მიიღეთ ეს ძღვენი
პირველი პრეზიდენტობის 2025 წ. საშობაო სულიერების საათი
2025 წლის 7 დეკემბერი, კვირა
შობის დღესასწაულისას ჩვენი აზრები ბუნებრივად მიემართება სახლისკენ — ჩვენი მიწიერი და ზეციური სახლებისკენ. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შობა მაშინ დადგა, როდესაც პირველად შობა სახლიდან შორს გავატარე.
მე ბრაზილიაში შედარებით ახალი სრული დროის მისიონერი ვიყავი და ჯერ კიდევ ვეჩვეოდი ჩემთვის უცნობ კულტურასა და ენას. ერთ დღეს, როდესაც მე და ჩემი მეწყვილე მისიონერი მოკრძალებულ ფაველაში მივდიოდით, ვიღაცამ დაგვიძახა: „იესოს შესახებ ასწავლით?“
შევბრუნდით და დავინახეთ ქალი, რომელმაც თავის პატარა, მიწის იატაკიან სახლში შეგვიპატიჟა. ჩვენ მის ხანდაზმულ დედას და შვიდ შვილს შევხვდით, რომლებიც როგორღაც ამ პატარა სივრცეში ერთად ცხოვრობდნენ. ჩვენ დავიწყეთ მათთვის იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლება და ისინი დიდი მონდომებით შეუდგნენ სწავლას.
შობის მოახლოებასთან ერთად, ოჯახმა საშობაო ვახშამზე თავიანთ სახლში დაგვპატიჟა. ვაღიარებ, რომ მათი მოწვევით დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი. წარმოდგენაც მიჭირდა, როგორი საშობაო ვახშმის შეთავაზება შეეძლო ამ გაჭირვებულ ოჯახს. მათ მაგიდაც კი არ ჰქონდათ, რომელთან დაჯდომაც შესაძლებელი იქნებოდა! ჩემს მოუმწიფებელ გონებაში მეურვეობაში უფრო შეძლებულ ოჯახებზე ვფიქრობდი, რომ იქნებ, ჯობდა რომელიმე მათგანისგან უკეთეს შეთავაზებას დავლოდებოდით.
საბედნიეროდ, ჩემი უფროსი თანამეწყვილე ჩემზე ბრძენი იყო და იგი მოწვევას სწრაფადვე დაეთანხმა. შობის დღეს, ამ ოჯახის მოკრძალებულ სახლში მიგვიღეს.
იმისთვის, რაც ვნახე, მზად არ ვიყავი.
ოთახის შუაში მაგიდა იდგა, რომელზეც ბრინჯით, ლობიოთი, ხორცითა და კარტოფილით სავსე თეფშები და გაზიანი სასმელის დიდი ბოთლი იდგა. და მხოლოდ ორი სკამი იყო — ერთი ჩემთვის და მეორე ჩემი თანამეწყვილესთვის.
ემოციებს ვერ ვმართავდი. მათ ეს საშობაო ვახშამი სპეციალურად ჩვენთვის მოამზადეს. ეს მათთვის ალბათ დიდი მსხვერპლი იქნებოდა. და მაინც, როდესაც მაგიდასთან ვიჯექი და ბავშვები დავინახე, რომლებიც კედელთან ისხდნენ და გვიყურებდნენ, როგორ ვჭამდით, მათ სახეებზე ღიმილი შევნიშნე. ჩვენთვის - სხვა ქვეყნიდან უცხო ადამიანებისთვის - მსხვერპლის გაღებამ მათ ნამდვილი სიხარული მიანიჭა. მათ ულამაზესი საჩუქარი გაგვიკეთეს და თავიდან მის მიღებაზე ვყოყმანობდი.
ამ შობამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ხშირად ვფიქრობ ამაზე. იმ ოჯახის სიხარულით გაღებული მსხვერპლის გახსენება ჩემს ფიქრებს იესო ქრისტეს მსხვერპლისკენ, მისი გამოსყიდვისა და განკურნების წმინდა ძღვენისკენ მიმართავს. ბოლოს და ბოლოს, მისი ძღვენი არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ შობას ვზეიმობთ.
მახსენდება ჩვენი ზეციური მამის კითხვა: „ვინ მივავლინო“ და მისი ძის გაბედული პასუხი: „აი, მე გამგზავნე“.
ვფიქრობ იესოს თავმდაბლობით სავსე დაბადებაზე და ცხოვრებაზე - მის მზადყოფნაზე, „ჩამო[სულიყო] ზეციდან ადამიანთა შვილებს შორის და [დამკვიდრებულიყო] თიხის სამლოცველოში“.
მე ვფიქრობ მის ტანჯვაზე გეთსიმანიაში, სადაც მან იტვირთა „ჩვენი სნეულებანი“, „ჩვენი ტკივილებით“ დაიტანჯა და ჩვენი ცოდვები აიღო საკუთარ თავზე.
„ვფიქრობ მის ხელებზე, [ჩვენი] ვალის გადასახდელად დახვრეტილზე და დასისხლიანებულზე!“
მე ვფიქრობ მის აღდგომაზე, სიკვდილზე მის დიდებულ გამარჯვებაზე.
