„აღდგენის ხმები: ლიბერთის ციხე“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025 (2025)
„ლიბერთის ციხე“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
ლიბერთის ციხე
მისიურის შტატში, ლიბერთის ციხეში ყოფნისას, ჯოზეფ სმითმა მიიღო წერილები, რომლების საშუალებითაც მას ატყობინებდნენ უკანასკნელ დღეთა წმინდანების სახიფათო ვითარებას, რომლებიც გუბერნატორის ბრძანებით განდევნეს შტატიდან. აღნიშნული მწარე შინაარსის წერილი მან თავისი მეუღლისგან, ემასგან, მიიღო. მისი სიტყვები და ჯოზეფის საპასუხო წერილები გამოხატავს როგორც მათ ტანჯვას, ასევე რწმენას, ეკლესიის ისტორიაში ამ რთულ პერიოდში.
ჯოზეფ სმითმა და სხვებმა ამ ციხეში დაჰყვეს 1838–39 წლების ზამთარში.
ემა სმითის წერილი ჯოზეფ სმითს, 1839 წლის 7 მარტი
ძვირფასო მეუღლევ
ვინაიდან, მეგობრის დახმარებით მაქვს წერილის გამოგზავნის საშუალება, შევეცდები დავწერო, მაგრამ სრულად არ დავწერ ჩემი გრძნობების შესახებ, იმ გარემოების გამო, რომელშიც აღმოჩნდი და გვაშორებს: კედლები, გისოსები და ჭანჭიკები, მჩქეფარე მდინარეები, ნაკადულები, ამოწეული ბორცვები, ჩაძირული ხეობები და გაშლილი მინდვრები. ამასთან ერთად, სასტიკი უსამართლობა, რომელმაც პირველად ჩაგაგდო ციხეში და ამ დრომდე იქ გაყოვნებს, მრავალი სხვა მოსაზრების გარდა, ჩემს გრძნობებს აღწერის მიღმა აყენებს.
რომ არა ჩემი შეგნებული უმანკოება და ღვთაებრივი წყალობის უშუალო ჩარევა, დარწმუნებული ვარ, რომ ვერასოდეს შევძლებდი გადამეტანა ტანჯვის სცენები, რომლებიც გავიარე… ; მაგრამ მე მაინც ვცოცხლობ და მზად ვარ კიდევ ვიტანჯო, თუ იქნება ზეცის ნება, იმისთვის რომ შენთვის ვიტანჯო.
ამჟამად ყველანი კარგად ვართ, ფრედრიკის გარდა, რომელიც ძალზედ ავად არის.
პატარა ალექსანდერი, რომელიც ახლა ხელში აყვანილი მიჭირავს, ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ბიჭია, რომელიც ოდესმე გინახავს ცხოვრებაში. ის იმდენად ძლიერია, რომ სკამის დახმარებით მთელ ოთახში დარბის. …
ღმერთის გარდა, არავინ იცის ჩემი გონების ფიქრები და გულის გრძნობები, როცა დავტოვე სახლი და თითქმის ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ჩვენი პატარა შვილების გარდა და მისურის შტატიდან გავიქეცი, დაგტოვე რა მარტო ამ გარიყულ ციხეში. ამის გახსენება იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანის ბუნებამ ოდესმე უნდა აიტანოს. …
… იმედი მაქვს, ბედნიერი დღეები ჯერ კიდევ წინ არის. … სიყვარულით, მუდამ შენი
ემა სმითი
ჯოზეფ სმითის წერილი ემა სმითს, 1839 წლის 4 აპრილი
ძვირფასო—მოსიყვარულე—მეუღლევ.
ხუთშაბათს ღამით დავჯექი, როცა მზე ჩადიოდა, და გარიყული ციხის ერთ-ერთი გისოსიდან ვიხედებოდი, რომ შენთვის მომეწერა და მეცნობებინა ჩემი მდგომარეობის შესახებ. მგონი უკვე დაახლოებით ხუთი თვე და ექვსი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მე დღე და ღამე მდარაჯობს მცველი და ვარ გარიყული, ბნელი ციხის კედლების, გისოსებისა და მოჭრაჭუნე რკინის კარების მიღმა. მხოლოდ ღმერთმა უწყის ჩემი ემოციები, რომლებითაც ვწერ ამ წერილს. ამ გარემოებებში გონების ჭვრეტა აღემატება კალმის, ენის ან ანგელოზების ძალებს, აღწეროს ან წარმოუდგინოს ადამიანს, რომელსაც არასოდეს განუცდია ის, რასაც ჩვენ განვიცდით. … ჩვენს სახსნელად ჩვენი დასაყრდენია იეჰოვა და არა სხვა ვინმე, არა საქმე არ იქმნება მის გარეშე, დარწმუნებული იყავი, რადგან ამ შტატში ჩვენი სისხლი სწყურიათ ძალზედ; არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რამეში დამნაშავენი. … ჩემო ძვირფასო ემა, მე მუდმივად ვფიქრობ შენზე და ბავშვებზე. … როგორ მინდა ვნახო პატარა ფრედერიკი, ჯოზეფი, ჯულია, ალექსანდერი, ჯოანა და ოლდ მეიჯერი [ოჯახის ძაღლი]. … სიხარულით მოვიდოდი აქედან თქვენამდე ფეხშიშველი, თავშიშველი და ნახევრად შიშველი, იმისთვის რომ გნახოთ და ვფიქრობ, რომ ეს დიდი სიამოვნებაა და არასდროს ჩავთვლი ამას სირთულედ. … მე მტკიცედ ვიტან ყველა ჩემს ჩაგვრას და იმავეს შვრებიან ჩემთან ერთად მყოფნი; ჯერ არცერთი ჩვენგანი არ გატყდა. მინდა, რომ [ჩვენს შვილებს] არ მისცე ჩემი დავიწყების უფლება. უთხარი მათ, რომ მამას უყვარს ისინი სრულყოფილი სიყვარულით და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოშორდეს ბრბოს და დაუბრუნდეს მათ. … უთხარი მათ, რომ მამამ შეუთვალა კარგი შვილები იყვნენ და დედას გაუფრთხილდნენ. …
შენი,
ჯოზეფ სმით უმცროსი