„საუკუნო სინათლე"
პირველი პრეზიდენტობის 2025 წლის საშობაო სულიერების საათი
2025 წლის 7 დეკემბერი, კვირა
მე დიდად მადლიერი ვარ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები ამ წმინდა საშობაო პერიოდში, რათა ვიხსენებდე და ვხარობდე იესო ქრისტეს, ღვთის ძის, კაცობრიობის მხსნელის, დაბადებას!
შობის წინა ღამე წელიწადის საყვარელი დროა ჩემთვის. მზის ჩასვლისთანავე ჩემი ფიქრები სამყაროს მხსნელის დაბადებისკენ მიემართება ხოლმე. რაც კი თავი მახსოვს, ყოველი შობის წინა ღამეს ჩვენ ოჯახთან ერთად ვიკრიბებოდით, ახალ აღთქმას გადავშლიდით და ლუკას სახარების მე-2 თავიდან ნაცნობ სიტყვებს ვკითხულობდით:
„იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, … დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი … რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო".
დაფიქრდით: ახალგაზრდა ცოლი, მარიამი, რომელიც თავის მზრუნველ ქმართან, იოსებთან ერთად ბეთლემისკენ მიმავალ მტვრიან გზაზე მიემგზავრება და არ იცის, სად დარჩებიან ან როდის დაიბადება მისი შვილი.
ახლა ამას დაამატეთ მოვლენები, რომლებიც მსოფლიოს მეორე ნახევარში ხდება. იქ, ამერიკის კონტინენტზე, ზარაჰემლას მიწაზე, მორწმუნეთა ჯგუფი განიცდის, „მტკიცედ მოელოდება" რა მხსნელის დაბადების ნიშანს, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო ლამანიელი სამუელის მიერ, როგორც დღე, როცა დღე-ღამის განმავლობაში არ დაბნელდებოდა და თუ ეს ნიშანი არ მოეცემოდათ, ე.ი. ყველა მორწმუნე განადგურდებოდა.
მათმა წინასწარმეტყველმა, ნეფიმ, „მიწამდე ქედი მოიხარა და ძლიერად შეჰღაღადა თავის ღმერთს თავისი ხალხისათვის. … და იყო ასე, რომ … უფლის ხმა მას მოესმა სიტყვებით: თავი აწიე და გამხნევდი; რადგან, აჰა, მოახლოვდა ჟამი და ამაღამ ნიშანი იქნება მოცემული და მომდევნო დღეს ამქვეყნად მოვალ”.
ყოველ ჯერზე, ამ მუხლების კითხვისას, ვჩერდები და გაოცებული ვარ.
მაოცებს, რომ იესო ქრისტემ, რომელმაც მამის ხელმძღვანელობით დედამიწა შექმნა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ესაუბრებოდა და შთააგონებდა წინასწარმეტყველებს და ღვთის მართალ ძეებსა და ასულებს, მალე თავს დაიმდაბლებდა იმისთვის, რომ დედამიწას ჩვილის სახით მოევლინოს.
მე აგრეთვე მაოცებს, რომ მთელი კაცობრიობის მხსნელი ბეთლემში იშვა იმ დროისთვის, როდესაც ნიშანს ელოდნენ, რომელიც ზარაჰემლაში ნეფიელ მორწმუნეებს გადაარჩენდა. წმინდა წერილში ვკითხულობთ: „რადგან, აჰა, არ დაბნელდა მზის ჩასვლისას და ხალხმა იწყო გაოცება, რადგან როდესაც დაღამდა, არ დაბნელდა".
წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს მორწმუნეებისთვის, რომლებიც ილტვოდნენ, ცოცხლობდნენ და ლოცულობდნენ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის? რა თქმა უნდა, მათ გაიხარეს! რაოდენ საოცარი მოწმობაა იმისა, რომ იესო ქრისტე მოევლინა დედამიწას ყველას გადასარჩენად, ვისაც მისი სახელი სწამდა. მზე ჩავიდა, მაგრამ ცა განათებული იყო.
მხსნელის შესახებ წინასწარმეტყველი აბინადი მოწმობდა: „იგი არის ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე; დიახ, სინათლე, რომელიც უსასრულოა, რომელიც ვერასდროს ჩაქრება“.). იესო ქრისტემ განაცხადა: „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სოცოცხლის ნათელი ექნება მას“.
ცხოვრების მანძილზე გვექნება მომენტები, როცა ჩვენი იმედებისა და ოცნებების მზე ჩავა. შეიძლება, მზე ჩავიდეს, როცა დანაკარგის ან ფიზიკური თუ ემოციური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით. მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტე მოევლინა დედამიწაზე და მესამე დღეს აღდგა, გაიმარჯვა რა სიკვდილსა და ცოდვაზე, მზის ჩასვენების შემდეგ აღარ იქნება მუდმივი სიბნელე. ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ და ვიპოვოთ უფლის სიცოცხლის მომცემი სინათლე.
