„29 დეკემბერი–4 იანვარი. იესო ქრისტეს პირველი დამოწმება: ძველი აღთქმის შესავალი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„ძველი აღთქმის შესავალი“, მოდი და გამომყევი: 2026
29 დეკემბერი–4 იანვარი: იესო ქრისტეს პირველი დამოწმება
ძველი აღთქმის შესავალი
როდესაც ფიქრობთ, რომ ამ წელს ძველი აღთქმის შესწავლას აპირებთ, რას გრძნობთ? მოწადინებული ხართ? არ ხართ დარწმუნებული? შეშინებული? ყველა ეს ემოცია გასაგებია. ძველი აღთქმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კრებულია და ამან შეიძლება თქვენი გამოცდილება როგორც ამაღელვებელი, ასევე შემაშინებელი გახადოს. ეს ნაწერები მომდინარეობს უძველესი კულტურიდან, რომელიც შეიძლება უცხო და ზოგჯერ უცნაური ან თუნდაც არასასიამოვნო ჩანდეს. და მაინც, ამ ნაწერებში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა გამოცდილებაც ჩვენთვის ნაცნობია. ჩვენ ვცნობთ სახარების თემებს, რომლებიც იესო ქრისტესა და მისი სახარების ღვთაებრიობას მოწმობენ. დიახ, ადამიანები, მაგალითად აბრაამი, სარა, ხანა და დანიელი ცხოვრობდნენ ისეთი ცხოვრებით, რომელიც გარკვეულწილად, ძალიან განსხვავდებოდა ჩვენისგან. თუმცა ისინიც, როგორც თითოეული ჩვენგანი, განიცდიდნენ ოჯახურ სიხარულსა და უთანხმოებას, რწმენისა და გაურკვევლობის მომენტებს, წარმატებასა და წარუმატებლობას. რაც მთავარია, მათ გამოავლინეს რწმენა, მოინანიეს, დადეს აღთქმები, მიიღეს სულიერი გამოცდილება და მხსნელის დაპირების იმედი არასოდეს დაუკარგავთ. როდესაც ვიგებთ, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი მათ ცხოვრებაში, ჩვენ ასევე ვხედავთ მას ჩვენს ცხოვრებაში და მეფსალმუნესთან ერთად ვამბობთ: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე ჩემი ბილიკისათვის. … შენს მორჩილს უყვარს იგი“ (ფსალმუნი 118:105, 140).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ძველი აღთქმა მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ.
ძველ აღთქმაში მდიდარი სულიერი საზრდოს პოვნის ერთ-ერთი გზა არის სიცოცხლის პურის, იესო ქრისტეს ძიება (იხილეთ იოანე 6:48). მაგალითად, როგორ ხედავთ მხსნელს შემდეგ ეპიზოდში?
-
მანანა (გამოსვლა 16:4, 11–15; იოანე 6:35)
-
შესაწირავი კრავი (გამოსვლა 12:3–5; იოანე 1:29)
-
სპილენძის გველი (რიცხვნი 21:4–10; იოანე 3:14)
-
იონა (იონა 1:4–17; მათე 12:38–41)
რას გვასწავლიან ეს მაგალითები მის შესახებ? იესო ქრისტეს შესახებ სხვა რა ნაწყვეტები იცით ძველი აღთქმიდან?
თავის გზავნილში „იესო ქრისტე საგანძურია“, უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა მოგვიწოდა, „გახსოვდეთ იესო ქრისტე და ყოველთვის [იყავით] მასზე ფოკუსირებულნი“ (ლიახონა, ნოემბერი, 2023, 98). წაიკითხეთ მისი გზავნილი, მოიძიეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რათა იპოვოთ იესო ქრისტე არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ თქვენს ცხოვრებაშიც.
იხ. აგრეთვე „Types or Symbols of Christ“ წიგნში: „Guide to the Scriptures“, „Jesus Christ“, სახარების ბიბლიოთეკა; „Seek the Lord Early“, Children’s Songbook, 108.
მოძებნეთ სიმბოლოები, რომლებიც მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ. უფალმა ასწავლა ადამს: „ყოველივეს აქვს თავისი მსგავსება და ყოველივე შექმნილია და გაკეთებულია, რათა მოწმობდეს ჩემ შესახებ“ (მოსე 6:63). სწავლობთ თუ ასწავლით, იესო ქრისტეზე ფოკუსირება დაგეხმარებათ წმინდა წერილების მნიშვნელობის პოვნასა და მის მიმართ თქვენი სიყვარულისა და რწმენის გაზრდაში. (იხ. Teaching in the Savior’s Way,7.)
