Come, Follow Me
გასათვალისწინებელი აზრები: წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები


„გასათვალისწინებელი აზრები: წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

აზრების ხატულა

გასათვალისწინებელი აზრები

წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები

ძველი აღთქმის ტრადიციულ ქრისტიანულ დაყოფაში, ბოლო მონაკვეთს (ესაიადან მალაქიამდე) ეწოდება წინასწარმეტყველები. ეს ნაწილი, რომელიც ძველი აღთქმის დაახლოებით ერთ მეოთხედს შეადგენს, შეიცავს ღვთის უფლებამოსილი მსახურების სიტყვებს, მსახურების, რომლებიც უფალს ესაუბრებოდნენ და შემდეგ მისი სახელით ლაპარაკობდნენ, ხალხს უფლის გზავნილს უზიარებდნენ ძვ.წ. დაახლოებით 900-დან 500 წწ-მდე.

წინასწარმეტყველები ახმოვანებენ ღვთის ნებას

წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები მთავარ როლს ასრულებენ ძველ აღთქმაში. აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა იხილეს ხილვები და ისაუბრეს ზეციერ მაცნეებთან. მოსე ღმერთს პირისპირ ესაუბრებოდა და მის ნებას ისრაელის შვილებს ამცნობდა. მეფეთა მესამე და მეოთხე წიგნებში მოთხრობილია წინასწარმეტყველთა ელიასა და ელისეს შთამბეჭდავი საქმენი და გზავნილები. ძველი აღთქმა ასევე საუბრობს წინასწარმეტყველ ქალებზე, მაგალითად, მირიამსა და დებორაზე, წინასწარმეტყველების სულით კურთხეულ სხვა ქალებთან ერთად, როგორებიც იყვნენ რებეკა და ხანა. და მიუხედავად იმისა, რომ ფსალმუნები არ იყო დაწერილი ოფიციალური წინასწარმეტყველების მიერ, ისინი ასევე სავსეა წინასწარმეტყველების სულით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი მიუთითებენ მესიის მოსვლაზე.

ეს ყველაფერი როდი აკვირვებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს. სინამდვილეში, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება გვასწავლის, რომ წინასწარმეტყველები არა მხოლოდ საინტერესო ისტორიული ფიგურები არიან, არამედ ისინი ღვთის გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება წინასწარმეტყველებს ძველი აღთქმის დროისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს, ჩვენ ვთვლით, რომ მათი სახით ჩვენ საერთოს ვნახულობთ ძველი აღთქმის დროსთან.

მაგრამ ესაიას ან ეზეკიელის ერთი თავის წაკითხვა შეიძლება განსხვავდებოდეს ეკლესიის ამჟამინდელი პრეზიდენტის გენერალური კონფერენციის გზავნილის წაკითხვისგან. ზოგჯერ ძნელია იმის დანახვა, რომ ძველ წინასწარმეტყველებს ჩვენთვის რაღაც ჰქონდათ სათქმელი. ბოლოსდაბოლოს, სამყარო, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, საკმაოდ განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც ისინი ქადაგებდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. და ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი წინასწარმეტყველი, შეიძლება აჩენდეს კითხვას: რატომ ღირს ძალისხმევად — და ამას ნამდვილად სჭირდება ძალისხმევა — რომ წავიკითხოთ ძველი წინასწარმეტყველების სიტყვები?

ძველი წინასწარმეტყველი წერს

Fulness of Times [ჟამთა სისავსე], გრეგ ოლსენის მიერ

ძველ წინასწარმეტყველებს ჩვენთვის სათქმელი აქვთ

უმეტესწილად, დღევანდელი ადამიანები არ არიან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ძირითადი აუდიტორია. ამ წინასწარმეტყველებს ჰქონდათ უშუალო საზრუნავი, რომელთაც ისინი თავიან ეპოქაში და ადგილზე აგვარებდნენ — ისევე, როგორც ჩვენი უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები ცდილობენ გაუმკლავდნენ ჩვენს უშუალო საზრუნავს დღეს.

