8.
სატაძრო წეს-ჩვეულებები და აღთქმები უფრო დიდ წვდომას გაძლევთ ღვთის კურთხევებზე
მამაზეციერის ზოგი დალოცვა იმდენად წმინდაა, რომ მან გვიბრძანა, გამოვყოთ სპეციალური, წმინდა ადგილები, სადაც მათ მიღებას შევძლებთ: ტაძრები. უფლის სახლში – ტაძარში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მისი ყველაზე დიდი წეს-ჩვეულებები – შემოსვა და ჩაბეჭდვა და მიიღოთ მისი უფრო დიდი დაპირებები.
მარადიული ჭეშმარიტებანი
შემოსვა არის ცოდნისა და ძალის ძღვენი. სატაძრო შემოსვის წეს-ჩვეულებებში თქვენ შეგიძლიათ უფრო სრულად აიღოთ საკუთარ თავზე მხსნელის სახელი. თქვენი აღთქმა – დაემორჩილოთ ღმერთს, გაიღოთ მსხვერპლი მისი ნების შესასრულებლად, იცხოვროთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით, დაემორჩილოთ უბიწოების კანონს და მიუძღვნათ მის ეკლესიას საკუთარი ცხოვრება და ყოველივე, რაც ღმერთმა გიბოძათ. ეს თქვენი დაპირებებია. ღმერთი გპირდებათ, რომ დაგლოცავთ უფრო მეტი ცოდნით, უსაფრთხოებითა და მის ძალაზე წვდომით. ის ასევე გპირდებათ მასთან მარადიულ ცხოვრებას. შემოსვის ნაწილის სახით თქვენ იღებთ წმინდა მღვდლობის სამოსლის ტარების წმინდა პრივილეგიას. სამოსელი არის იესო ქრისტეს სიმბოლო და თქვენი სატაძრო აღთქმების შეხსენება.
სატაძრო ჩაბეჭდვა სამარადისოდ აერთიანებს წყვილებს და ოჯახებს. სატაძრო ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებაში თქვენ და თქვენი მეუღლე დადებთ აღთქმას ღმერთთან და ერთმანეთთან. თქვენ დაჰპირდებით, რომ იქნებით ღმერთისა და ერთმანეთის სრულიად ერთგული, გეყვარებათ ერთმანეთი და ემსახურებით ერთმანეთს და ერთად იმუშავებთ ღვთის კანონების დასაცავად. ეს არის თქვენი დაპირება. ღმერთი გპირდებათ, რომ თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან და შვილებთან მუდამ შეიძლება გაგრძელდეს. ის ასევე გპირდებათ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე მაღალი ხარისხის ბრწყინვალება უფალთან ცელესტიალურ სასუფეველში, თუკი დაიცავთ თქვენს აღთქმებს. ამ კურთხევას ამაღლება ეწოდება.
მოწვევები
ყოველთვის იქონიეთ სატაძრო რეკომენდაცია. მის მისაღებად შეხვდით თქვენი ეპისკოპოსობის წევრს. ის დაგისვამთ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ იცავთ უფლის სტანდარტებს ცხოვრებაში, რათა მის წმინდა სახლში შეხვიდეთ. ხშირად გაიმეორეთ ეს შეკითხვები. (შეგიძლიათ იპოვოთ ისინი ამ გზამკვლევის დანართში). ტაძრიდან შორსაც რომ ცხოვრობდეთ, გახადეთ თქვენი რეკომენდაცია უფლისადმი თქვენი სიყვარულისა და მისი სტანდარტების მიხედვით ცხოვრების ვალდებულების სიმბოლოდ.
იარეთ ტაძარში რაც შეიძლება ხშირად. სატაძრო რეკომენდაციით თქვენ შეძლებთ უფლის სახლში შესვლას და წინაპრებისთვის ნათლობას და წევრად დამტკიცებას, რათა მათ შეძლონ იგივე კურთხევების მიღება, რაც თქვენთვის ბოძებულია. გამოიყენეთ ტაძარში ყოფნის ყოველი შესაძლებლობა. ეძიეთ უფალი მის სახლში. ეძიეთ იგი წეს-ჩვეულებებში, სიმბოლოებში და სულიწმიდნაში, რომელსაც იგრძნობთ. თქვენ ჰპოვებთ მას.
მოემზადეთ უფლის სახლში აღთქმების დასადებად. ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თქვენი ნათლობის აღთქმა. აქციეთ სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღება და მთელი ცხოვრების განმავლობაში აღთქმის დაცვა თქვენთვის ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ახლა დაიწყეთ იმ კანონებით ცხოვრება, რომლების დაცვის პირობას ტაძარში დადებთ: ღვთის მცნებებისადმი მორჩილება, მსხვერპლის გაღება, იესო ქრისტეს სახარება, უბიწოება და მიძღვნა. თქვენი ოჯახი, ეპისკოპოსი და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები დაგეხმარებიან ამაში.
