2020–2024
მოზარდ თაობაში აღთქმის ხალხის ხმის შენარჩუნება
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


10:13

მოზარდ თაობაში აღთქმის ხალხის ხმის შენარჩუნება

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წმინდა პასუხისმგებლობაა, დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, ღრმად და კონკრეტულად გაიგონ, რომ იესო არის ქრისტე.

ერთ-ერთი ყველაზე გულის ამაჩუყებელი მომენტი მორმონის წიგნიდან უკავშირდება აღმდგარი უფლის, იესო ქრისტეს, გამოცხადებას ადამიანების წინაშე ტაძარში, მიწა ბარაქიანზე. მას შემდეგ, რაც მთელი დღის განმავლობაში იესო ასწავლიდა, კურნავდა და რწმენას უძლიერებდა ხალხს, მან შეკრებილთა ყურადღება მოზარდ თაობაზე გადაიტანა: „მან ბრძანა, მოეყვანათ პატარა ბავშვები“.1 ილოცა მათთვის და თითო-თითო დალოცა ისინი. ეს იმდენად გულის ამაჩუყებელი იყო, რომ თავად მხსნელმა რამდენჯერმე იტირა.

შემდეგ, იესომ მიმართა შეკრებილთ და თქვა:

„შეხედეთ თქვენს პატარებს“.

„და როდესაც მათ შეხედეს, … იხილეს: ზეცა გაიხსნა და ანგელოზები ეშვებოდნენ ზეციდან, ვითარცა ცეცხლის შუაგულში“ და ემსახურებოდნენ მათ შვილებს.2

მე ხშირად მიფიქრია ამის შესახებ. ალბათ ყოველ იქ მყოფს გული მოულბა! მათ მხსნელი იხილეს. მათ ის იგრძნეს. მათ ის შეიცნეს. მან ასწავლა მათ. მან დალოცა ისინი. და მას ისინი უყვარდა. არ არის გასაკვირი, რომ ამ წმინდა მოვლენის შემდეგ ის ბავშვები გაიზარდნენ და შექმნეს მშვიდი, აყვავებული, ქრისტეს მსგავსი, სიყვარულით აღვსილი საზოგადოება და ასე იყო რამდენიმე თაობის მანძილზე.3

რა შესანიშნავი იქნებოდა, ჩვენს ბავშვებსაც რომ მიეღოთ მსგავსი გამოცდილება, ეს მათ გულებს იესო ქრისტეს გულთან დააკავშირებდა! იგი გვიწვევს, ისევე როგორც მშობლებს მორმონის წიგნიდან, მივიყვანოთ მასთან პატარები. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, იმ ბავშვების მსგავსად შეიცნონ თავიანთი მხსნელი და გამომსყიდველი. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ, როგორ იპოვონ მხსნელი წმინდა წერილში და მასზე ააშენონ საძირკველი.4

ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა მეგობარმა მასწავლა ის, რაც აქამდე არ შემიმჩნევია. საქმე ეხება იგავს ბრძენი მამაკაცის შესახებ, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. ლუკას სახარების მიხედვით, როცა ეს ბრძენი კაცი სახლის საძირკველს ამზადებდა მან „მოთხარა, ჩააღრმავა“.5 ეს არ იყო შემთხვევითი ან უბრალო მცდელობა - ამას ძალისხმევა დასჭირდა!

ჩვენი გამომსყიდველის, იესო ქრისტეს კლდეზე ცხოვრების ასაშენებლად ჩვენ ღრმად უნდა ვთხაროთ. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც ქვიშიანი ან ზედმეტია. და უნდა ვთხაროთ, სანამ მას არ ვიპოვით. და ჩვენ ვასწავლით შვილებს, წმინდა წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით შექმნან კავშირი უფალთან, რათა გარდაუვალმა ქარიშხლებმა და წყალდიდობებმა დიდი ზიანი ვერ მიაყენონ, რადგან „კლდეზე [დაედო] საძირკველი“.6

ასეთი სიძლიერე თავისით არ მოდის. ის არ გადაეცემა მომდევნო თაობას, როგორც სულიერი მემკვიდრეობა. ყოველმა ადამიანმა ღრმად უნდა გათხაროს, რათა კლდე იპოვოს.

