2020–2024
შეიმოსეთ უფალი ქრისტე
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:56

შეიმოსეთ უფალი ქრისტე

ჩვენი აღთქმების პატივისცემით ჩვენ ვაძლევთ ღმერთს შესაძლებლობას, გადმოღვაროს ჩვენზედ ამ აღთქმებთან დაკავშირებული უამრავი დაპირებული კურთხევა.

როდესაც ჩემი ორი უმცროსი შვილი იზრდებოდა, აღმოვაჩინე წიგნები, რომლებიც გასართობი და მიმზიდველი იყო, თანაც მათ ისტორიებში სიმბოლიზმი იყო გამოყენებული. როცა საღამოობით ერთად ვკითხულობდით, სიამოვნებით ვეხმარებოდი შვილებს, გარკვეულიყვნენ სიმბოლიზმში, რომელსაც ავტორი იყენებდა უფრო ღრმა პრინციპების სასწავლებლად, სახარების პრინციპებისაც კი.

ერთ მშვენიერ დღეს (ჩემი უმცროსი ვაჟი მაშინ მოზარდი იყო) დავრწმუნდი, რომ ამან შედეგი გამოიღო. მან ახალი წიგნის წაკითხვა დაიწყო და უნდოდა ისტორიით დამტკბარიყო, მაგრამ მისი გონება ცდილობდა, წაკითხულში უფრო ღრმა მნიშვნელობა აღმოეჩინა. ის იმედგაცრუებული იყო, მე კი შინაგანად მეღიმებოდა.

იესო ასწავლიდა მოთხრობებითა და სიმბოლოებით- მდოგვის მარცვალი რწმენის ძალის შესახებ სასწავლებლად, დაკარგული ცხვარი სულების ფასეულობის სასწავლებლად, უძღები შვილი ღმერთის ხასიათის სასწავლებლად. მისი იგავები იყო სიმბოლოები, რომლების მეშვეობითაც იგი უფრო ღრმად ასწავლიდა გაკვეთილებს მათ, ვისაც „ყურები აქვს, [რომ] ისმინოს“. მაგრამ ისინი, ვინც არ ეძებენ უფრო ღრმა მნიშვნელობას, ვერ გაიგებენ, ისევე როგორც მრავალმა მათგანმა, ვინც კითხულობდა იმავე წიგნებს, რომლებსაც მე ვუკითხავდი ჩემს შვილებს, ვერ გაიგეს, რომ იქ უფრო ღრმა მნიშვნელობა იყო და კიდევ ბევრი რამ, რაც იმ ისტორიებიდან უნდა აღმოეჩინათ.

როდესაც მამა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენთვის მსხვერპლად შესწირა, თავად იესო ქრისტე გახდა ჩვენი ზეციერი მამის თითოეული ჩვენგანისადმი უკვდავი სიყვარულის უზენაესი სიმბოლო. იესო ქრისტე ღვთის კრავი გახდა.

ჩვენ გვაქვს პრივილეგია და კურთხევა, მოწვეულ ვიქნეთ ღმერთთან აღთქმის ურთიერთობაში, რომელშიც ჩვენი ცხოვრება შეიძლება გახდეს ამ აღთქმის სიმბოლო. აღთქმა ქმნის ისეთ ურთიერთობას, რომელიც საშუალებას აძლევს ღმერთს ჩამოგვაყალიბოს და შეგვცვალოს დროთა განმავლობაში და აგვამაღლოს, რათა უფრო დავემსგავსოთ მხსნელს, უფრო და უფრო დაგვაახლოვოს მასთან და ჩვენს მამასთან და საბოლოოდ მოგვამზადოს მათ გარემოცვაში წარსადგენად.

