„26 იანვარი–1 თებერვალი. ’ასწავლ[ე] ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს’: დაბადება 5; მოსე 6“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„26 იანვარი–1 თებერვალი. ’ასწავლ[ე] ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს’“, მოდი და გამომყევი: 2026
Better Than Paradise [სამოთხეზე უკეთესი], კენდალ რეი ჯონსონის მიერ
26 იანვარი–1 თებერვალი: „ასწავლ[ე] ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს“
დაბადება 5; მოსე 6
დაბადება 5-ის ძირითადი ნაწილი არის ჩამონათვალი თაობებისა ადამს, ევასა და ნოეს შორის. ჩვენ ბევრ სახელს ვკითხულობთ, მაგრამ მათ შესახებ დიდ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. შემდეგ ვკითხულობთ ამ საინტერესო და აუხსნელ სტრიქონს: „და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბადება 5:24). რა თქმა უნდა, ამ სტროფის უკან არის ამბავი! მაგრამ დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, თაობების სია გრძელდება.
საბედნიეროდ, მოსე 6 ავლენს ხანოქის ისტორიის დეტალებს — და ეს საკმაოდ საინტერესო ამბავია. ჩვენ ვიგებთ ხანოქის თავმდაბლობას, მის დაუცველობასა და პოტენციალს, რომელსაც ღმერთი ხედავდა მასში და დიდ საქმეს, რომელიც მან შეასრულა, როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა. ჩვენ ასევე უფრო მკაფიოდ ვხედავთ ადამისა და ევას ოჯახებს, გადადიოდნენ რა ისინი თაობიდან თაობაში. ჩვენ ვკითხულობთ სატანის „დიდი ბატონობის“ შესახებ, მაგრამ ასევე მშობლების შესახებ, რომლებიც ბავშვებს „ღვთის ყოველ გზას“ ასწავლიდნენ (მოსე 6:15, 21). განსაკუთრებით ძვირფასია ის, რასაც ჩვენ ვიგებთ იმ მოძღვრების შესახებ, რომელსაც ეს მშობლები ასწავლიდნენ: რწმენა იესო ქრისტეში, მონანიება, ნათლობა და სულიწმინდის მიღება (იხილეთ მოსე 6:50–52). ეს მოძღვრება, ისევე როგორც მღვდლობა, რომელიც მას ახლავს, „იყო დასაბამიდანვე [და] იქნება ასევე ამქვეყნის დასასრულისას“ (მოსე 6:7).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ცოდვა ზღუდავს ჩემს უნარს, დავინახო, ვიგრძნო და გავიგონო ღმერთის საგნები.
მოსე 6:26–36-ის შესწავლისას რას სწავლობთ ცოდვის შედეგების შესახებ? როგორ გინახავთ ეს შედეგები? რა თვისებები გააჩნდა ენოქს, რაც დაეხმარა მას ამ შედეგების დაძლევაში? როგორ აკურთხა ღმერთმა ის ამის შედეგად?
ღმერთი მომიწოდებს, რომ გავაკეთო მისი საქმე, მიუხედავად ჩემი სისუსტეებისა.
თუ თქვენ როდისმე თავს დათრგუნულად გრძნობთ იმით, რის გაკეთებასაც უფალი მოგიწოდებთ, თქვენ მარტო არ ხართ. ენოქიც კი ასე გრძნობდა თავს, როცა უფალმა მას წინასწარმეტყველად მოუწოდა. მოსე 6:26–36-ის წაკითხვისას დააკვირდით, რატომ გრძნობდა ენოქი თავს გადატვირთულად და რა თქვა უფალმა, რომ მისთვის გამბედაობა მიეცა.
მუხლები 37–47-ში შეგიძლიათ მოიძიოთ გზები, რომელთა საშუალებითაც უფალმა ენოქს მხარი დაუჭირა და მისცა მას ძალა, შეესრულებინა უფლის საქმე (იხილეთ ასევე მოსე 7:13). თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ენოქის გამოცდილება სხვა წინასწარმეტყველთა გამოცდილებას, რომლებიც თავს არაადეკვატურად გრძნობდნენ, მაგალითად, მოსე (იხ. გამოსვლა 4:10–16), იერემია (იხილეთ იერემია 1:4–10), ნეფი (იხილეთ 2 ნეფი 33:1–4), და მორონი (იხილეთ ეფერი 12:23–29). როგორ ფიქრობთ, რა სურს ღმერთს, რომ ისწავლოთ ამ წმინდა წერილებიდან იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც მან გასაკეთებლად მოგცათ?