ჩვენ ამ გაკვეთილს მორმონის წიგნის კიდევ ერთი ამონარიდიდან ვიტყობთ. როცა მეფე ბენიამინმა საბოლოოდ მიმართა თავის ხალხს, ისინი ოჯახებით შეიკრიბნენ, რათა მისი სიტყვა მოესმინათ.7 მეფე ბენიამინმა ძლიერად დაამოწმა იესო ქრისტეს შესახებ და ამან ადამიანებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ განაცხადეს:

„სულმა მოახდინა ჩვენში ანუ ჩვენს გულებში ძლიერი ცვლილება. …

და გვსურს დავდოთ აღთქმა ჩვენს ღმერთთან, რომ შევასრულებთ მის ნებას … ჩვენი ყველა დარჩენილი დღეების განმავლობაში“.8

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ასეთი ღრმად მოქცეული მშობლების პატარა ბავშვები საბოლოოდ მოიქცევიან რწმენაზე და დამოუკიდებლად დადებენ აღთქმებს. და მაინც, რაღაც მიზეზის გამო, რომელიც არ არის ნახსენები ჩანაწერში, მშობლების მიერ დადებული აღთქმა მათ ზოგიერთ შვილს არ მოეწონა. რამდენიმე წლის შემდეგ „იქ იყვნენ ბევრნი მოზარდი თაობიდან, რომლებიც ვერ იგებდნენ მეფე ბენიამინის სიტყვებს, იყვნენ რა პატარა ბავშვები იმ დროს, როდესაც ის ელაპარაკა თავის ხალხს და მათ არ სწამდათ თავიანთი მამების ჩვეულებისა“.

მათ არ სწამდათ ის, რაც ითქვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, არც ქრისტეს მოსვლის არ სწამდათ. …

„მათ არ სურდათ მონათლულიყვნენ, არც ეკლესიას არ უერთდებოდნენ. და ისინი იყვნენ განცალკევებული ხალხი თავიანთი რწმენის მხრივ“.9

რა გამომაფხიზლებელი აზრია! მოზარდი თაობისთვის არ არის საკმარისი, რომ იესო ქრისტეს რწმენა იყოს „თავიანთი მამების ჩვეულებ[ა]“. მათ ქრისტეში საკუთარი რწმენა სჭირდებათ. როგორც ღვთის აღთქმის ხალხს, როგორ ჩავუნერგოთ შვილებს გულებში უფალთან აღთქმების დადებისა და დაცვის სურვილი?

და ჩვენ ვიწყებთ ნეფის მაგალითის მიბაძვას: „ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე და ჩვენ ვწერთ ჩვენი წინასწარმეტყველებების შესაბამისად, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად“.10 ნეფის სიტყვები გულისხმობს მუდმივ, უწყვეტ ძალისხმევას, ვასწავლოთ შვილებს ქრისტეს შესახებ. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ აღთქმის ხალხის ხმა არ ჩაიხშოს მოზარდი თაობის ყურებში და რომ იესო არ იყოს მხოლოდ კვირა დღის თემა.11

აღთქმის ხალხის ხმა ჩვენი დამოწმების სიტყვებშია. ის ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებშია. და ის ძლიერ არის შენახული წმინდა წერილში. ზუსტად იქ აღმოაჩენენ ჩვენი შვილები იესოს და კითხვებზე პასუხებს იპოვიან. იქიდან შეიტყობენ ისინი ქრისტეს სწავლებას. იქ იპოვიან ისინი იმედს. ეს მოამზადებს მათ, მთელი ცხოვრების მანძილზე ეძიონ ჭეშმარიტება და იარონ აღთქმის გზაზე.

ძალიან მომწონს პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის რჩევა:

„სად შეიძლება წავიდეთ, რომ მოვუსმინოთ მას?