ყოველი ადამიანი დედამიწაზე არის ღვთის საყვარელი ძე ან ასული. როცა ვირჩევთ გავხდეთ მისი აღთქმის ნაწილი, ეს აუმჯობესებს და აღრმავებს ჩვენს ურთიერთობას მასთან. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ როდესაც ჩვენ ვირჩევთ ღმერთთან აღთქმის დადებას, ჩვენი ურთიერთობა მასთან შეიძლება გახდეს ბევრად უფრო მჭიდრო, ვიდრე ის ჩვენს აღთქმამდე იყო და ეს საშუალებას აძლევს მას, გვაკურთხოს თავისი წყალობის და სიყვარულის დამატებითი საზომით, აღთქმის იმ სიყვარულით, რომელიც ებრაულ ენაზე მოიხსენიება როგორც ჰესედი . აღთქმის გზა მთლიანად უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან - ჩვენს ჰესედ ურთიერთობას მასთან.

ჩვენს მამაზეციერს სურს უფრო ღრმა ურთიერთობა თავის შვილებთან, თუმცა არჩევანი ჩვენზეა. როდესაც ჩვენ ვირჩევთ, მივუახლოვდეთ მას აღთქმის ურთიერთობის მეშვეობით, ეს საშუალებას აძლევს მას, მოგვიახლოვდეს და უფრო მეტად დაგვლოცოს.

აღთქმის პირობებსა და ვალდებულებებს ღმერთი ადგენს. როდესაც ჩვენ ვირჩევთ ამ ურთიერთობაში შესვლას, ჩვენ, ყოველი აღთქმის სიმბოლური ქმედებებით, ვმოწმობთ მისთვის, რომ მზად ვართ დავემორჩილოთ მის მიერ დადგენილ პირობებს. ჩვენი აღთქმების პატივისცემით ჩვენ ვაძლევთ ღმერთს შესაძლებლობას, გადმოღვაროს ჩვენზედ ამ აღთქმებთან დაკავშირებული უამრავი დაპირებული კურთხევა, მათ შორის გაზრდილი ძალა იმისთვის, რომ შევიცვალოთ და უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მხსნელს. იესო ქრისტე არის ჩვენ მიერ დადებული აღთქმების შუაგული, აღთქმის კურთხევები კი შესაძლებელი ხდება უფლის გამომსყიდველი მსხვერპლის გამო.

წყალში სრული ჩაძირვით ნათლობა არის ის სიმბოლური კარი, რომელშიც ღმერთთან აღთქმის დასადებად შევდივართ. წყალში ჩაძირვა და ხელახლა ამოსვლა არის მაცხოვრის სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლო. ნათლობისას, ჩვენ სიმბოლურად ვკვდებით, ხელახლა ვიბადებით ქრისტეს ოჯახში და ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ, ავიღოთ საკუთარ თავზე უფლის სახელი. ჩვენ თავად განვასახიერებთ აღთქმის ამ სიმბოლიზმს. ახალ აღთქმაში ვკითხულობთ: „ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით“. ნათლობით ჩვენ სიმბოლურად ქრისტეში შევიმოსებით.

ზიარების წეს-ჩვეულება ასევე მიგვითითებს მხსნელზე. პური და წყალი არის სიმბოლოები ქრისტეს სხეულისა და სისხლისა, ჩვენთვის რომ დაიღვარა. ყოველ კვირას ჩვენ სიმბოლურად გვთავაზობენ გამოსყიდვის მის ძღვენს, როცა მღვდლობის მატარებელი პირი, რომელიც მხსნელს წარადგენს, პურსა და წყალს გვთავაზობს. როცა ჩვენ მისი სხეულისა და სისხლის სიმბოლოების მიღების მოქმედებას განვახორციელებთ, ქრისტე, ასევე სიბოლურად, ჩვენი ნაწილი ხდება. ყოველ კვირას, ახალი აღთქმის დადებისას, ჩვენ ისევ შევიმოსებით ქრისტეთი.

