მშობლები
6. შეიყვარე ღმერთი, შეიყვარე მოყვასი შენი


გულმოწყალე სამარიელი

6.

შეიყვარე ღმერთი, შეიყვარე მოყვასი შენი

მათე 22:37-40

ღმერთი გაძლევთ მცნებებს, რათა დაგეხმაროთ, გააკეთოთ კარგი არჩევანი. ის ამას აკეთებს თქვენდამი სიყვარულის გამო. ღვთის მცნებების დაცვის საუკეთესო მიზეზია თქვენი მის მიმართ სიყვარული. სიყვარული ღვთის მცნებების შუაგულია.

მარადიული ჭეშმარიტებანი

ღმერთს უყვარხართ. ის თქვენი მამაა. მის სრულყოფილ სიყვარულს შეუძლია, მისი სიყვარული შთაგაგონოთ. როდესაც მამაზეციერისადმი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენს ცხოვრებაში, მრავალი გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი ხდება.

ორი ყველაზე დიდი მცნებაა, გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ მოყვასი. ვინ არის თქვენი მოყვასი? ყველა! დანარჩენი, რაც წმინდა წერილში და წინასწარმეტყველების მიერ ისწავლება, ამ ორ მცნებას უკავშირდება.

ყოველი ადამიანი თქვენი და და ძმაა – მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან ან არ გეთანხმებიან. ზეციურ მამას სურს, რომ მის შვილებს ერთმანეთი უყვარდეთ. როცა მის შვილებს ემსახურებით, თქვენ მას ემსახურებით.

მოწვევები

გამოხატეთ სიყვარული ღმერთის მიმართ მისი მცნებების დაცვით. მაგალითად, კვირა დღის სიწმინდის დაცვით, მათ შორის ზიარებისთვის ერთგული მომზადებითა და მიღებით, თქვენ აჩვენებთ ღმერთს, რომ მზად ხართ, კვირაში ერთი დღე მას დაუთმოთ. მარხვითა და მეათედის გადახდით თქვენ აჩვენებთ ღმერთს, რომ მისი საქმე უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე მატერიალური მხარე. როცა ღმერთისა და ქრისტეს სახელს პატივისცემით იყენებთ და არა ამაოდ ან შემთხვევით, თქვენ გამოხატავთ მადლიერებას ყველაფრისთვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა.

მოექეცით ყველას, როგორც ღვთის შვილს. თქვენ, როგორც იესო ქრისტეს მოსწავლეს, შეგიძლიათ გახდეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოექცეთ ყველა რასის, რელიგიისა და ნებისმიერი სხვა ჯგუფის ხალხს სიყვარულითა და პატივისცემით, განსაკუთრებით მათ, ვინც ზოგჯერ მწარე სიტყვის ან მოქმედების მსხვერპლი ხდება. გაუწოდეთ ხელი მათ, ვინც შესაძლოა თავს მარტოდ, გარიყულად ან უსუსურად გრძნობს. დაეხმარეთ მათ, თქვენ მეშვეობით მამაზეციერის სიყვარული იგრძნონ. გაუზიარეთ მათ დალოცვები, რომლებიც მან გიბოძათ და მოიწვიეთ ისინი, იარონ იესო ქრისტეს კვალზე.

დარწმუნდით, რომ თქვენი საუბარი გამოხატავს ღმერთისა და სხვების სიყვარულს - იქნება ეს პირადი კომუნიკაცია თუ ვირტუალური. თქვით სულის ასამაღლებელი რამ - არანაირი საკამათო, მტკივნეული ან საწყენი, გინდაც ხუმრობის სახით. თქვენი სიტყვები შეიძლება ძლიერი იყოს. დაე, ისინი სასიკეთოდ ძლიერი იყოს.

გამოხატეთ სიყვარული თქვენი ოჯახის მიმართ. ღვთის ყოველი შვილისადმი სიყვარული სახლში იწყება. შეიტანეთ თქვენი წვლილი, რათა გახადოთ საკუთარი სახლი ისეთ ადგილად, სადაც ყველას შეუძლია, ღვთის სიყვარული იგრძნოს.

იესო ქრისტე (ბეთ-ხაზდას აუზთან) გადასაფარებელს სწევს, რომლის ქვეშაც ხეიბარი კაცი წევს

დაპირებული კურთხევები

თქვენი ურთიერთობა ღმერთთან გაღრმავდება, როცა მისი მცნებებისა და აღთქმების დაცვით თქვენს სიყვარულს გამოხატავთ.

