ლიახონა
იკურთხება ყოველი ტომი მიწისა
2026 წ. მარტი, ლიახონა


„იკურთხება ყოველი ტომი მიწისა“, ლიახონა, 2026 წ. მარტი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, 2026 წ. მარტი

იკურთხება ყოველი ტომი მიწისა

თუ ჩვენ მივყვებით და გავაზიარებთ მამაზეციერის გეგმას ოჯახებისთვის, ის დაგვლოცავს, მხარში დაგვიდგება და შემოგვიერთდება ჩვენი მასთან დაბრუნების მოგზაურობაში.

სურათზე: იაკობის ხილვა

Jacob’s Dream at Bethel [იაკობის სიზმარი ბეთელში], ავტორი: ჯ. კენ სპენსერი

ცოტა ხნის წინ მე და და უხტდორფი ჩვენი ერთ-ერთი შვილთაშვილის ნათლობას დავესწარით. როცა ვუყურებდით, როგორი სიხარულით ზეიმობდა ამ მოვლენას მრავალი თაობა, ჩვენ ღრმა მადლიერება განვიცადეთ მამაზეციერისადმი, მისი შვილებისთვის ხსნის გეგმისთვის. ჩვენ ვიგრძენით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის თავიდანვე ოჯახი და წმინდა აღთქმები.

ეს მნიშვნელობა ძველ აღთქმაში ჩანს, ერთგული იაკობის ისტორიაში, რომელიც გრძელ, დაძაბულ მოგზაურობას შეუდგა, რათა მეუღლე ეპოვა, აღთქმაში ჩაბეჭდილიყო და ოჯახი შეექმნა. ერთ საღამოს იაკობი ღამის გასათვად გაჩერდა, მაგრამ ბალიშის ნაცვლად ქვები დახვდა. ის ალბათ ძალიან დაღლილი იყო, რადგან მაინც მოახერხა დაძინება და სიზმარიც კი ნახა.

აღთქმით ქორწინებისა და ოჯახის შექმნის ღირსეული მიზნებით გონებაში, იაკობმა იხილა, რომ „კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.

„და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა“ (დაბადება 28:12-13).

შემდეგ უფალმა დადო რამდენიმე მნიშვნელოვანი აღთქმისეული პირობა იაკობთან –პირობა, რომელიც მან ასევე დადო იაკობის მამასთან, ისააკთან და მის პაპასთან, აბრაამთან, მათ შორის:

  • დაპირება, რომ იაკობი „მრავალრიცხოვანი ხალხები[ს]“ მამა გახდებოდა (დაბადება 28:3; ასევე იხილეთ მუხლი 14).

  • მიწების დაპირება იაკობის შთამომავალებს (იხ. დაბადება 28:4, 13).

  • დაპირება, რომ იაკობითა და მისი „შთამომავლობით [იკურთხება] ყოველი ტომი მიწისა“ (დაბადება 28:14; ).

იმდენად წმინდა იყო იაკობის გამოცდილება, რომ მან განაცხადა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე. … „რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე“ (დაბადება 28:16-17). ასე რომ, იაკობმა იმ ადგილს ბეთ-ელი დაარქვა, რაც ნიშნავს „უფლის სახლი“ (დაბადება 28:19, სქოლიო ).

იაკობის სიზმარში დაპირებული დალოცვები მოითხოვდა იაკობისგან რეალურ ცხოვრებაში, გადატანითი მნიშვნელობით, გარკვეულ სიმაღლეებზე ასვლას. უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის რთული არ არის დაინახო კავშირი იაკობის სიზმარს, უფლის აღთქმებსა და უფლის სახლს შორის. ტაძრები ძალიან ჰგავს კიბეს, რომელიც იაკობმა იხილა. სწავლებანი, წეს-ჩვეულებები და უფლის სახლის აღთქმები აკავშირებენ ზეცასა და მიწას. აღთქმები შეიძლება შევადაროთ კიბის საფეხურებს, რომლებიც უფალთან გვაახლოებს. და წმინდა ტაძარში მსახურების მეშვეობით, ჩვენით „იკურთხება ყოველი ტომი მიწისა“ - წარსულის, აწმყოსა და მომავლის.

„რა აღმოჩენაა“!

სამოცდაათთა ქვორუმის დამსახურებულ წევრს, უხუცეს ბრიუს ც. ჰაფენს, ერთხელ ახალი ამბების ეროვნული ჟურნალის რედაქტორმა დაურეკა. რედაქტორს სურდა, ახლახანს გამოსულ წიგნზე ესაუბრა, რომელიც სხვადასხვა რელიგიების მრწამსის ისტორიის კვლევას ახდენდა ზეცის თემაზე.

„ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ საზოგადოება ილტვის ზეციური სამოთხისა და ოჯახებისკენ“, - წერდა უხუცესი ჰაფენი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობას სწამდა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების, მარადიული სიყვარულის და ოჯახების ზეციური გაერთიანების, „ქრისტიანული ეკლესიების უმრავლეობა მხოლოდ მცირედით ახერხებს ამ შინაგანი შიმშილის დაკმაყოფილებას“ - ერთი გამონაკლისით: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

მხსნელის აღდგენილ ეკლესიაში ჩვენ გვაქვს წმინდა ტაძრები. ჩვენ გვაქვს მარადიული ქორწინება, ჩაბეჭდვის უფლებამოსილებით, რომელიც გვაკურთხებს ფიზიკური გარდაცვალების შემდეგაც კი. ჩვენ გვაქვს მარადიული მომავლის დაპირება, საყვარელ ადამიანებთან ერთად მამისა და ძის გარემოცვაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ავტორებმა დაასრულეს, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ზეცის კონცეფცია ყველაზე სრულია – და მე ვიტყოდი, ყველაზე სასიხარულო.

„რა აღმოჩენაა“! თქვა უხუცესმა ჰაფენმა. „ადამიანების უმეტესობა დღეს ილტვის მარადიული ოჯახებისკენ, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება კი ამ ლტოლვას ნებისმიერ სხვა ცნობილ იდეაზე [ან რელიგიურ კრედოზე] უკეთ აკმაყოფილებს. ნეტავ მთელ დედამიწას გაეგო [ჩვენი] ბავშვების გალობა კარგი ამბის შესახებ: „ოჯახები შეიძლება მარად ერთად იყოს“.

ოჯახი არ არის უბრალოდ მოხერხებული სოციალური მოდელი. ოჯახი არის ზეცის მარადიული ნიმუში. ის არის „შემქმნელის, თავისი შვილებისადმი მარადიული დანიშნულების ადგილის გეგმის ცენტრალური ნაწილი“. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა (1924–2025) გვასწავლა: „[უფალმა შექმნა დედამიწა, რათა შეგვეძლო ფიზიკური სხეულების მიღება და ოჯახების შექმნა. მან თავისი ეკლესია დააარსა ოჯახების ამაღლებისთვის. მან უზრუნველყო ტაძრები, რათა ოჯახებს მარადჟამს ერთად შესძლებოდათ ყოფნა“.

მაგრამ ძლიერი ოჯახებისადმი ჩვენი ინტერესი არ უკავშირდება უბრალოდ მარადიულ დანიშნულებას. ოჯახი ძირითად როლს თამაშობს ასევე ჩვენს მიწიერ ბედნიერებაში. ჩვენი მიწიერი მამა, რომელმაც სრულყოფილად იცის, რას მოაქვს ბედნიერება ახლა და მარადიულად, თავის შვილებს ოჯახებში აგზავნის – ზოგჯერ არასრულყოფილ ოჯახებში – და გვიწვევს, შევქმნათ და შევინარჩუნოთ ძლიერი ოჯახები. რა თქმა უნდა, „ინვალიდობამ, სიკვდილმა ან სხვა გარემოებებმა შესაძლოა ინდივიდუალური მორგება მოითხოვოს“. მაგრამ ვერაფერი შეცვლის აუცილებელ, ღვთიურად დანიშნულ ცოლისა და ქმრისა, მამისა და დედის პასუხისმგებლობას.

„ბიოლოგიურ, ორ მშობლისგან შემდგარ ოჯახებზე“ კვლევა კვლავაც აჩვენებს, რომ ოჯახი შეუცვლელია „სიყვარულისა და სითბოს ღრმა კავშირების“ შესანარჩუნებლად. ის არის „სტაბილური, კარგად ადაპტირებული და სოციალურად შეგნებული პირების ძირითადი ინკუბატორი“.

ოჯახის ბეჯითი დამცველები:

რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღვთის გეგმისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გეგმა წინააღმდეგობას წააწყდებოდა. სატანა არასოდეს ყოფილა ოჯახის მიმართ კეთილად განწყობილი და მისი მცდელობები სულ უფრო დაჟინებული ხდება, „რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოვალეობის შემსრულებელმა, პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა (1928-2023) თქვა: „სატანამ იცის, რომ უფლის საქმისთვის ხელის შეშლის ყველაზე უტყუარი და ეფექტური გზაა ოჯახის ეფექტურობისა და ოჯახის სიწმინდის დაკნინება“.

