2025
ღმერთის გეგმა მარადიული ოჯახისთვის
2025 წ. დეკემბერი, ლიახონა


„ღმერთის გეგმა მარადიული ოჯახისთვის“, ლიახონა, 2025 წ. დეკემბერი.

ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან ლიახონა, 2025 წ. დეკემბერი

ღმერთის გეგმა მარადიული ოჯახისთვის

ოჯახები, რომლებიც ღვთის გეგმას მიიღებენ, მხსნელის მსგავსად ეყვარებათ სხვები და დაიცავენ თავიანთ აღთქმებს, ოდესმე „მარადიული სიცოცხლის კურთხევებს და სიხარულის სისავსეს“ დაიმკვიდრებენ.

ფოტოზე: სან პაულუს ტაძარი ბრაზილიაში

ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სრული დროის მისიის დასასრულს მშობლებთან ერთად სან-პაულუს ბრაზილიის ტაძარში შევიმოსე და მშობლებთან ჩავიბეჭდე.

ჩემს მშობლებს, აპარეციდოსა და მერსედესს, სხვადასხვა რელიგიური წარმომავლობა ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ისინი აღდგენილი სახარების მისაღებად მოამზადა.

მამაჩემი კარგ, თუმცა არა რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. მიუხედავად ამისა, იგი ახალგაზრდობიდან რელიგიით იყო დაინტერესებული. ის ბიბლიას კითხულობდა, ბიბლიის შესწავლის გაკვეთილებს ესწრებოდა და იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ სწავლობდა. ამ სწავლამ მასში დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მხსნელის სახარების, ისე ოჯახის მიმართ, ასე რომ თანამოაზრესთან შეუღლების სურვილი გაუჩინა.

დედაჩემი კი პირიქით – ღრმად რელიგიური ოჯახიდან იყო. მათ სახარების პრინციპები მიიღეს, საეკლესიო მსახურებებზე დადიოდნენ და ცხოვრებაში თავიანთი რელიგიის ერთგულნი იყვნენ. ასეთ გარემოში გაზრდილი, დედაჩემი არასოდეს არ აცდენდა საეკლესიო შეკრებებს.

ასე რომ, შეუღლების შემდეგ და ჩემი და ასევე კიდევ სამი ძმის დაბადების შემდეგ, მათ ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ სახარების პრინციპების ცოდნის სინათლეში გავეზარდეთ. ერთ დღეს დეიდაჩემმა, რომელიც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის არააქტიური წევრი იყო, უთხრა დედაჩემს: „ძვირფასო, შენ ოთხი ვაჟი გყავს. თუ მართლაც გსურს, ქრისტეზე ფოკუსირებული შვილები აღზარდო და ოჯახში ღმერთი გყავდეთ, შენ ჩემს ეკლესიაში უნდა იარო“.

მამაჩემმა გაიგონა მისი სიტყვები, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია, სანამ ერთ დღეს სრული დროის მისიონერებმა არ დააკაკუნეს ჩვენს კარზე და ჩვენთვის გაკვეთილების ჩატარება არ დაიწყეს. მან უცებ გაიაზრა, რომ ისინი იმ ეკლესიიდან იყვნენ, რომელში მისვლასაც დეიდაჩემი გვაგულიანებდა.

სინათლე და ჭეშმარიტება

ერთ-ერთი რამ, რამაც ჩემი მშობლები იესო ქრისტეს სახარებით თავიდანვე დააინტერესა, იყო დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ეკლესია ოჯახს ანიჭებდა და სწავლება, რომ „ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმის დიდი ნაწილი ოჯახის მეშვეობით სრულდება“. ნათლობამდე, ჩემს მშობლებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიღებულმა ცოდნამ, რომ მათ მეზობლებიც კი მოიწვიეს მისიონერების გაკვეთილების დასასწრებად.

უხუცეს სოარესის მშობლების ფოტოები

ერთ-ერთი რამ, რამაც ჩემი მშობლები იესო ქრისტეს სახარებაში თავიდანვე დააინტერესა, იყო დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ეკლესია ოჯახს ანიჭებდა.

მისიონერებთან შეხვედრებზე და ნათლობის შემდგომ, სახარების შესწავლის გაგრძელებისას, ჩემმა მშობლებმა შეიტყვეს, თუ როგორ „აღზარდო[ნ] [თავიანთი] შვილები სინათლესა და ჭეშმარიტებაში და სულიერად „მოიწესრიგ[ონ] ოჯახი“ მოძღვრება და აღთქმები 93:40, 43).

მათ შეიტყვეს, რომ „ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი მისი შვილების მარადიულ დანიშნულებაში“ და რომ „ოჯახში ბედნიერება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახური ცხოვრება დაფუძნებულია უფლის, იესო ქრისტეს, სწავლებებზე.“

მათ შეიტყვეს, რომ „წარმატებული ქორწინებები და ოჯახები რწმენის, ლოცვის, მონანიების, შენდობის, პატივისცემის, სიყვარულის, თანაგრძნობის, შრომისა და ჯანსაღ გასართობ ღონისძიებებზეა დაფუძნებული და შენარჩუნებული“.

