ნაყოფი რომელიც რჩება
თუ გვსურს, მივიღოთ დაპირებული კურთხევები მარადისობისთვის და გავხდეთ ნაყოფი, რომელიც რჩება, აუცილებელია, სულიწმიდამ ჩაბეჭდოს ჩვენი წეს-ჩვეულებები.
ბავშვობაში, ახალი და მწიფე ატმები მიყვარდა. დღემდე, იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვკბეჩ ქორფა, მწიფე ატამს, მკვეთრი გემოთი - ნერწყვი მადგება პირზე. როდესაც სრულად მომწიფებულ ატმებს კრეფენ, ნაყოფი ორიდან ოთხ დღემდე არ ფუჭდება. ტკბილი მოგონებები დამრჩა, თუ როგორ ვსაქმიანობდი ჩვენს სამზარეულოში დედაჩემთან და დედმამიშვილებთან ერთად - დაკრეფილ ატამს შესანახად ვამზადებდით და მომავალი ზამთრისთვის ქილებში ვხუფავდით. ატმის სწორად შენახვის შემთხვევაში, ეს გემრიელი ხილი რამდენიმე წელი ინახება და არა მხოლოდ ორი-ოთხი დღე. თუ ატამი სწორად მომზადებული და თერმულად დამუშავებულია, ხილი ხუფის მოხსნამდე ინახება.
ქრისტემ გვიბრძანა: „რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს“. მაგრამ იგი ატმებს არ გულისხმობდა. ის საუბრობდა ღვთის მიერ თავისი შვილების კურთხევებზე. თუ ჩვენ ვდებთ და ვასრულებთ აღთქმებს ღმერთთან, ჩვენს აღთქმებთან დაკავშირებული კურთხევები შეიძლება გავრცელდეს ამ სიცოცხლის მიღმა და ჩაიბეჭდოს ჩვენზედ ანუ შეინახოს, მარადის.
სულიწმინდა, თავის ღვთიურ როლში, როგორც აღთქმის სული, ჩაბეჭდავს თითოეულ წეს-ჩვეულებას მათზე, ვინც აღთქმების ერთგულია, რათა ისინი მიწიერი ცხოვრების შემდეგაც ძალაში იყოს. თუ გვსურს, მივიღოთ დაპირებული კურთხევები მარადისობისთვის და გავხდეთ ნაყოფი, რომელიც რჩება, აუცილებელია სულიწმიდამ ჩაბეჭდოს ჩვენი წეს-ჩვეულებები.
აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ გვსურს, ავმაღლდეთ. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ჩვენ უნდა დავიწყოთ შედეგის დასახვით გონებაში. … რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის „შედეგი“, რომლის მიღწევაც ყველაზე მეტად გვსურს, არის მარადიული ცხოვრება ჩვენს ოჯახებთან ერთად, ამაღლებულ მდგომარეობაში, სადაც წარვდგებით ღმერთის, ჩვენი ზეციერი მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, წინაშე“. პრეზიდენტმა ნელსონმა ასევე თქვა: „ცელესტიალური ქორწინება მარადიული სიცოცხლისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია, ის მოითხოვს, რომ ადამიანი დაქორწინდეს სწორ ადამიანზე, სწორ ადგილას, სწორი მსოფლმხედველობით და ერთგულად დაემორჩილოს ამ წმინდა აღთქმას. მაშინ, ადამიანი შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ ამაღლდება ღვთის ცელესტიალურ სასუფეველში“.
რას ნიშნავს ამაღლების კურთხევები? ისინი მოიცავს ღვთის გარეოცვაში მარადიულ ცხოვრებას ერთად, როგორც ცოლ-ქმარი, რათა დაიმკვიდრონ „ტახტ[ი], სამეფოებ[ი], სამთავროებ[ი] და ძალაუფლებ[ ა], … გამრავლება შთამომავლობებისა უკუნითი უკუნისამდე“ და ყველაფრის მიღება, რაც აქვს მამა ღმერთს.
უფალმა, ჯოზეფ სმითის საშუალებით, განაცხადა:
„ცელესტიალურ ბრწყინვალებაში არის სამი წოდების სასუფეველი ანუ სავანე;
„და უმაღლესი სასუფევლის მისაღწევად ადამიანმა უნდა მიიღოს მღვდლობის ეს წესი [იგულისხმება ახალი და მარადიული ქორწინების აღთქმა];
„თუ იგი ამას არ იზამს, ამას ვერ მიიღებს.
„მას შეუძლია, შევიდეს სხვაგან, მაგრამ ეს იქნება მისი სასუფევლის დასასრული; მას არ ექნება ზრდა“.
