ლიახონა
ღვთიური ბუნების ზიარნი
2026 წ. იანვარი ლიახონა


„ღვთიური ბუნების ზიარნი“ ლიახონა, 2026 წ. იანვარი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, 2026 წ. იანვარი

ღვთიური ბუნების ზიარნი

(2 პეტრე 1:4).

ხსნის გეგმის ცოდნა ძვირფას პერსპექტივას გვანიჭებს, აღრმავებს ჩვენს სიხარულს და გვაძლიერებს ჩვენი გამოწვევებისა და განსაცდელის დასაძლევად.

სურათი: ქრისტე ორ მოწაფეს მოიხმობს

ქრისტე ორ მოწაფეს მოიხმობს [Christ Calls Two Disciples], გარი ე. სმითის ნამუშევარი

პეტრე მოციქული გვახსენებს, რომ იესო ქრისტეს მოციქულებს „მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

„რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი“ (2 პეტრე 1:3-4).

მამაზეციერის გეგმა აღწერს უაღრესად დიად და ძვირფას ჭეშმარიტებებსა და დაპირებებს, რაც ჩვენს მარადიულ იდენტობასა და დანიშნულებას განსაზღვრავს.

როგორც ეს „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ -შია განმარტებული:

„ყოველი ადამიანი—მამაკაცი და ქალი—ღმერთმა შექმნა თავის ხატად. თითოეული არის ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ქალიშვილი, რის გამოც ყოველ მათგანს გააჩნია ღვთაებრივი ბუნება და დანიშნულება. …

„წინამიწიერ ცხოვრებაში სულიერი ვაჟები და ასულნი იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს, როგორც თავიანთ მარადიულ მამას და აღიარეს მისი გეგმა, რომლის მიხედვით მის შვილებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ფიზიკური სხეული და ამქვეყნიერი, მიწიერი გამოცდილება, რათა გახდნენ სრულყოფილნი და მიაღწიონ თავიანთ ღვთაებრივ დანიშნულებას, როგორც მარადიული სიცოცხლის მემკვედრენი“.

მამაზეციერი ჰპირდება თავის შვილებს, რომ თუ ისინი მისი გეგმის წესებსა და მისი საყვარელი ძის მაგალითს მიჰყვებიან, დაიცავენ მცნებებს და ბოლომდე გაძლებენ რწმენაში, ისინი „მიიღებ[ენ] მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც არის ღმერთის ყველაზე უდიდესი ძღვენი“ (მოძღვრება და აღთქმები 14:7).

ღვთის საქმე ორიენტირებულია მისი შვილების წინსვლაზე და ამაღლებაზე. მისი გეგმის ყველა ასპექტი შექმნილია მისი ვაჟებისა და ასულების დასალოცად, რადგან „ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია“ (მოძღვრება და აღთქმები 18:10).

მამაზეციერის გეგმა

წინამიწიერ თათბირზე მამაზეციერმა წარუდგინა თავის სულიერ შვილებს წინსვლისა და ბედნიერების გეგმა.

„ჩვენ შევქმნით დედამიწას, სადაც ესენი შეძლებენ ცხოვრებას;

„და ამით გამოვცდით მათ, რათა ვიხილოთ, თუ შეასრულებენ ყოველივეს, რასაც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ;

„და რომლებიც დაიცავენ თავიანთ პირვანდელ დასაბამიერებას, მათ მეტი დაემატებათ; და ისინი, რომლებიც არ დაიცავენ თავიანთ პირვანდელ დასაბამიერებას, ვერ ექნებათ ბრწყინვალება იმავე სასუფეველში იმათთან ერთად, ვინც დაიცვა საკუთარი პირვანდელი დასაბამიერება; და რომლებმაც დაიცვეს თავიანთი მეორე დასაბამიერება, ბრწყინვალება დაემატებათ მათ თავზედ უკუნითი უკუნისამდე“.

„და უფალმა თქვა: ვინ მივავლინო? და ერთმა უპასუხა, როგორც კაცის ძემ: აჰა, აქ ვარ, მე მიმავლინე. და კიდევ ერთმა უპასუხა და თქვა: აჰა, აქ ვარ, მე მიმავლინე. და უფალმა თქვა: პირველს მივავლენ.