დაპირებული დალოცვები
თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტად დაემსგავსოთ იესო ქრისტეს. ის დაგეხმარებათ, გახდეთ მისი სიმართლის უფრო დიდი მიმდევარი. სატაძრო წეს-ჩვეულებები და აღთქმები გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღმერთის სუფევაში და მიიღოთ მარადიული ცხოვრება მასთან.
თქვენ ღვთის ძალით იქნებით შეიარაღებულნი. სატაძრო აღთქმებს მოჰყვება დაპირება, რომ ღვთის ძალა და დიდება იქნება თქვენზე. მისი ანგელოზები იქნებიან თქვენი მფარველნი.
ტაძარში გატარებული დრო უფრო მჭიდროდ დაგაკავშირებთ იესო ქრისტესა და სულიწმინდასთან. თქვენ იგრძნობთ ღვთის სიმშვიდეს და დაისვენებთ. თქვენ უფრო მკაფიოდ იგრძნობთ მის ხმას. ზეცა გაიხსნება თქვენთვის და უკეთ გაიგებთ მის გზებს. სირთულეების დასაძლევად გექნებათ უფრო მეტი ძალა, რადგან თქვენი გული მასთან იქნება დაკავშირებული.
კითხვა-პასუხები
როდის შემიძლია შემოსვის მიღება? შემოსვის მიღების გადაწყვეტილება პირადია; ილოცეთ და ასე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიიღეთ რჩევა თქვენი ოჯახის წევრებისა და ხელმძღვანელებისგან. შემოსვის მისაღებად უნდა იყოთ სულ მცირე 18 წლის და არ უნდა სწავლობდეთ მაღალ კლასებში ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. თქვენ შეიმოსებით მისიაში წასვლამდე ან ჩაბეჭდვამდე, მაგრამ არ არის საჭირო, დაელოდოთ ამ მოვლენებს, რათა შეიმოსოთ. თქვენგან საჭიროა მხოლოდ სურვილი და მომზადება იმისთვის, რომ დადოთ და დაიცვათ დამატებითი აღთქმები თქვენს მამაზეციერთან. თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს შეუძლიათ დაგეხმაროთ გაიგოთ, ხართ თუ არა მზად. ნუ წარმოიდგენთ შემოსვას, როგორც მარადიულ დავალებათა სიაში ერთ-ერთ გრაფას. შეხედეთ ამას, როგორც ქრისტესთან მისასვლელად და ღვთის უდიდესი სულიერი დაპირებების მისაღებად მარადიული მოგზაურობის ნაწილს.
რისთვის მჭირდება სატაძრო რეკომენდაცია ტაძარში შესასვლელად? ტაძარი არის უფლის სახლი და იგი იქ შესასვლელად სტანდარტებს აწესებს. სატაძრო წეს-ჩვეულებები და აღთქმები იმდენად წმინდაა, რომ ისინი განსაკუთრებულ სულიერ მომზადებას მოითხოვენ. სატაძრო რეკომენდაციის მიღების გასაუბრების მიზანია იმის დადგენა, რომ სულიერად მზად ხართ სატაძრო აღთქმების უფრო მაღალი პრივილეგიების მისაღებად. ზეციური მამა იწვევს თავის ყოველ შვილს, მოემზადონ მასთან დაპირებების დასადებად წმინდა სახლში.
საჭიროა, სრულყოფილი ვიყო სატაძრო აღთქმების დასადებად? სრულყოფილი არავინ არის. ღმერთი გთხოვთ, იყოთ გულწრფელი და გსურდეთ მისი აღთქმების დაცვა. ღმერთთან აღთქმების დადება და დაცვა გაძლევთ ძალას, გახდეთ სრულყოფილი იესო ქრისტეს მეშვეობით. ის არის თქვენი ძალა!
იხ. ესაია 2:2–3 (ღმერთი გასწავლით ტაძარში თავის გზებს); მათე 11:28–30 (იტვირთეთ მხსნელის უღელი); 1 ნეფი 14:14 (ღვთის ძალა მის აღთქმულ ხალხზეა); მოძღვრება და აღთქმები 97:15–16 (ღვთის სუფევა და მისი ბრწყინვალება მის სახლშია); 109:22 (ტაძარში ჩვენ ღვთის ძალით ვართ შეიარაღებულნი); 131:1–4; 132:4–6, 15–20 (მარადიული ცხოვრების მისაღებად, ქალი და მამაკაცი სამარადისოდ უნდა ჩაიბეჭდონ, ქორწინების ახალი და მარადიული აღთქმის მეშვეობით); აბრაამი 1:2 (აბრაამს სურდა, სიმართლის უფრო დიდი მიმდევარი გამხდარიყო და მეტი ცოდნა მიეღო).
სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვა
-
თვლით საკუთარ თავს ღირსეულად, შეხვიდეთ უფლის სახლში და მიიღოთ მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში?