„24 თებერვალი — 2 მარტი: „სული ძალზედ ძვირფასია“: მოძღვრება და აღთქმები 18“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 18“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
24 თებერვალი — 2 მარტი: „სული ძალზედ ძვირფასია“
მოძღვრება და აღთქმები 18
არსებობს მრავალი განსხვავებული გზა, რათა შევაფასოთ პიროვნების ღირსება. ნიჭი, განათლება, სიმდიდრე და გარეგნობა მოქმედებს ყველა ჩვენგანზე, როცა ვაფასებთ სხვას ან საკუთარ თავს. მაგრამ ღვთის თვალში ჩვენი ღირსება გაცილებით მარტივი საკითხია და ეს ნათლად არის ნათქვამი მოძღვრება და აღთქმები 18-ში: „გახსოვდეთ, ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია“ (მუხლი 10). ეს მარტივი ჭეშმარიტება ხსნის, თუ რას აკეთებს ღმერთი და რატომ აკეთებს ამას. რატომ დაავალა მან ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის, დაეარსებინათ იესო ქრისტეს ეკლესია ჩვენს დროში? (იხ. მუხლები 1–5). რადგან სული არის ძალზედ ძვირფასი. რატომ უბრძანებს ის „ყოველ ადამიანს ყველგან, რომ მოინანიოს“ და აგზავნის მოციქულებს მონანიების საქადაგებლად? (მუხლი 9). რადგან სული არის ძალზედ ძვირფასი. რატომ „მოკვდა ხორციელად“ და „გადაიტანა ყოველი ადამიანის ტკივილი“ იესო ქრისტემ? (მუხლი 11). რადგან სული არის ძალზედ ძვირფასი. თუ რომელიმე ამ სულიდანაც კი აირჩევს მხსნელის ძღვენის მიღებას, ის ხარობს, რადგან „დიდია მისი სიხარული იმ სულის გამო, რომელიც ინანიებს“ (მუხლი 13).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
„ჩემს ეკლესიას აღაშენებ“.
ნაწილი 18-ში უფალმა მისცა ოლივერ ქაუდერის მითითებები, რათა დახმარებოდა იესო ქრისტეს ეკლესიის ჩამოყალიბებაში. მიცემულ დარიგებაში რა შეამჩნიე, განსაკუთრებით მუხლები 1–5-ში? შეგიძლია გაითვალისწინო, თუ როგორ მოქმედებს ეს დარიგება შენზე, როდესაც „აღაშენებ“ შენს რწმენას ქრისტეში. მაგალითად:
-
შენ რა „მოისურვე, გაგეგო“ უფლისგან? (მუხლი 1).
-
შენთვის რას ნიშნავს, „დაეყრდნო იმას, რაც დაწერილია“? (მუხლი 3). როგორ „გაცნობა“ სულმა, რომ ისინი ჭეშმარიტებაა? (მუხლი 2; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 6:22–24).
-
შენ როგორ აღაშენებ შენს ცხოვრებას „[მხსნელის] სახარების საფუძველზე და [მის] კლდეზე“? (მუხლი 5).
დასვი კითხვები. მოძღვრება და აღთქმები არის იმის სამხილი, რომ კითხვებს გამოცხადებამდე მივყავართ. წმინდა წერილების შესწავლისას, ჩაინიშნე კითხვები. შემდეგ დაფიქრდი და ილოცე პასუხების ძიებისათვის.
მოძღვრება და აღთქმები 18:10–13
„ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია“.
როგორ განვსაზღვრავთ რაღაცის ღირებულებას? მაგალითად, მაღაზიაში რატომ გვხვდება ერთი ნივთი უფრო მეტ ფასად ვიდრე მეორე? როდესაც ამ კვირაში წაიკითხავ ნაწილი 18 , განსაკუთრებით მუხლები 10–13, შენ შეგიძლია შეადარო ის, თუ როგორ განსაზღვრავენ ადამიანები ხშირად ფასეულობას იმასთან, რაც სულს ღირებულს ხდის ღვთის თვალში. იფიქრე შენი სახელის ჩანაცვლებაზე შემდეგი სიტყვების ადგილას: „სული“ და „ყოველი ადამიანი“. როგორ დაეხმარება ეს მუხლები ადამიანს, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს თავის ფასეულობას?
აქ არის რამდენიმე სხვა ნაწყვეტი, რომელიც გვასწავლის სულის ფასეულობის შესახებ: ლუკა 15:1–10; იოანე 3:16–17; 2 ნეფი 26:24–28; მოსე 1:39. ამ ნაწყვეტებზე დაყრდნობით, როგორ შეაჯამებ იმას, თუ რას ფიქრობს ღმერთი შენზე?
როგორ გაჩვენებს ღმერთი, რომ შენ ხარ ძალზედ ძვირფასი მისთვის? რა გავლენას ახდენს ეს იმაზე, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავსა და სხვებზე?
თემები და კითხვები, „Children of God [ღვთის შვილები]“, სახარების ბიბლიოთეკა.
მოძღვრება და აღთქმები 18:11–16
უფალს უხარია, როცა ვინანიებ.
