2025
აღთქმები, ძალა და დაპირებები
2025 წ. ოქტომბრის ლიახონა


„აღთქმები, ძალა და დაპირებები,“ ლიახონა, ოქტ. 2025.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ოქტომბერი, 2025

აღთქმები, ძალა და დაპირებები

ტაძარი უმთავრეს ადგილს იკავებს მეორედ მოსვლის წინ იმ ძალისა და დაცვის მხრივ, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავის ერთგულებს აღუთქვა.

სურათზე: კირტლანდის ტაძრის წინ მდგომი ჯოზეფ სმითი

ჯოზეფ სმითი - დენ ბურის ილუსტრაცია

1833 წლის მაისში ჩემი მეოთხე დიდი პაპა, ასაჰელ პერი, რამდენიმე მეგობართან ერთად ჩრდილოეთ ნიუ-იორკიდან კირტლანდში, ოჰაიოში გაემგზავრა. ისინი ახლად აღდგენილი ეკლესიის წევრები არ იყვნენ, მაგრამ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითთან შეხვედრა სურდათ. მათ ზუსტად მიუსწრეს პირველი საბჭოს შეკრებას, რომელზეც კირტლანდის ტაძრის მშენებლობას განიხილავდნენ.

საბჭოს დაწყების შემდეგ წინასწარმეტყველმა ტაძრის მშენებლობის საკითხი წარადგინა. შემდეგ მან მოუწოდა დამსწრეებს, გამოეხატათ თავიანთი გრძნობები ასეთ მასშტაბურ წამოწყებასთან დაკავშირებით. უმეტესობამ უპასუხა, რომ ეკლესია ძალიან ღარიბი იყო ასეთი ამოცანის შესასრულებლად. შეკრებილებმა უფრო პატარა, ნაკლებად ძვირადღირებული შენობის აშენება შესთავაზეს.

დისკუსიის პარალელურად პაპა პერი და მისი მეგობრები შეიკრიბნენ, თავიანთი ფული ამოიღეს და დაითვალეს. ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი თანხა უკან დასაბრუნებლად და ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირად? რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემი პაპა ჯოზეფ სმითს მიუახლოვდა, ხუთდოლარიანი ოქროს მონეტა ამოიღო და წინასწარმეტყველს გადასცა. (ასეთი მონეტა დღეს ასობით დოლარის ტოლფასია!)

ჯოზეფი საბჭოს წინ ადგა და მონეტა ზემოთ ასწია. შემდეგ, ენერგიულად საუბრისას, მან თქვა, რომ „სამუშაო დაიწყო და [უფლის] სახლი აშენდება უფალ იესო ქრისტეს მიერ წარმოდგენილი ნიმუშის მიხედვით“.

პერის ოჯახი მალე კირტლენდის ეკლესიას შეუერთდა, რამდენიმე წლის შემდეგ მათ ტაძრის კურთხევები მიიღეს ნავუს ტაძარში და მოგვიანებით იუტაში მოსახვედრად ვაკეები გადაკვეთეს.

1836 წელს კირტლანდის ტაძრის მიძღვნის დროისთვის, ის ძალიან პატარა იყო იმ უკანასკნელ დღეთა წმინდანების დასატევად, რომელთაც მის მიძღვნაზე დასწრება სურდათ. ეკლესიის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა იმ წმინდანების რიცხვი, რომლებსაც შეკრებებზე დასწრება გარეთ უწევდათ. პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა (1920–2007), რომელიც ჩემი პალოს პრეზიდენტად მსახურობდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი , ხოლო 2007 წელს, როცა მთავარ ხელმძღვანელად მომიხმეს - ჩემს მენტორად, ეკლესიის მეორე ტაძართან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა:

„1846 წელს, ნავუს ტაძრის დასრულებამდე, წმინდანები გარეთ, ხშირად ტაძართან ახლოს იკრიბებოდნენ, რათა ჯოზეფისა და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელების გამოსვლა მოესმინათ. ზოგჯერ ათასობით ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრებს“ — უამინდობის დროსაც კი.

„როგორც [უხუცესმა] ჯორჯ ა. სმითმა თავისი იუმორისტული მანერით აღნიშნა: ’წინასწარმეტყველი ჯოზეფის დროს … [ეკლესია] ყველაზე მეტად ღია ცის ქვეშ აყვავდა."

მადლიერები ვართ, რომ ჩვენს დროში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ყვავის როგორც გარეთ, ასევე დახურულ სივრცეში და მთელ მსოფლიოში. ეს აყვავება მოიცავს ტაძრების უპრეცედენტო ტემპით მშენებლობას „წარმოდგენილი ნიმუშის მიხედვით“ — ნიმუშის, რომელიც ყოველთვის მოიცავდა კურთხევას, მიძღვნას, რწმენასა და მსხვერპლს.

კირტლანდის ტაძრის ილუსტრაცია

A Glorious Light—Kirtland Temple [დიდებული სინათლე—კირტლანდის ტაძარი], გლენ ს. ჰოპკინსონის მიერ, დაკოპირება აკრძალულია

რატომ ამდენი ტაძარი?