უფლის სახლში ღმერთთან აღთქმების დადებით ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ მასთან ურთიერთობას. ყველაფერი, რასაც ტაძარში ვაკეთებთ, მიგვითითებს მამაზეციერის გეგმაზე, რომლის შუაგული მხსნელი და მისი გამომსყიდველი მსხვერპლია. უფალი გვასწავლის ხაზი ხაზზე წეს-ჩვეულებების სიმბოლიზმისა და აღთქმების მეშვეობით, როცა ჩვენ ვუხსნით მას გულს და ლოცვით ვეძიებთ უფრო ღრმა მნიშვნელობის წვდომას.

სატაძრო შემოსვის ნაწილია ის, რომ ჩვენ წმინდა მღვდლობის სამოსელის ტარების უფლებამოსილება გვენიჭება. ეს წმინდა ვალდებულება და პრივილეგიაა.

მრავალ რელიგიურ ტრადიციაში მიღებულია სპეციალური გარე სამოსის ტარება, როგორც რწმენისა და ღმერთისადმი ერთგულების სიმბოლოსი, ხოლო საზეიმო სამოსს ხშირად იცვამენ ისინი, ვინც ღვთისმსახურებას ატარებენ. ამ წმინდა სამოსს ღრმა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც მას ატარებს. წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ძველად წმინდა, საზეიმო ტანსაცმელი სატაძრო რიტუალების ჩატარებას უკავშირდებოდა.

ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, რომლებმაც ავირჩიეთ უფლის სახლში ღმერთთან აღთქმების დადება, ვიცვამთ წმინდა საზეიმო გარე სამოსს ტაძარში ღვთისმსახურების დროს, რაც არის ძველ დროში სატაძრო რიტუალების შესრულებისას გამოყენებული სამოსის სიმბოლო. ჩვენ ასევე ვატარებთ წმინდა მღვდლობის სამოსელს, ტაძარში ღვთისმახურებისას და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წმინდა მღვდლობის სამოსელი ღრმად სიმბოლურია და ასევე მხსნელზე მიგვითითებს. როცა ადამმა და ევამ სიცოცხლის ხის ნაყოფი დააგემოვნეს და იძულებულნი გახდნენ, ედემის ბაღი დაეტოვებინათ, მათ სხეულის დასაფარად ტყავის სამოსელი მიეცათ. სავარაუდოდ, ცხოველი მსხვერპლად შეწირეს იმ ტყავის სამოსლის დასამზადებლად, რაც არის მხსნელის მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის სიმბოლო. კაფარი არის ებრაული სიტყვა, რომელიც ძირითადად გამოსყიდვის აღსანიშნად გამოიყენება და მისი ერთ-ერთი მნიშვნელობაა „დაფარვა“. ჩვენი სატაძრო სამოსელი გვახსენებს, რომ მხსნელი და მისი გამოსყიდვის დალოცვები გვფარავს ცხოვრებაში. როცა ყოველდღიურად ვიცვამთ წმინდა მღვდლობის სამოსელს, ეს მშვენიერი სიმბოლო ჩვენი ნაწილი ხდება.

ახალ აღთქმაში, რომაელთა წიგნში, ჩვენ ვკითხულობთ: „ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი. … შეიმოსეთ უფალი ქრისტე“.

ძალიან მადლობელი ვარ წმინდა მღვდლობის სამოსელის ტარების პრივილეგიისთვის, რომელიც მახსენებს, რომ მხსნელი და მისი უსასრულო გამოსყიდვის კურთხევა მუდამ მფარავს მთელი ჩემი მიწიერი მოგზაურობის განმავლობაში. ის ასევე მახსენებს, რომ როცა ვიცავ უფლის სახლში ღმერთთან დადებულ აღთქმებს, მე სიმბოლურად ქრისტეში ვიმოსები, რომელიც თავად არის სინათლის ჯავშანი. ის დამიცავს ბოროტებისგან, მომცემს ძალას და გაზრდილ შესაძლებლობას, იქნება ჩემი ნათელი და წინ გამიძღვება ამ სამყაროს სიბნელესა და სირთულეებში.