დააკვირდი, რამდენად ხშირად არის გამოყენებული სიტყვა მონანიება მოძღვრება და აღთქმები 18-ში. დაფიქრდი, რას გასწავლის ეს სიტყვა თითოეულ მონაკვეთში. განსაკუთრებით, დააკვირდი მუხლები 11–16. როგორ მოქმედებს ეს მუხლები შენს შეგრძნებაზე მონანიების მიმართ — შენივე მონანიებასა და მოვალეობაზე, მოიხმო სხვა ადამიანები, რათა მოინანიონ და გაუმჯობესდნენ? აი, ერთი გზა იმის ჩასაწერად, რაც ისწავლე: ჩამოთვალე რამდენიმე გზა, რომლითაც დაასრულებ წინადადებას „მონანიება არის “.
აგრეთვე, იხ. ალმა 36:18–21; დეილ გ. რენლანდი: „მონანიება: მხიარული არჩევანი“, Liahona, ნოემ., 2016 წ., 121–24.
დეტალი, The Prodigal Son [უძღები შვილი], კლარკ კელი პრაისი
მოძღვრება და აღთქმები 18:14–16
სიხარული მაშინ გვეუფლება, როცა სხვებს ქრისტესთან მიახლოებაში ვეხმარებით.
როდესაც წაიკითხავ მუხლები 14–16დაფიქრდი, რას ნიშნავს „იღაღადო მონანიება“ და რატომ მოაქვს ასეთი სიხარული. რა გზები იპოვე სხვების დასახმარებლად მხსნელთან მისვლისა და პატიების მისაღებად? როგორ დაგეხმარნენ სხვები ამაში?
მოძღვრება და აღთქმები 18:34–36
წმინდა წერილში უფლის ხმა მესმის.
ვინმემ რომ გკითხოს, როგორია უფლის ხმა, რას უპასუხებ? იფიქრე ამ კითხვაზე, როცა წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 18:34–36. რა ისწავლე უფლის ხმის შესახებ მოძღვრება და აღთქმებიდან? რისი გაკეთება შეგიძლია, რათა უფრო მკვეთრად გესმოდეს მისი ხმა?
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 18:10–13
თითოეული ჩვენგანი ძალზედ ძვირფასია ღვთის თვალში.
-
როდესაც შენ და შენი ბავშვები წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 18:10–13, იფიქრეთ ერთმანეთის სახელის ჩანაცვლებაზე შემდეგი სიტყვების ადგილას: „სული“ და „ყოველი ადამიანი“. შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვეხმარება ეს მუხლები გავიგოთ, რას გრძნობს ზეციური მამა თითოეული ჩვენგანის მიმართ.
-
ასევე შეგიძლია ესაუბრო ბავშვებს ისეთ საკითხებზე, რასაც ხალხი ღირებულად მიიჩნევს. ან შეგიძლია აჩვენე, რა არის შენთვის ღირებული. როგორ ვექცევით იმას, რაც ჩვენთვის ღირებულია? შემდეგ, სთხოვე სათითაოდ ჩაიხედონ სარკეში. სარკეში ჩახედვისას, უთხარი თითოეულ ბავშვს, რომ ღვთის შვილები არიან და თითოეული მათგანი ძალზედ ძვირფასია. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვებს, რომ „[მათი] სული ძალზედ ძვირფასია“ ჩვენს თვალში?
-
იმის ხაზგასასმელად, რომ ყველა ადამიანი ძალზედ ძვირფასია ზეციური მამისთვის, შენს ბავშვებს შეუძლიათ დაათვალიერონ სურათი ამ მონახაზის ბოლოს, სანამ შენ მოძღვრება და აღთქმები 18:10–13-ს კითხულობ.
დეტალი, Worth of a Soul [სულის ფასი], ლიზ ლემონ სვინდლი
მოძღვრება და აღთქმები 18:13–16
სახარების გაზიარებას უდიდესი სიხარული მოაქვს.
-
იმისათვის, რომ შთააგონო შენი ბავშვები, გააზიარონ იესო ქრისტეს სახარება, შეგიძლიათ ესაუბროთ ერთმანეთს იმ გამოცდილების შესახებ, როდესაც იპოვეთ რაღაც, რისი გაზიარებაც გსურდათ თქვენს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. რატომ გინდოდათ გაზიარება? რას გრძნობდით გაზიარების დროს? შემდეგ წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 18:13, 16. უფალს რა ახარებს? უფლის სიტყვებით, ჩვენ რა მოგვიტანს სიხარულს? შენ და ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ გამოცდილებაზე, რომელიც გქონდათ ჩვენი მხსნელის სახარების სიხარულის გაზიარებისას.
-
სახარების გაზიარების შესახებ სიმღერა დაეხმარება შენს ბავშვებს, იფიქრონ სახარების გაზიარების გზებზე.
მოძღვრება და აღთქმები 18:34–36
წმინდა წერილში უფლის ხმა მესმის.
-
შენს ბავშვებს შეიძლება მოეწონოთ თამაში, სადაც ისინი ცდილობენ ამოიცნონ სხვადასხვა ადამიანების ხმები, როგორიცაა ოჯახის წევრები, მეგობრები ან ეკლესიის ხელმძღვანელები. როგორ ვცნობთ ერთმანეთის ხმებს? როგორ ვცნობთ უფლის ხმას? შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 18:34–36 და ისაუბრეთ ამ კითხვაზე. გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ გაიგონეთ უფლის ხმა წმინდა წერილებში.