მათ აგრეთვე გაიგეს, რომ ოჯახები შეიძლება მარადიული იყოს და რომ „იქ გვექნება იგივე ურთიერთობა, რომელიც არსებობს ჩვენ შორის აქ, ოღონდ მარადიული ბრწყინველების თანხლებით“ (მოძღვრება და აღთქმები 130: 2).

შემდეგ შეიტყვეს, რომ „ყოველი სწავლების, ეკლესიაში ყოველი ღონისძიების საბოლოო მიზანია, რომ მშობლები და მათი შვილები იყვნენ ბედნიერნი სახლში, ჩაიბეჭდონ მარადიული ქორწინებით და მათსავე თაობებს დაუკავშირდნენ“.

ამ ცოდნით, მათ სურვილი გაუჩნდათ, სამარადისოდ ჩაიბეჭდონ, როგორც ოჯახი.

მარადისობისკენ მიპყრობილი მზერა

ნათლობის შემდეგ ჩემი მშობლები ცხოვრებაში იყენებდნენ შესწავლილს და ამასოფლიდან სახარებისეული სასუფევლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ისინი ჩვენი ოჯახის გაერთიანებაზე მუშაობდნენ, ატარებდნენ რა ოჯახურ საღამოებსა და წმინდა წერილს სწავლობდნენ, ერთგულად დადიოდნენ საეკლესიო შეკრებებზე და ოჯახურ ისტორიაზე მუშაობდნენ. ერთობისთვის ასეთი მცდელობებით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შექმნიდნენ ოჯახს, რომლის ცენტრშიც სახარების გეგმა იქნებოდა, მარადისობისკენ მიპყრობილი მზერით.

1965 წ. როდესაც ჩემი მშობლები მოინათლნენ, სან-პაულუსთან ყველაზე ახლოს მდებარე ტაძარი მესაში, არიზონაში იყო, რაც 6000 მილით (9 650 კმ) იყო დაშორებული. მოგზაურობა ჩვენი ოჯახისთვის მეტისმეტად ძვირი იყო, ასე რომ ჩემ მშობლებს 1978 წლამდე მოუწიათ ლოდინი, სანამ სან პაულუს ტაძარი აშენდებოდა ბრაზილიაში, სადაც ისინი სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებასა და ჩაბეჭდვას შეძლებდნენ. იმ დროს მე რიო-დე-ჟანეიროში მისიაში ვმსახურობდი.

1980 წ. თებერვალში, ჩემი მისიის დასრულებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, ჩემი მისიის პრეზიდენტმა დამრთო ნება, მეწყვილესთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროს პალოს წევრებთან ერთად, სან-პაულუს ტაძარში წავსულიყავით ერთი დღით, რათა მშობლებთან ჩავბეჭდილიყავი. მეც, მშობლების მსგავსად, წლების მანძილზე დამჭირდა ლოდინი, რათა სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების დაპირებული დალოცვები მიმეღო.

ამ გამოცდილებამ ჩემი მომავლის ხედვა შეცვალა და პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ბოლო სიტყვების ჭეშმარიტება დამანახა: „ტაძარში გატარებული დრო დაგეხმარებათ იაზროვნოთ ცელესტიალურად და მიიღოთ ხედვა იმაზედ, თუ რანი ხართ, რანი შეიძლება გახდეთ და რანაირი ცხოვრებით შეგიძლიათ იცხოვროთ მარად“.

მაშინ ტაძარში გატარებულმა მოკლე დრომ, მისიაში მსახურების დარჩენილ დროზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ამ ახალი ხედვით, ტაძრისა და ოჯახებისთვის ღვთის გეგმის მნიშვნელობის დამოწმებამ აგრეთვე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე.

როცა მისიიდან დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე, როსანა, დავქორწინდით, ჩვენ მარადიული ოჯახის შექმნის ხედვით ტაძარში ჩავიბეჭდეთ. ამისთვის ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით ოჯახური ტრადიციების შექმნაზე, როგორც ეს მშობლებმა გვასწავლეს და ყოველივე ეს მხსნელზე, მის სწავლებებსა და მისი თანამედროვე წინასწარმეტყველების სწავლებებზე ფოკუსირებით.

დღეს ჩვენი შვილები საკუთარ შვილებს ზრდიან, სახარების ბედნიერების იმავე პრინციპებით. ჩვენთვის ოჯახი ყველაფერია, რადგან გვესმის ოჯახის ცენტრალური როლი ღვთის გეგმაში.

