2024
ღმერთი დაგვეხმარება და დაგვიფარავს
აგვისტო, 2024


„ღმერთი დაგვეხმარება და დაგვიფარავს“ ლიახონა, აგვისტო, 2024.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აგვისტო, 2024

ღმერთი დაგვეხმარება და დაგვიფარავს

კაპიტან მორონის მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ღვთიური დახმარება და ძალა იმ ბრძოლებისთვის, რომლებსაც ცხოვრებაში ვაწყდებით.

კაპიტან მორონის თავისუფლების ალამი უკავია

ილუსტრაციები შესრულებულია ერიკ ჩოუს მიერ

როდესაც პირველად წავიკითხე მორმონის წიგნი, ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის ომების ისტორიით ვისიამოვნე. მე მოხიბლული ვიყავი რწმენით, გამომგონებლობითა და ტაქტიკით, რომლებსაც კაპიტანი მორონი, სამხედრო მეთაური, იყენებდა, რომელიც ნეფიელების არმიის წინამძღოლად დაინიშნა, როდესაც ის მხოლოდ 25 წლის იყო. ის იყო ბრძენი, ძლიერი და გამჭრიახი. იგი საკუთარი ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ერთგული იყო. (იხილეთ ალმა 48:11–12.)

იმის ნაცვლად, რომ სამხედრო წარმატება თავისი თავისთვის მიეწერა, მორონიმ ის ღმერთის წარმატებად გამოაცხადა და ჩათვალა იმ წმინდა მხარდაჭერის შედეგად, რომელიც მისმა ჯარებმა ქალებისა და ბავშვებისგან მიიღეს, რომლებიც ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ. მან უთხრა დამარცხებულ მტრის წინამძღოლს: „უფალ[მა] … ჩაგაგდოთ ჩვენს ხელში. და ახლა მე მინდა, რომ გაიგო: ეს გაკეთდა … ჩვენი სარწმუნოებისა და ქრისტეში რწმენის გამო“. შემდეგ მორონიმ გაიზიარა შემდეგი წინასწარმეტყველური შეხედულება: „ღმერთი დაგვეხმარება, დაგვიცავს და გადაგვარჩენს იქამდე, სანამ ვიქნებით ერთგულნი მისადმი და ჩვენი რწმენისა და ჩვენი სარწმუნოების მიმართ;“ (ალმა 44:3, 4).

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მორონის მოდელირებული პრინციპები შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების დასაძლევად. როდესაც ჩვენ ვავლენთ რწმენას იესო ქრისტეს, სამყაროს მხსნელის, მიმართ, ის გვაკურთხებს თავისი ძალით. მაგრამ იმისათვის, რომ მან ეს გააკეთოს და რომ ჩვენ ვაღიაროთ მისი კურთხევები, ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი მიზანი, შევადგინოთ წარმატების სტრატეგია და მოვემზადოთ იმ მეტაფორული ბრძოლებისთვის, რომლებიც ჩვენ წინაშეა, ისევე როგორც მორონი მოემზადა და შეხვდა რეალურ ბრძოლებს თავის ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მამაზეციერი და იესო ქრისტე დაგვეხმარებიან და დაგვიფარავენ.

ჩვენი მიზნის გაგება

მორონიმ არაერთხელ შეახსენა ხალხს, ვინ იყვნენ ისინი (აბრაამის აღთქმის მემკვიდრეები), ვისი იყვნენ (ღვთის საყვარელი შვილები) და მიზანი, რისთვისაც იბრძოდნენ (ოჯახი, რწმენა და თავისუფლება). მორონიმ ასწავლა თავის ხალხს, რომ ისინი გადარჩენისა და ჩაგვრისა და მონობისგან გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. ამის საპირისპიროდ, მათი მტრები იბრძოდნენ პირადი განდიდებისა და ძალაუფლებისთვის სხვათა დამორჩილების გზით.

როდესაც ზოგიერთმა ნეფიელმა სცადა უფლებამოსილების მითვისება პირადი სარგებლისთვის, მორონიმ დაგლიჯა თავისი ქურთუკი და მის ნაწილზე თავისი გზავნილის ძირითადი არსი დაწერა: „ჩვენი ღმერთის, ჩვენი რელიგიისა და თავისუფლების, ჩვენი მშვიდობის, ჩვენი ცოლებისა და შვილების ხსოვნისთვის“. მან ეს დროშა, რომელსაც „თავისუფლების ალამი“ უწოდა, პალოს ბოლოზე აღმართა და ამით შეახსენა ხალხს, რისთვის იყო ბრძოლა და რომ გაეერთიანებინა ისინი საქმისთვის. (იხილეთ ალმა 46:12–13, 19–20.)

ცხოვრების სულიერ ბრძოლებში „ჩვენ არ ვებრძვით ხორცსა და სისხლს, არამედ … სიბნელის მმართველებს … [და] სულიერ ბოროტებას“ (ეფესელთა 6:12). ჩვენც უნდა გავიხსენოთ, რა არის ბრძოლა. უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა (1926–2004), თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ყოფილმა წევრმა, ეს აზრი გამოთქვა მჭევრმეტყველურ, თუმცა მოკლე, საუბარში.

