„გასათვალისწინებელი აზრები: აღთქმა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„აღთქმა“, მოდი და გამომყევი: 2026
გასათვალისწინებელი აზრები
აღთქმა
ძველ აღთქმაში ხშირად წაიკითხავთ სიტყვას აღთქმა. დღეს ჩვენ, როგორც წესი, აღთქმებს მოვიაზრებთ, როგორც ღმერთთან დადებულ წმინდა დაპირებებს, მაგრამ ძველ სამყაროში აღთქმები ასევე იყო ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის ადამიანებს სჭირდებოდათ ერთმანეთის ნდობა და აღთქმა იყო ამ ნდობის უზრუნველყოფის საშუალება.
ასე რომ, როდესაც ღმერთი ენოქს, ნოეს, მოსესა და სხვებს ესაუბრებოდა აღთქმების შესახებ, ის სთავაზობდა მათ, რომ მასთან ნდობის კავშირი დაემყარებინათ. ჩვენ ამ აღთქმას ვუწოდებთ ახალ და მარადიულ აღთქმას ან აბრაამის აღთქმას — მითითება იმ აღთქმაზე, რომელიც ღმერთმა დადო აბრაამთან და სარასთან და შემდეგ განაახლა მათ შთამომავლებთან - ისაკთან და იაკობთან (რომელსაც ასევე უწოდებენ ისრაელს). ძველ აღთქმაში ეს უბრალოდ ცნობილი იყო როგორც „აღთქმა“. თქვენ ნახავთ, რომ ძველი აღთქმა ძირითადად არის ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს ამ აღთქმის მემკვიდრეებად ანუ აღთქმის ხალხად თვლიდნენ.
აბრაამის აღთქმა დღესაც მნიშვნელოვანი რჩება, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც აღთქმის ხალხი ვართ, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა აბრაამის, ისაკისა და იაკობის პირდაპირი შთამომავლები. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა არის აბრაამის აღთქმა და დღეს ის ჩვენზე როგორ ვრცელდება.
რა არის აბრაამის აღთქმა?
აბრაამს სურდა „[ყოფილიყო] სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი“ (აბრაამი 1:2), ამიტომ ღმერთმა შესთავაზა მას აღთქმისეული ურთიერთობა. აბრაამი არც პირველი იყო, ვისაც ეს სურვილი გაუჩნდა და ვინც აღთქმა მიიღო. ბოლოსდაბოლოს, ეს მარადიული აღთქმა იყო. აბრაამი ეძებდა „მამების კურთხევებ[ს]“ (აბრაამი 1:2) — კურთხევებს, რომლებიც აღთქმით შესთავაზეს ადამსა და ევას, შემდეგ კი იმ ადამიანებს, რომლებიც გულმოდგინედ ეძიებდნენ ამ კურთხევებს.
ღვთის აღთქმა აბრაამთან შესანიშნავ კურთხევებს მოიცავდა: მიწის მემკვიდრეობას, დიდ შთამომავლობას, მღვდლობის წეს-ჩვეულებებზე წვდომასა და სახელს, რომელსაც მომავალი თაობებიც მიაგებდნენ პატივს. მაგრამ ეს აღთქმა როდი იყო მიმართული მხოლოდ იმ კურთხევებზე, რომლებსაც მიიღებდნენ აბრაამი და მისი ოჯახი, არამედ იმ კურთხევებზეც, რომლებადაც ისინი გახდებოდნენ ღვთის დანარჩენი შვილებისთვის. „იქნები კურთხეული“, განაცხადა ღმერთმა, „და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი“ (დაბადება 12:2–3).
მიანიჭა თუ არა ამ აღთქმამ აბრაამს, სარასა და მათ შთამომავლებს პრივილეგირებული სტატუსი ღვთის შვილებს შორის? მხოლოდ იმ გაგებით, რომ სხვების დალოცვა პრივილეგიაა. აბრაამის ოჯახს უნდა „[მიეტანა] ეს მსახურება და მღვდლობა ყოველ ერში“, გაეზიარებინა „სახარების კურთხევ[ებიც] კი, რაც არის ხსნის კურთხევები – მარადიული სიცოცხლის.“ (აბრაამი 2:9, 11). ღვთის აღთქმის ხალხი არ ნიშნავდა, რომ ისინი სხვებზე უკეთესები იყვნენ; ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ევალებოდათ, სხვებს დახმარებოდნენ, გამხდარიყვნენ უკეთესნი.