ამავდროულად, წინასწარმეტყველებს შეუძლიათ განჭვრიტონ უშუალო საზრუნავის მიღმა. ისინი ასწავლიან მარადიულ ჭეშმარიტებებს, რომლებიც შესაფერისია ნებისმიერი დროისა და ადგილისთვის. გამოცხადებით კურთხეულნი, ისინი ხედავენ ღვთის საქმის უფრო ფართო პერსპექტივას. მაგალითად, ესაია თავისი მოღვაწეობის დროს აფრთხილებდა ხალხს მათი ცოდვების შესახებ. მან ასევე დაწერა ისრაელიელების ხსნის შესახებ, რომლებიც მომავალში 200 წლის შემდეგ იცოცხლებენ. ამავე დროს, ის ასწავლიდა ხსნის შესახებ, რომელსაც ღვთის ყველა ხალხი ეძებს. და მან დაწერა წინასწარმეტყველებები, რომლებიც დღესაც ელოდებიან აღსრულებას — როგორც დაპირებები „[ახალი მიწის]“ შესახებ (ესაია 65:17), რომელიც „სავსე იქნება უფლის ცოდნით“ (ესაია 11:9), სადაც შეიკრიბებიან ისრაელის დაკარგული ტომები და სადაც „[ერები] აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2:4). სიხარულისა და შთაგონების ნაწილი, რომელიც მოდის ძველი აღთქმის ესაიას მსგავსი წინასწარმეტყველების სიტყვების კითხვიდან, არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ გვაკისრია გარკვეული როლი მათ მიერ დანახული დიდებული დღისთის.

ასე რომ, ძველი წინასწარმეტყველებების კითხვა დაგეხმარებათ გაიგოთ კონტექსტი, რომელშიც ისინი დაიწერა — მაგრამ თქვენ ასევე უნდა დაინახოთ საკუთარი თავი მათში ან „[მიუსადაგოთ] ისინი საკუთარ თავს“ (1 ნეფი 19:24; იხილეთ ასევე მუხლი 23). ზოგჯერ ეს ნიშნავს ბაბილონის არა მხოლოდ როგორც ძველი ქალაქის, არამედ როგორც ცოდვისა და სიამაყის სიმბოლოს აღიარებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისრაელი განვიხილოთ, როგორც ღვთის ხალხი ნებისმიერ დროსა და ადგილას. ან დავინახოთ იგი, როგორც უკანასკნელ დღეთა საქმე, რომელსაც ღმერთის ხალხი იღებს, ნაცვლად იმისა, რომ იგი იერუსალიმის კიდევ ერთ სიტყვად განიხილებოდეს.

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ წმინდა წერილები ჩვენს ცხოვრებას, რადგან გვესმის, რომ წინასწარმეტყველება შეიძლება შესრულდეს მრავალი გზით. კარგი მაგალითია წინასწარმეტყველება ესაია 40:3-იდან: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს“. ბაბილონში დატყვევებული ებრაელებისთვის ამ განცხადების მნიშვნელობა შეიძლება ყოფილიყო ის, რომ უფალი აძლევდა მათ გზას, ტყვეობიდან გათავისუფლებულიყვნენ და იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ. მათესთვის, მარკოზისთვისა და ლუკასთვის ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც მოამზადა გზა მხსნელის მოკვდავი მსახურებისთვის. ხოლო ჯოზეფ სმითმა მიიღო გამოცხადება, რომ ეს წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება ქრისტეს ათასწლოვანი მსახურებისთვის მოსამზადებლად. ისე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაცნობიერებთ, უძველესი წინასწარმეტყველები გველაპარაკებოდნენ წარსულიდან. და ისინი ასწავლიდნენ მრავალ ძვირფას, მარადიულ ჭეშმარიტებას, რომელიც ისევე აქტუალურია ჩვენთვის, როგორც ძველი ისრაელისთვის.

ძველი წინასწარმეტყველები მოწმობდნენ იესო ქრისტეს შესახებ

შესაძლოა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებში საკუთარი თავის დანახვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს მათში იესო ქრისტეს დანახვა. თუ ეძიებთ უფალს, თქვენ მას იპოვით, თუნდაც ის სახელით არ იყოს ნახსენები. შეიძლება სასარგებლო იყოს გვახსოვდეს, რომ ძველი აღთქმის ღმერთი, უფალი იეჰოვა, არის იესო ქრისტე. ყოველთვის, როცა წინასწარმეტყველები აღწერენ, რას აკეთებს უფალი ან რას გააკეთებს ის, ისინი საუბრობენ მხსნელზე.

