2020–2024
ჩვენ მისი შვილები ვართ.
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


9:42

ჩვენ მისი შვილები ვართ

იესო ქრისტეს მადლით, ჩვენ ყველას იგივე ღვთიური წარმოშობა და უსაზღვრო პოტენციალი გვაქვს.

გახსოვთ, წინასწარმეტყველ სამუელის გამოცდილება, როცა უფალმა იესეს სახლში გააგზავნა, რათა ისრაელის ახალი მეფისთვის ზეთი ეცხო? სამუელმა დაინახა ელიაბი, იესეს პირმშო. ელიაბი, როგორც ჩანს, მაღალი იყო და მას ხელმძვღვანელის გარეგნობა ჰქონდა. სამუელმა ეს იხილა და ნაადრევი დასკვნა გამოიტანა. როგორც ჩანს, მცდარი დასკვნა და უფალმა ასწავლა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, … რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.“1

გახსოვთ მოწაფე ანანიას გამოცდილება, როცა უფალმა გააგზავნა იგი სავლეს კურთხევისთვის? სავლემ უკვე გაითქვა სახელი და ანანიამ იცოდა მის მიერ წმინდანების სასტიკი, დაუნდობელი დევნის შესახებ. ანანიას სმენია ამის შესახებ და ამიტომაც ნაადრევად დაასკვნა, რომ არ უნდა ემსახუროს სავლეს. თუმცა როგორც გაირკვა ეს მცდარი დასკვნა იყო და უფალმა ასწავლა ანანიას: „… ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.“2

რა პრობლემას ვხედავთ ამ ორ შემთხვევაში სამუელსა და ანანიასთან დაკავშირებით? მათ საკუთარი თვალით იხილეს და საკუთარი ყურით გაიგონეს და ამიტომ სხვებს უყვებოდნენ ნანახისა და გაგონილის შესახებ.

როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იხილეს მრუშობაში მხილებული ქალი რა დაინახეს მათ? გარყვნილი ქალი, სიკვდილის ღირსი ცოდვილი. როცა იესომ შეხედა, რა დაინახა მან? ქალი, რომელიც დროებით დაემორჩილა ხორციელ სისუსტეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი იყო მონანიებითა და უფლის გამოსყიდვის მეშვეობით. როცა ადამიანებმა ცენტურიონი იხილეს, რომლის მსახურიც დავრდომილი იყო, რა დაინახეს მათ? სავარაუდოდ დამპყრობელი, უცხო, ვინმე, ვინც უნდა გეზიზღებოდეს. როცა ის იესომ იხილა, რა დაინახა? კაცი, რომელიც ზრუნავს თავისი ოჯახის წევრის კეთილდღეობაზე, რომელიც გულწრფელად და რწმენით ეძიებდა უფალს. როცა ადამიანებმა ქალი იხილეს, რომელიც სისხლდენით იტანჯებოდა, რა დაინახეს მათ? შესაძლოა, უწმინდური ქალი, განდევნილი, რომელსაც უნდა ერიდო. როცა იესომ შეხედა, რა დაიმახა მან? ავადმყოფი ქალი, მარტოსული და გარიყული ვითარების გამო, რომელზედაც მას არავითარი კონტროლი არ ჰქონდა, რომელსაც განკურნებისა და საზოგადოებაში დაბრუნების იმედი ჰქონდა.

ყველა შემთხვევაში უფალი ხედავდა ამ ცალკეულ პირებს ისეთებად, როგორებიც ისინი იყვნენ და სათანადოდ ემსახურა მათ. როგორც ნეფიმა და მისმა ძმამ, იაკობმა, განაცხადეს:

„ის მოუხმობს ყველას, მივიდნენ მასთან … შავსა თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს; და ახსოვს მას კერპთაყვანისმცემელნიც და ყველა ერთია ღვთისთვის“.3

„და მის თვალში ერთი არსება ისევე ძვირფასია, როგორც მეორე“.4

მოდით ნუ მივცემთ საშუალებას ჩვენს თვალებს, ყურებს ან შიშს შეცდომაში შეგვიყვანოს. ამის ნაცვლად გავხსნათ ჩვენი გული და გონება და თავისუფლად ვემსახუროთ გარშემომყოფებს, როგორც ამას უფალი აკეთებდა.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეუღლემ, ისაბელმა, მზრუნველობის უცნაური დავალება მიიღო. მას სთხოვეს, მოენახულებინა მოხუცი ქვრივი ჩვენს მეურვეობაში, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მარტოობამაც გაუმწარა ცხოვრება. მას ფარდები ჩამოფარებული ჰქონდა, ბინა განიავებას საჭიროებდა; მას არავისი სტუმრობა არ სურდა და გარკვევით გვითხრა: „არავისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია“. ისაბელმა კი წარბშეუხრელად უპასუხა: „არა, შეგიძლიათ“. შეგიძლიათ ჩვენ დაგვრთოთ ნება, რომ მოვიდეთ და მოგინახულოთ“. ასე რომ ისაბელი ერთგულად ინახულებდა იმ ქალბატონს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ კარგ დას ფეხებზე ოპერაცია გაუკეთეს და ყოველდღიური გადახვევები სჭირდებოდა, რასაც თავად ვერ ახერხებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისაბელი მასთან სახლში დადიოდა, ფეხებს ჰბანდა და გადახვევებს უკეთებდა. ის სიმახინჯეს ვერ ხედავდა, ვერც სუნს გრძნობდა. ის მხოლოდ ღვთის ლამაზ შვილს ხედავდა იმ ქალბატონში, რომელსაც სიყვარული და ნაზი მოვლა ესაჭიროებოდა.

