„იესო ქრისტესთან ერთობის ნიმუში“, ლიახონა, ოქტ. 2024.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ოქტომბერი, 2024 წ.
იესო ქრისტესთან ერთობის ნიმუში
როდესაც ჩვენ ვერთიანდებით იესო ქრისტეში მსგავსად ადამიანებისა 4 ნეფი -დან, ჩვენი ერთიანობის სურვილი განდევნის ჩვენს განსხვავებებს და ბედნიერებისკენ მივყავართ.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა უთანხმოების და კამათის მზარდი ტალღები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ტექნოლოგიების დახმარებით და იმ ადამიანების მხარდაჭერით, ვისი გულიც გაცივდა, ეს გამყოფი ძალები ემუქრება ჩვენს გულებს ზიზღით ავსებით და ჩვენს კომუნიკაციას კამათით არღვევს. საზოგადოებრივი კავშირები ირღვევა. ომები მძვინვარებს.
ამ ფონზე, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ისწრაფვიან მშვიდობისკენ და აქტიურად ცდილობენ შექმნან განსხვავებული ტიპის საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს სწავლებებზე. ამასთან დაკავშირებით უფალმა დაგვავალა: „იყავით ერთიანნი, თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27). მართლაც, ერთიანობა იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანია.
როგორ ვეწინააღმდეგებით გაყოფისა და კამათის ძალებს? როგორ ვაღწევთ ერთიანობას?
საბედნიეროდ, 4 ნეფი მორმონის წიგნიდან გვაძლევს ამის მაგალითს. ეს თავი მოკლედ ასახავს ადამიანების ცხოვრებას მას შემდეგ, რაც მხსნელი ეწვია მათ, ასწავლიდა და მათ შორის თავისი ეკლესია დააარსა. ეს ამბავი გვიჩვენებს, როგორ მიაღწიეს ამ ადამიანებმა მშვიდობიან, ნეტარ ერთობას და ეს არის ჩვენთვის მაგალითი, რომელსაც დღემდე შეგვიძლია მივბაძოთ, რათა იგივე ერთობას თავადაც მივაღწიოთ.
მოქცევა
4 ნეფი 1:1-ში ჩვენ ვკითხულობთ: „იესოს მოწაფეებმა გარშემო მთელ მიწაზე ქრისტეს ეკლესია დააარსეს. და [ადამიანები] მათთან მიდიოდნენ და ჭეშმარიტად ინანიებდნენ საკუთარ ცოდვებს“.
ჩვენ ვერთიანდებით უფლისა და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს ირგვლივ. როცა ყოველი ადამიანი შეიტყობს იესო ქრისტეს, მისი სახარებისა და მისი ეკლესიის შესახებ, სულიწმინდა ყოველ გულს დაუმოწმებს ამის ჭეშმარიტებას. ყოველ ჩვენგანს შემდეგ შეეძლება, მიიღოს მხსნელის მოწვევა - იწამოს იგი და მონანიების მეშვეობით მიჰყვეს მას.
ასე იწყება მოქცევის პირადი მოგზაურობა—მხსნელისკენ მიმართული, ეგოიზმისა და ცოდვილი სურვილებისგან თავისუფალი. იგი ჩვენი რწმენის საძირკველია. და როდესაც ყოველი ჩვენგანი მას დაეყრდნობა ყოველ ფიქრში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:36), ის გაერთიანების ძალად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში.
აღთქმები
მე-4 ნეფის ჩანაწერი ამტკიცებს, რომ რომლებიც ეკლესიაში მიდიოდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ, „ინათლებოდნენ იესოს სახელით და ასევე იღებდნენ სულიწმინდას“ (4 ნეფი 1:1). მათ დადეს აღთქმა—შექმნეს განსაკუთრებული კავშირი ღმერთთან.
აღთქმების დადებითა და დაცვით ჩვენ, როგორც ცალკეული პირები, საკუთარ თავზე ვიღებთ უფლის სახელს. ამის გარდა, ჩვენ ვიღებთ მის სახელს საკუთარ თავზე, როგორც ხალხი. ყველანი, ვინც აღთქმებს დებენ და ცდილობენ მათ დაცვას, ხდებიან უფლის ხალხი, მისი განსაკუთრებული საკუთრება (იხ. გამოსვლა 19:5). ასე რომ, ჩვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად ვმოგზაურობთ აღთქმის გზაზე. ჩვენი აღთქმის ურთიერთობა უფალთან გვაძლევს საერთო მიზანსა და იდენტობას. როცა უფალთან კავშირს ვქმნით ის გვეხმარება ჩვენ, გვქონდეს „ერთობითა და ერთმანეთისადმი სიყვარულში ურთიერთ გადაჭდობილი გულები“ (მოსია 18:21).
