Doctrine and Covenants 2025
გამოყენება: მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის


„გამოყენება: მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის”, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„გამოყენება: მოდი და გამომყევი,” მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

წყვილი ერთად სწავლობს

გამოყენება: მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის

ვისთვისაა განკუთვნილი ეს რესურსი?

ეს რესურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს მოძღვრება და აღთქმები — ინდივიდუალურად, ოჯახთან ერთად და ეკლესიაში გაკვეთილებზე. თუ ადრე რეგულარულად არ შეისწავლიდი წმინდა წერილებს, ეს რესურსი დაწყებაში დაგეხმარება. ხოლო თუ წმინდა წერილის შესწავლის გამოცდილება უკვე გაქვს, ეს რესურსი მეტი მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენაში დაგეხმარება.

ინდივიდები და ოჯახები სახლში

სახარების შესწავლისთვის იდეალური გარემო სახლია. ეკლესიაში შენს მასწავლებლებს შეუძლიათ დაგეხმარონ, ხოლო მეურვეობის სხვა წევრებს — წაგახალისონ. მაგრამ სულიერი გადარჩენისთვის თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ყოველდღიური საზრდო „ღმერთის კეთილი სიტყვით“ (მორონი 6:4).

გამოიყენე ეს რესურსი შენთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით. ამ მონახაზებში აქცენტი კეთდება მოძღვრება და აღთქმებში მოცემულ ზოგიერთ მარადიულ ჭეშმარიტებაზე. ასევე შემოთავაზებულია იდეები და ღონისძიებები, რომლებიც დაგეხმარება წმინდა წერილის ინდივიდუალურად და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად შესწავლაში. სწავლის დროს მიჰყევი სულიწმინდის გაძღოლას, რათა იპოვო შენთვის მნიშვნელოვანი მარადიული ჭეშმარიტებანი. ეძიე ღვთის გზავნილები, რომელიც შენთვისაა განკუთვნილი და მიჰყევი მიღებულ კარნახს.

მასწავლებლები და მოსწავლეები ეკლესიაში

თუ ასწავლი დაწყებითი საზოგადოების კლასს, საკვირაო სკოლის კლასს ახალგაზრდებისთვის ან ზრდასრულთათვის, აარონის მღვდლობის ქვორუმს ან ახალგაზრდა ქალების კლასს, სწავლების მომზადების დროს შეგიძლია გამოიყენო წინამდებარე რესურსში მოცემული მონახაზები. მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის არის შენი საკვირაო გაკვეთილის სასწავლო გეგმა. წინამდებარე რესურსში მოცემული სასწავლო იდეები შექმნილია სახლში და ეკლესიაში სწავლისათვის. როდესაც სწავლებისთვის ემზადები, დაიწყე წმინდა წერილებში საკუთარი გამოცდილების მიღებით. შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მზადება მოხდება მაშინ, როცა წმინდა წერილებს იკვლევ და სულიწმინდისგან პირად შთაგონებას ეძიებ. ასევე შეგიძლია ისწავლო იმ ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებსაც ასწავლი. ეძიე მარადიული ჭეშმარიტებები. მოდი და გამომყევი დაგეხმარება ამოიცნო ზოგიერთი ჭეშმარიტება და გაიგო, როგორ შეიძლება წმინდა წერილების გამოყენება ცხოვრებაში.

გახსოვდეს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, სახარების შესწავლა უნდა ხდებოდეს სახლში, ეკლესიის მხარდაჭერით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენი ძირითადი ვალდებულებაა, მხარი დაუჭირო შენს მოსწავლეებს მათ ძალისხმევაში, სახლში შეისწავლონ სახარება და იცხოვრონ მისი მიხედვით. არ ინერვიულო იმაზე, რომ მათთვის ჩასატარებელი გაკვეთილისთვის უნდა იქონიო უნიკალური შინაარსის მასალა. ამის ნაცვლად, მიეცი მათ საშუალება, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, აზრები და შეკითხვები წმინდა წერილის იმ ნაწყვეტებზე, რომლებიც სახლში წაიკითხეს. მოიწვიე ისინი, გააზიარონ მათ მიერ ნაპოვნი მარადიული ჭეშმარიტება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარკვეული რაოდენობის მასალის გავლა.

საკვირაო სკოლის გაკვეთილები ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საკვირაო სკოლის გაკვეთილებზე ვიკრიბებით, არის ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევება იესო ქრისტეს შეცნობისა და მისი მიყოლის სწრაფვაში. ამის გაკეთების მარტივი გზაა ისეთი კითხვის დასმა, როგორიცაა: „რა გასწავლათ სულიწმინდამ ამ კვირაში, როდესაც წმინდა წერილებს მოდი და გამომყევი-ს მასალასთან ერთად სწავლობდით“? ამ კითხვაზე პასუხებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებიც ამყარებს რწმენას იესო ქრისტესა და მისი სახარების მიმართ.

შემდეგ კი, მოდი და გამომყევი-ში შეთავაზებულ სასწავლო იდეებზე დაყრდნობით, შეგიძლია შესთავაზო დისკუსია. მაგალითად, სწავლის იდეამ შესაძლოა შემოგთავაზოს მოძღვრება და აღთქმები 19:15–20-ს შესწავლა, რათა მოიძიო, როგორ აღწერა ჩვენმა მხსნელმა საკუთარი ტანჯვა. შეგიძლია მოსწავლეებს სთხოვოთ გააზიარონ, რას გრძნობდნენ, როცა მის აღწერას კითხულობდნენ და ისაუბრონ იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ამან მის მიმართ მათ წარმოდგენაზე. ან შეგიძლია გარკვეული დრო დაუთმო ამ მუხლების გაკვეთილზე შესწავლას.