ღვთის მარადიული ოჯახის, თავისი შვილებისთვის გეგმისა და ოჯახური ურთიერთობების მარადიული მნიშვნელობის შესახებ ჩვენი ცოდნის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ოჯახის ყველაზე გულმოდგინე დამცველებს შორის მსოფლიოში.

როგორ გავაკეთოთ ეს?

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა მოგვცა ეს რჩევა: „ოჯახი - მოწოდება მსოფლიოს … გახლავთ უფლის მიერ სახარებისეული ჭეშმარიტებების ხელახალი ხაზგასმა, რომლებიც ოჯახისთვის ამჟამად არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გვჭირდება“.

ჩვენს პირად ცხოვრებაში, ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ „პატარა და უბრალო საქმენი“ (ალმა 37:6) რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებს გააძლიერებს. ეს მოიცავს „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ -ში ჩამოთვლილი წარმატებული ოჯახებისა და ქორწინებების პრინციპებით ცხოვრებას: „რწმენის, ლოცვის, მონანიების, შენდობის, პატივისცემის, სიყვარულის და ჯანმრთელი ცხოვრების”. განურჩევლად ჩვენი ამჟამინდელი ოჯახური სიტუაციისა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქმედებებით ვაჩვენოთ, რომ ოჯახური ურთიერთობები მარადიული მნიშვნელობისაა ჩვენთვის.

ჩვენ, როგორც საზოგადოების „პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს“, შეგვიძლია „ხელი შევუწყოთ იმ ზომებს, რომლებიც ოჯახის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული“.

ჩვენ ვართ უფლის უკანასკნელ დღეთა აღთქმის ხალხი. ჩვენ ვართ აბრაამისთვის, ისაკისთვისა და იაკობისთვის მიცემული დაპირებების მემკვიდრენი. ეს დაპირებები მოდის წმინდა მოწოდებით, ვაკურთხოთ „ყოველი ტომი მიწისა“. და ამის გაკეთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მარადიული ჭეშმარიტებით ცხოვრება, მისი დაცვა და გაზიარება, რომ „ოჯახი ღვთის მიერ არის კურთხეული“ და რომ „წმინდა ტაძრებში ხელმისაწვდომი წეს-ჩვეულებები და აღთქმები შესაძლებელს ხდის პიროვნებისთვის ღვთის გარემოცვაში დაბრუნებას, ოჯახისთვის კი - სამარადისოდ ერთად ყოფნას“.

„შენთან ვარ“.

როცა მე და და უხტდორფი ვხედავთ, როგორ დებენ ჩვენი ოჯახის წევრები წმინდა აღთქმებს ჩვენს მოსიყვარულე, მარადიულ ზეციურ მამასთან, ჩვენი გულები სიხარულითა და მადლიერებით ივსება. ჩვენ ვხარობთ არა მხოლოდ შვილებით და მათი შვილებით, არამედ ჩვენი მშობლებითა და მათი მშობლებით. ჩვენ ღრმა სიყვარულით ვფიქრობთ, თუ როგორ გვაერთიანებს სახარებისეული აღთქმები თაობებს შორის. ეს ისეთივე გამოცდილებაა, როგორც „კიბე … მიწაზე და მისი თავი სწვდებ[ა] ცას. და ღვთის ანგელოზნი ადი[ან] და ჩამოდი[ან] მასზე“ (დაბადება 28:12).

უფლის დაპირებები, რომლებიც იაკობმა სიზმარში მიიღო, ღვთის აღთქმის ყველა შვილზე ვრცელდება – მათ შორის თქვენზეც და ჩემზეც. ისევე როგორც იაკობს, უფალი გვიპასუხებს „გაჭირვების ჟამს“ (დაბადება 35:3), თუკი მას ავირჩევთ.

„აჰა“ - ამბობს უფალი, „მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ, … რადგან არ მიგატოვებ“ (დაბადება 28:15).

