უფლის სიბრძნე იყო იმაში, რომ მორმონის წიგნი გვქონოდა
ჩემი ლოცვაა, რომ მორმონის წიგნის წაკითხვა ამ წელს იყოს სიხარულის მომნიჭებელი და კურთხევა თითოეული ჩვენგანისთვის.
ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის, რომ მოდი და გამომყევი-სთან ერთად წმინდა წერილს კითხულობთ. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. თქვენს ყოველდღიურ კავშირს ღმერთთან და მის სიტყვასთან აქვს დიდი შედეგები. თქვენ „საფუძველს უყრით დიად საქმეს. და პატარა საქმეებით ხორციელდება ის, რაც არის დიადი“.
წმინდა წერილებში მხსნელის სწავლებების კითხვა გვეხმარება გადავაქციოთ ჩვენი სახლები რწმენის წმინდა ადგილებად და სახარების შესწავლის ცენტრებად. ეს სულიწმიდის მოპატიჟებაა ჩვენს სახლებში. სულიწმინდა აღავსებს ჩვენს სულებს სიხარულით და გვაქცევს იესო ქრისტეს მუდმივ მოწაფეებად.
ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წმინდა წერილების კითხვისას ჩვენ ვაკვირდებოდით ღვთის სწავლებების პანორამას სახარების ყველა მთავარ წყობაში.
ყველა წყობაში ჩვენ ვხედავთ ნაცნობ ნიმუშს. ღმერთი აღადგენს ან ავლენს იესო ქრისტეს სახარებას თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით. ხალხი მიჰყვება წინასწარმეტყველებს და იღებს დიდებულ კურთხევებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ზოგიერთი ადამიანი წყვეტს წინასწარმეტყველთა სიტყვების მოსმენას და განეშორება უფალსა და მის სახარებას. ამას ჩვენ განდგომას ვუწოდებთ. სახარება პირველად ადამს გამოეცხადა, მაგრამ ადამისა და ევას ზოგიერთი შვილი განუდგა უფალს. ჩვენ ვხედავთ აღდგენისა და განდგომის ნიმუშს, რომელიც მეორდება ენოქის, ნოეს, აბრაამის, მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა წყობაში.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჟამთა სისრულის წყობაში. ეს არის ერთადერთი წყობა, რომელიც არ დასრულდება განდგომით. სწორედ ეს წყობა გამოიწვევს მაცხოვრის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და მის ათასწლოვან მეფობას.
რით განსხვავდება ეს დარიგება? რა მოგვცა უფალმა დღეს, განსაკუთრებით ჩვენი დროისთვის, რაც დაგვეხმარება მივუახლოვდეთ მაცხოვარს და არასოდეს მივატოვოთ იგი?
ერთი პასუხი, რომელიც მახსენდება, არის წმინდა წერილები - განსაკუთრებით მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი დაგვპირდა, რომ აღარასოდეს იქნება სხვა ზოგადი განდგომა, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ფრთხილად, რათა თავიდან ავიცილოთ პირადი განდგომა— როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ჩვენს ინდივიდუალურ სულიერ ზრდაზე“. მორმონის წიგნის შესწავლა, როგორც ამას ვაკეთებთ წელს, ყოველთვის გვაახლოებს მხსნელთან და გვეხმარება მასთან ახლოს ყოფნაში.
ჩვენ ამას „სწავლას“ ვუწოდებთ და ეს კარგია, რადგან აღნიშნული ძალისხმევას გულისხმობს. მაგრამ ყოველთვის არ გვჭირდება რაიმე ახალი ფაქტის შესწავლა. ხანდახან მორმონის წიგნის კითხვა მხოლოდ ღმერთთან კავშირის შეგრძნებას ნიშნავს - სულის კვებას, სულიერად გაძლიერებას სამყაროსთან შეხვედრამდე ან განკურნების პოვნას სამყაროში გატარებული მძიმე დღის შემდეგ .
ჩვენ ვსწავლობთ წმინდა წერილებს, რათა სულიწმიდამ, დიდმა მასწავლებელმა, გააღრმაოს ჩვენი მოქცევა მამაზეციერსა და იესო ქრისტეზე და დაგვეხმაროს, უფრო მეტად დავემსგავსოთ მას.
ამ აზრების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ: „რა გვასწავლა სულიწმინდამ ამ კვირაში მორმონის წიგნის შესწავლისას? და „როგორ გვაახლოებს ეს მაცხოვართან?“
ეს კარგი კითხვებია წმინდა წერილების სახლში შესასწავლად. ეს ასევე შესანიშნავი კითხვებია ეკლესიაში საკვირაო სკოლის გაკვეთილის დასაწყებად. კვირის განმავლობაში სახლში სწავლის გაუმჯობესებით ჩვენ კვირაობით ეკლესიაში სწავლებას ვაუმჯობესებთ. ამგვარად, ჩვენს საკვირაო გაკვეთილებზე „ვინც ქადაგებს და იღებს, ერთმანეთის ესმით და ორივე ნათლდებიან და ერთად ხარობენ“.