წმინდა მღვდლობის სამოსელს და მის ქრისტესთან კავშირს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მე მწამს, რომ წმინდა სამოსელის ტარების ჩემი მზაობა მისთვის ჩემი სიმბოლო ხდება. ეს არის ჩვენი პირადი ნიშანი ღმერთისადმი და არა სხვებისადმი.

მე ისეთი მადლიერი ვარ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტესთვის. უფლის გამომსყიდველი მსხვერპლი გახდა მისი და მამაზეციერის ყოველი ჩვენგანისადმი უსასრულო სიყვარულის სიმბოლო, ამ სიყვარულისა და მსხვერპლის ხელშესახები სიმბოლოებით - ნიშნებით მაცხოვრის ხელებზე, ტერფებსა და გვერდზე, რომლებიც მისი აღდგომის შემდეგაც კი დარჩა.

ჩემი სატაძრო აღთქმებისა და ღმერთის წინაშე ვალდებულებების დაცვით, მათ შორის წმინდა მღვდლობის სამოსელის ტარებით, მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება გახდეს მხსნელი იესო ქრისტეს მიმართ ჩემი სიყვარულისა და ღრმა მადლიერების, აგრეთვე ჩემი მასთან მარადიული ყოფნის სურვილის პირადი სიმბოლო.

თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, გეპატიჟებით აირჩიოთ უფრო ღრმა ურთიერთობა ღმერთთან უფლის სახლში აღთქმის დადების გზით. შეისწავლეთ ჩვენი წინასწარმეტყველის გამოსვლები (მათ შორის სქოლიოში მოყვანილი მშვენიერი სწავლებანი, რომლებიც უმეტეს საკონფერენციო გზავნილს ახლავს). ის, წლების განმავლობაში, არაერთხელ საუბრობდა აღთქმებზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკლესიის პრეზიდენტი გახდა. შეიტყვეთ მისი სწავლებებიდან ლამაზი დალოცვების, მომატებული ძალისა და შესაძლებლობის შესახებ,რომელიც შეიძლება თქვენი გახდეს, ღმერთთან აღთქმების დადებისა და დაცვის მეშვეობით.

ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო -დან ვიცით, რომ ტაძარში აღთქმების დასადებად აუცილებელი არ არის, იყო მოწვეული მისიაში ან იყო დანიშნული და ქორწილისთის ემზადებოდე. მამაკაცებიც და ქალებიც უნდა იყვნენ მინიმუმ 18 წლის, დამთავრებული უნდა ჰქონდეთ საშუალო სკოლა ან მისი ექვივალენტი და უნდა იყვნენ ეკლესიის წევრები სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. ასევე მოეთხოვებათ პირადი სიწმინდის სტანდარტები. თუ გაქვთ სურვილი, უფლის სახლში წმინდა აღთქმების დადებით გააღრმაოთ ურთიერთობა ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან, გიწვევთ გაესაუბროთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პერზიდენტს და შეატყობინოთ თქვენი სურვილის შესახებ. ის გაგარკვევთ, როგორ მოემზადოთ ამ აღთქმების დადებისა და პატივისცემით მოპყრობისთვის.

ღმერთთან აღთქმის ურთიერთობით, ჩვენი ცხოვრება შეიძლება გახდეს ჩვენი ვალდებულების და მამაზეციერისადმი ღრმა სიყვარულის ცოცხალი სიმბოლო, ჩვენი ჰესედი უფალთან და წინსვლის სურვილი, რათა საბოლოო ჯამში გავხდეთ მხსნელის მსგავსნი და ერთ დღეს ვიყოთ მზად, შევიდეთ მის გარემოცვაში. მე ვმოწმობ, რომ ამ აღთქმის ურთიერთობის დიდი კურთხევა ამად ღირს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. მარკოზი 4:33-34.

