„იესო ეტყვის სრულიად ისრაელს, ’ეს შენი სახლია’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„იესო ეტყვის სრულიად ისრაელს, ’ეს შენი სახლია’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026
გასათვალისწინებელი აზრები
„იესო ეტყვის სრულიად ისრაელს, ’ეს შენი სახლია’“
სინაის უდაბნოში, მთის ძირში, მოსემ შეკრიბა ისრაელის ძენი. იქ უფალმა გამოაცხადა, რომ მას სურდა, ახლად გათავისუფლებული მონების ეს ჯგუფი ძლევამოსილ ხალხად გარდაექმნა. „და თქვენ იქნებით ჩემთვის“ -თქვა მან, „მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად“ (გამოსვლა 19:6). მან პირობა დადო, რომ ისინი აყვავდებოდნენ და წარმატებულნი იქნებოდნენ, მაშინაც კი, როცა გარშემორტყმული იქნებოდნენ უფრო დიდი, უფრო ძლიერი მტრებით.
ყოველივე ეს მოხდებოდა არა იმიტომ, რომ ისრაელიელები იყვნენ მრავალრიცხოვანნი, ძლიერნი ან გამოცდილნი. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში – განმარტა უფალმა – თუ ისინი „ [შეისმენდნენ მის] ხმას და [დაიცავდნენ მის] აღთქმას“ (გამოსვლა 19:5). ღვთის ძალა და არა მათი საკუთარი, გახდიდა მათ ძლევამოსილებად.
თუმცა ისრაელიელები ყოველთვის არ ემორჩილებოდნენ ღვთის ხმას და დროთა განმავლობაში შეწყვიტეს მისი აღთქმის დაცვა. ბევრი თაყვანს სცემდა სხვა ღმერთებს და მათ გარშემო არსებული კულტურების ადათ-წესი მიიღეს. მათ უარყვეს ის მთავარი რამ, რამაც ისინი გამორჩეულ ერად აქცია – მათი აღთქმისეული კავშირი უფალთან. ღმერთის ძალას რომ არ დაეფარა ისინი, ვერაფერი შეაჩერებდა მათ მტრებს.
გაფანტვა
დაახლოებით ძვ.წ. 735–720 წწ. ასირიელები რამდენჯერმე შეიჭრნენ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში, სადაც ცხოვრობდა თორმეტი ტომიდან ათი და ათასობით ისრაელიელი ტყვედ წაიყვანეს იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. ეს ისრაელიელები ცნობილი გახდნენ, როგორც „დაკარგული ტომები“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი განდევნეს სამშობლოდან და მიმოფანტეს სხვა ერებს შორის. მაგრამ ისინი ასევე დაიკარგნენ უფრო ღრმა გაგებით: დროთა განმავლობაში მათ დაკარგეს საკუთარი იდენტობის შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ ღვთის აღთქმის ხალხი.
საბოლოოდ, იუდეის სამხრეთ სამეფოშიც ბევრმა ადამიანმა შეაქცია ზურგი უფალს. ასირიელებმა შეუტიეს და დაიპყრეს იმ სამეფოს უდიდესი ნაწილიც; მხოლოდ იერუსალიმი შემორჩა სასწაულებრივად. მოგვიანებით, ძვ.წ. 597–580 წწ., ბაბილონელებმა გაანადგურეს იერუსალიმი, ტაძრის ჩათვლით, და ბევრი ადამიანი წაიყვანეს ტყვედ. დაახლოებით 70 წლის შემდეგ, იუდეის ნარჩენს მიეცა ნება, დაბრუნებულიყო იერუსალიმში და აღედგინათ ტაძარი. თუმცა ბაბილონშიც ბევრი დარჩა.
The Destruction of Jerusalem by Nebuzar-adan [იერუსალიმის განადგურება ნაბუზარ-ადანის მიერ], უილიამ ბრასეი ჰოლის მიერ, © Providence Collection/ლიცენზირებულია:goodsalt.com
დროთა განმავლობაში ისრაელიელები ყველა ტომიდან „[გაიფანტნენ] … ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ“ (ზაქარია 7:14). ზოგიც უფალმა სხვა ქვეყნებში წაიყვანა. სხვებმა დატოვეს ისრაელი ტყვეობისაგან თავის დასაღწევად ან პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო.
ჩვენ ყველა ამ მოვლენას ისრაელის გაფანტვას ვუწოდებთ. გაფანტვის შესახებ ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ეს ძველი აღთქმის მთავარი თემაა — ძველი აღთქმის მრავალი წინასწარმეტყველი იყო სულიერი დაცემის მოწმე, რამაც გაფანტვა გამოიწვია. მათ იწინასწარმეტყველეს და გააფრთხილეს ამის შესახებ. ზოგიერთმა მათგანმა იცხოვრა კიდეც ამ პერიოდებში. ამის ცოდნა სასარგებლოა, როდესაც კითხულობთ ესაიას, იერემიას, ამოსისა და სხვა წინასწარმეტყველთა წიგნებს ძველი აღთქმის ბოლო ნაწილში. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, როცა წაიკითხავთ მათ წინასწარმეტყველებებს ასირიისა და ბაბილონის, კერპთაყვანისმცემლობისა და ტყვეობის, განადგურებისა და საბოლოო აღდგენის შესახებ, თქვენ გეცოდინებათ, რაზე საუბრობენ ისინი.
