„ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტება“, ლიახონა, აგვ., 2025.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აგვისტო, 2025
ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტება
მამაზეიციერმა უკვე გაგვიმხილა ჭეშმარიტება ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ, მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ მივიღოთ ყველაზე დიდებული ძღვენი.
1833 წლის 22 იანვარს, კირტლანდში, ოჰაიოში, ნიუელ კ. უიტნის მაღაზიის ზემოთ მდებარე პატარა, გადაჭედილ ოთახში, ეკლესიის უხუცესები წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითთან ერთად შეიკრიბნენ. წინა წლის დეკემბერში ჯოზეფმა გამოცხადება მიიღო, რომელიც მას სკოლის დაარსებას უბრძანებდა, პირველ რიგში იმისთვის, რომ ძმები მისიისთვის მოემზადებინა.
„გაძლევთ ბრძანებას“, უფალმა განაცხადა, „რომ ასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის მოძღვრება.
„ასწავლეთ ბეჯითად და ჩემი მადლი იქნება თქვენთან, რათა უფრო სრულყოფილად იყოთ განსწავლულნი თეორიაში, პრინციპებში, მოძღვრებაში, სახარების კანონში, ყოველივეში, რაც ეხება ღვთის სასუფეველს, რასაც საჭიროა, რომ ჩასწვდეთ; …
„რათა ყოველივეში მზად იყოთ, როდესაც კვლავ გაგაგზავნით მოწოდების განსადიდებლად, რომელზეც მოგიწოდეთ და მისიაში, რომელშიც გაგამწესეთ“ (მოძღვრება და აღთქმები 88:77-78, 80).
ეს „წინასწარმეტყველთა სკოლა“, როგორც მას უწოდებდნენ, საოცარ სულიერებას უზრუნვლყოფბა. იქ ეკლესიის მრავალი ადრეული ხელმძღვანელი სწავლობდა. დღეს სამყარო სრულიად განსხვავებული ადგილია, მაგრამ უფლის მიერ იმ დროს მოცემული ხელმძღვანელობა კვლავ წარმოუდგენლად გამოსადეგია. ჩვენც უნდა ვესწრაფებოდეთ ცოდნას და სიმართლეს „როგორიც ის არის და როგორიც იყო და როგორიც იქნება“ (მოძღვრება და აღთქმები 93:24).
ჩვენი ძიება სიმართლისა
ამ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენთვის უფრო მეტი ცოდნაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე. წარსულში, თუ რამის გაგება გსურდა, ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი და ინფორმაცია მოგეძია. დღეს ინტერნეტი და პორტატული მოწყობილობები თითქმის უსასრულო ინფორმაციას გვთავაზობენ, რომლის მოძიებაც მყისიერად შეგვიძლია.
უფალს უხარია, როდესაც გონივრულად ვიყენებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ რესურსებს, მაგრამ მან მოგვცა ეს მარადიული რჩევა: „ბეჯითად ეძიეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიბრძნის სიტყვები; დიახ, ეძიეთ საუკეთესო წიგნებში სიბრძნის სიტყვები, ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“ (მოძღვრება და აღთქმები 88:118). ის გვაძლევს სტიმულს, შევიცნოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:79; 93:53), მაგრამ ჭეშმარიტების ძიებაში უნდა მივმართოთ ღმერთს, რომელიც „სწვდება ყველაფერს და ყოველივე არის მის წინაშე, … და იგი არის ყოველივეზე მაღლა, … ყოველივე არის მის მიერ შექმნილი და მისგან“ (მოძღვრება და აღთქმები 88:41).
ღვთის მიერ მოცემულ ჭეშმარიტებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მიწიერი ცხოვრებისთვის არის ის, რომ ღმერთი ჩვენი ზეციერი მამაა. ჩვენ ღვთის სულიერი ძენი და ასულნი ვართ. ღმერთი სრულყოფილად გვიცნობს და ვუყვარვართ. ჩვენ კი, როგორც ღვთის სულიერ შვილებს, ღვთიური ბუნება და დანიშნულება გვაქვს. ამ მარადიული ჭეშმარიტებების გაგება და მიღება გვაძლევს იდენტობას, ღირებულებას და მიზანს, რამაც დაგვლოცა და გვიხელმძღვანელა ჩვენს წინამიწიერ ცხოვრებაში და ასე გაგრძელდება ახლა და მარადისობაში.
