი კვამლი წარმოადგენდა იმ ხალხის ლოცვას, რომელიც ღმერთთან მაღლა მიიწევდა. შემდეგ მღვდელმთავარი, რომელსაც ეჭირა შეწირული ცხოველის სისხლი, გავიდოდა ფარდაგის მიღმა და მიეახლებოდა უფლის ტახტს, რომელიც სიმბოლიზებული იყო აღთქმის კიდობნით.

იმის გათვალისწინებით, რაც იცით იესო ქრისტესა და მისი როლის შესახებ ზეციერი მამის გეგმაში, შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ მიგვითითებს კარავი მხსნელისკენ? სწორედ ისე, როგორც კარავი და კიდობანი მასში წარმოადგენდა ღვთის გარემოცვას მის ხალხში, იესო ქრისტეც იყო უფლის გარემოცვა თავისივე ხალხში. მღვდელმთავრის მსგავსად იესო ქრისტე არის შუამავალი ჩვენსა და მამა ღმერთს შორის. იგი გავიდა ფარდაგის მიღმა, რათა ჩვენთვის თავისი გამოსყიდვის სისხლის ძალით ეშუამდგომლა.

ისრაელის კარვის რამდენიმე ასპექტი შეიძლება გეცნოთ, მით უმეტეს, თუ ყოფილხართ ტაძარში საკუთარი წეს-ჩვეულებების მისაღებად. ტაძარი არის უფლის სახლი — მისი სავანე თავის ხალხში. როგორც კარვის ყველაზე წმინდა ადგილი, ტაძრის ცელესტიალური ოთახი წარმოადგენს უფლის გარემოცვას. შესასვლელად, ჩვენ უნდა განვიბანოთ და ზეთი ვიცხოთ. ჩვენ გვაცვია წმინდა სამოსელი. ჩვენ ვდებთ აღთქმებს. ჩვენ ვლოცულობთ საკურთხეველთან, საიდანაც ლოცვა ადის ღმერთთან. და ჩვენ ბოლოსდაბოლოს გავდივართ ფარდაგს მიღმა, უფლის გარემოცვაში.

იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსება თანამედროვე ტაძრებსა და ძველ კარავს შორის არის ის, რომ ორივე, თუ სწორად გავიგებთ, აძლიერებს ჩვენს რწმენას იესო ქრისტეში და გვავსებს მის მიერ გამოსყიდვის მსხვერპლის მადლიერებით. ღმერთს სურს, თავისი ყველა შვილი შევიდეს მის გარემოცვაში; მას სურს „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:6). მაგრამ ცოდვები ხელს გვიშლის ამ კურთხევის მოპოვებაში, რადგან „არაფერი უწმინდური არ შეიძლება ცხოვრობდეს ღვთის გვერდით“ (1 ნეფი 10:21). ამგვარად, მამა ღმერთმა გამოგზავნა იესო ქრისტე, ჩვენი „კეთილი მომავლის მღვდელმთავარი“ (ებრაელთა 9:11). ღმერთი ყოფს საბურველს და აძლიერებს უფლის ყველა ხალხს, რათა „თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა“ (ებრაელთა 4:16).

დღეს ტაძრების დანიშნულება უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი თავის ამაღლება. ჩვენი საკუთარი წეს-ჩვეულებების მიღებისა და ღმერთთან აღთქმის დადების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ჩვენი წინაპრები და მივიღოთ წეს-ჩვეულებები მათი სახელით. გარკვეული გაგებით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ძველი მღვდელმთავრის მსგავსი — დიდი მღვდელმთავრისა — რომელიც ღმერთის გარემოცვისკენ სხვებს გზას უხსნის.

მსხვერპლშეწირვა იესო ქრისტეში რწმენას აძლიერებს

გამოსყიდვისა და შერიგების პრინციპები ღრმად ისწავლებოდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვის უძველეს პრაქტიკაში, რომელიც მოსეს რჯულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ადამმა და ევამ შესწირეს მსხვერპლი. მათ ესმოდათ მისი სიმბოლური კავშირი მხსნელის მსხვერპლთან. და ისინი ასწავლიდნენ ამას თავიანთ შვილებს.

ცხოველთა მსხვერპლშეწირვის სიმბოლიზმი შეიძლება, განსაკუთრებით მძაფრი ჩანდეს ძველი ისრაელის გამოსყიდვის დღეს („იომ-ქიფური“ ებრაულად). ამ წლიური ცერემონიის საჭიროება აისახა ლევიანები 16:30-ში: „რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად“. ამან საშუალება მისცა უფლის გარემოცვას, დარჩენილიყო თავის ხალხში. ეს გამოსყიდვა შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ცერემონიის საშუალებით. ერთ-ერთი მათგანის დროს ვაცი დაკლეს, როგორც მსხვერპლი ადამიანთა ცოდვების გამო და მღვდელმთავარმა შეიტანა ვაცის სისხლი ყველაზე წმინდა ადგილში. მოგვიანებით, მღვდელმთავარმა ხელები დაადო ცოცხალ ვაცს და აღიარა ისრაელის შვილების ცოდვები — გადასცემდა რა სიმბოლურად ამ ცოდვებს ვაცს. შემდეგ ვაცი გაჰყავდათ ისრაელის ბანაკიდან.