ისრაელის გაფანტვის გაგება დაგეხმარებათ მორმონის წიგნის უკეთ გაგებაშიც, რადგან მორმონის წიგნი არის ჩანაწერი გაფანტული ისრაელის განშტოების შესახებ. ეს ჩანაწერი იწყება ლეხის ოჯახის გაქცევით იერუსალიმიდან დაახლოებით ძვ.წ. 600 წ., ბაბილონელთა თავდასხმამდე. ლეხი იყო ერთ-ერთი იმ წინასწარმეტყველთაგანი, ვინც ისრაელის გაფანტვის შესახებ იწინასწარმეტყველა. მისი ოჯახი დაეხმარა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას იმით, რომ ისრაელის თავიანთი განშტოება მსოფლიოს მეორე მხარეს, ამერიკაში, დააფუძნა.
შეკრება
თუმცა, ისრაელის გაფანტვა ამ ამბის მხოლოდ ნახევარია. უფალი არ ივიწყებს თავის ხალხს და არც ტოვებს მათ, მაშინაც კი, როცა ისინი ტოვებენ მას. მრავალ წინასწარმეტყველებას, რომ ღმერთი გაფანტავდა ისრაელს, თან ახლდა მრავალი დაპირებაც, რომ ერთ დღეს ის შეკრებდა მათ.
ეს დღე არის დღეს — ჩვენს დროს. შეკრება უკვე დაიწყო. 1836 წელს, ათასობით წლის მას შემდეგ, რაც მოსემ შეკრიბა ისრაელის შვილები სინაის მთის ძირში, იგი გამოჩნდა კირტლანდის ტაძარში, რათა ჯოზეფ სმითისთვის გადმოეცა „გასაღებები დედამიწის ოთხი კიდიდან ისრაელის შესაკრებად“ (მოძღვრება და აღთქმები 110:11). ახლა იმ ადამიანთა მითითებით, რომლებსაც ეს გასაღებები უჭირავთ, ისრაელის ტომები იკრიბებიან ყველა ერიდან, სადაც უფლის მსახურებს შეუძლიათ წასვლა.
Moses, Elias, and Elijah Appear in the Kirtland Temple [მოსეს, ელიასისა და ელიას გამოცხადება კირტლანდის ტაძარში], გარი ე. სმითის მიერ
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა უწოდა ამ შეკრებას „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ხდება დედამიწაზე. ვერაფერი ვერ შეედრება [მას] სიდიადით, მნიშვნელობითა და დიდებულებით. და თუ აირჩევთ ამას, მოინდომებთ ამას, თქვენ გახდებით ამის დიდი ნაწილი“.
როგორ შეგვიძლია დახმარება? რას ნიშნავს ისრაელის შეკრება? ნიშნავს თუ არა ეს, რომ თორმეტივე ტომი უნდა აღდგეს იმ მიწაზე, სადაც ისინი ოდესღაც ცხოვრობდნენ? სინამდვილეში, ეს ნიშნავს რაღაც უფრო დიდს, ბევრად უფრო მარადიულს. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა განმარტა:
„როცა ვსაუბრობთ შეკრებაზე, ჩვენ უბრალოდ ვაცხადებთ ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას: ჩვენი მამაზეციერის ყოველი შვილი, საბურველის ორივე მხარეს, იმსახურებს იმას, რომ მოისმინოს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გზავნილი. …
„ყოველთვის როცა რამეს აკეთებთ, რაც ეხმარება ვინმეს— ფარდის ორივე მხარეს — გადადგას ნაბიჯი ღმერთის წინაშე აღთქმის დადებისა და მათი ძირითადი ნათლობისა და სატაძრო წეს-ჩვეულებების მისაღებად, თქვენ ეხმარებით ისრაელის შეკრებას. ეს ამდენად მარტივია”.
ეს ხდება, როგორც ესაიამ თქვა, „სათითაოდ“ (ესაია 27:12) ან, როგორც იერემიამ იწინასწარმეტყველა, „ერთი … [ყოველი] ქალაქიდან და ორი [ყოველი] გვარიდან“ (იერემია 3:14).
ისრაელის შეკრება ნიშნავს ღვთის შვილების მასთან დაბრუნებას. ეს ნიშნავს მათთან აღთქმის კავშირის აღდგენას. ეს ნიშნავს „წმიდა ერ[ის]“ აღდგენას, რომლის იდეაც მან დიდი ხნის წინ წამოაყენა (გამოსვლა 19:6).
სახლში დაბრუნება
როგორც ღვთის წინაშე აღთქმის დამდები, თქვენ ხართ ისრაელის სახლის ნაწილი. თქვენ ხართ შეკრებილიც და შემკრებიც. აღთქმის ხალხის მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ისტორია კულმინაციას აღწევს და თქვენ მთავარი მოთამაშე ხართ. ახლა დადგა დრო, როცა „იესო ეტყვის სრულიად ისრაელს: ’ეს შენი სახლია’“
ეს არის შემკრებელთა გზავნილი: დაბრუნდით სახლში, დაუბრუნდით აღთქმას. დაბრუნდით სახლში, დაუბრუნდით სიონს. დაბრუნდით სახლში იესო ქრისტესთან, ისრაელის წმიდათა წმინდასთან და ის მიგიყვანთ სახლში ღმერთთან, თქვენს მამასთან.