მკვდრეთით აღმდგარი იესო ხელს იწვდის კაცისკენ

The Lord Appearing unto Abraham [უფალი ეცხადება აბრაამს], ქეით ლარსონის მიერ

თქვენ ასევე იპოვით მინიშნებებს ზეთცხებულზე, გამომსყიდველსა და დავითის შტოდან ჩამომავალ მეფეზე. ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებაა იესო ქრისტეს შესახებ. უფრო ზოგადად, თქვენ წაიკითხავთ გადარჩენის, პატიების, გამოსყიდვისა და აღდგენის შესახებ. გონებასა და გულში მხსნელის გახსენებით ეს წინასწარმეტყველებები ბუნებრივად მიგვანიშნებენ ღვთის ძეზე. ბოლოსდაბოლოს, წინასწარმეტყველების გასაგებად საუკეთესო გზა „წინასწარმეტყველობის [სულის]“ არსებობაა, რომელიც, როგორც იოანე გვეუბნება, არის „იესოს მოწმობა“ (გამოცხადება 19:10).

შენიშვნები

  1. ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი ხშირად მოიხსენიებიან მთავარ წინასწარმეტყველებად მათი წიგნების მოცულობის გამო. სხვებს კი (ოსია, იოელი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, აგია, ზაქარია და მალაქია) მცირე წინასწარმეტყველებს უწოდებენ, რადგან მათი წიგნები გაცილებით მოკლეა. გოდების წიგნი განიხილება მწერლობის ნაწილად და არა წინასწარმეტყველებად.

  2. ჩვენ არ ვიცით, როგორ იყო შედგენილი წინასწარმეტყველური წიგნები. ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარმეტყველი, შესაძლოა, ზედამხედველობას უწევდა მის ნაწერებსა და წინასწარმეტყველებების კრებულზე მუშაობას. სხვა შემთხვევებში, მისი სწავლებები შესაძლოა ჩაწერილი და შედგენილი ყოფილიყო მისი სიკვდილის შემდეგ.

  3. იხილეთ გამოსვლა 15:20; მსაჯულნი 4.

  4. იხილეთ დაბადება 25:21–23; 1 მეფეთა 1:20–28; 2:1–10.

  5. „უბრალოდ იფიქრეთ ამ ყველაფრით გამოწვეულ მღელვარებასა და აქტუალობაზე: ადამიდან მოყოლებულმა ყველა წინასწარმეტყველმა ნახა ჩვენი დღე. და ყველა წინასწარმეტყველი საუბრობდა ჩვენს დღეზე, როდესაც შეიკრიბებოდა ისრაელი და მსოფლიო მოემზადებოდა მხსნელის მეორედ მოსვლისთვის. დაფიქრდით ამაზე! ყველა იმ ადამიანთაგან, ვისაც ოდესმე უცხოვრია პლანეტა დედამიწაზე, ჩვენ ვართ ისინი, ვისაც წილად ხვდება ამ ფინალურ, დიდ შეკრებაში მონაწილეობის მიღება. რა ამაღელვებელია ეს!” (რასელ მ. ნელსონი, “Hope of Israel” [worldwide youth devotional, 3 ივნისი, 2018], სახარების ბიბლიოთეკა). აგრეთვე იხილეთ რონალდ ა. რასბანდი, „წინასწარმეტყველების აღსრულება“, ლიახონა, მაისი, 2020, 75–78.

  6. ესაიაზე საუბრისას მხსნელმა თქვა: „და ყოველივე, რაც [მან] ილაპარაკა ახდა და ახდება, იმ სიტყვების შესაბამისად, რაც მან ილაპარაკა“ (3 ნეფი 23:3; აქცენტი დამატებულია).

  7. იხილეთ მათე 3:1–3; მარკოზი 1:2–4; ლუკა 3:2–6.

  8. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 33:10; 65:3; 88:66.

  9. იხილეთ ესაია 9:6–7; 61:1; ოსია 13:14; ზაქარია 9:9.