  2. იხილეთ მათე 17:20.

  3. იხ. ლუკა 15:3-7.

  4. იხ. ლუკა 15:11-32.

  5. მათე 13:9.

  6. იხ. მათე 13:10-13.

  7. იხ. იოანე 3:16-17.

  8. იხ. იოანე 1:29; 1 ნეფი 11:20–22; იხ. ასევე რასელ მ. ნელოსნი „The Atonement“, Ensign, ნოემბერი 1996, 34–35.

  9. „ჩვენთან აღთქმის დადებისას ღმერთი არა მხოლოდ გვაკავშირებს თავისთან, არამედ თითქოს ზურგზე გვისვამს და მიგვიყვანს იქ, სადაც მხოლოდ მას შეუძლია წასვლა“ (Kerry Muhlestein, God Will Prevail: Ancient Covenants, Modern Blessings, and the Gathering of Israel [2021], 8). იხ. მოძღვრება და აღთქმები 133:53.

  10. „ყოველი ადამიანი—მამაკაცი და ქალი—ღმერთმა შექმნა თავის ხატად. თითოეული არის ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული, რის გამოც ყოველ მათგანს გააჩნია ღვთაებრივი ბუნება და დანიშნულება“ („ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა).

  11. ჰესედ -ი … ტერმინია, რომელიც აღწერს აღთქმის ურთიერთობას, სადაც ორივე მხარე იღებს ერთგულების ვალდებულებას. … იმის გამო, რომ ღმერთს გააჩნია ჰესედ -ი მათ მიმართ, ვინც მასთან აღთქმა დადო, … ის გააგრძელებს მათთან მუშაობას და შესთავაზებს მათ შეცვლის შესაძლებლობებს. … და თუ [ისინი] გზიდან გადაუხვევენ, იგი დაეხმარება მათ, იპოვონ მასთან დასაბრუნებელი გზა“, ისევე, როგორც ამას აკეთებდა დროდადრო თავის აღთქმის ხალხთან ძველი აღთქმის დროს. „როცა ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ეს არის აღთქმა მასთან, რომელიც ყოველთვის ასრულებს დაპირებულს. ის ყველაფერს გააკეთებს, ჩვენი თავისუფალი [არჩევნის] დარღვევის გარეშე, რათა დაგვეხმაროს მის შენარჩუნებაში (რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, ლიახონა, ოქტომბერი 2022, 6, 11; იხ. ასევე Muhlestein, God Will Prevail, 9–12; მეორე რჯული 7:9).

  12. ღმერთი არასოდეს დაარღვევს თავის აღთქმის ურთიერთობას. „იგი არასოდეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერადოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას“ (რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 6). ჩვენ სიხარულით ვუკავშირდებით ერთმანეთს მარადიული აღთქმის მეშვეობით.

  13. იხ. იერემია 31:33; 1 ნეფი 17:40; რასელ მ. ნელსონი „მიანდეთ ღმერთს პირველობა,” Liahona, ნოემბერი 2020, 92.

  14. იხ. იაკობი 4:8; მოძღვრება და აღთქმები 88:63.

  15. See რასელ მ. ნელსონი, “Covenants,” Liahona, ნოემბერი 2011, 86.

  16. იხ. მოსია 5:5; 18:8-10.

  17. იხ. რასელ მ. ნელსონი „Spiritual Treasures“, Liahona, ნოემბერი 2019, 77; რასელ მ. ნელსონი, „ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი“, Liahona, ნოემ. 2021, 94; რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“, Liahona, ნოემბერი 2022, 96; კამილ ნ. ჯონსონი, „იესო ქრისტე არის შვება“, Liahona, მაისი 2023, 82; დეილ გ. რენლანდი, „Accessing God’s Power through Covenants“, Liahona, მაისი, 2023 წ, 35–37; ჯინ ბ. ბინგჰემი, „Covenants with God Strengthen, Protect, and Prepare Us for Eternal Glory“, Liahona, მაისი 2022, 66.