2004 წელს მე უხუცეს მაქსველს საავადმყოფოში, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვესტუმრე. ის ძალიან კეთილი იყო ყველას მიმართ, ვინც მას სტუმრობდა ან ეხმარებოდა. ჯანდაცვის მუშაკები მის ოთახში შევიდნენ და ტირილით გამოვიდნენ. მე ვუთხარი მას: „უხუცესო მაქსველ, ეს ნამდვილად რთულია“. მან ჩაიცინა და თქვა: „ოჰ, დეილ, ჩვენ ვართ მარადიული არსებები, რომლებიც მოკვდავ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენს სტიქიას დავცილდით და ახლა ისე ვართ, როგორც თევზი წყლის გარეშე. მხოლოდ მაშინ, როდესაც მარადიული ხედვა გვაქვს, ყოველივე ამას მიეცემა აზრი”.

ჩვენ არასდროს უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ჩვენი ღვთაებრივი ბუნებისა და მარადიული დანიშნულების დიდი ნაწილი და ეშმაკური ძალები, რომლებიც გვეწინააღმდეგება. მამაზეციერის გეგმის სწორად გაგება გვიბიძგებს, გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მარადიული ხსნისთვის და სულიერი მონობისაგან გასათავისუფლებლად.

ადამიანები აშენებენ სიმაგრეებს

სტრატეგიული გეგმები წარმატებისთვის

ყველა ბრძოლაში, რომელშიც მორონის ჯარმა იომა, ის წარმატების უზრუნველსაყოფად სტრატეგიაზე მუშაობდა. ის იყენებდა ჯაშუშებს თავისი მტრების საქმიანობისა და განზრახვების დასადგენად. მან წინასწარმეტყველ ალმასგან მითითებებს ეძიებდა. შემდეგ მორონიმ ეს შთაგონებული ინფორმაცია ბრძოლისადმი მიდგომაში გამოიყენა. მან განათავსა რესურსები საჭიროების მიხედვით, უფრო მეტი ჯარისკაცი განათავსა ქალაქებში, რომლებიც ნაკლებად იყო გამაგრებული. ის სტრატეგიულად ადგენდა საოპერაციო გეგმებს უახლესი ინფორმაციის საფუძველზე.

ამით მან მტრის ჯარებთან მიმართებით უპირატესობა მოიპოვა. ის არასდროს კმაყოფილდებოდა წარსული გამარჯვებებით; უფრო მეტიც, მან განაგრძო საკუთარი და ჯარების შესაძლებლობების გაუმჯობესება მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ჩვენ შეგვიძლია მსგავსი მიდგომები გამოვიყენოთ სულიერი ანტაგონისტების დასაძლევად. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ გავიგოთ, რის გაკეთებას ცდილობს სატანა ჩვენს ცხოვრებაში. ის ცდილობს, ჩვენს მიზანს დაგვაშოროს. როდესაც ცდუნების წინაშე ვდგავართ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ:

  • როგორ ეწინააღმდეგება ჩემი მხრიდან ეს ქმედება ღვთის გამოცხადებულ სიტყვას?

  • რა შედეგები მოჰყვება ამ ქმედებას?

  • დამეხმარება თუ არა ეს ქმედება ამ ქვეყნად ჩემი მიზნის შესრულებაში?

ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ თუნდაც მცირე ცდუნებებისადმი მიდრეკის საბოლოო შედეგი. როდესაც ვემორჩილებით ცდუნებას, ჩვენ ვიღებთ „ნელ-ნელა შხამ[ს]“ (ალმა 47:18), ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას, რომელსაც იყენებენ ბოროტი ძალები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სულიერად ფატალური შედეგები.

ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ სატანის ცდუნებებისგან, თუ მივყვებით იმ მითითებებს, რომლებსაც მივიღებთ ჩვენი უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველისგან. ამის გაკეთება გვეხმარება, შევინარჩუნოთ მარადიული პერსპექტივა, რომლის მეშვეობითაც შევაფასებთ ჩვენს ქმედებებს. სტრატეგიის დასახვა, თუ როგორ გავუმკლავდებით ცდუნებებს, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, დაგვეხმარება საჭირო დროს უფრო სწორი არჩევანის გაკეთებაში. წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიები და მიდგომები დაგვეხმარება, ვიყოთ დაცული, რათა ჩვენი მარადიული მიზნებიდან ყურადღება სხვა რამეზე არ გადავიტანოთ.