ამ რიტუალებში, ვაცი სიმბოლიზდებოდა იესო ქრისტესთან, იკავებდა რა ცოდვილი ადამიანების ადგილს. ცოდვა არ უნდა იყოს ნებადართული ღმერთის გარემოცვაში. თუმცა იმის მაგივრად, რომ გაენადგურებინა ან გაეძევებინა ცოდვილები, ღმერთმა შესთავაზა სხვა გზა — ვაცის დაკვლა ან გაძევება. „წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას“. (ლევიანები 16:22).

ეს რიტუალები მიუთითებდა იმ გზაზე, რომელსაც ღმერთმა მიმართა, რათა ჩვენ მის— იესო ქრისტესა და მის მიერ გამოსყიდვის — გარემოცვაში დავებრუნებინეთ. მხსნელმა „იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა“, „ყველა ჩვენგანის ურჯულოება“ (ესაია 53:4, 6). მან ჩვენ ჩაგვანაცვლა, საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რათა მოეხადა ცოდვის სასჯელი და შემდეგ გაიმარჯვა სიკვდილზე თავისი აღდგომით. იესო ქრისტეს მსხვერპლი იყო „დიდი და უკანასკნელი მსხვერპლშეწირვა; დიახ, არა ადამიანის მსხვერპლშეწირვა, არც ცხოველის“, არამედ „უსაზღვრო და მარადიული მსხვერპლშეწირვა“. (ალმა 34:10). ის იყო იმ ყველაფრის აღსრულება, რაზეც ძველი მსხვერპლშეწირვები მიუთითებდნენ.

იესოს მიაქვს ჯვარი

ამ მიზეზით, მას შემდეგ, რაც მსხვერპლშეწირვა დასრულდა, მან თქვა: „თქვენ, ჩემთვის შესაწირად, აღარ დაღვრით სისხლს; დიახ, თქვენი მსხვერპლშესაწირი … შეწყდება. … და მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს“. (3 ნეფი 9:19–20).

შესაბამისად, როდესაც პოულობთ ამონარიდებს ძველ აღთქმაში მსხვერპლშეწირვისა და კარვის (ან მოგვიანებით, ტაძრის) შესახებ — და თქვენ ასეთს მრავალს ნახავთ — გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი დანიშნულება არის ის, რომ გააძლიეროს თქვენი რწმენა მესიაში, იესო ქრისტეში. გააერთიანეთ ის, რასაც წაიკითხავთ და ისწავლეთ თქვენი თაყვანისცემით მის სახლში. დაე, თქვენი გული და გონება მიბრუნდეს მისკენ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გააკეთა მან, რათა დაებრუნებინეთ ღმერთის გარემოცვაში და რას გააკეთებთ თქვენ, რომ მიჰყვეთ მას.

შენიშვნები

  1. გამოსვლა 33:7–11 ახსენებს „საკრებულო კარავს“, სადაც მოსე ესაუბრა უფალს, მაგრამ ეს არ იყო მსხვერპლშეწირვის ადგილი, როგორც ეს გამოსვლასა და ლევიანებში იყო ნახსენები. ეს მსხვერპლშეწირვები სრულდებოდა კარავში, რომელიც აღწერილია გამოსვლა 25–30-ში, რომლის აგებაც ღმერთმა მოსესა და ისრაელის ხალხს უბრძანა (იხილეთ გამოსვლა 35–40). ეს კარავი, რომელშიც აარონი და მისი ვაჟები ასრულებდნენ ცხოველთა მსხვერპლშეწირვებს, ასევე ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „საკრებულო კარავი“ (იხილეთ, მაგალითად, გამოსვლა 28:43; 38:30; ლევიანები 1:3).

  2. ასევე იხილეთ იაკობი 4:5; იარომი 1:11.

  3. იხილეთ გამოსვლა 25:10–22.

  4. იხილეთ ებრაელთა 10:19–20.

  5. იხილეთ გამოსვლა 40:12–13.

  6. იხილეთ გამოსვლა 28.

  7. იხილეთ ლევიანები 16:12.

  8. იხილეთ ფსალმუნი 140:2.

  9. იხილეთ ლევიანები 16:14–15.

  10. იხილეთ იოანე 1:14.

  11. იხილეთ ებრაელთა 8:10.

  12. იხილეთ მოსე 5:4–12; ასევე დაბადება 4:4.

  13. იხილეთ მოსია 15:8–9.