„ჩვენ შეგვიძლია წმინდა წერილს მივმართოთ. იგი გვასწავლის იესო ქრისტეს, მის სახარების, მის გამოსყიდვის სიდიადისა და ჩვენი ზეციური მამის ბედნიერების გეგმისა და გამოსყიდვის შესახებ. ღვთის სიტყვაში ყოველდღიური ჩაძირვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულიერი ხსნისთვის, განსაკუთრებით ამ არეულობაში, რომელიც უფრო და უფრო მატულობს. როცა ქრისტეს სიტყვებით ყოველდღიურად ვნადიმობთ, ქრისტეს სიტყვები გვეტყვის, როგორ გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენდით ჩვენს ცხოვრებაში“.12

როგორ ვნადიმობთ ქრისტეს სიტყვებით და მას ვუსმენთ? როგორც ჩანს, ყოველთვის, როცა ჩვენს სასარგებლოდ ვაკეთებთ რამეს! ეს შეიძლება იყოს ოჯახური შეკრება, რომელზედაც თქვენ ისაუბრებთ იმაზე, რა გასწავლათ სულიწმინდამ, როცა მოდი და გამომყევი-ს გამოყენებით წმინდა წერილს სწავლობდით. ან ყოველდღიური შეკრება შვილებთან ერთად, როცა წმინდა წერილიდან რამდენიმე მუხლს წაიკითხავთ და შემდეგ ეძიებთ შესაძლებლობას, განიხილოთ ის, რაც ერთად ისწავლეთ. უბრალოდ დაადგინეთ, რა არის უფრო მისაღები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის და შემდეგ ყოველდღე ეცადეთ გააუმჯობესოთ ეს პროცესი.

განიხილეთ რჩევა მხსნელის მსგავსად სწავლება-დან: „როცა ოჯახური საღამო, წმინდა წერილის შესწავლა ან სახარების თემაზე საუბარი ცალ-ცალკე განიხილება შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამით დიდ რამეს არ აღწევთ. მაგრამ მცირე, მარტივი ძალისხმევები, რომლებიც მუდმივად მეორდება დროთა განმავლობაში, შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე იშვიათი კოლოსალური მოვლენა ან სოცარი გაკვეთილი. … ასე რომ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი და ნუ ფიქრობთ, რომ ყოველ ჯერზე რაღაც გრანდიოზული უნდა მოახდინოთ. უბრალოდ იყავით თანმიმდევრული თქვენს ძალისხმევაში“.13

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წმინდა პასუხისმგებლობაა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, ღრმად და კონკრეტულად გაიგონ, რომ იესო არის ქრისტე, ცოცხალი ძე ღვთისა, მათი პირადი მხსნელი და გამომსყიდველი, რომელიც თავისი ეკლესიის სათავეში დგას! ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი აღთქმის ხმა ჩაიხშოს ან დადუმდეს, როცა საქმე უფალს ეხება.

შეიძლება თავი ცოტა უხერხულად იგრძნოთ ამ როლში, მაგრამ არასოდეს არ უნდა იგრძნოთ, რომ ხართ მარტო. მაგალითად, მეურვეობის საბჭოები უფლებამოსილია, მოაწყონ მასწავლებელთა საბჭოს შეკრება მშობლებისთვის. ამ კვარტალურ შეკრებებზე მშობლებს შეუძლიათ შეიკრიბონ, რათა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ისაუბრონ იმაზედ, თუ როგორ განამტკიცებენ თავიანთ ოჯახებს და როგორ სწავლობენ ქრისტეს სწავლების ძირითად პრინციპებს. ასეთი შეკრება უნდა ტარდებოდეს ეკლესიის შეკრების მეორე საათზე.14 მას უძღვება ეპისკოპოსის მიერ არჩეული მეურვეობის წევრი და ის მასწავლებლების ჩვეულებრივი საბჭოს შეკრების ფორმატში ჯდება. ძირითად გამოიყენება სახელმძღვანელო მხსნელის მსგავსად სწავლება .15 ეპისკოპოსებო, თუ თქვენი მეურვეობა ამჟამად არ ატარებს მასწავლებელთა საბჭოს შეკრებებს მშობლებისთვის, შეხვდით თქვენს საკვირაო სკოლის პრეზიდენტს ან მეურვეობის საბჭოს, რათა მოახდინოთ ამის ორგანიზება.16

