„30 ნოემბერი–6 დეკემბერი. ’[იგი] წყალობის მოყვარულია’: მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„30 ნოემბერი–6 დეკემბერი. ’[იგი] წყალობის მოყვარულია’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
In the Beginning Was the Word [დასაწყისში იყო სიტყვა], ევა ტიმოთეს მიერ
30 ნოემბერი–6 დეკემბერი: „[იგი] წყალობის მოყვარულია“
მიქა; ნაუმი; აბაკუმი; სოფონია
ძველი აღთქმის კითხვა ხშირად ნიშნავს წინასწარმეტყველებების წაკითხვას განადგურების შესახებ. უფალი ხშირად მოუხმობდა წინასწარმეტყველებს, რათა გაეფრთხილებინათ ბოროტნი მისი განაჩენის შესახებ. კარგი მაგალითია მიქას, ნაუმის, აბაკუმისა და სოფონიას მსახურება. საშინელი დეტალებით, ამ წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს ქალაქების დაცემა, რომლებიც იმ დროს მტკიცე და ძლიერი ჩანდა: ნინევე, ბაბილონი და იერუსალიმი. თუმცა ეს იყო ათასობით წლის წინ. რატომ არის ღირებული დღეს ამ წინასწარმეტყველებების წაკითხვა?
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამაყი, ბოროტი ქალაქები განადგურდა, ამპარტავნული ბოროტება მაინც გრძელდება. ჩვენ, შეიძლება, აღმოვაჩინოთ მისი კვალი საკუთარ გულში. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები გვიჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ ბოროტებას. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღესაც ვკითხულობთ მათ სიტყვებს. ისინი არ იყვნენ მხოლოდ განწირულობის წინასწარმეტყველები — ისინი იყვნენ ხსნის წინასწარმეტყველებიც. განადგურების აღწერილობები შესუსტებულია ქრისტესთან მისვლისა და მისი პატიების მიღების მოწვევით. როგორც მიქამ თქვა, უფალს არ სიამოვნებს ჩვენი დაგმობა, არამედ „წყალობის მოყვარულია“ (მიქა 7:18). ეს იყო უფლის გზა ძველად და ეს არის მისი გზა დღესაც. „საუკუნოა მისი გზასავალი“ (აბაკუმი 3:6).
ამ წიგნების მიმოხილვა ინგლისურ ენაზე იხ. “Micah,” “Nahum,” “Habakkuk,” and “Zephaniah” in the Bible Dictionary.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მიქა 6:1–8
„რას ითხოვს შენგან უფალი?“
მიქა მოგვიწოდებს წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს „უფალთან [წარდგენა] და მაღალი ღმერთის … [თაყვანისცემა]“ (მიქა 6:6). რას გვთავაზობს მუხლები 6–8 იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი უფლისთვის, როცა ის თქვენს ცხოვრებას აფასებს?
იხილეთ ასევე დეილ გ. რენლანდი, „სიმართლის ქმნა და წყალობის სიყვარული, მოწიწებით სიარული უფლის წინაშე“, გენერალური კონფერენცია, ოქტომმბერი, 2020, 109–12.
„კეთილია უფალი, ციხესიმაგრე გასაჭირში“ (ნაუმი 1:7).
ნაუმი 1
უფალი ძლიერიცაა და მოწყალეც.
ნაუმის მისია იყო ეწინასწარმეტყველა მოძალადე იმპერიის ასურეთის დედაქალაქის, ნინევეს განადგურება, რომელმაც მიმოფანტა ისრაელი და სასტიკად გაანადგურა იუდეა. ნაუმმა დაიწყო ღვთის რისხვისა და შეუდარებელი ძალის აღწერა, მაგრამ მან ასევე ისაუბრა ღვთის წყალობასა და სიკეთეზე. მოძებნეთ მუხლები თავი 1-ში, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიგოთ თითოეული ეს თვისება და ასევე ღმერთის სხვა თვისებები, რომლებსაც შეამჩნევთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, იცოდეთ ყოველივე ეს უფლის შესახებ?
აბაკუმი
მე შემიძლია ვენდო უფლის ნებასა და მის დროს.