და მეორე განრისხდა და არ დაიცვა თავისი პირვანდელი დასაბამიერება; და იმ დღეს, მრავალი გაჰყვა მას“ (აბრაამი 3:24-28).

გაითვალისწინეთ: მხოლოდ ერთი გეგმა იყო წარდგენილი წინამიწიერ თათბირზე – მამის გეგმა. ჩვენს ზეციურ მამას არ უკითხავს: „რა მოვიმოქმედოთ“? ის არ ითხოვდა მოსაზრებებს, რეკომენდაციებს ან წინადადებებს. პირიქით – მან წარადგინა თავისი გეგმის ძირითადი შემადგენლები და იკითხა: „ვინ გავაგზავნო?“ მისი შეკითხვის არსი იყო ვინ გაეგზავნა მისი გეგმის პირობების შესასრულებლად.

მოწინააღმდეგის აჯანყების შედეგები ასევე აღწერილია წმინდა წერილებში.

„ამიტომ, ვინაიდან სატანა აჯანყდა ჩემ წინააღმდეგ და ცდილობდა, გაენადგურებინა ადამიანის თავისუფალი ნება, რომელიც მე … მას ვუბოძე, ასევე, რადგან მოისურვა, მებოძა მისთვის ჩემი საკუთარი ძალა … ვბრძანე, რომ იგი გაძევებულ ყოფილიყო;

„და იგი იქცა სატანად, … ეშმაკად, ყოველი ტყუილის მამად, რათა შეაცდინოს და დააბრმავოს ადამიანები, დატყვევებულებს გაუძღვეს თავისი ნებისამებრ, ყველას, რომლებიც არ დაუგდებენ ყურს ჩემს ხმას“ (მოსე 4:3–4).

ლუციფერს არ წარუდგენია გეგმა, რომელიც წინამიწიერ თათბირზე მონაწილეთა უმრავლესობამ უარყო. ის არ არის შესაბრალებელი პიროვნება, რომელმაც არჩევნები წააგო. იგი აჯანყდა! ქედმაღალობა, ამპარტავნება და ეგოიზმი ამოძრავებდა მას მამაზეციერის გეგმის წინააღმდეგ.

მამის გეგმა და მხსნელის სახარება

გეგმა აღწერს მამისა და ძის საქმეებს, რომელთა მეშვეობითაც მარადიული სიცოცხლის კურთხევები მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

იესო ქრისტეს სახარება წარმოადგენს გზას, რომლითაც შეგვიძლია მივიღოთ ღვთის გეგმაში აღთქმული კურთხევები, უშუალოდ სწავლება, პრინციპები, წეს-ჩვეულებები და აღთქმებიც კი, რომლებიც მამაკაცებმა და ქალებმა უნდა იწამონ და დაიცვან. „არ არის მიცემული ზეცის ქვეშ სხვა სახელი ამის გარდა – იესო ქრისტე, … რომლის შემწეობით შეიძლება ადამიანის ხსნა“ (2 ნეფი 25:20) ჭეშმარიტად, უფალი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა [მისი მეშვეობით]“ (იოანე 14:6).

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აგვიხსნა:

„გეგმა მოითხოვდა შექმნას, ეს კი, თავის მხრივ, დაცემასა და გამოსყიდვას მოითხოვდა ეს არის გეგმის სამი ძირითადი შემადგენელი. სამოთხისებური პლანეტის შექმნა ღვთის ჩანაფიქრი იყო. მოკვდაობა და სიკვდილი დედამიწაზე ადამის დაცემის გამო გაჩნდა [იხ. 2 ნეფი 2:25; მოსე 6:48]. უკვდავება და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა იესო ქრისტეს გამოსყიდვამ უზრუნველყო [იხ. 2 ნეფი 2:21-28]. …

„… ჩვენ მოვდივართ დედამიწაზე ხანმოკლე დროით, ვუძლებთ ყველა გამოცდასა და განსაცდელს და ვემზადებით წინსვლისა და შინ დიდებული დაბრუნებისთვის [იხ. ფსალმუნი 115:6; ალმა 42:8]. ჩვენი აზრები და საქმეები [მიწიერ ცხოვრებაში] რა თქმა უნდა, უფრო მიზანდასახული იქნება, როცა ღვთის გეგმა გვესმის და მადლიერნი ვართ მისი მცნებებისთვის და ვიცავთ მათ [იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:20-21]“.