სამართლიანობა, თანასწორობა და ღარიბთა დახმარება
ნეფი 4 აგრძელებს: „არ იყო მათ შორის განხეთქილება და დავა; და ყოველი ადამიანი თავის მოყვასს სამართლიანად ექცეოდა“.
„და მათ ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ამიტომ არ იყვნენ მდიდარნი და ღარიბნი, მონები და თავისუფალნი, არამედ ყველანი იყვნენ თავისუფალნი და ზეციური ძღვენის თანამოზიარენი“ (4 ნეფი 1:2–3).
ჩვენს საერო საქმიანობაში უფალს სურს, ვიყოთ სამართლიანნი და პატიოსანნი, არ ვატყუებდეთ და არ მოვიპოვოთ უპირატესობა ერთმანეთთან ურთიერთობაში (იხ. 1 თესალონიელთა 4:6). უფალთან დაახლოებისას „ერთმანეთისათვის ზიანის მიყენება კი არა, არამედ მშვიდობიანად ცხოვრება გ[ვექნება] ჩაფიქრებული და ყოველი ადამიანისთვის იმის მიგება, რაც მას შეესაბამება“ (მოსია 4:13).
უფალმა ასევე გვიბრძანა, ვიზრუნოთ ღარიბებსა და ღატაკებზე. ჩვენ „უნდა [ვ]უწილადებდეთ ერთმანეთს ქონებას“, რათა დავეხმაროთ მათ, ჩვენი შესაძლებლობებისდაგვარად, განკითხვის გარეშე (იხ. მოსია 4:21-27).
ყოველმა ჩვენგანმა უნდა „დააფასოს საკუთარი ძმა, როგორც საკუთარი თავი“ (მოძღვრება და აღთქმები 38:24). თუ ვართ უფლის ხალხი და ერთიანნი, ჩვენ არა მხოლოდ თანასწორად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს არამედ როგორც ჩვენს სწორს უნდა ვუცქერდეთ ყველას და გულში ვგრძნობდეთ თანასწორობას, რომ ვართ თანასწორნი ღმერთის წინაშე, გვაქვს თანასწორი ღირებულება და პოტენციალი.
მორჩილება
შემდეგი გაკვეთილი 4 ნეფიდან მოდის ამ უბრალო სიტყვებიდან: „მისდევდნენ იმ მცნებებს, რომლებიც მიიღეს თავიანთი უფლისგან და თავიანთი ღმერთისგან“ (4 ნეფი 1:12).
უფალმა გაუზიარა ამ ხალხს თავისი სწავლება, მისცა მათ მცნებები და მოიხმო მსახურები, რათა ემსახურათ მათთვის. ამის ერთ-ერთი მიზანი იყო დარწმუნებულიყო, რომ მათ შორის არ იქნებოდა კამათი (იხ. 3 ნეფი 11:28-29; 18-34).
უფლის სწავლებისა და მისი მსახურებისადმი ჩვენი მორჩილება აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის. ეს მოიცავს ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ მცნებები და მოვინანიოთ, როცა შევცდებით, ასევე დავეხმაროთ ერთმანეთს, უკეთესობისკენ შეცვლის ყოველდღიურ მცდელობებში.
ერთად შეხვედრა
შემდეგ შევიტყობთ, რომ ადამიანები 4 ნეფი-დან „[აგრძელებდნენ] მარხვასა და ლოცვას და ხშირად იკრიბებოდნენ, რათა ელოცათ და მოესმინათ უფლის სიტყვა“ (4 ნეფი 1:12).
საჭიროა, ერთად შევიკრიბოთ. ყოველკვირეული ღვთისთაყვანისცემის შეხვედრები გვაძლევს ინდივიდუალური და კოლექტიური ძალის პოვნის შესაძლებლობას. ჩვენ ვიღებთ ზიარებას, ვსწავლობთ, ვლოცულობთ, ერთად ვმღერით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. სხვა შეკრებები ასევე გვეხმარება კუთვნილების, მეგობრობისა და ერთობლივი მიზნის შეგრძნების მოპოვებაში.
