„აღდგენის ხმები: პირველმოქცეულნი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„პირველმოქცეულნი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
პირველმოქცეულნი
1830 წლის აპრილში, ეკლესიის ორგანიზებამდე, უფალმა განაცხადა: „უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული“ (მოძღვრება და აღთქმები 4:4). ეს განცხადება მომდევნო თვეებში გამართლდა, რადგან ჭეშმარიტების ბევრმა მაძიებელმა სულიწმიდის წინამძღოლობით იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია იპოვა.
აღდგენის საფუძვლის ჩაყრაში პირველმოქცეულთაგან ბევრმა დიდი წვლილი შეიტანა და მათი მოქცევის ამბები დღეს ჩვენთვის მეტად ფასეულია. ის რწმენა, მათ რომ გვიჩვენეს, იგივე რწმენაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება იესო ქრისტეს სახარებაზე მოსაქცევად.
აბიგაილ კალკინს ლეონარდი
ოცდაათ წელს გადაცილებულ აბიგაილ კალკინს ლეონარდს სურდა, ცოდვები მისტევებოდა. იგი დროგამოშვებით ბიბლიას კითხულობდა ხოლმე და ქრისტიანული ეკლესიებიდან ხალხი მასთან სახლში დადიოდა, მაგრამ მას ზუსტად ვერ გაეგო, ერთი ეკლესია მეორისგან რით განსხვავდებოდა. „ერთ დილას“ – მან თქვა – „ავიღე ჩემი ბიბლია, წავედი ტყეში და მუხლებზე დავეცი“. მან მხურვალედ ილოცა უფლისადმი. „მყისვე გამოცხადებამ გაიელვა ჩემ თვალთა წინაშე“ – თქვა მან – „და სხვადასხვა სექტებმა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამიარეს და ხმამ შემომძახა: „ისინი შექმნილია სარგებლისთვის“. შემდეგ მიღმა, გავარჩიე დიდებული ნათელი და ხმამ ზემოდან ჩამომძახა: „მე შევკრებ ხალხს, რომელთაც სიხარულით წავუძღვები და ვაკურთხებ““. ცოტა მოგვიანებით, აბიგაილმა მორმონის წიგნის შესახებ შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა წიგნის ასლი, ის ეძიებდა, „სულიწმინდის ძღვენითა და ძალით [ჩაწვდომოდა] ჭეშმარიტებას ამ წიგნის შესახებ“ და მანაც „უმალვე [იგრძნო] იგი“. როდესაც მან ბოლოსდაბოლოს შეძლო მორმონის წიგნის წაკითხვა, იგი „მზად [იყო] მის მისაღებად“. ის და მისი მეუღლე, ლაიმანი, 1831 წელს მოინათლნენ.
თომას ბ. მარში
ახალგაზრდა ზრდასრულობაში თომას ბ. მარში ბიბლიას სწავლობდა და ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარი იყო. თუმცა ის ამით ვერ დაკმაყოფილდა და ბოლოს ყველა ეკლესიას ჩამოშორდა. „ჩემზე გარკვეულწილად გადმოვიდა წინასწარმეტყველების სული“ – ჰყვებოდა იგი – „და ვუთხარი [რელიგიურ წინამძღოლს], რომ მოველოდი ახალი ეკლესიის აღმოცენებას, რომელსაც ექნებოდა ჭეშმარიტება თავის სიწმინდეში“. ამის მერე, არც თუ დიდი ხნის შემდეგ, თომასმა მიიღო სულიერი კარნახი, დაეტოვებინა თავისი სახლი ბოსტონში, მასაჩუსეტსში, და გამგზავრებულიყო დასავლეთში. ნიუ-იორკის დასავლეთში სამი თვის გატარების შემდეგ, როდესაც ვერ ნახა, რასაც ეძებდა, ის სახლისკენ გაეშურა. გზაზე ერთმა ქალმა ჰკითხა თომასს, თუ სმენია „ოქროს წიგნის შესახებ, რომელიც ერთ ყმაწვილს, სახელად ჯოზეფ სმითი, ეპოვა“. ამ ფიქრით შეპყრობილი თომასი დაუყოვნებლივ გაემგზავრა პალმირაში და შეხვდა მარტინ ჰარისს სტამბაში, როცა მორმონის წიგნის პირველი 16 გვერდი იბეჭდებოდა. თომასს უფლება მისცეს ამ 16 გვერდის ასლი აეღო და თავის მეუღლესთან, ელისაბედთან, მიეტანა. „იგი ძალიან ნასიამოვნები დარჩა“ წიგნით – იხსენებდა თომასი – „სჯეროდა რა, რომ ეს ღმერთის ნამოქმედარი იყო“. თომასი და ელისაბედი მოგვიანებით შვილებთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდნენ და მოინათლნენ. (თომას ბ. მარშის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე მოძღვრება და აღთქმები 31.)
