„სიკეთის საჩუქარი”
პირველი პრეზიდენტობის 2025 წლის საშობაო სულიერების საათი
2025 წლის 7 დეკემბერი, კვირა
ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ, სადაც არ უნდა იყოთ შეკრებილნი, ამ პირველი პრეზიდენტობის საშობაო სულიერების საათზე. როდესაც ვფიქრობთ იესო ქრისტეს სასწაულებრივ დაბადებაზე, მის მიწიერ მსახურებაზე, მის დიდებულ გამოსყიდვასა და მკვდრეთით აღდგომაზე, ჩვენ მასთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობთ. ჩვენ ვგრძნობთ მის სიკეთეს, დიდებულებასა და სიყვარულს. მხურვალედ ვლოცულობდი, რომ ჩემი დღევანდელი ქადაგება, მცირედით მაინც დაეხმაროს თითოეულ თქვენგანს, უფრო მეტად იგრძნოთ უფლის ურყევი სიყვარული შობის ამ წმინდა პერიოდში.
შობის დღესასწაული ტრადიციებითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციები განსხვავდება მასშტაბითა და ოჯახის წევრთა რაოდენობით, ასევე კულტურისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ისინი გვაერთიანებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, დაბადება.
მახსოვს, როგორ ვაცხობდი პურს ჩემს ქალიშვილებთან ერთად, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამა ვიყავი. როდესაც ისინი სკოლიდან ბრუნდებოდნენ, მე უკვე სამზარეულოში ვხვდებოდი გამზადებული, ხორბლის პურის გამოსაცხობი ინგრედიენტებით ხელში. გოგონები ცომის მოზელაში მეხმარებოდნენ. შემდეგ, სანამ ცომი ამოვიდოდა და გამოცხვებოდა, მე ასოებს ვტვიფრავდი ხის პატარა პურის დაფაზე, რომელიც საჩუქრად წინასწარ მქონდა გამოჭრილი. თითოეულ დაფაზე ვტვიფრავდი სიტყვებს J’Aime et J’Espere, რაც ფრანგულად ნიშნავს „მე მიყვარს და მე იმედი მაქვს". როდესაც ახლად გამომცხვარ პურს ღუმელიდან ამოვიღებდით, პურსა და ხის დაფას მეგობარს ან მეზობელს ვაწვდიდით, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან რამე განსაცდელში იყო.
ამ ტრადიციაზე ფიქრისას, ჩემი გონება ხის დაფაზე გადავიდა, რომელზეც ამოტვიფრული იყო სიტყვები: „მე მიყვარს და მე იმედი მაქვს". როგორც იესო ქრისტეს ცოცხალი მოწმე, გპირდებით, რომ მისი წყალობით ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიგრძნოთ მისი სიყვარული და მასში ვიპოვოთ იმედი, კარგი თუ ცუდი ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად.
მხსნელის სურვილით, „[დამდაბლდე] ყოველივეზე დაბლა,” როგორც მისი უსასრულო გამოსყიდვის მოთხოვნა, იესო ქრისტემ გვიბოძა ბრწყინვალე ძღვენი და სიყვარულისა და იმედის გამოხატულება. „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრისათვის." და ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ, თავის მხოლოდშობილ ძეს ასეთი მსხვერპლის გაღების ნება დართო, გვაჩვენა თავისი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულება, როგორც მისი ძღვენი მისი დანარჩენი შვილებისთვის.
როდესაც ვფიქრობთ მამისა და ძისგან ჩვენთვის მონიჭებულ ამ მარადიულ ძღვენზე, შეიძლება დავინტერესდეთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენივე საჩუქრები, რომლებსაც საშობაოდ ვუზიარებთ ერთმანეთს, სათანადოდ ასახავდეს მათდამი ჩვენს ერთგულებასა და მადლიერებას. თავმდაბლად ვაცხადებ, რომ შეიძლება ამ ღირსეული საქმის შესრულების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის უბრალო სიკეთის საჩუქრების ჩუქება იყოს. როდესაც ჩვენ კეთილნი ვართ და ერთმანეთს მხსნელის მსგავსად ვემსახურებით, თუნდაც მცირედით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღვთის მადლის გამტარი, რათა დავეხმაროთ ჩვენ ირგვლივ მყოფებს, რომ იგრძნონ მხსნელის სიყვარული და იმედი —J’Aime et J’Espere!
როდესაც განუწყვეტლივ ვსწავლობდი უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებას, გაოცებული ვიყავი მისი სიკეთის შეუდარებელი მაგალითით. ერთი წუთით ჩემთან ერთად დაფიქრდით წმინდა წერილებიდან რამდენიმე გულის ამაჩუყებელ ისტორიასა და ნაცნობ სიტყვებზე:
-
„იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე".
-
„უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ."
-
„იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ".
