„სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
სახლში და ეკლესიაში სწავლის გაუმჯობესების იდეები
როდესაც სახლში და ეკლესიაში მხსნელის სახარებას სწავლობ, იფიქრე შემდეგ კითხვებზე:
-
როგორ მოიწვიო სულიწმინდა სწავლის დროს?
-
როგორ მოახდინო მხსნელზე ფოკუსირება სწავლის დროს?
-
როგორ გამოიყენო ყოველდღიური სწავლის მომენტები?
-
როგორ წაახალისო ოჯახისა და კლასის წევრები, რომ დამოუკიდებლად შეისწავლონ წმინდა წერილები და გააზიარონ ნასწავლი?
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი გზა შენ მიერ ღვთის სიტყვის შესწავლის გაღრმავებისთვის.
ილოცე შთაგონებისთვის
წმინდა წერილები ღვთის სიტყვაა, ამიტომ სთხოვე მას ამ სიტყვების გააზრებაში დახმარება.
ეძიე ჭეშმარიტება იესო ქრისტეს შესახებ
ყველაფერი მოწმობს ქრისტეს შესახებ (იხ. 2 ნეფი 11:4; მოსე 6:63), ამიტომ, დაიმახსოვრე ან მოინიშნე ნაწყვეტები, რომლებიც მოწმობს მხსნელის შესახებ, აღრმავებს შენს სიყვარულს მის მიმართ და ასწავლის, როგორ მიჰყვე მას. ზოგჯერ მხსნელისა და მისი სახარების ჭეშმარიტებები პირდაპირაა გაცხადებული, ზოგჯერ კი მაგალითის ან ამბის სახით არის მოცემული. ჰკითხე საკუთარ თავს: „ამ მუხლებში რომელი მარადიული ჭეშმარიტება ისწავლება? ეს ჭეშმარიტებები რას მასწავლის მხსნელის შესახებ“?
მოუსმინე სულიწმინდას
მიაქციე ყურადღება შენს აზრებსა და გრძნობებს, თუნდაც არ იყოს დაკავშირებული იმასთან, რასაც კითხულობ. შესაძლოა ზეციურ მამას სურს, რომ სწორედ ამ შთაბეჭდილებებით ისწავლო.
ჩაიწერე შთაბეჭდილებები
არსებობს უამრავი ხერხი იმისთვის, რომ ჩაიწერო შთაბეჭდილებები, რომლებიც გებადება სწავლის დროს. მაგალითად, შეიძლება აღმოაჩინო, რომ წმინდა წერილში მოცემული გარკვეული სიტყვები და ფრაზები შენზე შთაბეჭდილებას ახდენს; მოინიშნე და ჩაიწერე შენი აზრები შენიშვნის სახით წმინდა წერილში. შენ ასევე შეგიძლია აწარმოო დღიური იმ შთაგონებების, გრძნობებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც გებადება.
გაუზიარე სხვებს შენი ნასწავლი
შენი პირადი სწავლისას მიღებული შთაგონების განხილვა კარგი გზაა სხვების სწავლებისთვის და ასევე იმისთვის, რომ წაკითხული მეტად გაიაზრო. გაუზიარე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რას სწავლობ (პირადად ან ონლაინ) და მოიწვიე, იგივე მოიმოქმედონ.
დაუკავშირე წმინდა წერილი შენს ცხოვრებას
როგორ ეხება სწავლებები და ამბები, რომლებსაც კითხულობ, შენს ცხოვრებას? მაგალითად, საკუთარ თავს ჰკითხე: „ჩემი რომელი გამოცდილება ჰგავს წაკითხულს“?
შესწავლის პროცესში დასვი კითხვები
წმინდა წერილის შესწავლისას შეიძლება კითხვები გაგიჩნდეს. ეს შეკითხვები შეიძლება ეხებოდეს იმას, რასაც კითხულობ ან ზოგადად შენს ცხოვრებას. დაფიქრდი ამ კითხვებზე და ეძიე პასუხები წმინდა წერილის შესწავლის პროცესში.
გამოიყენე წმინდა წერილის შესწავლის დამხმარეები
წაკითხული მუხლების მიმართ დამატებითი შთაგონების მისაღებად გამოიყენე სქოლიო, წმინდა წერილის სახელმძღვანელოდა სხვა დამხმარეები.