თვით წინასწარმეტყველებსაც კი აქვთ ხოლმე კითხვები უფლის გზების შესახებ. აბაკუმმა, რომელიც ცხოვრობდა იუდეაში გავრცელებული ბოროტების დროს, თავისი ჩანაწერი უფალთან კითხვების დასმით დაიწყო (იხილეთ აბაკუმი 1:1–4). როგორ შეაჯამებდით იმ საკითხებს, რომლებიც აბაკუმს აღელვებდა? რა მსგავს კითხვებს სვამენ დღეს ადამიანები ღმერთის შესახებ? გქონიათ ოდესმე მსგავსი გრძნობები? თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადაროთ მისი კითხვები სხვა კითხვებს წმინდა წერილებში, მაგალითად, მარკოზი 4:37–38 და მოძღვრება და აღთქმები 121:1–6.
უფალმა უპასუხა აბაკუმის კითხვებს და თქვა, რომ გამოგზავნიდა ქალდეველებს (ბაბილონელებს) იუდეას დასასჯელად (იხილეთ აბაკუმი 1:5–11). მაგრამ აბაკუმი კვლავ შეშფოთებული იყო, რადგან თითქოს უსამართლოდ ჩანდა, უფალს არაფერი მოემოქმედებინა, „როცა უკეთური [ბაბილონი] ყლაპავს მართალს [იუდეას]“ (იხილეთ მუხლები 12–17). რას ნახულობთ აბაკუმი 2:1–4 -ში, რაც შთაგაგონებთ, მიენდოთ უფალს, როცა პასუხგაუცემელი კითხვები გაქვთ? (იხილეთ აგრეთვე მარკოზი 4:39–40; მოძღვრება და აღთქმები 121:7–8).
God Will Lift Us Up
თავი 3 არის აბაკუმის ქებისა და რწმენის ლოცვა. რით განსხვავდება აბაკუმის ტონი თავი 3-სა და თავი 1-ში? აი, იდეა, რომელიც დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ მუხლები 17–19-ზე: შეადგინეთ მატერიალური და სულიერი კურთხევების სია, რომელიც ღმერთმა მოგცათ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაკარგეთ მატერიალური კურთხევები. რა გავლენას იქონიებს ეს თქვენთვის სხვა კურთხევებზე? რატომ შეიძლება იყოს ძნელი „უფალში გახარება“ (მუხლი 18) ისეთი გაჭირვების დროს, როგორიც აღწერილია მუხლი 17-ში? დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ განავითაროთ ღმერთისადმი უფრო დიდი რწმენა, მაშინაც კი, როცა ცხოვრება უსამართლოდ გეჩვენებათ.
იხილეთ აგრეთვე გერიტ ვ. გონგი, „ყოველივე ერთად ჩვენ სასარგებლოდ”, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2024; “Lead, Kindly Light,” Hymns, no. 97; Topics and Questions, “Seeking Answers to Questions,” Gospel Library.
იყავი მომთმენი. ზოგჯერ ჩვენ გვსურს პასუხი ჩვენს კითხვებზე დაუყოვნებლივ, მაგრამ სულიერ შთაგონებას დრო სჭირდება და მისი ძალით დაჩქარება შეუძლებელია. როგორც უფალმა უთხრა აბაკუმს: „დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა“ (აბაკუმი 2:3).
სოფონია
„ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო“.
სოფონიას წინასწარმეტყველებების წაკითხვისას ყურადღება მიაქციეთ დამოკიდებულებებსა და ქცევებს, რომლებმაც გამოიწვიეს განადგურება — განსაკუთრებით იხილეთ სოფონია 1:4–6, 12; 2:8, 10, 15; 3:1–4. შემდეგ მოძებნეთ იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებსაც ღმერთი შეინარჩუნებდა — იხილეთ სოფონია 2:1–3; 3:12–13, 18–19. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილი აქვს უფალს თქვენთვის ამ მუხლებში?
სოფონია 3:14–20
უფალი გაიხარებს თავის ხალხთან ერთად სიონში.
