„გასათვალისწინებელი აზრები: ისტორიული წიგნები ძველ აღთქმაში“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„ისტორიული წიგნები ძველ აღთქმაში“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
გასათვალისწინებელი აზრები
ისტორიული წიგნები ძველ აღთქმაში
იესო ნავეს ძის წიგნიდან დაწყებული ესთერის წიგნის ჩათვლით ტრადიციულად ცნობილია, როგორც ძველი აღთქმის „ისტორიული წიგნები“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველი აღთქმის სხვა წიგნებს არ აქვთ ისტორიული ღირებულება. პირიქით, ისტორიულ წიგნებს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ მათი მწერლების მთავარი მიზანი ისრაელის ხალხის ისტორიაში ღვთის ხელის ჩვენება იყო. მიზანი მოსეს რჯულის გამოკვეთა როდი იყო, როგორც ამას ლევიანები და მეორე რჯული აკეთებენ. ან ის, რომ პოეტური ფორმით ქება ან გლოვა გამოეხატა, როგორც ამას ფსალმუნები და გოდება აკეთებს. და არც წინასწარმეტყველთა სიტყვების ჩაწერა, როგორც ამას აკეთებენ ესაიასა და ეზეკიელის წიგნები. არამედ, ისტორიული წიგნები ჰყვებიან ამბებს.
თვალსაზრისის საკითხი
ბუნებრივია, ეს ისტორიები გარკვეული კუთხით არის მოთხრობილი. ისევე, როგორც შეუძლებელია ყვავილს, კლდეს ან ხეს ერთდროულად ერთზე მეტი კუთხით შეხედო, ისე თავიდან ვერ ავიცილებთ იმას, რომ ისტორიული ცნობა მისი დამწერი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის თვალთახედვას ასახავს. ეს თვალსაზრისი მოიცავს მწერლების ეროვნულ თუ ეთნიკურ კავშირებს და მათ კულტურულ ნორმებსა და შეხედულებებს. ამის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, რომ ისტორიული წიგნების დამწერნი და შემდგენელნი ყურადღებას ამახვილებდნენ გარკვეულ დეტალებზე, ხოლო სხვებს ტოვებდნენ. მათ ივარაუდეს ისეთი რამ, რასაც სხვები ვერ ივარაუდებდნენ. და ამ დეტალებზე და ვარაუდებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნებამდე. ბიბლიის წიგნებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სხვადასხვა თვალსაზრისი (და ზოგჯერ ერთსა და იმავე წიგნში). რაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ასეთ თვალსაზრისებს, მით უფრო კარგად გვესმის ისტორიული წიგნები.
ძველი აღთქმის ყველა ისტორიული წიგნისთვის საერთო თვალსაზრისი არის ისრაელის შვილების, ღვთის აღთქმის ხალხის, თვალსაზრისი. მათი რწმენა უფლისადმი დაეხმარა მათ, დაენახათ მისი ხელი მათ ცხოვრებასა და თავიანთი ერის საქმეებში. მაშინ, როცა საერო ისტორიის წიგნებს არ ახასიათებს საგნების ასე აღქმა, ეს სულიერი თვალსაზრისი ნაწილობრივ არის ის, რაც ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნებს ასე ღირებულს ხდის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთისადმი საკუთარი რწმენის ჩამოყალიბებას ცდილობენ.
კონტექსტი დანარჩენი ძველი აღთქმისთვის
ისტორიული წიგნები იწყება, როდესაც მეორე რჯული მთავრდება და ისრაელიელების უდაბნოში ხეტიალის წლებიც დასასრულს უახლოვდება. იესო ნავეს ძის წიგნი გვიჩვენებს ისრაელის შვილებს, რომლებიც მზად არიან ქანაანში, მათ აღთქმულ მიწაზე, შესასვლელად და აღწერს, თუ როგორ გააკეთეს ეს. შემდეგი წიგნები, „მსაჯულნიდან“ მოყოლებული „2 ნეშტთამდე“ ასახავენ ისრაელის გამოცდილებას აღთქმულ მიწაზე დასახლების დღიდან, ვიდრე მათ ასირია და ბაბილონი დაიპყრობდნენ. ეზრასა და ნეემიას წიგნები მოგვითხრობენ ათწლეულების შემდეგ ისრაელთა რამდენიმე ჯგუფის დედაქალაქში, იერუსალიმში, დაბრუნების შესახებ. და ბოლოს, ესთერის წიგნი მოგვითხრობს სპარსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ისრაელიელების ცხოვრებაზე გადასახლებაში.
და აი, აქ მთავრდება ძველი აღთქმის ქრონოლოგია. ზოგიერთი მკითხველი, რომელიც პირველად კითხულობს ბიბლიას გაკვირვებულია როცა აღმოაჩენს, რომ მან ფაქტობრივად დაასრულა ძველი აღთქმის ისტორიის კითხვა, მაშინ, როდესაც ჯერ წიგნის ნახევარზე მეტი გვერდიც კი არ წაუკითხავთ. ესთერის შემდეგ ჩვენ დიდ ინფორმაციას აღარ ვიღებთ ისრაელიელთა ისტორიის შესახებ. ამის ნაცვლად, მომდევნო წიგნები — განსაკუთრებით წინასწარმეტყველთა წიგნები — ჯდება ვადებში, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ისტორიულ წიგნებში. მაგალითად, წინასწარმეტყველ იერემიას მსახურება მოხდა 4 მეფეთა 22–25 -ში ჩაწერილი მოვლენების დროს (და პარალელური ცნობა 2 ნეშტთა 34–36). ამის ცოდნამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც ისტორიული მოთხრობების, ისე წინასწარმეტყველური წიგნების წაკითხვაზე.