დასაბამიდან ჩვენ მამასთან ერთად ვიყავით
როდესაც ვეძებთ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, „როგორიც ის არის“, ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს სიტყვებს: „და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე დასაბამიდანვე ვიყავი მამასთან და ვარ პირმშო,“ და „თქვენც დასაბამიდანვე იყავით მამასთან“ მოძღვრება და აღთქმები 93:21, 23).
დედამიწაზე ცხოვრებამდე ჩვენ დავესწარით ზეციერ საბჭოს, სადაც ჩვენმა ზეციერმა მამამ წარმოადგინა ბედნიერების დიდებული გეგმა. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა, რომ ღმერთის მოტივაცია მისი გეგმის მიმართებით არის ჩვენთვის ბოძებული „პრივილეგია, რომ წინ წავიწიოთ მის მსგავსად [და] … ავმაღლდეთ მასთან ერთად“. ღვთის საქმე და ბრწყინვალებაა, „აღასრულოს ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“(მოსე 1:39).
ჩვენ საკუთარი თავისუფალი ნებით ავირჩიეთ მამაზეციერის გეგმის შესრულება. ჩვენ დალოცვილები ვართ, რომ დავიბადეთ ამ ცხოვრებაში, სადაც კვლავ გვაქვს თავისუფალი არჩევანი და შეგვიძლია განვიცადოთ მიწიერი ცხოვრება, ვისწავლოთ და წინ წავიდეთ მარადიული სიცოცხლისკენ.
მიწიერი მოგზაურობის დროს ჩვენ განვიცდით გამოწვევებსა და წარუმატებლობებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ იძულებულნი მარტო გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ჯოზეფ სმითი ასწავლიდა, რომ მამაზეციერი, „სამყაროს დიდებული მშობელი[,] კაცობრიობის მთელ ოჯახს მამობრივი ზრუნვითა და მშობლიური დამოკიდებულებით უყურებს.“
ჩვენი ზეციური მამა, „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი,“ დაგვლოცავს, აგვამაღლებს და გვანუგეშებს „ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთე ლთა 1:3-4). ზეციერმა მამამ უზრუნველყო მასთან დასაბრუნებელი გზა, როგორც თავისი გეგმის აუცილებელი ნაწილი.
გზა ჩვენი მამისკენ
ჭეშმარიტება „როგორც სინამდვილეში არის“ (იაკობი 4:13) ცხადია: ჩვენ, როგორც მამაზეციერის შვილებს, საკუთარი სრული პოტენციალის მიღწევა მარტო არ შეგვიძლია. იესო ქრისტემ, მამა ღმერთის პირველშობილმა სულიერმა ძემ, აღთქმა დადო, რომ იქნებოდა ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.
იესო ქრისტე, „მამის მხოლოდშობილი, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტების სულით, … მოვიდა და იმყოფებოდა ხორცში და იმყოფებოდა ჩვენ შორის“ (მოძღვრება და აღთქმები 93:11). უფალი მოვიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ბედნიერების, მნიშვნელობისა და სიხარულის გზა, ამ ცხოვრებასა და მარადისობაში.
„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
„რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ“. (იოანე 3:16-17).
მხსნელის მიწიერი გამოცდილება მნიშვნელოვანია. მან „არ მიიღო თავიდან სისავსისგან, მაგრამ მიიღო მადლი მადლისა“ (მოძღვრება და აღთქმები 93:12). იგი გაიზარდა და „მან მიიღო მამის ბრწყინვალების სისავსე“ და „მთელი ძალაუფლება, ზეცაშიც და დედამიწაზეც და ბრწყინვალება მამისა იყო მასთან, ვინაიდან იგი იყო მასში“ (მოძღვრება და აღთქმები 93:16–17). მხსნელმა გვასწავლა:
„მე გაძლევთ ამ სიტყვებს, რათა ჩასწვდეთ და იცოდეთ, თუ როგორ უნდა ეთაყვანოთ და იცოდეთ, რას ეთაყვანებით, რათა მოხვიდეთ მამასთან ჩემი სახელით და შესაფერის დროს მიიღოთ მისი სისავსიდან.