ამ კვირაში მორმონის წიგნის შესწავლისას, სულიწმინდამ რამდენიმე მუხლი გონებაში ჩამიბეჭდა:
-
ნეფიმ დაავალა იაკობს, „შე[ენახა] ეს ფირფიტები და გადა[ეცა] ისინი … თაობიდან თაობაზე. და თუ იქნებოდა წმინდა ქადაგება, ან დიდი გამოცხადება, ან წინასწარმეტყველება“, იაკობს ეს უნდა „ამო[ეტვიფრა] ამ ფირფიტების მთავარ ნაწილზე … [მათი] ხალხისთვის“.
-
მოგვიანებით იაკობმა დაამოწმა: „ჩვენ შევისწავლით [წმინდა წერილებს], … და გვაქვს რა, ყველა ეს მოწმობა, ვიღებთ იმედს და ჩვენი რწმენა ხდება ურყევი“.
ამ მუხლებმა გამახსენა ის, რაც ნეფიმ ამის წინ თქვა სპილენძის ფირფიტების შესახებ:
„და ჩვენ მივიღეთ ჩანაწერები … და შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი იყო … ჩვენთვის ძალიან ძვირფასიც, რამეთუ შეგვეძლო ჩვენი შვილებისთვის უფლის მცნებების შენარჩუნება.
„ამიტომაც, უფლის სიბრძნე იყო იმაში, რომ ჩვენ ისინი თან გვეტარებინა უდაბნოში აღთქმული მიწისაკენ მოგზაურობისას“.
თუ ლეხისა და მისი ოჯახისთვის სიბრძნე იყო წმინდა წერილების ქონა, დღეს ეს ჩვენთვის ასევე სიბრძნეს წარმოადგენს. წმინდა წერილების დიდი ღირებულება და სულიერი ძალა დღესაც იგივე რჩება ჩვენს ცხოვრებაში.
ისტორიაში არასოდეს ყოფილა ხალხი, რომელსაც წვდომა ჰქონდა მორმონის წიგნსა და სხვა წმინდა წერილზე, რომლებითაც ჩვენ დღეს ვტკბებით. დიახ, ლეხი და მისი ოჯახი კურთხეულნი იყვნენ, რომ თან ატარებდნენ სპილენძის ფირფიტებს, მაგრამ მათ ყოველი კარვისთვის არ ჰქონდათ მათი ასლი! მორმონის წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზემპლარი ჩვენი პირადი ეგზემპლარია. ეს ის ეგზემპლარია, რომელსაც ვკითხულობთ.
სიცოცხლის ხის შესახებ ლეხის ხილვაში ლეხიმ გვასწავლა ღვთის სიყვარულის პირადი გამოცდილების მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ლეხიმ ნაყოფი მიირთვა, მან დაინახა თავისი ცოლი, სარია, და ვაჟები - ნეფი და სემი, ცოტა მოშორებით მდგომნი.
„და იდგნენ ისინი, თითქოს არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ.
„… მოვუხმე მათ, - თქვა ლეხიმ, - „და ვუთხარი ხმამაღლა , რომ მოსულიყვნენ ჩემთან და ეგემათ ნაყოფი, რომელიც იყო ყველა სხვა ნაყოფზე უფრო მეტად სანატრელი.
„და … ისინი მოვიდნენ ჩემთან და ასევე იგემეს ნაყოფი“.
მე მიყვარს ლეხის მიზანმიმართული აღზრდის მაგალითი. სარია, ნეფი და სემი კარგად ცხოვრობდნენ, მართალი ცხოვრებით. მაგრამ უფალს ჰქონდა რაღაც უკეთესი, რაღაც უფრო ტკბილი მათთვის. მათ არ იცოდნენ, სად ეპოვათ ეს, მაგრამ ლეხიმ იცოდა. ამგვარად, მან მოუხმო მათ, „ხმამაღლა“, მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთან და მიერთვათ ნაყოფი. მისი მითითება იყო გასაგები. აქ გაუგებრობას არ უნდა ჰქონოდა ადგილი.
მე ვარ მსგავსი სახის მიზანმიმართული აღზრდის შედეგი. ბავშვობაში, შესაძლოა 11 ან 12 წლის ასაკში, დედამ მკითხა: „მარკ, შენ თუ იცი სულიწმიდისგან, რომ სახარება ჭეშმარიტია?
დედის შეკითხვამ გამაოცა. ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი „კარგი ბიჭი“ და ვფიქრობდი, რომ ეს საკმარისი იყო. მაგრამ დედაჩემმა, ლეხის მსგავსად, იცოდა, რომ რაღაც მეტი იყო საჭირო. უნდა მემოქმედა და ჩემთვის მცოდნოდა.
მე ვუპასუხე, რომ ჯერ არ მქონია ამის გამოცდილება. დედაჩემს ჩემი პასუხი საერთოდ არ გაჰკვირვებია.