ჩვენ აქ ვსწავლობთ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ცელესტიალურ სასუფეველში ან ცხოვრობდეს ღმერთთან და იყოს დასაოჯახებელი. მაგრამ ცელესტიალური სასუფევლის უმაღლეს სავანეში ამაღლებისთვის ადამიანი უნდა დაქორწინდეს სათანადო უფლებამოსილებით და შემდეგ ერთგული იყოს ამ ქორწინებაში დადებული აღთქმებისა. რადგან ჩვენ ამ აღთქმების ერთგული ვართ, აღთქმის სულს შეუძლია ჩვენი ქორწინების აღთქმის ჩაბეჭდვა. ასეთი ჩაბეჭდილი კურთხევები გარდაიქმნება „ნაყოფად, რომელიც რჩება“.
რა არის საჭირო ქორწინების ახალი და მარადიული აღთქმის ერთგულობისთვის?
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ არსებობს ორი სახის კავშირი, როდესაც ჩვენ ვდებთ ამ მარადიულ საქორწინო აღთქმას: ჰორიზონტაური კავშირი ცოლ-ქმარს შორის და ვერტიკალური კავშირი ღმერთთან. იმისათვის, რომ ამაღლების კურთხევები ჩაიბეჭდოს ჩვენთან და დარჩეს ამ ცხოვრების შემდეგაც, ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური კავშირის ერთგულნი.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ჰორიზონტალური კავშირი თქვენს მეუღლესთან, ღმერთმა გვირჩია, „გიყვარდეს [შენი] ცოლი [ან ქმარი] მთელი გულით და ეკრებოდე მას და მეტს არავის“. მათთვის, ვინც დაქორწინებულია, ეკრობოდე მას და სხვას არავის ნიშნავს, რომ ერთმანეთთან თათბირობთ სიყვარულში, გიყვართ ერთმანეთი და ზრუნავთ ერთმანეთზე, უპირატესობას ანიჭებთ მეუღლის გვერდით გატარებულ დროს და შეჰღაღადებთ ღმერთს, დაგეხმაროთ თქვენი სისუსტეების დაძლევაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ემოციური ან სექსუალური ურთიერთობა თქვენი ქორწინების გარეთ, ფლირტის ან გაცნობის ჩათვლით, და არ არსებობს პორნოგრაფია, რომელიც იწვევს ვნებას.
აღთქმის ჰორიზონტალური კავშირის შესანარჩუნებლად, თითოეულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს ქორწინებაში ყოფნის სურვილი. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ცოტა ხნის წინ გვასწავლა: „ჩვენ ასევე ვიცით, რომ ის [ღმერთი] არავის აიძულებს ჩაბეჭდილ ურთიერთობას პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ. ჩაბეჭდილი ურთიერთობის კურთხევებს იღებენ ისინი, ვინც იცავენ აღთქმებს, მაგრამ ამას არასდროს აიძულებენ პიროვნებას, რომელიც არ არის ამის ღირსი ან არ აქვს ამის სურვილი“.
რა არის ის ვერტიკალური კავშირი, რომელზეც პრეზიდენტი ნელსონი მიუთითებს? ვერტიკალური კავშირი არის ის, რასაც ღმერთთან ვქმნით.
ღმერთთან ვერტიკალური კავშირის შესანარჩუნებლად, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულნი სატაძრო აღთქმებისა, რომლებიც დავდეთ მორჩილების, მსხვერპლშეწირვის, სახარების, უბიწობისა და მიძღვნის კანონებთან მიმართებით. ჩვენ ასევე ვდებთ ღმერთთან აღთქმას, რომ მივიღებთ ჩვენს მარადიულ თანამგზავრს და ვიქნებით სამართლიანი მეუღლე და მშობელი. ვერტიკალური კავშირის შენარჩუნებით, ჩვენ გვენიჭება კურთხევა, ვიყოთ ღვთის ოჯახის ნაწილი აბრაამის აღთქმის მეშვეობით, მათ შორის შთამომავლობის, სახარების და მღვდლობის კურთხევების. ეს კურთხევები ასევე არის ნაყოფი, რომელიც რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც დადებს ახალ და მარადიულ აღთქმას, დარჩება ერთგული და ექნებათ სამარადისოდ ჩაბეჭდილი კურთხევები, ზოგჯერ ეს იდეალი მიუწვდომელი გვეჩვენება. მთელი ჩემი მსახურების განმავლობაში, შევხვედრივარ წევრებს, რომლებიც დებენ და იცავენ აღთქმებს, მათი მეუღლეები კი - არა. არიან ისევე დასაოჯახებლებიც, რომლებსაც მიწიერ ცხოვრებაში დაქორწინების საშუალება არ ჰქონიათ. და არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან ერთგულნი თავიანთი ქორწინების აღთქმებისა. რა ემართებათ ადამიანებს თითოეულ მსგავს გარემოებაში?
-
თუ დარჩებით იმ აღთქმების ერთგული, რომლებიც დადეთ შემოსვისას, მიიღებთ პირად დალოცვებს, რომლებიც დაპირებული გაქვთ შემოსვის დროს, მაშინაც კი, თუ თქვენმა მეუღლემ დაარღვია თავისი აღთქმები ან ქორწინება. თუ თქვენ ჩაბეჭდილი იყავით და მოგვიანებით განქორწინდით და თუ თქვენი ჩაბეჭდვა არ გაუქმდა, ამ ჩაბეჭდვის პირადი დალოცვა ძალაში რჩება თქვენთვის იმ შემთხვევაში, თუ ერთგულებას შეინარჩუნებთ.