და შემდეგ ვეკითხები საკუთარ თავს: „ვიღებ თუ არა იმ ძღვენს, რომელსაც ის ასე სიხარულით გვთავაზობს?“ ბრაზილიაში ზემოხსენებული საშობაო ვახშმის შემდეგ ამ კითხვაზე ბევრჯერ მიფიქრია.
წლების შემდეგ, მე ისევ ბრაზილიაში დავბრუნდი, ამჯერად ჩემს მეუღლესთან ერთად მისიის ხელმძღვანელებად ვმსახურობდით. იმდენი რამ ვისწავლე თითოეული მისიონერისგან, ვინც ჩვენთან ერთად მსახურობდა. აღფრთოვანებული ვარ მათი მონდომებითა და მხურვალე სურვილით, რომ უფალს მისთვის მისაღები შესაწირი შესწირონ.
განსაკუთრებით გამოვყოფდი საუბარს ერთ საყვარელ დასთან, როდესაც ის თავის მისიას ასრულებდა. მან გამიმხილა, რომ სახლში წასვლის ეშინოდა. ის წუხდა, რომ სინანულით გაახსენდებოდა თავისი მისია, იფიქრებდა იმაზე, თუ როგორ შეეძლო უკეთ ემსახურა და წუხდა, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. როდესაც ვცდილობდი ამ შესანიშნავი მისიონერის დამშვიდებას, ჩვენ ვისაუბრეთ მისი მისიისა და ცხოვრების სხვაგვარად დანახვაზე. იესო ქრისტესადმი ჩვენი ერთგულება არ ჰგავს სკოლის დავალებას, რომელსაც იდეალური შეფასების მოლოდინით ვაბარებთ. იესო ქრისტე ერთადერთი სრულყოფილი ადამიანია და სრულყოფილად ცხოვრება მხოლოდ მას შეუძლია. როდესაც ვცდილობთ გაუმჯობესებას, ჩვენ უფალს მივმართავთ და ეს არ ხდება ასეთი სულისკვეთებით, რომ „მე ეს გავაკეთე!“ ან „მე დავიმსახურე!“ ან „მე მოვედი!“ არამედ - „მე ვიღებ ამას“.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისე, როგორც უფლისთვის მისაღებია. ბუნებრივია, ვიმედოვნებთ, რომ ის ჩვენს შესაწირს მიიღებს. მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანი — ან შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც კი — არის კითხვა „ვიღებ თუ არა მე მისას?“
ჩემი აზრით, მხსნელის ძღვენის მიღება შეუძლებელია პასიურად ან შემთხვევით. ჩემთვის სიტყვა მიღება გულისხმობს შეგნებულ არჩევანს და განზრახ მოქმედებას. ისევე, როგორც მისი ჩვენთვის გაღებული მსხვერპლი ნებაყოფლობითი იყო, მას სურს, რომ ჩვენც ნებაყოფლობით მივიღოთ იგი. ნებისმიერი კეთილი საჩუქრის მჩუქებლის მსგავსად, უფალი მგრძნობიარეა არა მხოლოდ ჩვენი საჭიროებებისა, არამედ ჩვენი სურვილების მიმართაც. როგორც ალმა გვასწავლიდა, „იგი მიუზღავს ადამიანებს თავიანთი სურვილისამებრ“.
როდესაც იესო ბეთ-ხაზდას აუზთან მივიდა და დაინახა კაცი, რომელსაც 38 წლის განმავლობაში სიარული არ შეეძლო, მან ჰკითხა, სურდა თუ არა მას განკურნება. რიტორიკულ შეკითხვას ჰგავს, მაგრამ მკურნალი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ არ გვკურნავს. სასწაული მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც კაცმა თავისი სურვილი გამოთქვა.
რა არის თქვენი სურვილი? რა გსურთ სინამდვილეში განიცადოთ და მიაღწიოთ ამ ცხოვრებაში - დღეს, ხვალ და მარადის? ნუგეში გჭირდებათ? შვება? იმედოვნებთ, რომ ისევ სიმშვიდეს იპოვით? ძალას ღვთისგან? განკურნება გსურთ? მიტევება? გამოსყიდვა? ნამდვილად გსურთ, რომ სულ უფრო და უფრო დაემსგავსოთ იესო ქრისტეს — იცხოვროთ მასთან და ჩვენს ზეციურ მამასთან ერთად მარადიულად?
თუ ასეა, მაშინ მიიღეთ ძღვენი, რომელსაც იესო ქრისტე გთავაზობთ.
„ვინაიდან, რა სარგებელი ადამიანს, თუ მას ძღვენი ებოძება და არ იღებს ძღვენს? … იგი არ ხარობს იმით, რაც ებოძა, არც იმით ხარობს, თუ ვინ არის ამ ძღვენის მბოძებელი.“
ღმერთი არ შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში ძალით და არც თავის ძღვენს გვაიძულებს. არამედ, ის საშუალებას გვაძლევს, რომ მისი მიღება ავირჩიოთ. „მოიქეცით ჩემკენ“, ამბობს უფალი და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ის არა მხოლოდ უკვე მოგიბრუნდათ, არამედ მისი მოწყალების მკლავები ყოველთვის გამოწვდილია.
იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს უფლისკენ მოქცევა, მინდა გაგიზიაროთ ის, რაც ჩემი შვილიშვილისგან, ბლეიკლისგან, ვისწავლე, როდესაც ის სულ რაღაც ორი წლის იყო.
ყოველ წელს, შობის დღესასწაულზე, ბლეიკლი და დანარჩენი შვილიშვილები ჩვენს სახლში მოდიან, რათა გაიზიარონ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საშობაო ტრადიცია: ისიამოვნონ ულამაზესი საშობაო დეკორაციებით. მე და ჩემს მეუღლეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი საშობაო დეკორაციების კოლექცია გვაქვს და ყოველ შობას მათ სახლში ვათავსებთ, რომ შვილიშვილებმა ნახონ.
აი, ერთ-ერთი საშობაო დეკორაციის ფოტო. როგორც ხედავთ, ყრმა იესო შუაშია, ხოლო სხვა ფიგურები - მარიამი, იოსები, მწყემსები, მოგვები და ა.შ. - ხაზზე არიან განლაგებული, რათა ყველა ჩანდეს. ეს საშობაო დეკორაციების მოწყობის საკმაოდ სტანდარტული გზაა.
ერთ წელს ჩვენს მოწყობილ დეკორაციებში უცნაური რამ შევნიშნე. ვიღაცამ მთელი სახლი შემოიარა და ისინი გადააწყო. დეკორაციის თითოეული ფიგურა ვიღაცას წრეზე დაულაგებია და ჩვილი იესოსკენ მიუბრუნებია. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩვენი საშობაო დეკორაციების ეს ბრწყინვალე მოდიფიკაცია ბლეიკლიმ მოახდინა.
ამ მარტივი საქციელით ბლეიკლიმ დიდი გაკვეთილი მასწავლა: საკმარისი არ არის მხსნელთან უბრალოდ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ყოფნა. საკმარისი არ არის ოდნავ მისი მიმართულებით გადახრილი იყო ან მასთან ახლოს მყოფი ადამიანის გვერდით იყო. ქრისტეს ძღვენის სრულად მისაღებად, თითოეული ჩვენგანი მისკენ სრულად უნდა მიბრუნდეს.
როგორ შევძლოთ ეს? როგორ გამოიყურება მხსნელისკენ სრულად მიბრუნება? როგორ ვაჩვენოთ, რომ ვიღებთ მის ხსნისა და განკურნების ძღვენს?
მე მჯერა, რომ პასუხი, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ამ რჩევაშია მოცემული: „აღმოაჩინეთ ყოველდღიური მონანიების სიხარული“.
ეს მართლაც ასეთი მარტივია. ჩვენ ვიღებთ მხსნელის ძღვენს მონანიებით, მისკენ მობრუნებით. მან თავისი სიცოცხლე გასწირა, რათა ჩვენთვის შეცვლა, გაუმჯობესება, განკურნება და გამოსყიდვა შესაძლებელი ყოფილიყო. ასე რომ, ჩვენ ვიღებთ ამ შეთავაზებას შეცვლით, გაუმჯობესებითა და ჩვენს ცხოვრებაში მისი მაკურნებელი ძალის მიღებით.
და ჩვენ ამას მხოლოდ ერთხელ არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ყოველდღე ვიმეორებთ, რადგან ეს ყოველდღე გვჭირდება. მხსნელის ძღვენის მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული ვალდებულებაა. მისი ძღვენი ჭეშმარიტად ასეთია, რომ განუწყვეტლივ გვეძლევა, სანამ მის მიღებას ვეთანხმებით და ამას უფლისკენ შებრუნებით ვაკეთბთ..
ზოგჯერ ვსაუბრობთ შობის სულისკვეთების მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებაზე. მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ნატრობენ, რომ ყოველი დღე შობა იყოს. სინამდვილეში, ჩვენ ყოველდღე შეგვიძლია — და უნდა — აღვნიშნოთ შობა მხსნელისკენ მობრუნებით და მისი ძღვენის მადლიერებით მიღებით. როდესაც ყოველდღიური მონანიების სიხარულს მივიღებთ, აღმოვაჩენთ, რომ შობის კურთხევები და მისი სასწაულებრივი ძღვენი შეიძლება მუდმივად ჩვენი იყოს.
ძვირფასო ძმებო და დებო, მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, საკუთარი ნებით, სიყვარულითა და სიხარულით გაიღო თავისი სიცოცხლე ძვირფას ძღვენად, რათა მე და თქვენ შევძლოთ განკურნება, გამოსყიდულნი ვიყოთ და ავმაღლდეთ. მე ვლოცულობ, რომ თითოეული ჩვენგანი სრულად მობრუნდეს იესო ქრისტესკენ და მიიღოს მისი ძღვენი - ამ შობას და ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.