შემდეგ მან ისეთი რამ მითხრა, რაც არასდროს დამავიწყდება: მისი სიტყვები დღემდე მახსოვს: „მამაზეციერს სურს, რომ შენ თავად გაიგო. მაგრამ ამისთვის ძალისხმევაა საჭირო. შენ უნდა წაიკითხო მორმონის წიგნი და ილოცო, რათა სულიწმინდის მეშვეობით გაიგო ეს. მამაზეციერი უპასუხებს შენს ლოცვებს“.
მე მორმონის წიგნი მაშინ არ მქონდა წაკითხული. ვფიქრობდი, ჯერ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ეს წიგნი წამეკითხა. მაგრამ დედაჩემმა უკეთ იცოდა.
მისმა კითხვამ ჩემში გააღვიძა საკუთარი თავის შეცნობის სურვილი.
ასე რომ, ყოველ ღამე, საძინებელში, სადაც ორ ძმასთან ერთად ვიძინებდი, ვანთებდი შუქს ჩემი საწოლის თავზე და ვკითხულობდი მორმონის წიგნის ერთ თავს. შემდეგ, შუქს ვაქრობდი, ლოგინიდან ვდგებოდი, მუხლებზე ვეცემოდი და ვლოცულობდი. ასე გულწრფელად და ასეთი დიდი სურვილით იქამდე არასოდეს მილოცია. მე ვთხოვე მამაზეციერს, დამხმარებოდა გამეგო მორმონის წიგნის ჭეშმარიტების შესახებ.
მას შემდეგ, რაც დავიწყე მორმონის წიგნის კითხვა ვგრძნობდი, რომ მამაზეციერმა იცოდა ჩემი ძალისხმევა. მე ვგრძნობდი, რომ ღმერთისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. როცა ვკითხულობდი და ვლოცულობდი, მანუგეშებელი, მშვიდი გრძნობები მეუფლებოდა. თავიდან თავამდე კითხვისას, რწმენის სინათლე სულ უფრო და უფრო მინათებდა სულს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს გრძნობები იყო სულიწმინდის მიერ ჭეშმარიტების დადასტურება. მე ჩემთვის გავიგე, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია და რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი. რაოდენ მადლიერი ვარ დედაჩემის შთაგონებული მოწვევისთის.
მორმონის წიგნის ბავშვობაში წაკითხვის ამ გამოცდილებამ, საფუძველი ჩაუყარა წმინდა წერილების შესწავლას, რაც დღემდე მაკურთხებს. მე დღესაც ვკითხულობ მორმონის წიგნს და მუხლმოდრეკილი ვლოცულობ. და სულიწმინდა აგრძელებს მისი ჭეშმარიტების დადასტურებას.
ნეფიმ სწორად თქვა. უფლის სიბრძნეა იმაში, რომ მთელი ცხოვრება თან უნდა ვატაროთ წმინდა წერილები. მორმონის წიგნი არის „ქვაკუთხედი“, რომელიც განასხვავებს ამ წყობას ყველა წინა წყობისგან. როდესაც ჩვენ მორმონის წიგნს ვსწავლობთ და ცოცხალ წინასწარმეტყველს მივყვებით, არანაირი პირადი განდგომა არ გვემუქრება ცხოვრებაში.
მოწვევა - მიხვიდე სიცოცხლის ხესთან ღვთის სიტყვაზე მტკიცედ ჩაჭიდებით, არ არის უბრალოდ ლეხის მოწვევა თავის ოჯახს, და ეს არ არის მხოლოდ დედაჩემის მოწვევა - წავიკითხო და ვილოცო მორმონის წიგნის შესახებ. ეს ასევე არის ჩვენი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწვევა, თითოეულ ჩვენგანს.
„გპირდებით, თუ მორმონის წიგნს ლოცვის თანხლებით ყოველდღეშეისწავლით, თქვენყოველდღეუკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მე გპირდებით, რომ როცა ღრმად დაფიქრდებით იმაზე, რასაც სწავლობთ, ცის საქანელნი გაიხსნება და თქვენ მიიღებთ კითხვებზე პასუხებს და მითითებებს საკუთარი ცხოვრებისთვის“.
ჩემი ლოცვაა, რომ მორმონის წიგნის წაკითხვა ამ წელს იყოს სიხარულის მომნიჭებელი და კურთხევა თითოეული ჩვენგანისთვის და კიდევ უფრო დაგვაახლოოს მაცხოვართან.
მამაზეციერი ცოცხალია. იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. მორმონის წიგნი შეიცავს უფლის სიტყვებს და გადმოსცემს მის სიყვარულს. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი დღეს უფლის ცოცხალი წინასწარმეტყველია დედამიწაზე. სულიწმინდის დამადასტურებელი მოწმობიდან ვიცი, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტია. მე ეს დასტური პირველად ბავშვობაში, მორმონის წიგნის კითხვისას, მივიღე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.