2024
რა არის ჭეშმარიტი მოქცევა?
ოქტომბერი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

რა არის ჭეშმარიტი მოქცევა?

სექტემბერში გახდება ოცდახუთი წელი, რაც მე და ჯენი დავქორწინდით ავსტრალიაში. ქორწინებამდე ორი წლით ადრე ერთმანეთს, ჩიკაგოში, სამუშაო მოგზაურობის დროს შევხდით და მასთან შეხვედრიდან სულ რაღაც ორ დღეში, თავში ასეთმა აზრმა გამიელვა: „ეს გოგო ცოლად უნდა შეირთო“. შთაგონების ამ ნაპერწკალმა მიბიძგა, ლონდონიდან ავსტრალიაში გავმგზავრებოდი, იმისთვის რომ ჯენი პაემანზე წამეყვანა, ხოლო შემდეგ ეკლესიაში. ოთხი თვის შემდეგ ის მოინათლა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, იმისთვის, რომ ცოტა ხანი კიდევ გაგვეგრძელებინა შეხვედრები. ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ ჩვენ დავინიშნეთ იტალიაში, დავქორწინდით სიდნეიში, მერე ლონდონის ტაძარში ჩავიბეჭდეთ და შემდგომ ჩვენი ოთხი შესანიშნავი ბიჭის მშობლები გავხდით. ეს თავბრუდამხვევი რომანი იყო!

რადგან ქორწინების 25-ე იუბილეს აღვნიშნავთ, გაოცებული ვიხედები უკან, როგორ მალევე შემიყვარდა და რაოდენ მარტივი იყო ჩემთვის სიყვარულის გაგება. ბოლო 25-მა წელმა მასწავლა, რომ სიყვარული გაცილებით მეტია, ვიდრე „შეყვარების“ თავდაპირველი გრძნობა და უფრო მეტად უკავშირდება მსახურებაში ყოფნას და გუნდურობას, როდესაც ამ მოგზაურობაში, ორი მეგობარი ერთმანეთს გვერდში უდგას, რათა გახდნენ ისეთნი, როგორიც ღმერთმა შექმნა. ქორწინებაში ჩვენ გვქონდა ჩვენი წილი აღმავლობისა და დაცემისა, ცრემლებითა და გულისტკენით, ასევე სიხარულითა და ბედნიერებით – ყოველივე ეს ხომ გეგმის ნაწილია. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენი ამბავი „ერთი ნახვით სიყვარულით“ დაიწყო, ის სულ სხვა სახის სიყვარულში გადაიზარდა. სიყვარული „გრძნობაა“ რომელიც გარდაუვალად მოდის და მიდის, მაგრამ სიყვარული „ზმნა“ ინარჩუნებს და აძლიერებს ქორწინებას და შეუძლია შექმნას ყველაზე ღირებული ურთიერთობები.

მე ვხედავ ბევრ მსგავსებას ჩვენს სულიერ მოქცევასა და იესო ქრისტეს მოწაფეობის პროცესთან. ჩვენ ყველანი დალოცვილნი ვართ ქრისტეს სინათლით ჩვენში და თითოეულ ჩვენგანს გააჩნია უნიკალური გამოცდილება სინათლის სხივებთან, რაც გვეხმარება ავაგოთ მოწმობა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ. მაგრამ ეს სულიერი გამოცდილება სულაც არ წარმოადგენს მოქცევას ან ურყევ რწმენას. ჩვენ ყველას გამოგვიცდია პერიოდები, როდესაც არ ვგრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს, შესაძლოა მაშინ, როდესაც განსაცდელი ან ეჭვი გვაიძულებს მერყეობას; როგორც ალმა მღვდელმთავარი შემდეგი შთგონებული კითხვით მიუთითებს: „და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, ჩემო ძმებო, თუ თქვენ განიცადეთ გულში ცვლილება და თუ იგრძენით გამომსყიდველ სიყვარულზე გალობის სურვილი, მე მინდა გკითხოთ, ახლა თუ გრძნობთ ამას?“

ისევე როგორც სიყვარულს ქორწინებისთვის, ჩვენს რწმენას იესო ქრისტესადმი სჭირდება მუდმივი კვება, მორწყვა და ყოველდღიური მზის შუქი, როგორც ეს ახსნილია ალმა 32-ში. უმეტესი ჩვენგანისთვის, მოქცევა მოდის „სტრიქონ[ი] სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ”. იესო ქრისტეს მოწაფედ გახდომის პროცესი მთელი ცხოვრების მანძილს მოიცავს და არის ის, რასაც სიხარულის მოტანა შეუძლია.

ჩვენი სიხარული იესო ქრისტეს სახარებაში მოდის, როდესაც წინ მივიწევთ აღთქმის გზაზე და ვამყარებთ ახლო, პირად ურთიერთობას ჩვენს მამაზეციერთან. „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით…“. როდესაც ჩვენ ვცდილობთ მივუახლოვდეთ უფალს, ჩვენ უფრო უხვად ვგრძნობთ მის სიყვარულს ჩვენს ცხოვრებაში და ვსწავლობთ მის სიყვარულს უფრო სრულად. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი შემოქმედების საზომის განხორციელებას, ვაღწევთ ჩვენს ღვთაებრივ პოტენციალს და განვიცდით მშვიდობას ჩვენს გულებში.

ამრიგად, 25 წლიანი ქორწინებისა და 50 წლიანი ეკლესიის დასწრების შემდეგ, მე ვაცნობიერებ, რომ ბედნიერი ცხოვრების არსი მხოლოდ ურთიერთობებშია; როგორც მამაზეციერთან, ასევე ჩემს მეუღლესთან. და, რომ არსებობს პარალელები, თუ როგორ იწყება და ვითარდება ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში. მე იმდენად მადლიერი ვარ, რომ მამაზეციერი და ჩემი ცოლი მიმტევებლები არიან, მომთმენები და მხარს უჭერენ ჩემს უსუსურ მცდელობებს და რომ ორივე ჩემს მიმართ ავლენს ესოდენ სიყვარულს. როცა ჩემს დროს, უნარს და ენერგიას მივმართავ ამ ორ აღთქმული ურთიერთობისკენ, მეჩვენება, რომ ყველაფერი დანარჩენი თავის ადგილზე ლაგდება. და რადგან ამ ურთიერთობათაგან მხოლოდ ერთზე ვმუშაობ, როგორც ჩანს, ეს მეორესთანაც მეხმარება.

მოქცევის გზა, ისევე როგორც ქორწინება, შეიძლება დაიწყოს შთაგონების ნაპერწკლით, მაგრამ აყვავდეს ღმერთთან აღთქმულ ურთიერთობაში, სადაც ჩვენ მისი სიყვარულით ვივსებით.

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მორონი 7:16; იოანე 1:9.

  2. უხუცესი ალექსანდრე დუშკუ „სვეტები და სხივები“. გენერალური კონფერენცია, 2024 წლის აპრილი.

  3. ალმა 5:26.

  4. ალმა 32:37-42.

  5. 2 ნეფი 28:30; მოძღვრება და აღთქმები 98:12.

  6. მოძღვრება და აღთქმები 88:63.