  18. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 7.

  19. იხ. რომაელთა 6:3–4; კოლოსელთა 2:12.

  20. იხ. 2 ნეფი 31:13; მორონი 6:3; მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  21. გალატელთა 3:27.

  22. იხ. ლუკა 22:19-20.

  23. იხ. იოანე 6:56.

  24. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „ხშირად მესმის სიტყვები: ჩვენ ვიღებთ ზიარებას, რათა განვაახლოთ ნათლობისას დადებული აღთქმები. ეს მართალია, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. მე ახალი აღთქმა დავდე. თქვენ ახალი აღთქმა დადეთ“ (იხ. დეილ გ. რენლანდი “Unwavering Commitment to Jesus Christ,” Liahona, ნოემბერი 2019, 25, სქოლიო 18).

  25. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 10.

  26. იხ. რასელ მ. ნელსონი, „ტაძარი და თქვენი სულიერი საფუძველი (The Temple and Your Spiritual Foundation),” 93–94.

  27. იხ. 2 ნეფი 28:30.

  28. See “Sacred Temple Clothing,” ChurchofJesusChrist.org.

  29. იხ. გამოსვლა 28; 40:12–13.

  30. See “Sacred Temple Clothing,” ChurchofJesusChrist.org.

  31. იხილეთ დაბადება 3:21.

  32. See Russell M. Nelson, “The Atonement,” 34.

  33. რომაელთა 13:12, 14.

  34. იხ. ეფესელთა 6:10-18.

  35. იხ. მოსია 24:13-15, დევიდ ა. ბედნარი, „ადვილად ატარონ თავიანთი ტვირთი“, Liahona, მაისი 2014, 88-89.

  36. იხ. ფსალმუნი 118:105; 1 ნეფი 17:13.

  37. უხუცესი მაქსველი ასწავლიდა: „საკუთარი ნების დათმობა არის ერთადერთი უნიკალური პიროვნული რამ, რომლის დადება ღვთის საკურთხეველზე შეგვიძლია“ (“Swallowed Up in the Will of the Father,” Ensign, Nov. 1995, 24).

  38. არა პირადი უპირატესობის, უხერხულობის ან სტილის გამო, არამედ გარკვეული სამედიცინო პირობების გამო, ზოგიერთი ადამიანისთვის სატაძრო სამოსელის ტარება ბევრად უფრო რთულია. უფალმა იცის ჩვენი გული და ესმის ჩვენი სურვილი, პატივი ვცეთ ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს. იხ, მაგ, მოსია 4:24-25.

  39. ჩვენ არ უნდა ვეძიოთ სხვების მიერ სატაძრო სამოსელის ხმარება. იხ. ალმა 41:-15, იხ. ასევე დიტერ ფ. უხტდორფი, “The Merciful Obtain Mercy,” Liahona, May 2012, 70, 75.

  40. იხ. ჯეფრი რ. ჰოლანდი, “None Were with Him,” Liahona, მაისი 2009, 86–88.

  41. იხ. იოანე 3:16–17; 15:12–13; მოძღვრება და აღთქმები 34:3.

  42. იხ ესაია 49:14-16.

  43. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 4–11; რასელ მ. ნელსონი, “Spiritual Treasures,” 76–79; რასელ მ. ნელსონი „მიანდეთ ღმერთს პირველობა“, 92–95; რასელ მ. ნელსონი, „ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი“, 93–96; რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“, 95–98; „ვედრება ჩემი დების მიმართ“, Liahona, ნოემბერი 2015, 95–97.

  44. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 26.5.1, და 27.2.2, სახარების ბიბლიოთეკა.

  45. Russell M. Nelson, “Closing Remarks,” Liahona, Nov. 2019, 121.

  46. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 11.