„ვინაიდან, თუ იცავთ ჩემს მცნებებს, მიიღებთ მისი სისავსიდან და გაბრწყინდებით ჩემში, როგორც მე მამაში, ამიტომ გეუბნებით, თქვენ მიიღებთ მადლის მადლს“ (მოძღვრება და აღთქმები 93:19-20).
გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე იესო ქრისტემ აიღო თავის თავზე ქვეყნიერების ცოდვები და განიცადა ყველა მწუხარება და „ყველანაირი ტკივილი და ტანჯვა და ცდუნება“ (ალმა 7:11). ამან „თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, [აიძულა] ტკივილისგან [ეკანკალა], სისხლი [წამოსვლოდა] ყოველი ფორიდან“ (მოძღვრება და აღთქმები 19:18). მხოლოდ იესო ქრისტეს, მისი გამოსყიდვისა და აღდგომის მეშვეობით არის შესაძლებელი ხსნა და ამაღლება.
მხსნელის მადლითა და გამომსყიდველი მსხვერპლით, ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ მანამ, სანამ მივიღებთ სისავსეს და ერთ დღესაც სრულყოფილებამდე მივალთ. თუ ჩვენ მივყვებით მხსნელის მაგალითს და დავემორჩილებით მის მცნებებს, ის წინ წაგვიძღვება და გვიწინამძღოლებს ჩვენი ზეციერი მამის დიდებულ სუფევაში დაბრუნების გზაზე.
Christ on the Road to Jerusalem [ქრისტე, იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე], მაიკლ კოულმანი, ასლის გადაღება აკრძალულია
მიიღებთ უფლის ძღვენს?
იმ ჭეშმარიტებებთან ერთად, „როგორც სინამდვილეში არის“ (იაკობი 4:13), ასევე ვსწავლობთ, რომ ჩვენი მარადიული ცხოვრება განისაზღვრება საკუთარი არჩევანით, მივყვეთ იესო ქრისტეს და მივიღოთ მისი ძღვენი. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ „[დავტკბებით] იმით, რის მისაღებადაც მზად [ვართ]“. სამწუხაროდ, ზოგიერთნი „არ [იქნებიან] მზად, [დატკბნენ] იმით, რისი მიღებაც შეეძლოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 88:32).
ჩემი მისიის პრეზიდენტი, უხუცესი მერიონ დ. ჰენკსი (1921-2011), რომელიც სამოცდაათიანელთა მაღალი წოდების რანგში მსახურობდა, თავის მისიონერებს ასწავლიდა, რომ იმის თხოვნა, რისი მიღებაც გვსურს და რომლითაც დატკბობა შეგვიძლია, არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ დავადგინოთ, თუ სად ვართ ჩვენს სულიერ მოგზაურობაში. „რამეთუ რას არგებს ადამიანს, თუკი მას ძღვენს მიართმევენ და იგი ამ ძღვენს არ მიიღებს?“ როდესაც მხსნელის ძღვენს ვიღებთ უფლის გულმოდგინედ ძიებითა და მიმდევრობით, ჩვენ გავიხარებთ მარადიული სიცოცხლის იმედით და იმით „თუ ვინ არის ამ ძღვენის მბოძებელი.“ (მოძღვრება და აღთქმები 88:33). ესოდენ სიყვარულით ბოძებული ძღვენი „არის ღმერთის ყველაზე დიდი ძღვენი“ (მოძღვრება და აღთქმები 14:7).
ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა. იგი გვიცნობს და ჩვენ მას ვუყვარვართ. როდესაც ჭეშმარიტების ძიებისას უფალს მივმართავთ, შეგვიძლია მივემხროთ ინტელექტს, მივიღოთ სიბრძნე, ჭეშმარიტება, შევიყვაროთ სათნოება და ვიაროთ უფლისგან მომდინარე სინათლეში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:40). შემდეგ ჩვენ ამას საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ვაგრძელებთ, სანამ „[არ] მოვა დღე, როდესაც [ჩავწვდებით] ღმერთსაც, გა[ვ]ცოცხლდებით მისგან და მასში“ (მოძღვრება და აღთქმები 88:49).
ეს იქნება ყველაზე დიდებული და სასიხარულო დღე.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი: Monthly Liahona Message, August 2025. Georgian. 19613 131