A Seer Hath the Lord Raised Up (Moses 6:36) [წინასწარმჭვრეტი აღუზარდა უფალმა (მოსე 6:36)], ევა ტიმოთეს მიერ
ბევრმა თანამედროვე მოციქულმა და წინასწარმეტყველმა გამოხატა ენოქის მსგავსი გრძნობები, როდესაც აღწერეს, თუ რა იგრძნეს მოწოდების მიღებისას. მაგალითად, იხილეთ უხუცეს ულისეს სოარესის მოწმობა გზავნილში „წინასწარმეტყველები საუბრობენ სულიწმინდის ძალით“ (ლიახონა, მაისი, 2018, 98–99).
რა შეგიძლიათ, ამ წინასწარმეტყველებისა და მოციქულებისგან თქვენი არაადეკვატურობის გრძნობის შესახებ ისწავლოთ? როდის გიგრძვნიათ, რომ მხსნელი გეხმარებათ, როცა მისი თხოვნით რთულ საქმეებს შეეჭიდეთ? შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე გამოცდილება თქვენი მომავლიდან, როდესაც მხსნელის დახმარებაზე დაყრდნობა დაგჭირდებათ. როგორ მივუდგეთ ამ მოვლენებს იესო ქრისტესადმი რწმენით?
იხილეთ აგრეთვე დევიდ ა. ბედნარი, „შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან“, ლიახონა, მაისი, 2023, 123–25; „მე წავალ, სადაც შენ მიხმობ“, საგალობლები, no. 270.
იესო ქრისტეს სახარება დასაბამიდანვე ისწავლებოდა.
რადგან ჩვენ გვაქვს მოსეს წიგნი, ვიცით, რომ ღმერთი ასწავლის თავის შვილებს, როგორ იპოვონ გამოსყიდვა ადამი და ევადან მოყოლებული. მოსე 6:48–68-ის შესწავლისას მოძებნეთ, რა უნდა ვიცოდეთ და გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიყოთ გამოსყიდულნი. ყურადღება მიაქციეთ ადამის შეკითხვას მუხლი 53-ში. ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? რას სწავლობთ უფლის პასუხიდან მუხლები 53–65-ში? თქვენ შეიძლება იფიქროთ ამ სტროფებზე, როგორც უფლის გზავნილზე ადამის ნათლობის მსახურებისას. რას იგებთ ნათლობის შესახებ მისი გზავნილიდან? როგორ ფიქრობთ, რატომ შეადარა მან ნათლობა „ხელახლა [დაბადებას]“? (სტროფი 59). რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ განაგრძოთ „ხელახლა [დაბადებას]“ მთელი ცხოვრების განმავლობაში?
მოძებნეთ სიმბოლოები. წმინდა წერილებში საგნები ან მოვლენები ხშირად შეიძლება წარმოადგენენ ან განასახიერებენ სულიერ ჭეშმარიტებას, განსაკუთრებით ჭეშმარიტებას მხსნელის შესახებ (იხილეთ Teaching in the Savior’s Way, 7). ამ სიმბოლოებს შეუძლია გაამდიდრონ უფლისა და მისი მოძღვრების გაგება. მაგალითად, რას სწავლობთ მოსე 6:27-ში გულისა და ყურების სიმბოლოებიდან, მოსე 6:35-ში თვალებისა და თიხის, ხოლო მოსე 6:59–60-ში წყლის სიმბოლოებიდან?
„ასწავლ[ე] ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს“.
მოსე 6:51–63-ში, მას შემდეგ, რაც უფალმა ადამს იესო ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებანი ასწავლა, მან უთხრა ადამს, ესწავლებინა ის მომავალი თაობებისთვის. გაითვალისწინეთ ამ ჭეშმარიტებათა ჩამონათვალის შედგენა. (შეიძლება, დაგვეხმაროს ნაწყვეტის დაყოფა მუხლების უფრო მცირე ჯგუფებად, მაგალითად მუხლები 51–52, 53–57, 58–60, 61–63). რატომ არის ეს ჭეშმარიტებები ღირებული თაობისთვის, რომელიც დღეს იზრდება? კიდევ რა შეგიძლიათ ისწავლოთ უფლის ამ მითითებებიდან მშობლებისთვის: მოსია 4:14–15 და მოძღვრება და აღთქმები 68:25–28; 93:40–50?
ადამისა და ევას ოჯახის მიერ შენახული „ხსოვნის წიგნის“ შესახებ წაკითხვამ შეიძლება შთაგაგონოთ თქვენ ან თქვენი ოჯახი, შექმნათ თქვენი საკუთარი ხსოვნის წიგნი. როგორ ფიქრობთ, რის ჩართვას ისურვებდა უფალი? იფიქრეთ ინფორმაციის შენახვაზე თქვენი ხსოვნის წიგნიდან FamilySearch.org-ზე.