სიყვარული
შემდეგ ნეფი 4 გვაძლევს ყოველივე ამის დიდებულ გასაღებს—რის გარეშეც რეალური ერთობა მიუღწეველია: „მიწაზე არ იყო განხეთქილება ღმერთის სიყვარულის გამო, რაც ადამიანთა გულებში სუფევდა“ (4 ნეფი 1:15).
პირადი სიმშვიდის მიღწევა შესაძლებელია, როცა ჩვენ, თავმდაბალ მორჩილებაში, ჭეშმარიტად გვიყვარს ღმერთი. ეს არის პირველი და დიდი მცნება. როცა ღმერთი ყველაზე და ყოველივეზე მეტად გიყვარს, ამ მდგომარეობას ჭეშმარიტი სიმშვიდე, ნუგეში, დაჯერებულობა და სიხარული მოაქვს. ღმერთისა და იესო ქრისტესადმი, ოჯახისა და მოყვასისადმი სიყვარული ბუნებრივად მოჰყვება ამას.
ყველაზე დიდი სიხარული, რომელსაც ოდესმე განვიცდით არის ის, როცა ღმერთისა და ყოველი მისი შვილის მიმართ სიყვარულით შთავინთქებით.
გულმოწყალება, ქრისტეს წმინდა სიყვარული, კამათის საპირისპიროა. მოწყალება არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ძირითადი დახასიათება. როცა ღმერთის წინაშე თავს ვიმდაბლებთ და გულის მთელი ძალით ვლოცულობთ, ღმერთი მოწყალებას გვიბოძებს (იხ. მორონი 7:48).
თუ ჩვენ ყველანი ვეძიებთ ღვთის სიყვარულს ჩვენს გულებში, ერთობის სასწაული სრულად ბუნებრივად მოგვეჩვენება.
ღვთიური იდენტურობა
ბოლოს, ადამიანებმა ნეფი 4-დან გამოავლინეს ერთობის ნიშანი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს: „იქ არ იყვნენ ყაჩაღები, არც მკვლელები, არ იყვნენ იქ ლამანიელები ან რაიმე სხვა რჯული; არამედ იყვნენ ერთნი, ქრისტეს შვილები და ღვთის სასუფევლის მემკვიდრეები“ (4 ნეფი 1:17).
იარლიყებმა, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ყოფდა ხალხს, უკან დაიხია უფრო მდგრადი და კეთილშობილური იდენტობის წინაშე. ისინი უყურებდნენ საკუთარ თავს—და ნებისმიერ სხვა ადამიანს— ზეციურ მამასა და იესო ქრისტესთან ურთიერთობის მიხედვით.
მრავალფეროვნება და განსხვავებულობა შეიძლება იყოს ჩვენთვის კარგი და მნიშვნელოვანი რამ. მაგრამ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობა უკავშირდება ჩვენს ღვთიურ ბუნებასა და მიზანს.
პირველი და ყველაზე მთავარია ის, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთის შვილია. მეორე: ყოველი ჩვენგანი, როგორც ეკლესიის წევრი, აღთქმის შვილია. და მესამე: ყოველი ჩვენგანი იესო ქრისტეს მოწაფეა. მოგიწოდებთ ყველას, არ დაუშვათ რომელიმე სხვა იდენტიფიკატორი, რომელიც „ამოიღებს, შეცვლის ან უფრო პრიორიტეტული გახდება, ვიდრე ეს სამი მდგარი განსაზღვრება“.
იყავით ერთიანნი
ღმერთმა ყველანი მოიწვია, მივიდნენ მასთან. ადგილი ყველასთვის მოიძებნება. ჩვენ შეიძლება გავსხვავდებოდეთ კულტურით, პოლიტიკით, ეთნიკური ნიშნით, გემოვნებით და მრავალი სხვა გზით. მაგრამ როცა იესო ქრისტეში გავერთიანდებით, ასეთი განსხვავებების მნიშვნელობა გამკრთალდება და შეიცვლება ერთიანობის სურვილით, რომელიც გადაფარავს ყოველივეს—რათა მასთან ვიყოთ.
გულთან ახლოს მიიტანეთ 4 ნეფიში მოცემული გაკვეთილები. მაშინ როცა ყოველი ჩვენგანი ცდილობს ერთობის ამ აუცილებელი ელემენტების გამოყენებას ცხოვრებაში, ჩვენზეც შესაძლებელი იქნება ითქვას ის, რაც მათზე ითქვა: „ჭეშმარიტად, ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი“ (4 Nephi 1:16).
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია აშშ-ში. ინგლისური ენის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, October 2024. Georgian. 19359 131