მე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ხელმძღვანელს, ტაძარში ჩემი სამი შვილისა და მათი მეუღლეების ერთად ჩაბეჭდვის დალოცვა მერგო წილად. ტაძარში საკურთხეველთან მუხლმოდრეკილი შვილების თვალებში ჩახედვა შესანიშნავი გამოცდილება იყო. ვხედავდი, როგორ დალოცვილი იქნებოდა ჩემი შთამომავლობა სახარების იმავე პრინციპების გამო, რომლებიც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს და შემდეგ მე და როსანამ ვასწავლეთ ჩვენს შვილებს. მე ამ დალოცვების გაგრძელებას მომავალ თაობებში ვხედავდი. და მე გამახსენდა, ვისი წყალობით იყო შესაძლებელი ყოველივე ეს.

თაროებზე განთავსებული სხვადასხვა საშობაო ნაკრებები

საშობაო შეხსენება

ბედნიერების ღვთის გეგმაში ოჯახს ცენტრალური როლი უკავია, მაგრამ მხსნელი იესო ქრისტეს გარეშე ეს გეგმა შეუძლებელი იქნებოდა. უფლის გამოსყიდვა, წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებსაც მის სახარებაში ვპოულობთ, შესაძლებელს ხდის ამაღლების დაპირებას.

პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა: „ამაღლება საოჯახო საქმეა. „მხოლოდ იესო ქრისტეს სახარების ხსნის წეს-ჩვეულებების მეშვეობით შეიძლება ოჯახების ამაღლება. საბოლოო შედეგი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ჩვენი, როგორც ოჯახის, ბედნიერება – შემოსილების, ჩაბეჭდილებისა და ღმერთის სუფევაში მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებულების.

როცა რომელიმე ქვეყანაში პირველად ვიმყოფები, ვცდილობ პატარა საშობაო ნაკრები შევიძინო, რაც მე და როსანას მხსნელის არსებობას მოგვაგონებს. მე უკვე საკმაოდ სერიოზული კოლექცია მაქვს.

ერთხელ, როცა ამ მოკრძალებულ საშობაო სცენებს ვუმზერდით, მე და ჩემი მეუღლე დავფიქრდით: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში“? პასუხი, რა თქმა უნდა, არის მხსნელი, მისი სახარება და ჩვენი ოჯახი. რამდენიმე წლის წინ, შობამდე, ჩვენ ყველა ჩვენი საშობაო ნაკრები სახლში, ორ დიდ თაროზე, განვათავსეთ და შობის შემდეგ აღარ ავალაგეთ ისინი, რათა მათ ჩვენი ზეციერი მამის ჩვენდამი სიყვარული შეეხსენებინათ და რომ მხსნელის მეშვეობით მარადიული ოჯახების დაპირება შესაძლებელი ხდება. ეს ტრადიცია გვეხმარება, მთელი წლის განმავლობაში სახლში საშობაო განწყობა შევინარჩუნოთ.

ყოველ დღე, როცა ამ საშობაო სცენებს ვუმზერთ, ისინი ნაზად გვახსენებენ ჩვენს ცხოვრებაში მხსნელის ცენტრალური როლის შესახებ. ისინი გვახსენებს, რომ მშვიდობა დედამიწაზე ახლა (იხ. ლუკა 2:14) და მარადიული ბედნიერება მომავალ ცხოვრებაში დამოკიდებულია მხსნელზე და იმ აღთქმების დაცვაზე, რომლებიც მასთან დავდეთ. და ისინი გვახსენებს, „რომ იგი მოვიდა ამ ქვეყნად, თავად იესო, რათა ჯვარს აცვან ამაქვეყნისთვის, რათა აიღოს ამაქვეყნის ცოდვები და განწმინდოს ამასოფელი და გაასუფთაოს ყოველი უკეთურობისგან;

„რათა მისი მეშვეობით ყოველი იქნეს გადარჩენილი, რომელიც მამამ მის ძალაუფლებას დაუქვემდებარა და მისი შემწეობით შექმნა“ (მოძღვრება და აღთქმები 76:41–42).

ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ეს ჭეშმარიტებანი ჩვენი მშობლებისგან შევიტყვეთ, მე და როსანამ ვიზრუნეთ, რომ ისინი ჩვენი შვილებისთვის გადაგვეცა. ახლა ჩვენი შვილები იმავე ჭეშმარიტებებს თავიანთ შვილებს ასწავლიან. 60 წლის წინ, ჩვენს პატარა სახლში, ბრაზილიაში, ჩემი მშობლების გულებში ჩათესილი თესლი აყვავდა და ხილი მოისხა, „რომელიც არის ყველაზე ძვირფასი, რომელიც არის უტკბესი ტკბილთა შორის და რომელიც არის უსპეტაკესი თეთრი, დიახ, რომელიც არის ყველა წმინდაზე წმინდა“ (ალმა 32:42).

მე ვმოწმობ, რომ ვინც ღვთის გეგმას ოჯახებისთვის მიიღებს, მხსნელის მსგავსად ეყვარება სხვები და დაიცავს აღთქმებს, ოდესმე „მარადიული სიცოცხლის კურთხევებს და სიხარულის სისავსეს დაიმკვიდრებენ“ საყვარელ ადამიანებთან და მამასა და ძესთან ერთად.