ლიახონა
ჩვენი საყვარელი მხსნელის გამარჯვება
2026 წ. აპრილი, ლიახონა


„ჩვენი საყვარელი მხსნელის გამარჯვება“, ლიახონა, 2026 წ. აპრილი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, 2026 წ. აპრილი

ჩვენი საყვარელი მხსნელის გამარჯვება

იესო ქრისტეს უძვირფასესი ძღვენის სიდიადის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. სხვისგან ეს აღარასოდეს იქნება საჭირო. უფალი „ერთგზის შეწირვით“ ყველასთვის ეწამა.

ცარიელი სამარხი

რაც უფრო მეტი წელი გადიოდა, მით უფრო და უფრო მეტად თავმდაბალი ვხდებოდი, როდესაც ვფიქრობდი, ვსწავლობდი და უდიდეს ნუგეშს ვპოულობდი ჩვენი მხსნელის უსაზღვრო ძღვენში - იესო ქრისტეს გამოსყიდვაში. ადამიანის გონება სრულად ვერ აცნობიერებს, რაოდენ შეიცვალა კაცობრიობის ბედი გეთსიმანიაში, ჯვარზე და სამარხთან მომხდარის გამო.

ყველანი გამოვცდით გულისტკივილსა და ტანჯვას

მოციქულის მოწოდებაში მე ბევრს ვმოგზაურობდი და მქონდა ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან შეხვედრის პრივილეგია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. ცხოვრებაში არის დიდი სიხარულის მომენტები, მაგრამ ერთი რამ, რაც საკუთარი თვალით ვიხილე და გულის სიღრმეში ვიგრძენი ისაა, რომ ბედნიერებასა და სიხარულთან ერთად, ცხოვრება გულისტკივილისა და ტანჯვის მომენტებსაც შეიცავს.

არასდროს დამავიწყდება ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან გატარებული დრო, რომელთა მშობლების სიცოცხლე მათ სახლში შემოჭრილმა პიროვნებამ სასტიკად დაასრულა, სანამ ბავშვებს ეძინათ; ან ქალთან შეხვედრა, რომელზეც ნდობით აღჭურვილმა ნათესავმა იძალადა; ან ახალგაზრდა გოგონას საწოლთან ჯდომა, რომელმაც ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად ტვინის დაზიანება მიიღო და იგი მალევე გარდაიცვალა; ან ქალის ქვითინის მოსმენა, რომელსაც ქმარი მრავალი წლის განმავლობაში მას და ტაძარში დადებულ აღთქმებს საზარლად ღალატობდა.

მიგრძვნია მშობლების ტკივილი, რომელთა შვილსაც აღარ სწამდა სახარების ჭეშმარიტება და ცდილობდა, ოჯახის სხვა წევრებისთვისაც შეერყია რწმენა. მე ვესტუმრე იმედისმომცემი ახალგაზრდა მამაკაცის დამწუხრებულ მშობლებსა და მეგობრებს, რომელმაც თავი მოიკლა. მიგრძვნია ღვთისმოსავი მწუხარება ადამიანებისა, რომლებმაც ცოდვა ჩაიდინეს და ჭეშმარიტად სურდათ მონანიება, ასევე იმ პირთა განადგურება, რომლებიც ცოდვით დაზარალდნენ.

მინახავს მენტალური დაავადების გამო გულისტკივილი, მათი, ვინც ამისგან ფიზიკურად იტანჯება და ასევე - ვინც ამ ტანჯვის შემყურე, დახმარების უუნარობით ჩუმად განიცდის. მინახავს სტიქიური უბედურებებით, წყალდიდობებით, ქარიშხლებით, ხანძრებითა და მიწისძვრებით გამოწვეული უზარმაზარი პირადი დანაკარგები. მომსწრე ვარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ქარიშხლებით, ომებითა და ნგრევით გამოწვეული არეულობების, ასევე იმ აგონიისა, რომელიც იწყება, როდესაც მოულოდნელი რამ თავს დაატყდება უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც სწორად მოქცევას ცდილობენ.

მხსნელს ვიღაცის ხელი უკავია

მკურნალი ხელები, კოლბი ლარსენის ნამუშევარი. კოპირება დაუშვებელია

მხსნელი დახმარების ხელს გვიწვდის

იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა (1920–2007), პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, თქვა: „დაზარალებულებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ განსაცდელები გადალახონ და მხსნელი „დაეხმარება საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“ [ალმა 7:12]. ის დაგვეხმარება ჩვენი ტვირთის ტარებაში. ზოგიერთი ჭრილობა იმდენად მტკივნეული და ღრმაა, რომ მისი განკურნება შეუძლებელია უზენაესი ძალის დახმარებისა და იმედის გარეშე, რომ მომავალ ცხოვრებაში სრულყოფილი სამართლიანობა და ანაზღაურება მოხდება. … უფალს ესმის ჩვენი ტკივილი და ჩვენთან ერთად ივლის ყველაზე ბნელ საათებშიც კი.”