ამის მაგალითია ტექნიკა. ტექნიკა შეიძლება იყოს ორპირიანი ხმალი, როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვიყენებთ მას. იმისათვის, რომ დაგვეხმაროს გონივრული არჩევანის გაკეთებაში ჩვენს მოწყობილობებთან დაკავშირებით, ახალგაზრდებსა და ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ „ვმართოთ ტექნიკა“ და ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გზამკვლევი. ეს გვახსენებს ჩვენს მიზანს, მიგვითითებს იესო ქრისტეზე და გვეხმარება ჩვენს ცხოვრებაში სულიწმინდის მოწვევაში. დაგეგმვა, თუ როგორ, როდის და სად გამოვიყენებთ ტექნიკას, გაგვაძლიერებს მდაბალი, ამქვეყნიური ქმედებების წინააღმდეგ.

ლამანიელები თავს ესხმიან ნეფიელების სიმაგრეებს

მზადება მეტაფორული ბრძოლებისთვის

მოახლოებული ბრძოლების მოლოდინში მორონიმ თავისი ხალხი ინდივიდუალურად მოამზადა ჯავშნებით, ფარებით, ჩაფხუტებითა და სქელი ტანსაცმლით. მან თავისი ხალხი კოლექტიურად მოამზადა ქალაქების გარშემო ციხე-სიმაგრეების აღმართვითა და მიწაყრილების შემოვლებით.

სულიერად ჩვენ ინდივიდუალურად ვემზადებით ღვთის მცნებების დაცვით. ჩვენ ღმერთთან ვდებთ და ვასრულებთ აღთქმებს, რომლებიც იზიდავს იესო ქრისტეს ძალას ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ჩაბმული ვართ ერთგულების პირად, კერძო ქმედებებში, როგორებიცაა ლოცვა, მარხვა და წმინდა წერილების ძიება. ჩვენ ასევე ვმოქმედებთ რწმენით, ვპასუხობთ სულიერ მიმართულებას, რომელსაც ვიღებთ. ჩვენ კეთილსინდისიერად ვემზადებით ზიარებისთვის და ღირსეულად ვიღებთ მას. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, მხსნელი უფრო რეალური ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ის იყო რეალური მორონისთვის, რომლის რწმენაც ქრისტესადმი მტკიცე იყო. მორონიმ იცოდა, რომ მას შეეძლო დაჰყრდნობოდა მხსნელს ხელმძღვანელობისა და ხსნის მისაღბად (იხილეთ ალმა 48:16). ჩვენც შეგვიძლია დავეყრდნოთ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობასა და ხსნას.

ჩვენ შეგვიძლია შემდგომი მომზადება ჩვენი ოჯახების გაძლიერებით. მამაზეციერმა ჩვენ ოჯახებად დაგვანაწილა, რათა დაგვეხმაროს, ვიყოთ ბედნიერები და ვისწავლოთ, თუ როგორ დავბრუნდეთ მასთან. ჩვენი ოჯახები შეიძლება ჩვენი დახმარების წყარო იყოს. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული და სიყვარული, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ვართ ღვთის დიდი ოჯახის ნაწილი, განურჩევლად ჩვენი ოჯახების ინდივიდუალური გარემოებებისა.

ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად მოვიპოვოთ ძალა და მოვემზადოთ ჩვენი სულიერი ბრძოლებისთვის, როდესაც ვუერთდებით წმინდანთა თემებს. ჩვენი პალოები და რაიონები ასეთ თავშესაფრითა და თავდაცვით უზრუნველგვყოფს. ჩვენ შეგვიძლია, სულიერად ვკვებოთ ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს ღვთის მცნებების დაცვაში და გავამხნეოთ ერთმანეთი, ყოველთვის დავეყრდნოთ ქრისტეს, განსაკუთრებით, გამოწვევის დროს. როდესაც ერთად ვართ ვხვდებით, რომ ჩვენს ბრძოლაში მარტო არ ვართ. ჩვენ გვყავს მეგობრები, მასწავლებლები და წინამძღოლები, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ და დაგვიცვან. ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვემზადებით.

აღსანიშნავია, რომ მორონიმ თავისი ხალხის მთელი ბედნიერება თავიანთი სარწმუნოებისა და ღმერთის რწმენის ერთგულებას მიაწერა. მორონის მსგავსად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სიხარული მოდის ჩვენთან მამაზეციერის, მისი გეგმის, იესო ქრისტესა და მის მიერ გამოსყიდვის გამო. როდესაც ვაცნობიერებთ ჩვენს მიზანს, ვქმნით წარმატების სტრატეგიას და ვემზადებით მეტაფორული ბრძოლებისთვის, ჩვენ ვიღებთ ღვთაებრივ დახმარებასა და ძალას.

მორონის მსგავსად, მე ვიცი, რომ მამაზეციერსა და იესო ქრისტეს მოაქვთ საბოლოო თავისუფლება მონობისგან — თავისუფლება სიკვდილისა და ცოდვისგან. ისინი გვაკურთხებენ თავიანთი ძალით, როცა ყველაფერში მათ მივმართავთ.

შენიშვნები

  1. ვმართოთ ტექნიკა“ სახარების ბიბლიოთეკა.

  2. ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გზამკვლევი (2022), სახარების ბიბლიოთეკა.

  3. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „სიხარული და სულიერი გადარჩენა“, ლიახონა, ნოემბერი, 2016, 82.