„აღდგენის ხმები: მორმონის წიგნის მოწმეები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მორმონის წიგნის მოწმეები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
მორმონის წიგნის მოწმეები
ანგელოზმა მორონიმ ოქროს ფირფიტები ჯოზეფ სმითს, ოლივერ ქაუდერის, დევიდ ვიტმერსა და მარტინ ჰარისს ტყეში აჩვენა, ვიტმერის საცხოვრებელთან ახლოს, ფაიეტში (ნიუ-იორკი). იმ პერიოდში ჯოზეფის მშობლები ვიტმერებს სტუმრობდნენ. ჯოზეფის დედამ, ლუსი მაკ სმითმა, აღწერა ამ სასწაულებრივი გამოცდილების გავლენა მოწმეებზე:
„სამი ან ოთხი საათი იქნებოდა. ქალბატონი ვიტმერი, ბატონი სმითი და მე საძინებელში ვისხედით. მე საწოლზე ვიჯექი. როდესაც ჯოზეფი შემოვიდა, ჩემთან ჩაიმუხლა. „მამა! დედა!“ — თქვა მან. „თქვენ არ იცით, როგორი ბედნიერი ვარ. უფლის ბრძანებით, ფირფიტები ჩემ გარდა კიდევ სამს აჩვენეს, მათაც ნახეს ანგელოზი და ჩემს ჭეშმარიტებას დაამოწმებენ. მათაც იციან, რომ ხალხს არ ვატყუებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უდიდესი ტვირთი მომეხსნა, რომლის ტარება ჩემთვის თითქმის გაუსაძლისი იყო. მაგრამ ახლა მათ მოუწევთ ამ ტვირთის ნაწილის ტარება და ეს ახარებს ჩემს სულს, რომ მე აღარ ვიქნები სრულიად მარტო ამ სამყაროში“. შემდეგ მარტინ ჰარისი შემოვიდა. საოცარ სიხარულს ასხივებდა. შემდეგ მან დაამოწმა ის, რაც ნახა და მოისმინა, ისევე როგორც სხვებმა, ოლივერმა და დევიდმა. მათი დამოწმება არსით იგივე იყო, რაც მორმონის წიგნშია მოცემული. …
„განსაკუთრებით მარტინ ჰარისს არ შეეძლო სიტყვებით გამოეხატა თავისი გრძნობები. მან თქვა: „ახლა ვიხილე ანგელოზი ზეციდან, რომელმაც დაამოწმა ჭეშმარიტება ყოველივეს შესახებ, რაც მე ჩანაწერის შესახებ მოვისმინე და ჩემმა თვალებმა იხილეს იგი. მე ასევე ხელში დავიჭირე ფირფიტები, დავათვალიერე ისინი და შემიძლია ეს მთელ მსოფლიოს დავუმოწმო. მაგრამ მე მივიღე მოწმობა, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს, რომელსაც ვერც ერთი ენა ვერ აღწერს და მადლობას ვწირავ ღმერთს მთელი ჩემი სულის გულწრფელობით, რამეთუ მან მეც კი ღირსად ჩამთვალა, გავმხდარიყავი ადამიანთა შვილებისთვის მისი საქმის სიდიადისა და ჩანაფიქრის მოწმე“. ოლივერი და დევიდიც შეუერთდნენ მას ღვთის საზეიმო ქება-დიდებაში მისი სიკეთისა და წყალობისთვის. სახლში [პალმირაში, ნიუ-იორკში] მეორე დღეს დავბრუნდით - მხიარულად, სიხარულით აღვსილები.
ოლივერ ქაუდერი, დევიდ ვიტმერი და მარტინ ჰარისი
ლუსი მაკ სმითიც იქ იმყოფებოდა, როდესაც რვა მოწმე დაბრუნდა იმ გამოცდილების შემდეგ:
„მას შემდეგ, რაც ეს მოწმეები სახლში დაბრუნდნენ, ანგელოზი კვლავ გამოეცხადა ჯოზეფს, რა დროსაც ჯოზეფმა ფირფიტები მას ხელიდან ხელში ჩააბარა. იმ საღამოს ჩვენ გავმართეთ შეხვედრა, სადაც ყველა მოწმემ მისცა ჩვენება ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე; და მთელმა ჩვენმა ოჯახმა, დონ კარლოს [სმითმაც] კი, რომელიც მხოლოდ 14 წლის იყო, დაამოწმა უკანასკნელ დღეთა წყობის ჭეშმარიტებაზე — რომ ის მაშინ სრულად დაიწყო“.
ჯოზეფ სმითისა და რვა მოწმის რელიეფური ამოკვეთა
სამი მოწმისა და რვა მოწმის გარდა, დევიდ ვიტმერის დედასაც, მერი ვიტმერს, ეზიარა ოქროს ფირფიტების ნახვის დალოცვას. ანგელოზმა მორონიმ მას აჩვენა ის ფირფიტები როგორც აღიარება იმ მსხვერპლისა, რომელიც მან გაიღო, როდესაც ჯოზეფი, ემა და ოლივერი მის სახლში ცხოვრობდნენ. „ერთგულად და ბეჯითად ასრულებდი შენს საქმეებს“, უთხრა მორონიმ მას. „მაშასადამე, სწორია, რომ მიიღო მოწმობა, რათა შენი რწმენა განმტკიცდეს“.