სულ უფრო მეტად მიზიდავს მხსნელის სიყვარული და იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით დაპირებული უსასრულო კურთხევები. მან არ დაგვიფარა ცხოვრებისეული რთული გამოცდილებისგან, რომელსაც განუზომელი ტკივილი მოაქვს, მაგრამ დაგვიცვა მარადიული ტანჯვისა და ზეციერი მამისგან გაუცხოებისგან და მოგვცა საშუალება, უფლის ყოვლისმომცველი ტანჯვის მეშვეობით, სრულყოფილი სიხარულისა და მარადიული ბედნიერების შესაძლებლობა გვქონოდა ღვთის სუფევაში.

პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვახსენებს: „ღვთის ყველაზე ძლიერი მიწიერი დახმარება, უდავოდ, იყო მხსნელის, იესო ქრისტეს, მოვლენა, რომელიც ეწამებოდა, რათა მონანიებული ცოდვების საფასური გადაეხადა და მიტევება უზრუნველყოფილიყო. ეს მოწყალე და დიდებული გამოსყიდვა განმარტავს, თუ რატომ არის უფალ იესო ქრისტეში რწმენა სახარების პირველი პრინციპი. მის გამოსყიდვას „მოაქვს მკვდართა აღდგომა“ (ალმა 42:23) და ის „გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს“ (ალმა 34:8), წაშლის რა ჩვენს ყველა მონანიებულ ცოდვას და მისცემს ჩვენს მხსნელს ძალას, დაგვეხმაროს ჩვენს მოკვდავ უძლურებაში“.

მხსნელი გეთსიმანიაში

ფრაგმენტი სურათიდან ლოცვა გეთსიმანიის ბაღში. ავტორი: დელ პარსონი. კოპირება დაშვებულია მხოლოდ ეკლესიაში გამოსაყენებლად

მარადისობის გადამწყვეტი მოვლენა

როდესაც ვფიქრობ იმ ტანჯვაზე, რომელიც პირადად ვიხილე და რომელიც უსასრულოდ მცირეა ყველა იმ ადამიანის ტანჯვასთან შედარებით, ვინც ოდესმე ცხოვრობდა ან იცხოვრებს დედამიწაზე, არ შემიძლია სიტყვებით აღვწერო ის გრძნობები, რომელიც გულში მაქვს იმის შესახებ, რაც მხსნელის გულში, გონებაში, სხეულში და სულში ხდებოდა, მთელი კაცობრიობის ცოდვებისა და ტკივილისთვის ყოვლისმომცველი ტანჯვის წუთებში.

მთელი მარადისობის გადამწყვეტი მოვლენა დაიწყო, როდესაც იესო წავიდა „იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია“ (მათე 26:36) ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის ქალაქის კედლების მიღმა. მან უთხრა მოწაფეებს: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ" (მათე 26:38).

მან ილოცა, ამბობდა რა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39). ის თავის მოწაფეებს დაუბრუნდა, ნახა, რომ ეძინათ, ისევ წავიდა და მეორედ ილოცა. „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი. … კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა“ (მათე 26:42, 44).

იესომ შესვა მწარე სასმისი. მან გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე ისეთი ტანჯვა გამოიარა, რომელსაც მიწიერი გონებით ვერ ჩავწვდებით. უცოდველმა, აიღო საკუთარ თავზე ყველა ჩვენი ცოდვა, რათა თუ მივალთ მასთან და მოვინანიებთ, ჩვენი ცოდვები და ტვირთი მოგვშორდება (იხ. 2 კორინთელთა 5:21).

იესოს ტანჯვა, სიკვდილი და გამომსყიდველი მსხვერპლი დიდი ხნის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები. იესოს დაბადებამდე 700 წლით ადრე, წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა, რომ „უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება“ (ესაია 53:6). იესომ ისაუბრა, რომ თავი უნდა შეეწირა მრავალთა „გამოსასყიდად“ (მათე 20:28; იხ. აგრეთვე  ტიმოთე 2:6) „ცოდვათა მისატევებლად“ (მათე 26:28) ყოველი მათგანისთვის, ვინც იწამებს მას და ცოდვებს მოინანიებს. პეტრე მოციქულმა აგვიხსნა, როგორ „მოკვდა [უფალი] ჩვენი ცოდვებისთვის“ (1 პეტრე 3:18), რათა მისი ჭრილობებით განვიკურნოთ (იხ. 1 პეტრე 2:24). ჩვენი მამაზეციერის სუფევაში დასაბრუნებლად მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო. ის „დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო“ (ესაია 53:5).