როდესაც რაღაც არ შეესაბამება
ძველი აღთქმის კითხვისას, როგორც ნებისმიერი ისტორიის შემთხვევაში, თქვენ ალბათ წაიკითხავთ ადამიანების შესახებ, რომლებიც აკეთებენ ან ამბობენ ისეთ რამეებს, რაც თანამედროვე თვალისთვის უცნაური ან თუნდაც შემაშფოთებელი ჩანს. ეს მოსალოდნელია — ძველი აღთქმის მწერლების მიერ სამყაროს ხედვა, გარკვეულწილად, სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი ხედვისგან. ძალადობა, ეთნიკური ურთიერთობები და ქალის როლი მხოლოდ რამდენიმეა იმ საკითხთაგან, რომლებსაც ძველი მწერლები შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ, ვიდრე ჩვენ დღეს.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც წმინდა წერილებში შემაშფოთებელ მონაკვეთებს ვაწყდებით? უპირველეს ყოვლისა, შეიძლება დაგვეხმაროს თითოეული ამონარიდის უფრო ფართო კონტექსტში განხილვა. როგორ ჯდება ის ღვთის ხსნის გეგმაში? როგორ შეესაბამება ის იმას, რაც თქვენ იცით ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს ბუნების შესახებ? როგორ შეესაბამება ის წმინდა წერილებში გამოვლენილ სხვა ჭეშმარიტებებს ან ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებებს? და როგორ ეხმიანება ეს სულიწმინდის ნაჩურჩულებს თქვენს გულსა და გონებაში?
ზოგიერთ შემთხვევაში ამონარიდი შეიძლება, კარგად არ შეესაბამებოდეს არც ერთსა და არც მეორეს. ზოგჯერ ამონარიდი, თავსატეხის ნაწილს ჰგავს, რომელიც ერთი შეხედვით არ ჯდება უკვე აწყობილ ნაწილებს შორის. ნაწილის მორგების ძალადობრივი მცდელობა არ არის საუკეთესო მიდგომა. მაგრამ არც მთელ თავსატეხზე უარის თქმა იქნება მიზანშეწონილი. ამის ნაცვლად, ამონარიდის ნაწილის გარკვეული დროით გვერდზე გადადება. რაც უფრო მეტს სწავლობთ და თავსატეხის მეტ ნაწილს ალაგებთ, უკეთ დაინახავთ, როგორ ჯდება ნაწილები ერთმანეთში.
ასევე, სასარგებლო იქნება გახსოვდეთ, რომ გარდა იმისა, რომ ბიბლიური ისტორიები ერთი კონკრეტული თვალსაზრისით არის შეზღუდული, ისინი ასევე ექვემდებარებიან ადამიანურ შეცდომებს. მაგალითად, საუკუნეების განმავლობაში „მრავალი ნათელი და ძვირფასი რამ ამოღებულ იქნა [ბიბლიიდან]“, მათ შორის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები მოძღვრების, წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების შესახებ (1 ნეფი 13:28; ასევე იხილეთ მუხლები 26, 29, 40). ამავდროულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვაღიაროთ, რომ ჩვენი საკუთარი თვალსაზრისი ასევე შეზღუდულია: ყოველთვის იქნება რაღაც, რაც ბოლომდე არ გვესმის და კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაც ჯერ არ შეგვიძლია.
შესაძლოა, წმინდა წერილის ზოგიერთი ამონარიდი ჰგავს თავსატეხის იმ ნაწილს, რომელიც არ ვიცით, დანარჩენ თავსატეხს როგორ მოვარგოთ.
წმინდა წერილებში სიმდიდრის პოვნა
თუმცა იმავდროულად, პასუხგაუცემელმა კითხვებმა არ უნდა დაგვაშოროს მარადიული ჭეშმარიტების სიმდიდრეს, რომელიც გვხვდება ძველ აღთქმაში — მაშინაც კი, თუ ეს სიმდიდრე ხანდახან იმალება შემაშფოთებელი გამოცდილებისა და არასრულყოფილი ადამიანების ცუდი არჩევანის კლდოვან ნიადაგში. შესაძლოა, ამ სიმდიდრიდან ყველაზე ძვირფასი არის ისტორიები და ამონარიდები, რომლებიც მოწმობენ ღვთის სიყვარულის შესახებ — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჩვენს გონებას იესო ქრისტეს მსხვერპლზე მიანიშნებენ. ნებისმიერი კუთხით დანახული, მსგავსი სიმდიდრეები დღესაც ისევე ანათებს, როგორც უწინ. და რადგან ეს ისტორიები მოგვითხრობს ღვთის აღთქმის ხალხზე — მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური სისუსტეები, მაგრამ უყვარდათ და ემსახურებოდნენ უფალს — ჭეშმარიტების სიმდიდრე უხვადაა ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნებში.