2024
წმინდა მღვდლობის სამოსელი
სექტემბერი, 2024 წ.


„წმინდა მღვდლობის სამოსელი“, ლიახონა, სექტ., 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა სექტემბერი, 2024 წ.

წმინდა მღვდლობის სამოსელი

სატაძრო შემოსვისას ჩვენ მოგვეცა ჩვენი აღთქმების წმინდა, ფიზიკური შეხსენება— თავად მხსნელის სიმბოლო.

ადამი და ევა ერთად მოდიან

დეტალი სურათიდან Adam and Eve [ადამი და ევა], დუგლას მ. ფრაიერის მიერ

მიუხედავად უდავოდ მიღებული მომზადებისა და დარწმუნებისა, რომელთა დამახსოვრებასაც ისინი ცდილობდნენ, ადამისა და ევასათვის ნამდვილი შოკი უნდა ყოფილიყო ედემის სამოთხისებური ბაღის დატოვება და დაცემულ სამყაროში გადასვლა.

საზეიმო გაცნობიერებულობით ისინი მიხვდნენ, თუ რას ნიშნავდა მათი მშვიდი, უდარდელი ცხოვრების გაცვლა წინააღმდეგობისა და ოფლის, ეკლებისა და მწუხარების სამყაროზე, რასაც საბოლოოდ მოჰყვებოდა ის, რასაც სიკვდილი ეწოდება. თავიდან მათ არ ეცოდინებოდათ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს, მაგრამ მალე მათ შეიტყვეს, რომ ყოველ დღეს ახალი ტკივილის მოტანა შეეძლო. მართლაც, ყველაზე მტკივნეული იყო იმის გააზრება, რომ ისინი თავიანთი მამაზეციერისგან განშორების წინაშე დადგებოდნენ ანუ როგორც მოგვიანებით მოსემ ჩაიწერა, „გაძევებულნი იყვნენ მისი გარემოცვიდან“.

თუ გავითვალისწინებთ ამ განცალკევებასა და მარტოობას ცივ, საშინელ სამყაროში, რა მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო ადამისა და ევასათვის ერთი რამის გახსენება: რომ მათ დაპირებები მიეცათ - რაღაც წმინდა და მარადიული, რასაც აღთქმები ეწოდება. მათ პირობა დადეს, რომ ცხოვრების ყოველ დღეს ემახსოვრებოდათ მამა, ის კი დაპირდა მათ მხსნელის უზრუნველყოფას, რომელიც მათ ტკივილსა და მწუხარებას შეამსუბუქებდა, მათ შეცდომებს გამოისყიდიდა და უსაფრთხოდ დააბრუნებდა მათ მის გარემოცვაში.

მაგრამ როგორ ემახსოვრებოდათ ამ მოკვდავებს დანაპირები? როგორ შეინარჩუნებდნენ სახიფათო სიტუაციის გააზრებას - ყოველთვის, დღე და ღამე?

მათი აღთქმების შეხსენება

ასეთი შეხსენებისთვის მან „ტყავის სამოსელი“ მისცა მათ. რა დროული და საოცარი ძღვენი იყო ეს. აკრძალული ხილის დაგემოვნების შემდეგ ადამმა და ევამ თითქმის უმალვე გაიაზრეს, რომ შიშვლები იყვნენ. თავიდან მათ სცადეს ლეღვის ფოთლებით დაეფარათ სიშიშვლე. შემდეგ, იმის შიშით, რომ ეს შეუფერებელი იყო, მათ უფლისგან დამალვა სცადეს. (ასეთი უგუნური მცდელობა იყო მტკიცებულება იმისა, რომ მათ უკვე მოკვდავობა შეეხოთ). იმ მომენტიდან დღემდე, მოსიყვარულე მამა იწვევს თავის შვილებს, გამოვიდნენ სამალავებიდან და მოვიდნენ მასთან. და დაწყებული ტყავის სამოსლით მაშინ, იმ დროიდან გაგრძელებული ტანსაცმლის სხვადასხვა ატრიბუტებით, მან თავისი წყალობით არ დაგვტოვა შიშველნი, არამედ შემოსა მორჩილები ჩვენი დაპირებებისა და აღთქმების შეხსენებით, „სიმართლის სამოსლით“. ეს „ხსნის სამოსელი“ არის ყველაზე დიდი ძღვენის— იესო ქრისტეს გამოსყიდვის სიმბოლო.

სატაძრო სამოსელი მხსნელის სიმბოლოა

ადამსა და ევაზე, აღთქმებსა და ტანსაცმელზე ფიქრი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გონებრივი ვარჯიში. არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, რას გრძნობდნენ ადამი და ევა, რადგან ჩვენც პრობლემების წინაშე ვდგებით ამ დაცემულ სამყაროში. ჩვენც ღმერთის გარემოცვიდან მოგვაშორეს და შემდეგ ჩვენ თავად ვზრდით ამ მანძილს ყოველ ჯერზე, როცა შევცოდავთ. ჩვენც, ადამსა და ევას მსგავსად, იგივე მხსნელი გვიბოძეს - იესო ქრისტე ნაზარეველი, ალფა და ომეგა, ძე ცოცხალი ღვთისა. ჩვენც, ადამსა და ევას მსგავსად, ღმერთთან აღთქმები დავდეთ. სატაძრო შემოსვისას ჩვენ მოგვეცა ამ აღთქმების წმინდა, ფიზიკური შეხსენება— თავად მხსნელის სიმბოლო. ჩვენს წყობაში ამას წმინდა მღვდლობის სამოსელი ეწოდება.

იესო ქრისტეს სურათი

დეტალი სურათიდან The Second Coming [მეორედ მოსვლა], ჰარი ანდერსონის მიერ

სამოსელს ტანისამოსის ქვეშ ვატარებთ. რა პასუხისმგებლობაც არ უნდა მქონდეს, რა როლსაც არ უნდა ვთამაშობდე ამ ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს ყოველდღიური ცხოვრების მოვალეობები, ყოველივე ამის ქვეშ ჩემი აღთქმებია— ყოველთვის და სამარადისოდ. ყოველივე ამის ქვეშ ის წმინდა დაპირებებია, რომლებსაც ასეთი სასოწარკვეთით ვებღაუჭები. სატაძრო სამოსელს არ ვაფრიალებთ და არ ვუჩვენებთ სამყაროს, ისევე როგორც ჩვენს აღთქმებს. მაგრამ ორივე ახლოს მაქვს—რაც შეიძლება ახლოს. ისინი ძალიან პირადული და უზომოდ წმინდაა ჩემთვის.

ამ აღთქმების ანუ ორმხრივი დაპირებების სამახსოვროდ, ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვატარებთ სატაძრო სამოსელს. ეს პრაქტიკა ასახავს ჩვენს სურვილს - მივცეთ მხსნელს შესაძლებლობა, მუდამ ახდენდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. სხვა სიმბოლოები პერიოდულია. ჩვენ ცხოვრებაში ერთხელ ვინათლებით. კვირაში ერთხელ ზიარებას ვიღებთ. დავდივართ ტაძარში, როგორც ვითარება გვიწყობს ამისთვის ხელს. მაგრამ წმინდა მღვდლობის სამოსელი სხვა რამეა: ამ სიმბოლოს ჩვენ დღე და ღამე მივაგებთ პატივს.

იგივე ითქმის აღთქმებზე—ისინი არ გადაიდება გვერდზე მოხერხებულობის ან დაუდევრობის გამო და ისინი არ იცვლება იმისთვის, რომ მოერგოს საზოგადოების მოდასა და სტილს. იესო ქრისტეს მოწაფეების ცხოვრებაში ამაქვეყნიურობა უნდა მოერგოს ჩვენს აღთქმებს და არა პირიქით.

პირველმა პრეზიდენტობამ გვასწავლა, რომ როცა სატაძრო სამოსელს ვიცვამთ, ჩვენ ამით იესო ქრისტეს წმინდა სიმბოლოს ვიცვამთ. და თუკი ეს ასეა, რატომ უნდა ვეძებდეთ ამ სიმბოლოს გახდის გამართლებას? რატომ უნდა წავართვათ საკუთარ თავს ძალის, მფარველობისა და მოწყალების დაპირება,, რასაც წმინდა სამოსელი წარმოადგენს? პირიქით, როცა დროებით გვიწევს სამოსლის გახდა, ჩვენ მოუთმენლად უნდა ვცდილობდეთ, რაც შეიძლება მალე კვლავ ჩავიცვათ ის, რადგან გვახსოვს როგორც დაპირებები, ასევე საფრთხეები, რომლებიც მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს აღთქმებს. და რაც ყველაზე მთვარია, ჩვენ გვახსოვს ჯვარი და ქრისტეს ცარიელი სამარხი.

ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე ქრისტეს გახსენებისთვის სხვა ხერხები მაქვს”. და მე ვუპასუხებდი: შესანიშნავია! რაც მეტი მით უკეთესი. მოდით, რაც შეიძლება მეტი ხერხი გავიხსენოთ იმისთვის, რომ ვიცავდეთ ჩვენს დაპირებას „ყოველთვის [გვახსოვდეს] იგი“. მაგრამ ამასობაში არ იქნებოდა გულწრფელი განგებ დაგვეკნინებინა უფლის შეხსენება შემოსილთათვის —წმინდა მღვდლობის სამოსელი.

იესო ქრისტე და მისი სახარება ჩემთვის ყველაფერია. ყოველივე ჩემი მარადიული იმედი და მისწრაფება, რაც კი ჩემთვის ძვირფასია, მას უკავშირდება. იგი არის „ჩემი ხსნის კლდე“, მამაზეციერთან მისვლის გზა, იმის მიღწევის, რაც ოდესღაც მქონდა და რისი ფლობაც კვლავ მსურს და იმაზე გაცილებით მეტის. მისი ძღვენი ყველაზე გულუხვია ყველა ძღვენთა შორის, რომელიც ოდესმე მიმიღია —ის ხომ უსაზღვრო რაოდენობის ადამიანისთვის, უზომო ტანჯვის ფასად, განუზომელი სიყვარულით არის შეძენილი. ნარ-ეკალი და ტანჯვა, დაცემული ამასოფლის მწუხარება და ცოდვა „შთაინთქა ქრისტეში“.

ამიტომაც ვატარებ წმინდა მღვდლობის სამოსელს—დღისით და ღამით, როგორც წესია, იმ დღიდან, როცა 64 წლის წინ, 19 წლის ასაკში შევიმოსე, რადგან მიყვარს იგი და მჭირდება დაპირებები, რომლებსაც ის წარმოადგენს.

სამოსელის ტარებასთან დაკავშირებული შეკითხვები გაქვთ?

ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება კითხულობდეს ამ სტატიას და ჰქონდეს იმედი იმისა, რომ სამოსელთან დაკავშირებულ რომელიმე კითხვას გავცემ პასუხს. შეიძლება გქონდეთ იმედი გაიგონოთ „ასე ამბობს უფალი“—ან თუნდაც „ასე ამბობს მისი მსახური“—იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც გულში ატარებთ. თქვენი შეკითხვა შეიძლება გამომდინარეობდეს პირადი გარემოებიდან, რომელიც უკავშირდება დასაქმებას, ვარჯიშს, ჰიგიენას, კლიმატს, მოკრძალებულობას, სანიტარიულ დაწესებულებებს ან თუნდაც სამედიცინო მდგომარეობას.

ზოგიერთ ასეთ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იპოვოთ საიტზე temples.ChurchofJesusChrist.org და ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოს38.5 ნაწილში. სანდო ოჯახის წევრებსა და ხელმძღვანელებს შეუძლიათ პირად საკითხებზე კონსულტაციის გაწევა. თუმცა, საწყის წეს-ჩვეულებებში გვეძლევა ძალიან მკაფიო მითითება და მუდამ არსებობს მარადიული ზეციერი მამა, რომელიც გიცნობთ და უყვარხართ და ესმის ყველაფერი თქვენი გარემოებების შესახებ. მას ძალიან გაუხარდება, თუ მას ამ კითხვებს პირადად დაუსვათ.

შპილი  სეინტ ჯორჯის ტაძრის თავზე, იუტა

ფოტოზე: შპილი, სეინტ ჯორჯის იუტას ტაძარი

გთხოვთ, სწორად გაიგოთ. ღვთიური მითითების ძიებისას, სულიწმინდა არ შთაგაგონებთ გააკეთოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე ტაძარში მიღებული მითითებებისა და პირველი პრეზიდენტობის მიერ ბოლოს გაზიარებული წინასწარმეტყველური რჩევის შესრულება. მოსიყვარულე მამაზეციერი არ დაგეხმარებათ გაამართლოთ ის, რომ აკეთოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შეგიძლიათ, რათა შეეფერებოდეთ მის ერთგულებისა და მოკრძალების სტანდარტებს, რაც დაგლოცავთ აწ და მარადის. მაგრამ ესმის მას თქვენი შეკითხვები და დაგეხმარებათ, მიიღოთ სამოსლის პატივისცემისა და აღთქმების დაცვის კურთხევები? დიახ! უნდა გაიაროთ კონსულტაცია კომპეტენტურ სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან როცა ეს საჭირო იქნება? რა თქმა უნდა! უნდა უგულებელყოთ საღი აზროვნება ან ძალიან ღრმად შეტოპოთ? მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ასე არ იყოს.

მე ვერ ვუპასუხებ ყოველ თქვენს შეკითხვას. მე ყოველ ჩემს კითხვაზეც კი არ მაქვს პასუხი. მაგრამ მე, როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქულს, შემიძლია შეგპირდეთ დახმარება მოსიყვარულე ღმერთისგან, რომელიც ეძიებს თქვენს ყოველ წარმატებასა და დალოცვას, ისეთი გზით, რომელიც ვერც კი წარმოგიდგენიათ, თუკი დაიცავთ მასთან დადებულ აღთქმებს.

შენიშვნები

  1. მოსე 5:4.

  2. მოსე 4:27.

  3. იხ. მოსე 4:13-14.

  4. იხ. ესაია 61:10; 2 ნეფი 9:14; იხ. აგრეთვე გამოცხადება 19:8; 2 ნეფი 4:33; მორმონი 9:5; მოძღვრება და აღთქმები 109:76.

  5. ცხადია, რომ სამოსელი, რომელიც დღეს გვაცვია, არ ჰგავს ადამისა და ევასათვის ბოძებულ ტყავის სამოსელს. წლების მანძილზე სამოსელი მრავალფეროვნად შეიცვალა, მასალისა და დიზაინის ჩათვლით. მაგრამ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - სამოსლის წმინდა ბუნება და აღთქმები, რომლებსაც ის წარმოადგენს - უცვლელია.

  6. სამოსელის სრული სახელი, ისევე როგორც ეკლესიის სრული სახელი, ყურადსაღებია. მღვდლობა არის ღვთის ძალა და სამოსლის ტარება არის შეხსენება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ღვთიური ძალისა, თუკი ჩვენ ვდებთ და ვიცავთ აღთქმებს ღმერთთან.

  7. მორონი 4:3; 5:2.

  8. 2 ნეფი 4:30.

  9. მოსია 16:8; იხ. ასევე ალმა 31:38.