წლების მანძილზე მე და მრავალი სხვა ადამიანი დაილოცა ისაბელის ძღვენის გამო - ხედავდეს ადამიანებს უფლის თვალებით. ხართ პალოს პრეზიდენტი თუ მეურვეობაში კართან დგახართ და ესალმებით ყველას , ხართ ინგლისის მეფე თუ ქოხში ცხოვრობთ, საუბრობთ მის ენაზე თუ სხვა ენაზე, იცავთ ყველა მცნებას თუ გიჭირთ ზოგიერთი მცნების დაცვა - ის საუკეთესო კერძით გაგიმასპინძლდებათ და საუკეთესო ჭურჭელში მოგართმევთ მას. ეკონომიკური სტატუსი, კანის ფერი, კულტურა, ეროვნება, სამართლიანობის ხარისხი, სოციალური მდგომარეობა ან რაიმე სხვა იდენტიფიკატორი ან იარლიყი მისთვის არაფერს ნიშნავს. ის გულით ხედავს; ის ყოველ ადამიანში ღვთის შვილს ხედავს.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„მოწინააღდეგეს უხარია იარლიყები რადგან ისინი გვყოფს და გვიზღუდავს საკუთარი თავისა და სხვების აღქმას. რამდენად დასანანია, როცა ჩვენ იარლიყებს უფრო ვაფასებთ, ვიდრე ერთმანეთს.

„იარლიყებმა შეიძლება განსჯამდე და მტრობამდე მიგვიყვანოს. ნებისმიერი შეურაცხყოფა ან ცრურწმენა სხვის მიმართ ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, განათლების ხარისხის, კულტურის ან სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენბებლების გამო შეურაცხმყოფელია ჩვენი შემქმნელისთვის“!5

როცა ვამბობ, რომ ფრანგი ვარ, ეს ნიშნავს დაბადების ადგილს და არა იმას, რა ვარ. მე თეთრი კი არ ვარ, ეს უბრალოდ ჩემი კანის ფერია ანუ მისი უფერობა თუ გნებავთ. მე პროფესორი კი არ ვარ, მე ამით უბრალოდ ოჯახს ვინახავდი. მე არ ვარ სამოცდაათთა მთავარი ხელმძღვანელი, ეს არის სასუფეველში ჩემი მსახურების ამჟამინდელი ადგილი.

და „პირველი და ყველაზე მთავარი“ - როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა შეგვახსენა - „მე ღვთის შვილი ვარ“.6 ასევე თქვენც და მრავალი სხვა ადამიანი ჩვენ ირგვლივ. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ მეტად დავაფასოთ ეს შესანიშნავი ჭეშმარიტება. ის ყველაფერს ცვლის!

შეიძლება სხვადასხვა კულტურაში აღვიზარდეთ; შეიძლება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს; ჩვენი მიწიერი მემკვიდრეობა, მათ შორის ჩვენი ეროვნება, კანის ფერი, გასტრონომიული მიდრეკილებები, პოლიტიკური ორიენტაცია და ა.შ., შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მაგრამ ჩვენ ყველანი, გამონაკლისის გარეშე, ღვთის შვილები ვართ. იესო ქრისტეს მადლით, ჩვენ ყველას იგივე ღვთიური წარმოშობა და უსაზღვრო პოტენციალი გვაქვს.

სი ეს ლუისმა თქვა: ”სერიოზული რამ არის, პოტენციური ღმერთებისა და ქალღმერთების საზოგადოებაში ცხოვრებისას გახსოვდეთ, რომ ყველაზე მოსაბეზრებელი, არასაინტერესო ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ გაესაუბროთ, შეიძლება ერთ დღეს გახდეს ისეთ არსებად იქცეს, რომელიც, დღეს რომ გენახათ, მისი თაყვანისცემის სურვილი გაგიჩნდებოდათ. … არ არსებობს ჩვეულებრივი ადამიანები. არცერთი თქვენი საუბარი არ ყოფილა უბრალო მოკვდავთან. ეროვნება, კულტურა, ხელოვნება, ცივილიზაცია - ყოველივე ეს მოკვდავია და ჩვენთვის ქინქლის სიცოცხლის ტოლფასია. მაგრამ ჩვენ ვხუმრობთ, ვმუშაობთ, ვქორწინდებით, ცხვირს ვიბზუებთ და ვიყენებთ მათ, ვინც უკვდავია“.7