ეს აღთქმა იყო კურთხევა, რომელიც აბრაამს სურდა. მისი მიღების შემდეგ აბრაამმა გულში თქვა: „შენი მსახური გულწრფელად გეძებდა; ახლა, გიპოვე“ (აბრაამი 2:12).
ეს იყო ათასობით წლის წინ, მაგრამ ეს აღთქმა ჩვენს დროში აღდგა. და ის ამჟამად ღვთის ხალხის ცხოვრებაში სრულდება. აღთქმის შესრულება ძლიერდება უკანასკნელ დღეთა პერიოდში, როდესაც ღვთის საქმე წინ მიდის და ოჯახები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკურთხებიან. და ვისაც, აბრაამის მსგავსად, სურს იყოს სიმართლის უფრო ერთგული მიმდევარი — ყველას, ვინც გულმოდგინედ ეძებს უფალს — შეუძლია იყოს მისი ნაწილი.
რას ნიშნავს ჩემთვის აბრაამის აღთქმა?
შენ ხარ აღთქმის შვილი. თქვენ დებთ აღთქმას ღმერთთან, როცა ინათლებით და როცა იღებთ ზიარებას. და თქვენ იღებთ აღთქმის სისრულეს ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებებთან ერთად.
ამ აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების მეშვეობით ჩვენ ვხდებით ღვთის ხალხი. ჩვენ მასთან ვართ დაკავშირებული „მარადიული კავშირებით“. „როგორც კი ღმერთთან აღთქმას ვდებთ“, — ასწავლიდა პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „სამუდამოდ ვემშვიდობებით ნეიტრალურ პოზიციას. ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე მათთან, ვინც მასთან ასეთი კავშირი შექმნა. ყველას, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე აქვს წვდომა. … ღმერთთან ჩვენი აღთქმის გამო იგი არასოდეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას“. ამას დაინახავთ ღვთის აღთქმის ხალხის ისტორიაში — ძველ აღთქმაში — და დაინახავთ თქვენს ცხოვრებაშიც, როგორც მისი აღთქმისეული ერთ-ერთი შვილი.
Be Not Afraid [ნუ გეშინია], დენ უილსონის მიერ
ეს არის უძვირფასესი გაგება, რომელიც მოგვეცა აბრაამის აღთქმის აღდგენის საშუალებით წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით. ასე რომ, როცა ძველ აღთქმაში აღთქმების შესახებ კითხულობთ, არ იფიქროთ მხოლოდ ღმერთის ურთიერთობაზე აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან. ასევე იფიქრეთ მის ურთიერთობაზე თქვენთან. როდესაც კითხულობთ უამრავი შთამომავლის დაპირების შესახებ, არ იფიქროთ მხოლოდ იმ მილიონებით ადამიანზე, რომელიც დღეს აბრაამს მამას უწოდებს. არამედ ასევე იფიქრეთ ღვთის დაპირებაზე თქვენ მიმართ მარადიული ოჯახებისა და მარადიული ზრდის შესახებ. როდესაც კითხულობთ სამკვიდრო მიწის დაპირების შესახებ, არ იფიქროთ მხოლოდ აბრაამისთვის აღთქმულ მიწაზე. იფიქრეთ აგრეთვე დედამიწის ცელესტიალურ დანიშნულებაზე—დაპირებულ მემკვიდრეობაზე „[თვინიერთათვის]“, რომლებიც „უფალზე მინდობილნი [არიან]“ (მათე 5:5; ფსალმუნი 36:9, 11). და როცა წაიკითხავთ დაპირებას, რომ ღვთის აღთქმის ხალხი აკურთხებს „დედამიწის ყოველ [ოჯახს]“ (აბრაამი 2:11), ნუ იფიქრებთ მხოლოდ აბრაამის მსახურებაზე ან მისგან წარმოშობილ წინასწარმეტყველებზე. იფიქრეთ ასევე იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ — როგორც იესო ქრისტეს აღთქმის მიმდევარს, რათა იყოთ კურთხევა თქვენს გარშემო მყოფი ოჯახებისთვის.