აარონის მღვდლობის ქვორუმები და ახალგაზრდა ქალების კლასები

აარონის მღვდლობის ქვორუმებისა და ახალგაზრდა ქალების კლასების საკვირაო გაკვეთილების მიზანი გარკვეულწილად განსხვავდება საკვირაო სკოლის გაკვეთილებისგან. გარდა იმისა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთს ეხმარებიან იესო ქრისტეს სახარების შესწავლაში, ისინი ასევე იკრიბებიან, რათა ერთად მიიღონ რჩევები ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულების შესახებ (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 1.2), მათი კლასის ან ქვორუმის პრეზიდენტობის მითითებით.

ამ მიზეზით, ქვორუმის ან კლასის ყოველი შეხვედრა უნდა დაიწყოს იმით, რომ ქვორუმის ან კლასის პრეზიდენტობის წევრი წარმართავს დისკუსიას მათი ძალისხმევის შესახებ. მაგალითად, შეუძლიათ იმსჯელონ სახარების მიხედვით ცხოვრებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, საჭიროების მქონე ადამიანებისთვის მსახურებაზე, სახარების გაზიარებაზე ან სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეში მონაწილეობის შესახებ.

ერთობლივი მსჯელობის შემდეგ, ინსტრუქტორი ქვორუმთან ან კლასთან ერთად იწყებს სახარების შესწავლას. სწავლებისათვის შეიძლება დაინიშნონ ზრდასრული ხელმძღვანელები ან კლასისა ან ქვორუმის წევრები. ამ დანიშვნებს ახორციელებს კლასისა ან ქვორუმის პრეზიდენტობა, ზრდასრულ ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ.

სწავლებისთვის დანიშნული პირები უნდა მოემზადონ გაკვეთილისთვის. ამისთვის კი უნდა გამოიყენონ მოდი და გამომყევი-ში მოცემული სასწავლო შემოთავაზებები, რომლებიც მოცემულია მის ყოველკვირეულ მონახაზში. თითოეულ მონახაზში ეს ხატულა სემინარიის ხატულამიუთითებს ღონისძიებაზე, რომელიც განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს და შეესაბამება იმას, რასაც ისინი სემინარიაში სწავლობენ. თუმცა, მონახაზში მოცემული ყველა შეთავაზება შეგიძლია გამოიყენო, როგორც სასწავლო ღონისძიება ახალგაზრდებისთვის.

ქვორუმისა და კლასის შეხვედრების დღის წესრიგის ნიმუში იხილეთ „დ“ დანართში.

დაწყებითი საზოგადოება

დაწყებითი საზოგადოების სწავლებისთვის შენი მომზადება იწყება ინდივიდუალურად და ოჯახთან ერთად წმინდა წერილების შესწავლისას. ამ პროცესში იყავი ღია სულიერი შთაბეჭდილებებისა და სულიწმინდისგან კარნახისთვის შენი დაწყებითი საზოგადოების კლასის ბავშვების შესახებ. მუდამ ილოცე. სულიწმინდას შეუძლია შთაგაგონოს იდეები, რომლებიც დაეხმარება მათ, ისწავლონ იესო ქრისტეს სახარება.

როდესაც სწავლებისთვის ემზადები, შესაძლოა მიიღო დამატებითი შთაგონება წინამდებარე რესურსში მოცემული სწავლების იდეების შესწავლით. რესურსში მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის მოცემულ თითოეულ მონახაზს აქვს განყოფილება სახელწოდებით „იდეები ბავშვების სწავლებისთვის“. მიიღე ეს იდეები როგორც შენი შთაგონების გაღვივების შეთავაზებები. შენ იცნობ დაწყებითი საზოგადოების კლასის ბავშვებს და კიდევ უფრო უკეთ გაიცნობ მათ გაკვეთილზე ინტერაქციის საშუალებით. მათ ღმერთიც იცნობს და ის შთაგაგონებს მათი სწავლებისა და დალოცვის საუკეთესო ხერხით.

შენი კლასის მოსწავლეებს შეიძლება ოჯახთან ერთად შესრულებული ჰქონდეთ მოდი და გამომყევი -ში მოცემული ზოგიერთი ღონისძიება. არა უშავს. გამეორება კარგია. წაახალისე ბავშვები, ერთმანეთს გაუზიარონ სახლში ნასწავლი. შენ ასევე უნდა დაგეგმო ბავშვების მონაწილეობის გზები, მაშინაც კი, თუ ისინი სახლში არ სწავლობენ. ბავშვები უფრო ეფექტურად სწავლობენ სახარების ჭეშმარიტებებს, როდესაც ეს ჭეშმარიტებები მრავალჯერ ისწავლება სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. როცა ამჩნევ, რომ სასწავლო აქტივობა ეფექტურია ბავშვებისთვის, იფიქრე ამ აქტივობის გამეორებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედარებით პატარებს ასწავლით.

თვეებში, რომლებიც ხუთი კვირადღისგან შედგება, მასწავლებლებს ურჩევენ, შეცვალონ მეხუთე კვირას მოდი და გამომყევი -ში მოცემული მონახაზი ერთი ან მეტი სასწავლო ღონისძიებით, რომელიც მოცემულია აქ: „„ბ“ დანართი: დაწყებითი საზოგადოებისთვის — მოვამზადოთ ბავშვები, მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ“.