თქვენი ურთიერთობა სხვებთან გაღრმავდება, როცა ქრისტეს მსგავსი მსახურებით თქვენს სიყვარულს გამოხატავთ. სამყაროს უფრო მეტი სიყვარულით აღვსებისას თქვენ სიხარულს იპოვით.

კითხვა-პასუხები

როგორ შემიძლია ვიგრძნო ღმერთის სიყვარული? მამაზეციერის სიყვარული ყოველთვის ხელმისაწვდომია. ხშირად ესაუბრეთ მას ლოცვაში. გაუზიარეთ მას თქვენი გრძნობები და მიაქციეთ ყურადღება მისგან მიღებულ გრძნობებს. წაიკითხეთ ღვთის სიტყვები წმინდა წერილში. იფიქრეთ ყველაფერზე, რაც მან თქვენთვის გააკეთა. ეწვიეთ ადგილებს და ღონისძიებებს, სადაც მისი სული სუფევს.

ელის ღმერთი ჩემგან, რომ ყველა უნდა მიყვარდეს, ისინიც კი, ვინც ცუდად მექცევა? უფალი თქვენგან ელის, რომ შეიყვაროთ თქვენი მტრები და ილოცოთ მათთვის, ვინც ცუდად გექცევათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩარჩეთ სიტუაციებში, სადაც ემოციურ, ფიზიკურ ან სულიერ ზიანს გაყენებენ. თქვენივე უსაფრთხოებისთვის დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები. თუ ჩაგვრის ან ძალადობის მსხვერპლი ხართ, ან იცით, რომ ვინმე სხვა იმყოფება ამ მდგომარეობაში, ესაუბრეთ სანდო ზრდასრულ ადამიანს.

როდის და როგორ უნდა გავიცნო საპირისპირო სქესის წევრები? სხვების გაცნობის საუკეთესო გზა გულწრფელი მეგობრობაა. ახალგაზრდობის ასაკში დაუმეგობრდით მრავალ ადამიანს. ზოგიერთ კულტურაში საპირისპირო სქესის ახალგაზრდების გაცნობა ჯანსაღი ჯგუფური ღონისძიებების დროს ხდება. თქვენი ემოციური და სულიერი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, გადადეთ ერთი-ერთზე ტიპის ღონისძიებები სიმწიფის ასაკამდე –16 წელი კარგი საორიენტაციო ასაკია. მიიღეთ რჩევა თქვენი ოჯახის წევრებისა და ხელმძღვანელებისგან. მოიტოვეთ პირადი ურთიერთობები უფრო ზრდასრული ასაკისთვის. გაატარეთ დრო მათთან, ვინც გეხმარებიან იესო ქრისტესადმი დადებული პირობების შესრულებაში.

რა შემიძლია გავაკეთო, თუ ჩემს სახლში სიყვარული არ არის? თქვენმა მხსნელმა იცის თქვენი სიტუაცია და თქვენ მას უყვარხართ. იქონიეთ მოთმინება, გააგრძელეთ ღვთის მცნებების დაცვა და იყავით კარგი მაგალითი თქვენი ოჯახისთვის. სიყვარულის თქვენს პატარა ქმედებებს შეუძლია ბევრად შეცვალოს მდგომარეობა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაამყაროთ ურთიერთობები თქვენი მეურვეობის ოჯახში. ახლა მოემზადეთ იმისთვის, რომ იესო ქრისტეს სწავლებებზე დაფუძნებული საკუთარი ოჯახი შექმნათ. გახსოვდეთ: იესო ქრისტე თქვენი ძალაა!

იხ. ესაია 58:3–11 (მარხვის დანიშნულება); 58:13–14 (კვირა დღისთვის პატივის მიგების კურთხევები); მალაქია 3:8–10 (მეათედის გადახდის კურთხევები); ლუკა 6:27–28 (გიყვარდეთ თქვენი მტრები); 10:25–37 (ვინ არის ჩემი მოყვასი?); იოანე 3:16–17 (ღმერთმა თავისი ძე გამოაგზავნა, რადგან მას ვუყვარვართ); 14:15 (ჩვენ ვიცავთ მცნებებს, რადგან ღმერთი გვიყვარს); 1 იოანე 4:19 (ჩვენ გვიყვარს ღმერთი, რადგან მას ვუყვარვართ); მოსია 2:17 (სხვებისთვის მსახურებით, ჩვენ ღმერთს ვემსახურებით).

სატაძრო რეკომენდაციის შეკითხვები

  • ხელმძღვანელობთ იესო ქრისტეს სწავლებებით პირად ქცევასა და საზოგადოებაში, ოჯახის წევრებთან და სხვებთან ურთიერთობისას?

  • იხდით სრულ მეათედს?