იესო ქრისტე არის იეჰოვა ძველ აღთქმაში.
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი ასწავლიდა: „მამამ წარადგინა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და მოგვცა ბრძანება: „მას უსმინეთ“. ამ მითითებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა წერილში ჩაწერილი „ღვთის“ ან „უფლის“ სიტყვები თითქმის ყოველთვის ჩვენი აღმდგარი უფლის, იეჰოვას, იესო ქრისტეს სიტყვებია.“ („იესო ქრისტეს სწავლებანი“, ლიახონა, მაისი, 2023, 102).
იესო ქრისტეს სწავლებანი
როდესაც ებრაელთა წინამძღოლებმა გამოიწვიეს იესო თავისი ვინაობის შესახებ, მან განაცხადა: „სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ხალხი, ვინც მოისმინა მისი სიტყვები და მზად იყვნენ მის ჩასაქოლად (იხილეთ იოანე 8:58–59). წაიკითხეთ გამოსვლა 3:13–15; 6:3–5 იმის გასაგებად, თუ ზოგიერთი ებრაელი რატომ იყო ასე განაწყენებული იესოს ნათქვამზე.
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რომ იესო ქრისტე არის იეჰოვა?
უფალმა აღადგინა მრავალი „ნათელი და ძვირფასი რამ“ ჯოზეფ სმითის მეშვეობით.
ხილვაში უფალმა ნეფის დაანახა ბიბლიის გამოჩენა და აუხსნა, რომ მისგან „მრავალი ნათელი და ძვირფასი რამ“ იქნებოდა აღებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ 1 ნეფი 13:21–29, 38–42და მოძებნოთ, თუ როგორ გეგმავდა უფალი, „[გაენდო] ნათელი და ძვირფასი“. 2 ნეფი 3:12-ის მიხედვით, როგორ მუშაობს ერთად ბიბლია და მორმონის წიგნი?
წელს, ძველი აღთქმის სწავლისას, თქვენ ასევე შეისწავლით ზოგიერთ „სხვა წიგნს“, რომელთა შესახებაც ნეფიმ იწინასწარმეტყველა. ეს მოიცავს შემდეგს:
-
მოსეს წიგნი, ჯოზეფ სმითის მიერ გაკეთებული ბიბლიის თარგმანის ნაწილი. ის აღადგენს ჭეშმარიტებებსა და ცნობებს, რომლებიც არ არის ნაპოვნი დაბადება 1–6-ის ამჟამინდელ ტექსტში.
-
აბრაამის წიგნი, რომელიც გამოეცხადა ჯოზეფ სმითს, როდესაც ის იკვლევდა ძველ ეგვიპტურ პაპირუსებს (იხილეთ Topics and Questions), „Book of Abraham“, სახარების ბიბლიოთეკა).
-
სხვადასხვა ფრაგმენტები ჯოზეფ სმითის თარგმანიდან, რომელთაგან ზოგიერთი მოცემულია წმინდა წერილების გზამკვლევში.
აქ მოცემულია ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგენილი ძველი აღთქმის ისტორიების რამდენიმე მაგალითი: ენოქის ქალაქი სიონი (მოსე 7:18–19), აბრაამის მიერ ზეცაში თათბირის ხილვა (აბრაამი 3:22–28) და მელქიცედეკის მსახურება (ჯოზეფ სმითის თარგმანი, დაბადება 14:25–40). რატომ არის ეს ცნობები თქვენთვის „ნათელი და ძვირფასი“?
Adam and Eve Offering Sacrifices [ადამი და ევა სწირავენ მსხვერპლს], კით ლარსონის მიერ (დეტალი)
ძველი აღთქმა მეხმარება, გავიგო ღმერთთან ჩემი აღთქმისეული კავშირი.
ძველი აღთქმა არის ისტორია ღმერთის შესახებ, რომელიც ცდილობდა, აღთქმის გზით გავეხადეთ თავისი „საკუთრება“ (გამოსვლა 19:5). ამ მიზეზით, ძველი აღთქმის წასაკითხად რომ მოემზადოთ, უნდა ისწავლოთ აღთქმები — განსაკუთრებით, მარადიული აღთქმა, რომელიც ღმერთმა შესთავაზა ძველ წინასწარმეტყველებს, მაგალითად აბრაამს, ისაკს, იაკობსა და მათ შთამომავლობას. და აღთქმების შესწავლის შესანიშნავი გზაა პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილის შესწავლა: „მარადიული აღთქმა“ (ლიახონა, ოქტომბერი, 2022, 4–11).
როცა კითხულობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ არის აღთქმები ჩემთვის მნიშვნელოვანი? რა „განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობას“ ვიღებ ღვთისგან, როცა ვიცავ მის წინაშე დადებულ აღთქმებს? წელს, ძველი აღთქმის წაკითხვისას, თვალყური ადევნეთ იმას, რაც ღმერთს სურს, გასწავლოთ მასთან თქვენი აღთქმისეული კავშირის შესახებ.
ასევე იხილეთ იერემია 31:31–34.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე შემიძლია, იესო ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმიდან შევიტყო.
-
ძველი აღთქმის სიტყვები და კულტურა შეიძლება, ძნელი გასაგები იყოს ბავშვებისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ მათ, დაინახონ იესო ქრისტე სიმბოლოებსა და მოთხრობებში. თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ შეხედოთ ქვემოთ მოცემულ სურათს, The Prophet Isaiah Foretells Christ’s Birth [წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველებს ქრისტეს შობას]. ნება მიეცით თქვენს შვილებს, მიუთითონ დეტალები, რომლებსაც ხედავენ. მათი ყურადღება ყრმა იესოსკენ მიმართეთ. შემდეგ, მათთან ერთად, შეგიძლიათ წაიკითხოთ, რა დაწერა ესაიამ მხსნელის დაბადების შესახებ ესაია 7:14-ში; 9:6. გაუზიარეთ თქვენს შვილებს, რას გრძნობთ, როდესაც წელს ეძიებთ მხსნელს ძველ აღთქმაში.
Isaiah Writes of Christ’s Birth (The Prophet Isaiah Foretells Christ’s Birth) [ესაია წერს ქრისტეს შობის შესახებ (წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველებს ქრისტეს დაბადებას)], ჰარი ანდერსონის მიერ
-
თქვენ და თქვენს შვილებს ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ფსალმუნი 22 ან ესაია 53:3–9 და იპოვოთ სიტყვები, რომლებიც იესო ქრისტეს მოგაგონებთ. რას გვასწავლის ეს სიტყვები მისი ცხოვრებისა და გამოსყიდვის შესახებ?
ზეციერ მამას სურს ჩემთან აღთქმის დადება.
-
აღთქმები ძველი აღთქმის მთავარი თემაა. შეგიძლიათ, თქვენს შვილებს ამ თემის გასაცნობად ესაუბროთ მათ დაპირებებზე, რომლებსაც ისინი აძლევენ და ასრულებენ ოჯახისა ან მეგობრების წინაშე და იმაზეც, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დაპირებების შესრულება. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეხედოთ ნათლობის სურათს და ისაუბროთ დაპირებაზე ან აღთქმაზე, რომელსაც ღმერთთან ვდებთ, როცა მოვინათლებით (იხილეთ მოსია 18:10, 13). თქვენ ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ ტაძრის სურათი და გაუზიაროთ თქვენი გრძნობები იმ აღთქმების შესახებ, რომლებსაც ჩვენ იქ ვდებთ.
-
ამ კვირის აქტივობების გვერდი შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილებს, აღფრთოვანდნენ მამაზეციერთან აღთქმების დადებისა და დაცვის გამო. შეგიძლიათ აგრეთვე შეასრულოთ სიმღერა აღთქმების შესახებ, როგორიცაა “When I Am Baptized” (Children’s Songbook, 103).
იესო ქრისტე არის იეჰოვა ძველ აღთქმაში.
-
იცნობენ თქვენი შვილები ვინმეს, ვინც სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა სახელს ატარებს? შესაძლოა, მშობელს ან მასწავლებელს სხვანაირად მიმართავენ სამსახურში, სახლსა თუ ეკლესიაში. ისაუბრეთ ამ სახელებზე; შემდეგ ერთად წაიკითხეთ გამოსვლა 6:3 და სთხოვეთ თქვენს შვილებს, იპოვონ ის სახელები, რომლებითაც იესო ქრისტეს მის დაბადებამდე იცნობდნენ (ჯოზეფ სმითის „გამოსვლა 6:3“-ის თარგმანი აზუსტებს, რომ წინასწარმეტყველები აბრაამი, ისაკი და იაკობი უფალს სახელით იცნობდნენ. იხ. შენიშვნაc
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.