Come, Follow Me
გასათვალისწინებელი აზრები: პოეზიის წაკითხვა ძველ აღთქმაში


„გასათვალისწინებელი აზრები: პოეზიის წაკითხვა ძველ აღთქმაში“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„პოეზიის წაკითხვა ძველ აღთქმაში“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026

აზრების ხატულა

გასათვალისწინებელი აზრები

პოეზიის წაკითხვა ძველ აღთქმაში

ძველი აღთქმის წიგნებში, დაბადების წიგნიდან დაწყებული ესთერის წიგნის ჩათვლით, ძირითადად ვხედავთ ისტორიებს — ამბებს, რომლებიც აღწერს ისტორიულ მოვლენებს სულიერი თვალსაზრისით. ნოემ ააგო კიდობანი, მოსემ იხსნა ისრაელი, ხანამ ილოცა, რომ შვილი ჰყოლოდა და სხვა. იობიდან დაწყებული, ჩვენ ვხედავთ წერის განსხვავებულ სტილს. ამ წიგნებში ძველი აღთქმის მწერლები იყენებდნენ პოეტურ ენას ღრმა გრძნობების ან მონუმენტური წინასწარმეტყველებების გამოსახატავად, რათა ეს დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

ჩვენ უკვე ვნახეთ პოეზიის რამდენიმე მაგალითი გაბნეული ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნებში. იობის წიგნიდან მოყოლებული, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ ასეთ მაგალითს ვნახავთ. იობის, ფსალმუნებისა და იგავების წიგნები თითქმის მთლიანად პოეზიაა, ისევე როგორც წინასწარმეტყველური წიგნების ნაწილები, როგორებიცაა ესაია, იერემია და ამოსი. იმის გამო, რომ პოეზიის კითხვა განსხვავდება მოთხრობის კითხვისგან, მისი გაგება ხშირად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. აი, რამდენიმე აზრი, რომელიც დაგეხმარებათ, ძველი აღთქმის პოეზიას უფრო ღრმად ჩასწვდეთ.

ებრაული პოეზიის გაცნობა

პირველ რიგში, შესაძლებელია, დაგეხმაროთ იმის ცოდნა, რომ ძველ აღთქმაში, ზოგიერთი სხვა სახის პოეზიისგან განსხვავებით, ებრაული პოეზია არ არის დაფუძნებული რითმაზე. და მიუხედავად იმისა, რომ რიტმი, სიტყვების თამაში და ბგერების გამეორება ძველი ებრაული პოეზიის საერთო მახასიათებელია, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ იკარგება თარგმანში. თუმცა, ერთი თვისება, რომელსაც შეამჩნევთ, არის აზრების ან იდეების გამეორება, რომელსაც ზოგჯერ „პარალელიზმს“ უწოდებენ. აი, მარტივი მაგალითი ესაიადან:

შეიმოსე შენი ძალა, სიონო;

შეიმოსე შენი დიდების სამოსი, იერუსალიმო. (ესაია 52:1)

28-ე ფსალმუნს აქვს მრავალი პარალელური ხაზი, მაგალითად: უფლის ხმა ძლიერია:

ხმა უფლისა ძლიერია;

ხმა უფლისა ბრწყინვალეა. (ფსალმუნი 28:4)

და აი, მაგალითი, როდესაც იმის ცოდნა, რომ მეორე ხაზი პირველის პარალელურია, ამარტივებს ამონარიდს:

აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში,

და უპურობა – ყველა თქვენს ადგილზე. (ამოსი 4:6)

ამ მაგალითებში პოეტმა მცირედი განსხვავებებით გაიმეორა იგივე აზრი. ამ ტექნიკას შეუძლია, ხაზი გაუსვას განმეორებულ აზრს და გამოიყენოს განსხვავებები მის უფრო სრულად აღსაწერად ან განსავითარებლად.

სხვა შემთხვევებში, ორი პარალელური წინადადება იყენებს მსგავს ენას კონტრასტული იდეების გადმოსაცემად, როგორც ამ მაგალითში:

მშვიდი პასუხი რისხვას აცხრობს:

შეურაცხმყოფელი სიტყვა კი ბრაზს იწვევს. (იგავები 15:1)

ასეთი პარალელიზმი შემთხვევითი როდია. მწერლებმა ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. ეს ეხმარებოდა მათ სულიერი გრძნობების ან ჭეშმარიტების ძლიერად და სილამაზით გამოხატვაში. ასე რომ, როდესაც ძველი აღთქმის წერილში პარალელიზმს შეამჩნევთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ გეხმარებათ ეს მწერლის ჩანაფიქრის გაგებაში. მაგალითად, რის თქმას ცდილობდა ესაია იმით, რომ „ძალა“ „დიდების სამოსი“ და „სიონი“ „იერუსალიმთან“ დააკავშირა? (ესაია 52:1). რა შეიძლება, დავასკვნათ ფრაზის „მშვიდი პასუხი“ შესახებ, თუ ვიცით, რომ „შეურაცხმყოფელი სიტყვა“ მისი საპირისპირო მნიშვნელობაა? (იგავები 15:1).