სოფონია 3:14–20-ის წაკითხვის შემდეგ, ნახეთ, რამდენნაირად შეგიძლიათ დაასრულოთ ეს წინადადება: „იმხიარულე და იხალისე მთელი გულით“, რადგან … რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, იცოდეთ სიხარულის ამ მიზეზების შესახებ? თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ეს მუხლები 3 ნეფი 17-ში აღწერილ გამოცდილებას და დაფიქრდეთ, რას გრძნობს იესო ქრისტე თავისი ხალხის მიმართ, მათ შორის, თქვენ მიმართაც.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მიქა 5:2
იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში.
-
ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ სწორედ მიქას წინასწარმეტყველება დაეხმარა მოგვებს ბეთლემში, ჩვილი იესოს პოვნაში. მიქა 5:2 -ისა და მათე 2:1–6-ის გამოყენებით, შესაძლოა თქვენმა შვილებმა გაითამაშონ მათი გამოცდილება. შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რატომ იყო იესოს დაბადება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ წინასწარმეტყველებმა ამის შესახებ მის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე იცოდნენ.
The Holy Child Is Born [წმინდა ბავშვი დაიბადა], დეინა ვუდის მიერ
ნაუმი 1:7
„კეთილია უფალი, ციხესიმაგრე გასაჭირში“.
-
ნაუმი 1:7-ის წაკითხვის შემდეგ, თქვენს შვილებს შეუძლიათ ააშენონ ან დახატონ უბრალო „ციხესიმაგრე“ (ამ მონახაზში არის ერთ-ერთის სურათი). რა არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ ციხე? რა ხდის ჩვენს დღეს „[გაჭირვების დღედ]“? რატომ არის იესო ქრისტე ჩვენთვის ციხე-სიმაგრე?
აბაკუმი 2:3
ღმერთი ყოველთვის შეასრულებს თავის დაპირებებს.
-
აბაკუმი 2:3-ის გასაცნობად თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, რაც კარგია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაველოდებით მას, მაგალითად, ხილი, რომელიც უნდა მომწიფდეს ან ცომი, რომელიც უნდა გამოაცხოთ. რა მოხდებოდა, თუ ხილის ან ცომის მზაობამდე ვეცდებოდით მათ მიღებას? შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ წინასწარმეტყველ აბაკუმზე, რომელსაც სურდა გაეგო, როდის შეაჩერებდა უფალი ბოროტებას მსოფლიოში. წაიკითხეთ უფლის პასუხი აბაკუმი 2:3-ში. შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, დაფიქრდნენ იმაზე, რასაც ღმერთმა დაჰპირდა. თითოეულ მაგალითზე შეგიძლიათ ერთად თქვათ: „დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა“.
აბაკუმი 2:14
მე შემიძლია დავეხმარო ქვეყნის შევსებას იესო ქრისტეს ცოდნით.
-
აბაკუმი 2:14-ის საილუსტრაციოდ, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ, აავსოთ ქილა ან სხვა ჭურჭელი სურათებით ან სიტყვებით, რომლებიც ასახავს იმას, რასაც იესო აკეთებდა ან ასწავლიდა. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სამყაროს შევსებას უფლის ცოდნით?
-
შეგიძლით აჩვენოთ შვილებს მსოფლიო რუკა (see Church History Maps, no. 7, “Map of the World”). დაეხმარეთ მათ, იპოვონ ადგილი, სადაც ცხოვრობენ და ადგილები, სადაც მათ ნაცნობ მისიონერებს უმსახურიათ. შეგიძლიათ აგრეთვე ერთად იმღეროთ სიმღერა სახარების გაზიარების შესახებ, მაგ: “We’ll Bring the World His Truth” (Children’s Songbook, 172–73). რა შეგვიძლია ვუთხრათ სხვებს იესო ქრისტეს შესახებ?
სოფონია 3:14–20
იესო ქრისტე ხარობს მათთან ერთად, ვინც მას მიჰყვება.
-
სოფონია 3:14–20-ში თქვენს შვილებს შეუძლიათ მოიძიონ ისეთი რამ, რაც მათ უბიძგებს „[იმღერონ], … [იმხიარულონ] და [იხალისონ] მთელი გულით“. იქნებ, ერთად იმღეროთ რამდენიმე სასიხარულო საგალობელი ან სიმღერა და ისაუბროთ იმ სიხარულზე, რომელსაც იესო ქრისტეს სახარებაში ნახულობთ.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.