ჩვენს ოჯახს ჰქონდა სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში ცხოვრების პრივილეგია; ჩვენი შვილები დალოცვილები არიან - მათ სხვადასხვა ეთნიკურ წარმომავლობის პირებთან შექმნეს ოჯახები. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ იესო ქრისტეს სახარება ყველაზე დიდი გამათანაბრებელია. „სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ“, თუკი ჩვენ მას ჭეშმარიტად მივიღებთ.8 ეს გასაოცარი ჭეშმარიტება გვათავისუფლებს და ყველა იარლიყი და განსხვავება, რომელიც სხვაგვარად შეიძლება მოქმედებდეს ჩვენზე ან ჩვენს ერთმანეთთან ურთიერთობაზე, უბრალოდ „შთაინთქე[ბა] ქრისტეს სიხარულით“.9 მალე გაირკვევა, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვები, უკვე აღარა [ვართ] უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი“ ვართ.10

ახლახან გავიგე, რომ ჩვენი ერთ-ერთი მრავალენოვანი ერთეულის პრეზიდენტი ამას უწოდებს, როგორც ეს უხუცესმა გერიტ ვ. გონგმა თქვა, მიეკუთვნებოდე აღთქმას11 რა მშვენიერი კონცეფციაა! ჩვენ ვეკუთვნით ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ, გახადონ მაცხოვარი და თავიანთი აღთქმები ცხოვრების ცენტრად და სიხარულით იცხოვრონ სახარების მიხედვით. მაშასადამე, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი მოკვდავობის დამახინჯებული ლინზებით დავინახოთ, სახარება აამაღლებს ჩვენს ხედვას და მოგვცემს საშუალებას, შევხედოთ ერთმანეთს ჩვენი წმინდა აღთქმების უნაკლო, უცვლელი ლინზებით. ამით ჩვენ ვიწყებთ საკუთარი ბუნებრივი ცრურწმენებისა და მიკერძოების აღმოფხვრას სხვების მიმართ, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მათ, მინიმუმამდე დაიყვანონ თავიანთი ცრურწმენები და მიკერძოება ჩვენ მიმართ12 და ეს იტრიალებს შესანიშნავ კეთილშობილურ წრეზე. ჩვენ ჭეშმარიტად ვასრულებთ ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის მოწვევას: „ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვექცევით ერთმანეთს! როგორ ვესაუბრებით სხვებს სახლში, ეკლესიაში, სამსახურში და ონლაინ - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს გთხოვთ, მოექცეთ ერთმანეთს უფრო ამაღლებულად, უფრო წმინდად“.13

დღეს, ამ მოწვევის ჭრილში, მსურს შემოვუერთდე ჩვენი დაწყებითი კლასის შესანიშნავი ბავშვების ფიცს:

თუ შენ არ ივლი ისე, როგორც ადამიანების უმეტესობა დადის,

ზოგი ადამიანი მიგატოვებს,

მე კი - არა! მე - არა!

თუ ისე არ ისაუბრებ, როგორც ადამიანების უმეტესობა,

ზოგი ადამიანი მიგატოვებს,

მე კი - არა! მე - არა!

მე შენს გვერდით ვივლი. ვილაპარაკებ შენთან.

და ასე გამოვხატავ ჩემს შენ მიმართ სიყვარულს.

იესო გვერდზე არავის არ ჩაუვლიდა.

ის ყველას უზიარებდა თავის სიყვარულს.

მეც ასე მოვიქცევი! დიახ!14

მე ვმოწმობ, რომ ის, ვისაც ჩვენ ზეციურ მამად მივმართავთ, ნამდვილად არის ჩვენი მამა, რომ მას ვუყვარვართ, რომ იგი ახლოს იცნობს თავის თითოეულ შვილს, რომ ის ღრმად ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე და რომ ჩვენ ნამდვილად ყველანი მისი მსგავსნი ვართ. მე ვმოწმობ, რომ ის, თუ როგორ ვეპყრობით ერთმანეთს, არის ღვთის ძის, ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს საბოლოო მსხვერპლისა და გამოსყიდვის ჩვენი წვდომისა და დაფასების პირდაპირი ანარეკლი. მე ვლოცულობ, რომ ჩვენც, მის მსგავსად, შეგვეძლოს შევიყვაროთ სხვები, რადგან ეს სწორი საქციელია და არა იმიტომ, რომ ისინი სწორად იქცევიან ან „სწორ“ ჩარჩოში ექცვიან. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. 1 მეფეთა 16:7.

  2. საქმეები 9:15.

  3. იხ.2 ნეფი 26:33.

  4. იაკობი 2:21..

  5. Russell M. Nelson, “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), Gospel Library.

  6. Russell M. Nelson, “Choices for Eternity.”

  7. C. S. Lewis, The Weight of Glory and Other Addresses (1949), 14–15.

  8. რომაელთა 8:16.

  9. ალმა 31:38.

  10. ეფესელთა 2:19.

  11. See Gerrit W. Gong, “Covenant Belonging,“ Liahona, Nov. 2019, 80–83.

  12. See Dale G. and Ruth L. Renlund, The Melchizedek Priesthood: Understanding the Doctrine, Living the Principles (2018), 112.

  13. Russell M. Nelson, “Peacemakers Needed,“ Liahona, May 2023, 99.

  14. I’ll Walk with You,” Children’s Songbook, 140–41.