-
„არიან თქვენ შორის ავადმყოფნი? … აქ მოიყვანეთ, მე განვკურნავ, რადგან მოწყალებას ვგრძნობ თქვენ მიმართ, შიგნეულობა ჩემი წყალობით არის აღვსილი".
-
„და სათითაოდ აიყვანა მან პატარა ბავშვები და აკურთხა ისინი და ლოცულობდა მათთვის მამისადმი".
როდესაც თითოეული ჩვენგანი ამ განსაკუთრებულ პერიოდში მხსნელის სიკეთის მაგალითს ჰბაძავს, ეს მრავალი გზით შეიძლება გაკეთდეს - მსახურებით, ქველმოქმედებით, სიყვარულით, თანაგრძნობითა და მიტევებით. პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა ეს ასე განსაზღვრა: „ამ შობას, კამათი დაასრულეთ. მოძებნეთ დავიწყებული მეგობარი. ეჭვი უარყავით და ნდობით ჩაანაცვლეთ. მისწერეთ წერილი. უპასუხეთ რბილად. წაახალისეთ ახალგაზრდები. გამოავლინეთ თქვენი ერთგულება სიტყვითა და საქმით. შეასრულეთ დაპირება. ნუ დაიტოვებთ წყენას. მიუტევეთ მტერს. მოუბოდიშეთ. ეცადეთ, გაუგოთ. გადახედეთ თქვენს მოთხოვნებს სხვების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, სხვაზე იფიქრეთ … იყავით მშვიდნი. ცოტა მეტი იცინეთ. გამოხატეთ მადლიერება. მიესალმეთ უცნობ ადამიანს. გაახარეთ ბავშვის გული. ისიამოვნეთ დედამიწის სილამაზითა და სასწაულებით. კვლავ და კვლავ გამოხატეთ თქვენი სიყვარული.”
მე ვიცი, რომ სულიწმინდას შეუძლია თითოეულ ჩვენგანს მრავალი მარტივი გზით წინ გაგვიძღვეს, რათა ამ სადღესასწაულო პერიოდში სხვებს სიყვარული, რწმენა და სიხარული მივანიჭოთ.
საშობაო პერიოდში, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით „უინკლერის" ფორტეპიანოსთან, რომელიც ახლა ას წელზე მეტი ხნის იქნებოდა. ჩემმა მშობლებმა სიღარიბე გამოიარეს, ამიტომ ხელმომჭირნენი იყვნენ. საშობაო საჩუქრები, რომლებსაც გვჩუქნიდნენ, მოკრძალებული იყო. თუმცა, დედაჩემს ძლიერი სოპრანო ჰქონდა. ის ფორტეპიანოზე უკრავდა და ნაცნობი საშობაო სიმღერებისა და წმინდა საგალობლების შესრულებაში გვიძღვებოდა.
არ ვიცი, იაზრებდა თუ არა, რომ ის საკუთარი ქმედებით მარადიულ საჩუქარს გვიზიარებდა. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, ამ სიმღერების მღერისას ენით აღუწერელ სიხარულს ვგრძნობდი. მუსიკამ ჩვენი პატარა სახლი სიმშვიდის სულით აავსო. მე ვგრძნობდი არა მხოლოდ დედაჩემის, მამაჩემისა და ჩემი ორი ძმის სიყვარულს, არამედ ჩემი ზეციური მამისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, სიყვარულსაც.
ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ამ შობის პერიოდში თითოეულ ჩვენგანს გველოდება შესაძლებლობა, გამოვავლინოთ სიკეთე ქრისტესმიერი სიყვარულითა და წყალობით. გპირდებით, რომ როდესაც ვილოცებთ და გულსა და გონებას სულიწმინდის ჩურჩულისთვის გავხსნით, უფალი გაგვიძღვება იმ ადამიანის პოვნაში, რომელიც მას სრულყოფილად უყვარს და რომელსაც ჩვენი სიკეთე სჭირდება ამ სადღესასწაულო პერიოდში. ჩვენ მიერ შეთავაზებული სიკეთე შეიძლება იყოს მარტივი და არ ჩანდეს, როგორც არაჩვეულებრივი, მაგრამ მას შეუძლია ჰქონდეს, - და ბევრჯერ ექნება კიდეც, - ხანგრლივი ეფექტი.
ნება მომეცით, დავასრულო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგალობლის სიტყვებით:
გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც იესოს უყვარხართ.
ეცადეთ ყოველთვის ყველაფერში სიკეთე გამოიჩინოთ.
იყავით მშვიდი და მოსიყვარულე - საქმით და ფიქრებით,
ამ შესანიშნავი საშობაო პერიოდის დასაწყისში, გიტოვებთ ჩემს მოწმობას, რომ იესო ქრისტე არის სიყვარული და იმედი -J’Aime et J’Espere. ჩვენც შეგვიძლია, მასთან ერთად, მისი სიყვარული და იმედი სხვებს გავუზიაროთ უანგარო სიკეთის ქმედებებით.
ამაზე მე ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.