ძველი აღთქმის მწერალი კალმით და გრაგნილით

He Restoreth My Soul [ის აღადგენს ჩემს სულს], უოლტერ რეინის მიერ

ებრაული პოეზია, როგორც ახალი მეგობარი

ზოგიერთი პოეზიის კითხვას ახალ ადამიანთან შეხვედრას ადარებს. მაშასადამე, ძველი აღთქმის პოეზიის წაკითხვა შეიძლება ჰგავდეს ვინმესთან შეხვედრას შორეული ქვეყნიდან და უცხო კულტურიდან, რომელიც ჩვენგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს — და რომელიც, სავარაუდოდ, ორი ათასზე მეტი წლისაა. ეს ადამიანი ალბათ იტყვის იმას, რაც თავიდან შეიძლება არ გვესმოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ღირებული არაფერი აქვს სათქმელი. ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავყოთ დრო მათთან და ვეცადოთ დავინახოთ საგნები მათი გადმოსახედიდან. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ გულში, ერთმანეთის ნამდვილად კარგად გვესმის. და თუ ჩვენ გამოვავლენთ მოთმინებასა და თანაგრძნობას, ჩვენი ახალი ნაცნობი საბოლოოდ ჩვენი ძვირფასი მეგობარი გახდება.

ასე რომ, როდესაც კითხულობთ ნაწყვეტს, მაგალითად, ესაიადან, , ჩათვალეთ, რომ ეს არის ახალ ნაცნობთან თქვენი პირველი გაცნობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს – „როგორია ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება?“ რას გაგრძნობინებთ ეს მონაკვეთი — მაშინაც კი, თუ არ გესმით თითოეული სიტყვა? შემდეგ ხელახლა წაიკითხეთ რამდენჯერმე, თუ შესაძლებელია. შეგიძლიათ ის ხმამაღლა წაიკითხოთ; ზოგიერთი ადამიანი ამაში დამატებით აზრს ხედავს. ყურადღება მიაქციეთ ესაიას მიერ არჩეულ კონკრეტულ სიტყვებს, განსაკუთრებით იმ სიტყვებს, რომლებიც თქვენს გონებაში სურათს ასახავენ. რას გაგრძნობინებთ ეს სურათები? რას გვირჩევენ ისინი ესაიას გრძნობებთან დაკავშირებით? რაც უფრო მეტად შეისწავლით ძველი აღთქმის ამ მწერლების სიტყვებს, მით უფრო მეტად აღმოაჩენთ, რომ მათ შეგნებულად აირჩიეს თავიანთი სიტყვები და ხერხები ღრმა სულიერი გზავნილის გამოსახატავად.

ორი ქალი სწავლობს წმინდა წერილებს

ლექსებმა შეიძლება შესანიშნავი მეგობრობა გაგიწიონ, რადგან ისინი გვეხმარება, ჩვენი გრძნობები და გამოცდილება გავიგოთ. ძველი აღთქმის ლექსები განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ისინი გვეხმარება, გავიგოთ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობები და გამოცდილებანი, რომლებიც უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან.

ძველი აღთქმის პოეზიის შესწავლისას გახსოვდეთ, რომ წმინდა წერილის შესწავლა ყველაზე მეტად ღირებულია, როდესაც მას იესო ქრისტესთან მივყავართ. მოძებნეთ სიმბოლოები, გამოსახულებები და ჭეშმარიტებები, რომლებიც ამყარებენ თქვენს რწმენას უფლის მიმართ. უსმინეთ სულიწმინდისგან მომდინარე შთაგონებას სწავლის პროცესში.

სიბრძნის წიგნები

ძველი აღთქმის პოეზიის ერთი კატეგორია არის ის, რასაც მეცნიერები „სიბრძნის წიგნებს“ უწოდებენ. იობი, იგავები და ეკლესიასტე ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მაშინ, როცა ფსალმუნები ქების, გლოვისა და თაყვანისცემის გრძნობებს ასახავს, სიბრძნის წიგნები მარადიულ რჩევებზე ან ღრმა ფილოსოფიურ კითხვებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, იობის წიგნი იკვლევს ღვთის სამართლიანობას და ადამიანთა ტანჯვის მიზეზებს. იგავები გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ ვიცხოვროთ კარგად, მათ შორის, ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც შეგროვდა და თაობიდან თაობას გადმოეცა. ხოლო ეკლესიასტე თავად ცხოვრების მიზანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ — როცა ყველაფერი ხანმოკლე და შემთხვევითი ჩანს, სად ვპოულობთ ჭეშმარიტ აზრს? თქვენ შეიძლება სიბრძნის წიგნებზე იფიქროთ, როგორც გააზრებულ საუბრებზე შთაგონებულ დამრიგებლებთან, რომლებსაც სურთ, ღმერთსა და მის მიერ შექმნილ სამყაროზე დაკვირვებების გაზიარება — და იქნებ სურთ, რომ დაგეხმარონ ამ საკითხებში გაერკვეთ უკეთ, ვიდრე ადრე.