ზოგჯერ, ღალატისა და ნამდვილი გულისტკენის გამო, ერთგულ მეუღლეს შეიძლება მოესურვოს მოღალატე მეუღლესთან ჩაბეჭდვის გაუქმება, რათა რაც შეიძლება შორს იყოს მისგან როგორც დედამიწაზე, ასევე მარადისობაში. თუ გაწუხებთ, რომ კავშირი გექნებათ მოუნანიებელ ყოფილ მეუღლესთან, გახსოვდეთ: არ გექნებათ! ღმერთი არავის მოსთხოვს, დარჩეს ჩაბეჭდილ ურთიერთობაში სამარადისოდ, პიროვნების ნების წინააღმდეგ. მამაზეციერი უზრუნველყოფს, მივიღოთ ყველა კურთხევა, რასაც ჩვენი სურვილები და არჩევანი იძლევა.
თუმცა, თუ ჩაბეჭდვის გაუქმების სურვილი მაინც არსებობს, თქვენ გაქვთ არჩევანის თავისუფლება. შესაძლებელია გარკვეული პროცედურების შესრულება. მაგრამ ეს არ უნდა შესრულდეს ზედაპირულად! პირველი პრეზიდენტობა ფლობს დედამიწაზე და ზეცაში შეკვრის გასაღებებს. მას შემდეგ, რაც პირველი პრეზიდენტობა დაუშვებს ჩაბეჭდვის გაუქმებას, ამ ჩაბეჭდვასთან დაკავშირებული კურთხევები აღარ იქნება ძალაში; ისინი გაუქმებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამაღლების კურთხევის მისაღებად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ დავდოთ და ერთგულად დავიცვათ ეს ახალი და მარადიული აღთქმა, ამ ცხოვრებაში ან იმაში, რომელიც გველის.
-
ეკლესიის დასაოჯახებელ წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ „უფლის ნებისა და დროის მიხედვით, მის ერთგულ წმინდანებს კურთხევა არ მოაკლდებათ. უფალი განსჯის და აკურთხებს თითოეულ ინდივიდს გულწრფელი სურვილებისა და საქმის მიხედვით“.
-
თუ არ დარჩებით ტაძრის აღთქმების ერთგული, არის თუ არა რაიმე იმედი? დიახ! იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იმედის სახარებაა. ეს იმედი მოდის იესო ქრისტეს მეშვეობით, გულწრფელი მონანიებითა და ქრისტეს სწავლებებისადმი მორჩილებით. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც უდიდეს შეცდომებს უშვებენ, არღვევენ რა წმინდა აღთქმებს. რეგულარულად ვხედავ მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს, ეპატიება და უბრუნდება აღთქმის გზას. თუ თქვენ დაარღვიეთ თქვენი სატაძრო აღთქმები, მე მოგიწოდებთ, მიუბრუნდეთ იესო ქრისტეს, დარიგებებისთვის მიმართოთ თქვენს ეპისკოპოსს, მოინანიოთ და გახსნათ თქვენი სული ძლევამოსილი სამკურნალო ძალისთვის, რომელიც იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით არის ხელმისაწვდომი.
ძმებო და დებო, ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა მოგვცა აღთქმები, რათა ჩვენ გვქონდეს წვდომა ყველაფერზე, რაც მან მოამზადა ჩვენთვის. ღვთის ეს წმინდა კურთხევები უფრო საამურია, ვიდრე ნებისმიერი მიწიერი ნაყოფი. ისინი ჩვენთვის სამარადისოდ შეინახება და გახდება ნაყოფი, რომელიც რჩება, თუკი ჩვენ აღთქმების ერთგული ვართ.
მე ვმოწმობ, რომ ღმერთმა აღადგინა დედამიწაზე უფლებაოსილება, შეკრას დედამიწაზე და ზეცაში. აღნიშნული უფლებამოსილება არსებობს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. მას ატარებს პირველი პრეზიდენტობა და თორმეტთა ქვორუმი და ის გამოიყენება პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ხელმძღვანელობით. მათ, ვინც დადებენ ქორწინების ახალ და მარადიულ აღთქმას და დაიცავენ მას, შეუძლიათ გახდნენ უფრო სრულყოფილები და საბოლოო ჯამში მიიღონ მამა ღმერთის დიდებულების სისავსე, განურჩევლად გარემოებებისა, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება.
ეს დაპირებული კურთხევები, რომლებიც ეხება ჩვენს აღთქმებს, შეიძლება ჩაიბეჭდოს ჩვენზე აღთქმის სულით და გახდეს „ნაყოფი, რომელიც რჩება“ უკუნითი უკუნისამდე. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.