მისი აგონია გეთსიმანიაში არ დასრულებულა, ის გაგრძელდა: მას უღალატა ადამიანმა, რომელიც მასთან ერთად დადიოდა, უსამართლო მმართველები დასცინოდნენ, გაშოლტვისას სხეული სტკიოდა, სასტიკმა, უმოწყალო ჯარისკაცებმა თავზე ეკლიანი გვირგვინი დაადგეს (იხ. იოანე 18:2-3, 12-14; მარკოზი 15:15-20) და ნაწამები ზურგის ჭრილობებზე მძიმე ჯვარი დაადეს, როდესაც ის გოლგოთისკენ გაემართა (იხ. იოანე 19:16-17).

ჯვარზე კი, გეთსიმანიაში შეგრნობილი განსაკუთრებული აგონია მთელი თავისი სიმძაფრით გამოვლინდა და მის ატანას ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, მარტომ აიღო მამისგან ბოძებული ღვთიური დავალება და სიცოცხლე გაიღო. ჯარისკაცები და მმართველები ვერ წაართმევდნენ ამას (იხ.იოანე 10:18). პატივისცემითა და მოწიწებით, იესომ თავი დახარა და თქვა: „აღსრულდა“ (იოანე 19:30).

მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წამი დასრულდა. მისი უძვირფასესი ძღვენის სიდიადის სიტყვიერად აღწერა შეუძლებელია. სხვა აღარასოდეს იქნება საჭირო. იესო ქრისტე „ერთგზის შეწირვით“ ყველასთვის ეწამა (ებრაელთა 10:10).

იგი აღდგა!

თავისი ღვთიური მისიის აღსრულებით, ის იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი, რომელიც სამარხიდან უკვდავებისთვის აღდგებოდა (იხ. 1 კორინთელთა 15:21-23.

სამარხთან მყოფ ქალს ანგელოზმა უთხრა:

„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

„არ არის აქ, არამედ აღდგა“ (ლუკა 24:5-6).

მან უთხრა თავის მოციქულებს: „შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ" (ლუკა 24:39). შემდეგ, „გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად“ (1 კორინთელთა 15:6). თვითმხილველებმა აღმდგარი ქრისტე იხილეს. იგი მკვდარი არ იყო. ის ცოცხალი იყო.

იესო ქრისტემ გაწყვიტა ჯაჭვები და სიკვდილის მარადიული ბორკილები დაამსხვრია ყოველი ადამიანისთვის, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს დედამიწაზე (იხ. 1 კორინთელთა 15:22). მან ჩვენი ყოვლისმომცველი მტერი - სიკვდილი სამუდამოდ დაამარცხა.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა (1924-2025) თქვა: „იესო ქროსტემ აიღო საკუთარ თავზე თქვენი ცოდვები, თქვენი ტკივილი, თქვენი გულისტკივილი და თქვენი უძლურობა. თქვენ აღარ გიწევთ ამის მარტოდ ტარება! ის მოგიტევებთ, როცა მოინანიებთ. ის გიბოძებთ, რაც გესაჭიროებათ. ის თქვენს დაჭროლ სულს განკურნავს. როცა მასთან ერთად უღელში ჩაებმებით, თქვენი ტვირთი შემსუბუქდება. თუ დადებთ და დაიცავთ აღთქმებს, რომ ქრისტეს კვალზე ივლით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების მტკივნეული მომენტები დროებითია. თქვენი ტანჯვა „შთაინთქმებ[ა] ქრისტეს სიხარულით“ [ალმა 31:38]“.

როგორც უფლის ერთ-ერთმა მოციქულმა, მე განვიცადე სულიერი და პირადი მომენტები, რომლებმაც უტყუარი, აშკარა დამოწმება მიბოძეს, რომ იგი ცოცხალია. დაე, ეს სიტყვები, ამ სააღდგომო პერიოდში, ნაზად ჩაგვრჩეს გონებასა და გულში: „მინდა, ყოველთვის მახსოვდეს, რომ შენ ჩემ გამო ეწამე“, როდესაც ვხარობთ სიმღერით:

იგი აღსდგა! იგი აღსდგა! …

სიკვდილი დამარცხებულია; ადამიანი თავისუფალია.

ქრისტემ გამარჯვება მოიპოვა.

შენიშვნები

  1. ჯეიმს ე. ფაუსტი, „გამოსყიდვა: ჩვენი ყველაზე დიდი იმედი“, ლიახონა, იანვარი, 2002, 22.

  2. დალინ ჰ. ოუქსი, „ღვთიური დახმარება მიწიერი ცხოვრებისთვის“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025.

  3. წინა 10 აბზაცთან დაკავშირებით იხ. ნილ ლ. ანდერსენი, იესო არის ქრისტე (2023), 28-35.

  4. რასელ მ. ნელსონი, „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2024.

  5. მხსნელო, მორჩილად შეგთხოვთ“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 26.

  6. იგი აღსდგა!,” საგალობლები, 55.