იხ. აგრეთვე Dieter F. Uchtdorf, “Jesus Christ Is the Strength of Parents,” Liahona, May 2023, 55–59; “Parenting: Touching the Hearts of Our Youth,” “But Why?” (videos), Gospel Library.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ღმერთს შეუძლია დამეხმაროს რთული საქმეების კეთებაში.
-
როდესაც ენოქი მოიხმეს სახარების საქადაგებლად, ის წუხდა, რომ წარუმატებელი იქნებოდა. მაგრამ ღმერთი დაეხმარა მას. ერთად წაიკითხეთ ეს ამბავი მოსე 6:26–34-ში (ასევე იხილეთ „Enoch the Prophet“, Old Testament Stories, 19–21). რატომ ფიქრობდა ენოქი, რომ არ შეეძლო სახარების ქადაგება? (იხილეთ მოსე 6:31). როგორ დაეხმარა ღმერთი ენოქს? (იხილეთ მოსე 6:32–34; 7:13).
-
თქვენმა შვილებმა შეიძლება ისიამოვნონ ღმერთის მიერ რთულ საქმეებში ადამიანების თანადგომის მაგალითების გაზიარებით ან გათამაშებით — მაგალითად, ნოე, დავითი, ამონი ან ლამანიელი სამუელი (იხილეთ Gospel Art Book, სურათები 7, 19, 78, 81). თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ თქვენი გამოცდილება და ნება მისცეთ თქვენს შვილებს, ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ ეხმარება მათ ღმერთი რთული საქმეების შესრულებაში.
ქრისტესადმი რწმენა, მონანიება, ნათლობა და სულიწმინდის მიღება მამზადებს ღმერთთან დასაბრუნებლად.
-
ღმერთმა ასწავლა ადამს, რა უნდა გავაკეთოთ მასთან დასაბრუნებლად — გვქონდეს რწმენა იესო ქრისტეში, მოვინანიოთ, მოვინათლოთ და მივიღოთ სულიწმინდის ძღვენი. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ ეს პრინციპები მოსე 6:52, 57-ში. შემდეგ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, დაწერონ მოკლე გამოსვლის ტექსტი ერთ-ერთ პრინციპზე. თითოეული გამოსვლა შეიძლება მოიცავდეს მოსე 6-ის წმინდა წერილს, გამოცდილებასა და მოწმობას. ნება დართეთ მათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოსვლების ტექსტი.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ სურათები, რომლებიც წარმოადგენენ სახარების პირველ პრინციპებს (იხილეთ რწმენის მეოთხე სიმბოლო). მოათავსეთ ისინი იესო ქრისტეს სურათთან მიმავალ ხაზში. მოსე 6:52-ის წაკითხვისას, თქვენს შვილებს შეუძლიათ დადგნენ სწორი სურათის გვერდით, როდესაც სურათის შინაარსის გამომხატველ სიტყვებს გაიგონებენ.
-
თქვენს შვილებს შესაძლოა მოეწონოთ ისეთი სიმღერების შესრულება, რომელბიც ასწავლიან მოსე 6:52-ში გადმოცემულ პრინციპებს, მაგ. “Faith,” “When I Am Baptized,” and “The Holy Ghost” (Children’s Songbook, 96–97, 103, 105). დაეხმარეთ მათ, იპოვონ ეს პრინციპები მოსე 6:52-ში.
ზეციერ მამას სურს, რომ მშობლებმა ასწავლონ თავიანთ შვილებს.
-
იმისათვის, რომ წაახალისოთ თქვენი შვილები, მხარი დაუჭირონ მშობლებს, როდესაც ისინი სახარებას ასწავლიან, სთხოვეთ ბავშვს, წაიკითხოს მოსე 6:58 და დაასახელოს მცნება, რომელიც ღმერთმა მშობლებს მისცა. შემდეგ შეგიძლიათ აჩვენოთ ადამისა და ევას სურათი შვილების სწავლების პროცესში (მსგავსი ამ მონახაზის ბოლოში მითითებულისა) და ნება მისცეთ თქვენს შვილებს, ისაუბრონ იმაზე, რასაც ამ სურათზე ხედავენ. თქვენს შვილებს შეუძლიათ დახატონ თავიანთი ოჯახების სურათები, რომლებიც ერთად კითხულობენ წმინდა წერილებს, ერთად ლოცულობენ ან ერთად თამაშობენ.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.