გეგმის სახელწოდებები მორმონის წიგნში

მორმონის წიგნში მოცემული მამაზეციერის გეგმის მრავალი სხვადასხვა სახელწოდების შესწავლით ჩვენ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ვსწავლობთ. მაგალითად, განიხილეთ შემდეგი სახელწოდებები:

„დიადი შემოქმედის მოწყალე გეგმა“ (2 ნეფი 9:6).

„ღვთის გეგმა“ (2 ნეფი 9:13).

„ხსნის გეგმა“ (იარომი 1:2; ალმა 24:14).

„გამოსყიდვის გეგმა“ (ალმა 12:25, 26, 30, 32, 33; 42:11,13).

„აღდგენის გეგმა“ (ალმა 41:2).

„ბედნიერების გეგმა“ (ალმა 42:16).

„წყალობის დიადი გეგმა“ ( ალმა 42:31).

ყოველი ეს სახელი გვეხმარება, უფრო კარგად გავიგოთ მამაზეციერის გეგმის ძვირფასი დაპირებები და აფართოებს ჩვენს ხედვას მიწიერი ცხოვრების მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მორმონის წიგნში ყველაზე ხშირად გამოყენებული ღვთის გეგმის სახელწოდება ფოკუსირებულია გამოსყიდვაზე, რომელიც შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

ალმამ განაცხადა: „გამოსყიდვის გეგმა რომ არ ყოფილიყო, რომელიც ამაქვეყნის დასაბამიდან იყო დაგეგმილი, არც მკვდართა აღდგომა არ იქნებოდა; მაგრამ დაიდო გამოსყიდვის გეგმა, რომლითაც მოხდება მკვდრების აღდგომა“ (ალმა 12:25).

მან აგრეთვე თქვა: „იწამეთ ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას და ასე ყოველი ადამიანი წარსდგება მის წინაშე, რომ განიკითხოს უკანასკნელ, განკითხვის დღეს, თავისი საქმეების შესაბამისად“ (ალმა 33:22).

გზა მომზადებულია

ჩვენი სული მადლიერებით უნდა იზრდებოდეს, როცა განვიხილავთ ხსნის, გამოსყიდვის, აღდგენის, წყალობისა და ბედნიერების დიად გეგმას. ღვთის გეგმის ცოდნა ძვირფას პერსპექტივას გვანიჭებს, აღრმავებს ჩვენს სიხარულს და გვაძლიერებს ჩვენი გამოწვევებისა და განსაცდელების დასაძლევად.

მამაზეციერს ძალზედ სურს, რომ მასთან სახლში დავბრუნდეთ. იგი გვიწვევს და გვპირდება კურთხევებს, მაგრამ ის არასოდეს გვაიძულებს, არ გვატანს ძალას და არ გვზღუდავს მის მიერ მოცემული ზნეობრივი თავისუფალი ნების გამოყენებაში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ავირჩიოთ მასთან დაბრუნება მისი საყვარელი ძის მიბაძვით.

ილუსტრაცია: ბავშვის ხელი იესო ქრისტეს ხელისკენ მიიწევს

ელიზაბეთ ტეიერის ნამუშევარიHis Hand Is Stretched Out Still [მისი ხელი ისევ გაწვდილია ჩვენკენ]

გზა არის მომზადებული და თუ შევხედავთ, მარადიულად ვიცოცხლებთ“ (ალმა 37:46).

მე სიხარულით ვმოწმობ, რომ ზეციური მამა არის თავისი შვილებისთვის შექმნილი ღვთური გეგმის ავტორი. იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. მე, როგორც უფლის უკანასკნელ დღეთა ერთ-ერთი მოციქული, ვმოწმობ, რომ ის მართლაც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).

შენიშვნები

  1. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

  2. Russell M. Nelson, “The Creation,” Ensign, May 2000, 84, 86.

  3. მორმონის წიგნში მოცემული ღვთის გეგმის მრავალი სახელწოდების ყოვლისმომცველი ანალიზისთვის იხილეთ ნოელ ბ. რეინოლდსი, The Plan of Salvation and the Book of Mormon,” [„ხსნის გეგმა და მორმონის წიგნი“], Religious Educator, vol. 21, no. 1 (2020), 31–53.