პარლი და თენქფულ პრატი
თომას მარშის მსგავსად, პარლი და თენქფულ პრატიც გამოეხმაურნენ სულიერ აღტყინებას და დატოვეს თავიანთი წარმატებული ფერმა ოჰაიოში, რათა ექადაგათ სახარება ისე, როგორც ის ბიბლიიდან ჰქონდათ შემეცნებული. როგორც პარლიმ უთხრა თავის ძმას: „ამ რაღაცების სული ისე მძლავრად დაეუფლა ჩემს გონებას ამ ბოლო დროს, რომ მოსვენება დამაკარგვინა“. როდესაც აღმოსავლეთ ნიუ-იორკს მიაღწიეს, პარლიმ მიიღო კარნახი, რომ ამ მხარეში კიდევ რამდენიმე ხანს დარჩენილიყო. მათ გადაწყვიტეს, რომ თენქფული გზას მის გარეშე გააგრძელებდა. „მე საქმე მაქვს გასაკეთებელი ქვეყნის ამ მხარეში“ – უთხრა პარლიმ თენქფულს – „რა არის ეს საქმე და რამდენი ხანი დასჭირდება მის შესრულებას, არა ვიცი რა, მაგრამ დავბრუნდები, როდესაც მას შევასრულებ“. პირველად სწორედ იქ გაიგო პარლიმ მორმონის წიგნის შესახებ. „უცნაური ინტერესი ვიგრძენი ამ წიგნისადმი“ – თქვა მან. მან მოითხოვა ასლი და მთელი ღამე წაიკითხა ის. დილისთვის მან უკვე იცოდა, რომ წიგნი ჭეშმარიტი იყო და ის „ყველა ამქვეყნიურ სიმდიდრეზე მეტად [დააფასა]“. რამდენიმე დღეში პარლი მოინათლა. შემდეგ თენქფულთან დაბრუნდა, რომელიც ასევე მოინათლა. (პარლი პ. პრატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილე მოძღვრება და აღთქმები 32.)
Parley P. Pratt Reads the Book of Mormon [პარლი პ. პრატი კითხულობს მორმონის წიგნს], ჯეფრი ჰაინის მიერ
სიდნეი და ფიბი რიგდონი
ნიუ-იორკიდან მისურიში მისიაში მიმავალი პარლი პრატი და მისი ამხანაგი მუშები გზად მენტორში, (ოჰაიო), გაჩერდნენ, სიდნეი და ფიბი რიგდონის სახლში—ძველ მეგობრებთან, რომლებსაც პარლი ჯერ კიდევ იქიდან იცნობდა, როცა ოჰაიოში ცხოვრობდა. სიდნეი ქრისტიანი წინამძღვარი იყო, ხოლო პარლი უწინ მისი მრევლის წევრი იყო და მას სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. პარლიმ მონდომებით უთხრა თავის მეგობრებს მორმონის წიგნისა და იესო ქრისტეს სახარების აღდგენის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სიდნეი თავადაც ეძებდა ჭეშმარიტი ეკლესიის აღდგენას, რომლის შესახებაც მას ახალ აღთქმაში ამოეკითხა, თავიდან ის მორმონის წიგნს სკეპტიკურად უყურებდა. „თუმცა მე წავიკითხავ შენს წიგნს“ – უთხრა მან თავის მეგობარ პარლის – „და დავადგენ, ეს ღვთის გამოცხადებაა თუ არა“. ორი კვირის სწავლისა და ლოცვების მერე, სიდნეი და ფიბი დარწმუნდნენ, რომ წიგნი ჭეშმარიტი იყო. თუმცა სიდნეიმ ისიც იცოდა, რომ ეკლესიაში გაწევრიანება მისი ოჯახისთვის დიდი მსხვერპლი იქნებოდა. იგი, ცხადია, დაკარგავდა წინამძღვრის სამსახურს სოციალურ სტატუსთან ერთად თავის თემში. როდესაც ის და ფიბი ამ შესაძლებლობას განიხილავდნენ, ფიბიმ განაცხადა: „მე გამოვთვალე საფასური და … ჩემი სურვილია, აღვასრულო ღვთის ნება, ცოცხალმა თუ მკვდარმა“.