ღამის ცა თავმდაბალი მწყემსების თავზე განათდა, როდესაც „უფლის ანგელოზი დაადგა მათ" და სასიხარულო ამბავი ამცნო: „რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენთვის მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ მხსნელის ნათელს და სწრაფად ვიპოვოთ უფალი, რადგან ჩვენ, მწყემსების მსგავსად, „გაჩქარებულნი“ მივყვებით ზეციურ მითითებებს და ვსწავლობთ უფლის ღვთიურობის შესახებ. შემდეგ ჩვენც შევძლებთ ჩვენებურად „[ვადიდოთ] და ვაქოთ ღმერთ[ი] ყოველივე იმის გამო, რაც [გვესმის და ვიხილეთ]".
თუმცა ზოგჯერ შეიძლება თავი მოგვების მსგავსად ვიგრძნოთ და უფლის საპოვნელად ჩვენი მოგზაურობა შესაძლოა კვირების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც უფლის მეგზურ ვარსკვლავის სინათლეს მივყვებით, რაოდენ სუსტადაც არ უნდა ციმციმებდეს ის, ჩვენ ყოველი ნაბიჯით მაცხოვართან უფრო ახლოს მივალთ. და შემდეგ, მოგვების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გავიხაროთ დიდი სიხარულით, თაყვანისცემისთვის ძირს დავემხოთ და მადლიერებისა და სიყვარულის ძღვენი შევწიროთ.
ახლა მოდით, გადავინაცვლოთ 2010 წლის შობის წინა ღამეში და გაგიზიარებთ, თუ როგორ გაფანტა ღვთის სინათლემ და სიყვარულმა სიბნელე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმ ორ წმინდა ღამეს.
მე სახლიდან 2000 მილზე მეტ მანძილზე მდებარე საავადმყოფოში ვიმყოფებოდი და ჩემს მეუღლეს, ბრიუსს, ვუვლიდი, რომელიც წარმატებული ოპერაციის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძოდა. მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა, მასზე მზრუნველი ექიმების გუნდი კი ვერ ხვდებოდა, რატომ. ქვეყნის მასშტაბით ოჯახთან ერთად მარხვისა და ლოცვის შემდეგ, ცოტა ხნით დასაძინებლად ბინაში წავედი. შუა ღამეს, ექთანმა, რომელმაც ბრუსის კარებთან ჩაიარა, გაიგონა, რომ მან ერთხელ დაახველა. მას გაუჩნდა აზრი, უჩვეულო რესპირატორული დაავადების ტესტი შეეკვეთა. ტესტმა მისი აზრი დაადასტურა და მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ქრისტეს სინათლე მოეფინა იმ ექთანს და ბრიუსის ჯანმრთელობის აღდგენის გზა უჩვენა მას. სიბნელე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, სინათლითა და იმედით შეიცვალა.
ექვსი წლის შემდეგ, 2016 წლის შობის წინა ღამეს, ბრიუსი ისევ საავადმყოფოში იყო. ორი სერიოზული დაავადებისგან გამოჯანმრთელების პროცესი კიდევ ერთმა მკვეთრმა გაუარესებამ შეწყვიტა. 48 საათის განმავლობაში ექიმებმა შეძლეს მიზეზის დადგენა. მათ გაგვიზიარეს გეგმა, რომელიც მას მესამე დაავადების დაძლევაში უნდა დახმარებოდა. როცა მათ დაასრულეს, ბრიუსმა თავაზიანად სთხოვა მათ, დაეტოვებინათ ოთახი, რათა ჩვენ საუბარი შეგვძლებოდა. მან მითხრა, რომ სულიწმინდამ უბრალოდ ჩასჩურჩულა, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ვერაფერს შეძლებდნენ. ის მშვიდად საუბრობდა, სულიწმიდით აღვსილი. ორი დღის შემდეგ იგი მშვიდად სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შობის წინა ღამე ჩვენთვის განსხვავებული შედეგით დასრულდა, ორივე მათგანი მაინც წმინდაა ჩვენთვის. ცრემლი დაიღვარა? ღრმა მწუხარება განვიცადეთ? დანაკარგისა და სიმარტოვის გრძნობა გვქონდა? დიახ. ღვთის სიყვარულის სინათლე თუ ვიგრძენით? დიახ. და რაც ჩვენს ცხოვრებაში მზის ჩასვლა გვეგონა, უფალმა სინათლითა და თანაგრძნობით ჩაანაცვლა.
როცა მთელი ყურადღება სამყაროს მხსნელზე გვაქვს გადატანილი, ის ჩვენი იმედისკენ და განკურნებისკენ მიმავალ გზას გაანათებს. ზარაჰემლაში მორწმუნეების გამოცდილების მსგავსად, მხსნელის სიკვდილსა და ცოდვაზე გამარჯვების გამო, ჩვენს ცხოვრებაში დამდგარი ღამე მარადიული არ იქნება.
მე მიყვარს საგალობლის „ო, ბეთლემის პატარა ქალაქო"-ს სიტყვების ღრმა მნიშვნელობა: „შენს ბნელ ქუჩებში მარადიული სინათლე ანათებს. ყველა დროების იმედიდები და შიშები შენში ახდება ამაღამ".
დებო და ძმებო, უფალი ჩვენი საუკუნო სინათლეა! მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე მოევლინა დედამიწაზე სიხარულისა და იმედის მოსატანად და ის შინ დასაბრუნებელ გზას გვინათებს. მე მიყვარს უფალი. მე თაყვანს ვცემ მას. „დიდება ღმერთს მისი უბადლო ძღვენის – ღვთიური ძისთვის“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.