ჩემო ძვირფასო მეგობრებო ქრისტეში, თქვენ გაცილებით უფრო კარგად გაქვთ საქმე, ვიდრე გგონიათ. უბრალოდ გააგრძელეთ მუშაობა. თქვენი შვილები გიყურებენ, გისმენენ და სწავლობენ. მათი განსწავლის პროცესში თქვენ შეიცნობთ მათ ჭეშმარიტ, ღვთის საყვარელი ვაჟებისა და ასულების, ბუნებას. მათ შეიძლება ცოტა ხნით დაივიწყონ მხსნელი, მაგრამ გპირდებით - ის არასოდეს დაივიწყებს მათ! მომენტები, როდესაც სულიწმინდა ესაუბრება მათ, მათ გულებსა და გონებაში დარჩება. და ერთ დღეს თქვენი შვილები ექოთი გაიმეორებენ ენოსის დამოწმებას: „მე ვიცი, რომ ჩემი მშობლები მართალი ხალხი იყო, რადგან მასწავლიდნენ უფლის სწავლებებსა და დარიგებებს. და ამისათვის, კურთხეული იყოს ჩემი ღმერთის სახელი“.17

მოდით მივიღოთ მხსნელის მოწვევა და მივიყვანოთ მასთან ჩვენი შვილები. და როცა ასე მოვიქცევით, ისინი მას იხილავენ. ისინი მას იგრძნობენ. ისინი შეიცნობენ მას ის მათ ასწავლის. ის მათ დალოცავს. და როგორ ეყვარება მას ისინი! და მე როგორ მიყვარს იგი. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. 3 ნეფი 17:11.

  2. 3 ნეფი 17:23; იხ. ასევე 3 ნეფი 17:11, -22.

  3. იხ. 4 ნეფი 1:1-22.

  4. იხ. ლუკა 6:47-49; ჰელამანი 5:12.

  5. ლუკა 6:48.

  6. ჰელამანი 5:12.

  7. იხ. მოსია 2:5.

  8. იხ.მოსია 5:2, 5. იაქციეთ ყურადღბა: „არ იყო არცერთი სული, გარდა პატარა ბავშვებისა, რომელმაც არ დადო აღთქმა და არ აიღო საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი“. (მოსია 6:2).

  9. იხ.მოსია 26:1-2, 4.

  10. 2 ნეფი 25:26.

  11. „იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებაში ბევრი რამ არის, რისი სწავლებაც შეგიძლიათ – პრინციპები, მცნებები, წინასწარმეტყველებები და ისტორიები წმინდა წერილიდან. მაგრამ ყოველივე ეს არის იმავე ხის განშტოება, რადგან მათ ყველას აქვს ერთი მიზანი: დაეხმაროს ყოველ ადამიანს, მოვიდეს ქრისტესთან და გახდეს მასში სრულყოფილი (იხ. იარომი 1:11; მორონი 10:32). ასე რომ, განურჩევლად იმისა, რას ასწავლით გახსოვდეთ, რომ თქვენ ნამდვილად ასწავლით იესო ქრისტეს შესახებ და როგორ დაემსგავსოთ მას“ (მხსნელის მსგავსად სწავლება [2022],6).

  12. Russell M. Nelson, “Hear Him,” Liahona, May 2020, 89.

  13. მხსნელის მსგავსად სწავლება,31.

  14. შეიძლება შეიქმნას სპეციალური პირობები მშობლებისთვის, რომლებიც ასწავლიან დაწყებით საზოგადოებაში, მაგალითად, შეხვედრა 20 წუთიანი სიმღერის დროს ან ცალკე შეხვედრის გამართვა სხვა დროს (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკელსიაში მსახურება, 17.4, სახარების ბიბლიოთეკა).

  15. Members and leaders can order Teaching in the Savior’s Way through Distribution Services. It is also available digitally in the Gospel Library.

  16. იხ. General Handbook13.5.

  17. ენოსი 1:1. გახსოვდეთ, რომ ურწმუნოთა მოზარდი თაობა მორმონის წიგნში იყვნენ ალმა უმცროსი და მოსიას შვილები. როცა ალმა უმცროსი საბოლოოდ მიხვდა, რომ ცხოვრება უნდა შეეცვალა, მან გაიხსენა, რას ასწავლიდა მამა იესო ქრისეს შესახებ - სწავლება, რომელსაც ალმა, სავარაუდოდ, იგნორირებდა წარსულში. მაგრამ მას ის გაახსენდა და ამან ალმა სულერად გადაარჩინა (იხ. ალმა 36:17-20).