გაითვალისწინე წმინდა წერილის კონტექსტი
ასევე შეგიძლია იპოვო მნიშვნელოვანი შთაგონება წმინდა წერილის ნაწყვეტების შესახებ, როდესაც მის კონტექსტს განიხილავ, მათ შორის, გარემოებებს ან ვითარებას, საიდანაც ის მომდინარეობს. მაგალითად, როცა გეცოდინება იმ ხალხის მრწამსი და ისტორია, რომელსაც ღმერთმა მიმართა, შენ უკეთ გაიგებ მისი სიტყვების აზრს. შენ შეგიძლია გაიგო მათ შესახებ მოძღვრება და აღთქმების ნაწილების შესავლებში და სხვა რესურსებში.
შეისწავლე უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების სიტყვები
წაიკითხე, რას ასწავლიდნენ უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები და მოციქულები იმ პრინციპების შესახებ, რომლებსაც წმინდა წერილში პოულობ.
იცხოვრე ნასწავლის მიხედვით
წმინდა წერილის შესწავლამ შთაგონებასთან ერთად უნდა დაგვანახოს ჩვენი ცხოვრების შეცვლის გზა. უსმინე სულიწმინდის კარნახს კითხვის დროს და შემდეგ იმოქმედე ამ კარნახის მიხედვით.
გამოიყენე მუსიკა
შემოთავაზებული საგალობლებისა და საბავშვო სიმღერების პოვნა შეგიძლია მოდი და გამომყევი-ში. სულიწმინდის მოსაწვევად და შენი რწმენისა და სახარების ჭეშმარიტებების მოწმობის გასაღრმავებლად გამოიყენე წმინდა მუსიკა.
დაიზეპირე წმინდა წერილი
შეარჩიე შენთვის, შენი ოჯახის ან კლასისთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი წმინდა წერილიდან და ყოველდღიური გამეორებით ან დამახსოვრების თამაშის საშუალებით დაიზეპირე იგი.
გააზიარე თვალსაჩინო გაკვეთილები
იპოვე საგნები, რომლებიც უკავშირდება იმ თავს და მუხლებს, რომლებსაც კითხულობ. იფიქრე, როგორ უკავშირდება თითოეული საგანი წმინდა წერილის სწავლებებს.
დახატე, იპოვე ან გადაიღე სურათი
წაიკითხე რამდენიმე მუხლი და შემდეგ გააკეთე ჩანახატი ამის შესახებ. ასევე შეგიძლია მოძებნო სურათი წიგნში Gospel Art Book [სახარების ხელოვნება] -ში ან სახარების ბიბლიოთეკაში. გადაიღე ისეთი სურათი, რაც ნასწავლს გამოსახავს.
დადგი რომელიმე ამბავი
ამბის წაკითხვის შემდეგ მოიწვიე ოჯახის წევრები ან კლასი, რათა გაითამაშოთ იგი როლებში. ამის შემდეგ, ისაუბრე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ამბავი გამოცდილებას, რომელსაც ამჟამად იღებ.
მოერგე ოჯახის წევრებს
თუ გყავს ოჯახის წევრი, რომელსაც არ სურს წმინდა წერილის შესწავლაში მონაწილეობის მიღება, მოიფიქრე მასთან ურთიერთობის სხვა გზები. მაგალითად, შეგიძლია ბუნებრივად გაუზიარო მარადიული ჭეშმარიტება შენს საუბრებში ან გაუზიარო მნიშვნელოვანი წმინდა წერილი ისე, რომ არ ჰგავდეს ქადაგებას ან ბრძანებას? წმინდა წერილის შესწავლა ყველა ოჯახში განსხვავდება. ზოგიერთი ბავშვი უკეთ სწავლობს წმინდა წერილს ერთი-ერთზე. მუდმივად ილოცე და მიჰყევი სულიწმინდის კარნახს.
მასწავლებელთა საბჭოს შეკრებები მშობლებისთვის. თუ გსურს დამატებითი დახმარება შენი შვილების სწავლებისათვის, გაიგე, მართავს თუ არა შენი მეურვეობა მასწავლებელთა საბჭოს შეკრებებს მშობლებისთვის (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 17.5). ეს შეკრებები არის შესაძლებლობა მშობელთათვის, ერთად განიხილონ და ისწავლონ, თუ როგორ გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები. მათ შეუძლიათ განიხილონ პრინციპები Teaching in the Savior’s Way [მხსნელის მსგავსად სწავლება]-დან, იდეები ამ გვერდებზე ოჯახური წმინდა წერილის შესწავლის გასაუმჯობესებლად და სწავლისა და სწავლების შემოთავაზებები მოდი და გამომყევი-დან.