ეკლესიის ჯანდაცვის ინიციატივები დეფიციტისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით
ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ ჯანმრთელობა არის აყვავებული ოჯახებისა და ძლიერი თემების საფუძველი. მიმდინარე წელს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებით ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
ალბანეთში სამშობიარო საავადმყოფოები სიცოცხლის გადამრჩენი სამედიცინო აღჭურვილობის სერიოზულ დეფიციტს განიცდიდნენ, ხოლო სახელმწიფო რესურსების სიმწირე საფრთხეს უქმნიდა დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხს. ეკლესიამ შესწირა აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობები — მათ შორის ორი CPAP აპარატი, პაციენტის მონიტორები, 12 ჟანგბადის კარავი და ერთი ექოსკოპიის აპარატი — და ასევე დააფინანსა სამედიცინო პერსონალის გადამზადება. აღნიშნული ინიციატივა ყოველწლიურად 34 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ეს დახმარება „პაციენტებს ხარისხიან პირობებსა და პირად სივრცეს უზრუნველყოფს“.
მონტენეგროში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქალთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. ეკლესიამ ორი ძირითადი საავადმყოფო აღჭურვა ციფრული მამოგრაფიის აპარატებით, რითაც ხელი შეეწყო ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას ქვეყანაში, სადაც აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზეა. ჯანდაცვის მინისტრმა, ვოისლავ შიმუნმა, ეს შემოწირულობა შეაფასა როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მონტენეგროში ქალთა ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ“, რომელმაც ათასობით ქალს იმედი შესძინა ადრეული დიაგნოსტირების გაძლიერებული შესაძლებლობის საშუალებით.
მოლდოვაში ეკლესიისა და ორგანიზაცია Project HOPE-ის მხარდაჭერით განხორციელებულმა REACH პროგრამამ დაუცველ თემებს სამი მობილური სამედიცინო ერთეული და დიაგნოსტიკური აღჭურვილობა მიაწოდა. ამ ერთეულების მეშვეობით ჩატარდა 1 200-ზე მეტი სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაცია, პარალელურად კი გადამზადდა ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტები. „ამ შემოწირულობის საშუალებით ჩვენი მიზანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი ჯანმრთელობის ცენტრების ძალისხმევის მხარდაჭერა,“ — განაცხადა ანა-მარია ბუბუიოკმა.
აღნიშნული ინიციატივები ასახავს ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს: ჯანმრთელობას აქვს როგორც მიწიერი, ასევე სულიერი მნიშვნელობა. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აღნიშნა: „მოგიწოდებთ, გადადგათ ნაბიჯები მიწიერი მზადყოფნისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტად ვზრუნავ თქვენს სულიერ და ემოციურ მომზადებაზე.“ ეკლესია აერთიანებს პროფესიულ გამოცდილებას ქრისტესმიერ თანაგრძნობასთან, რათა ადამიანთა სიცოცხლე დალოცოს.
ეკლესიის წევრებისთვის და იესო ქრისტეს სხვა მიმდევრებისთვის ჯანმრთელობის ხელშეწყობა მოწაფეობის გამოვლინებაა. იქნება ეს შემოწირულობა, მსახურება თუ პირადი ჩვევები — თუნდაც ერთი კერძის გაზიარება ან ადგილობრივი ინიციატივების გაცნობა — თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პოზიტიური ცვლილების შეტანა. ჩვენ ერთად მივყვებით მხსნელის მაგალითს და ღვთის შვილებს იმედსა და განკურნებას ვუზიარებთ.