იაკობის მსგავსად, ჩვენ ყველამ უდაბნო უნდა გამოვიაროთ. ზოგჯერ დაპირებული დალოცვები ძალიან შორეულად გვეჩვენება. როდესაც სერიოზული პრობლემები ან გამოწვევები ჩნდება, შეიძლება უფლის სიყვარულში ეჭვი შევიტანოთ. ჩვენ შეიძლება ისიც კი მოგვეჩვენოს, რომ ღმერთმა მიგვატოვა. მოწაფეობისკენ ჩვენი უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება ვიგრძნოთ, რომ ვერ ვიღებთ იმ კურთხევებს, რომლებსაც ველოდით.

დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, აღთქმის გზა არის სასიხარულო გეზი, თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება ცრემლებით იყოს დანამული. თუ გრძნობთ, რომ ბედნიერების გეგმის ზოგიერთი ნაწილი ახლა, თქვენს ცხოვრებაში, არ სრულდება, გწამდეთ, რომ უფალს ახსოვხართ და დაგლოცავთ თავის დროზე, თავისი სიბრძნის თანახმად.

იესო ქრისტეში რწმენა და მისი დაპირებები შთაგვაგონებს ვიყუროთ წინ და არა უკან. მისი წყალობით, ჩვენი მომავალი არ უნდა იყოს ტყვეობაში წარსულის ან იმის გამო, რაც ახლა გვიბინდებს ხედვას. დიახ, ჩვენ ყველანი ვართ ან ვიქნებით ასე თუ ისე დაჭრილნი. მაგრამ ჩვენ გვწამს დიადი მკურნალის. ჩვენ ვენდობით მას – იმდენად, რომ ფაქტობრივად გულში ვიკრავთ მის დაპირებებს, სრულად [ვერწმუნებით] მათ, მაშინაც კი, როცა „მხოლოდ შორიდან“ ვხედავთ“ (ებრაელთ 11:13).

„უფლის დროსა და მისი ხერხით, არცერთი კურთხევა არ მოაკლდება მის ერთგულ წმინდანებს“ - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა. „უფალი განსჯის და დააჯილდოებს თითოეულ ინდივიდს გულწრფელი სურვილებისა და საქმის მიხედვით“.

მე გპირდებით, რომ როცა მამაზეციერის ოჯხებისთვის შექმნილ გეგმას მივდევთ და მას ვაზიარებთ, ის ჩვენთან იქნება, მხარში დაგვიდგება და შემოგვიერთდება ჩვენს მოგზაურობაში. ის არასოდეს არ დაგვტოვებს მარტოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ან ჩვენი საყვარელი ადამიანები განსაცდელში აღმოვჩნდებით. ის ხელში აგვიყვანს, აგვამაღლებს და მიგვიყვანს უფალთან, მის ძესთან, იესო ქრისტესთან და ჩვენს ოჯახებთან, სიხარულით სავსე აღთმულ მიწაზე – სამარადისოდ.

შენიშვნები

  1. იხ. Marion G. Romney, “Temples—The Gates to Heaven [ტაძრები—ზეცის კარიბჭენი],” Ensign, მარ. 1971, 16.

  2. იხ. Bruce C. Hafen, Covenant Hearts: Marriage and the Joy of Human Love [აღთქმული გულები: ქორწინება და ადამიანური სიყვარულის სიხარული] (2005), 58–59.

  3. იხ. Bruce C. Hafen, Covenant Hearts [აღთქმული გულები], 59; იხ. ასევე “Families Can Be Together Forever [ოჯახები შეიძლება მარად იყვნენ ერთად], Hymns, no. 300.

  4. ოჯახი, მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

  5. რასელ მ. ნელსონი, “Set in Order Thy House [მოაწესრიგეთ თქვენი სახლი],” ლიახონა, იან. 2002, 80.

  6. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“.

  7. სკოტ ლ. ბუქანანი, “The Nuclear Family Is Indispensable [ატომური ოჯახი შეუცვლელია],” Public Discourse, ივნისი 4, 2020, thepublicdiscourse.com.

  8. მ. რასელ ბალარდი, “The Sacred Responsibilities of Parenthood [მშობლის წმინდა პასუხისმგებლობები]” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში სულიერების საათი, აგვ. 19, 2003), 3, speeches.byu.edu; იხ. ასევე Ensign, მარ. 2006, 28–29.

  9. იხ. დალინ ჰ. ოუქსი, “The Plan and the Proclamation [გეგმა და მოწოდება],” ლიახონა, ნოე. 2017, 30.

  10. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს

  11. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს

  12. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს

  13. რასელ მ. ნელსონი, “Celestial Marriage [ცელესტიალური ქორწინება],” ლიახონა, ნოე. 2008, 94.