„ჩვენმა წინამორბედებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ტაძრები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, წყნარი ოკეანის კუნძულების, ევროპისა და სხვა ტერიტორიების ლანდშაფტს მოფენდა“, - თქვა პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა (1899–1994) რამდენიმე ათწლეულის წინ. „თუ ეს გამომსყიდველი საქმე დიდი მასშტაბით უნდა შესრულდეს, ასობით ტაძარი იქნება საჭირო.“

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, რომ დღეს ჩვენ ტაძრებს უპრეცედენტო ტემპით ვაშენებთ, „რადგან უფალმა დაგვავალა ამის გაკეთება. სატაძრო კურთხევები ხელს უწყობს ისრაელის შეკრებას ფარდის ორივე მხარეს. ეს კურთხევები ასევე ხელს უწყობს იმ ხალხის მომზადებას, რომელიც მსოფლიოს უფლის მეორედ მოსვლისთვის მოამზადებს!“

კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ლოცვაში ჯოზეფ სმითი ლოცულობდა: „რათა ყოველმა ადამიანმა, ვინც უფლის სახლის ზღურბლს გადაივლის, იგრძნოს შენი ძალა. …

„და გთხოვთ, წმინდა მამაო, რომ შენი მსახურნი ამ სახლიდან წავიდნენ შენი ძალით შეიარაღებულნიდა შენი სახელი იყოს მათზე და შენი ბრწყინვალება მათ გარშემო , და შენმა ანგელოზებმა იზრუნონ მათზე“ (მოძღვრება და აღთქმები 109:13, 22; ასევე იხ. მუხლი 23).

როდესაც ამ მუხლებს ვკითხულობ, ნეფის უკანასკნელი დღეების ხილვაზე ვფიქრობ. დაუკვირდით სიტყვების მსგავსებას: „და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე ღვთის კრავის ძალა, რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით ” (1 ნეფი 14:14).

მე მჯერა, რომ უკანასკნელ დღეთა ტაძრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეფის წინასწარმეტყველების შესრულებაში და ცენტრალურ ადგილს იკავებენ მეორედ მოსვლის წინ უფლის ერთგულთათვის აღთქმული დაცვისა და ძალაუფლების საკითხში.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეურვეობის ეპისკოპოსად ვმსახურობდი, ერთმა ახალგაზრდა ქალმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ჩემთვის დღემდე შთამბეჭდავია. მას თქვენ იცნობთ, როგორც პრეზიდენტ ემილი ბელ ფრიმანს, ახალგაზრდა ქალთა საზოგადოების მთავარ პრეზიდენტს. ბოლო გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლისას მან გვასწავლა, რომ ტაძრის მეშვეობით იესო ქრისტეს უფრო მაღალ სულიერ დონეზე ავყავართ.

„ყოველ ჯერზე, როცა მისი სახლის ზღურბლს გადავკვეთ, მასთან უფრო ღრმა აღთქმის ურთიერთობას განვიცდი,“ - თქვა პრეზიდენტმა ფრიმანმა. „მე განვიწმინდები მისი სულით, შევიმოსები მისი ძალით და ხელდასხმით ვინიშნები მისი სასუფევლის ასაშენებლად.“

აღთქმული ძალა

პრეზიდენტი ნელსონი ხშირად საუბრობს იესო ქრისტეს ძალაზე, რომელიც ტაძრის აღთქმების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი. „მხსნელთან ერთად უღელში ჩაბმა ნიშნავს, რომ თქვენ ხელი მიგიწვდებათ მის ძალასა და გამოსყიდვაზე,“ თქვა მან. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასევე გვასწავლიდა:

„როცა სატაძრო აღთქმებს ვდებთ, ჩვენ უფრო დიდად მიგვიწვდება ხელი უფლის გამაძლიერებელ ძალაზე. ტაძარში ჩვენ ვიღებთ დაცვას ამაქვეყნიური შემოტევებისგან.“

„[მხსნელის] აუცილებელი წეს-ჩვეულებები, მღვდლობის წმინდა აღთქმების მეშვეობით, შეგვკვრავს უფალთან. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, უფალი გვიბოძებს თავის სამკურნალო, გამაძლიერებელ ძალას. ო, როგორ დაგვჭირდება მისი ძალა შემდგომ დღეებში.“

„მორალური და სულიერი ძალა, რომელიც ჩვენს ხალხს ახლა და მომავალი დღეებისთვის სჭირდება, არის მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ძალა. ჩვენ მათ ძალაზე წვდომას მათთან აღთქმების დადებითა და შესრულებით ვიღებთ.“

ზეციური ძალა მნიშვნელოვანია, ძმებო და დებო, რადგან ჩვენ ძალიან ბოროტ სამყაროში ვცხოვრობთ. ამ ძალის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება „მისი მოსვლის დღის [ატანა]" ან „მის[ი] გამოცხადებ[ი]ს [გაძლება]" (მალაქია 3:2). ჩვენ არ ვიცით, ეს დღე როდის დადგება, მაგრამ მისი ანგელოზი უკვე გამოგზავნილია მისი მოსვლისთვის „გზის მოსამზადებლად“ (მალაქია 3:1). ამასობაში, მსოფლიო მშვიდად არ მიემართება ამ დღისკენ.

ჩვენ გვჭირდება ერთგულთათვის აღთქმული ძალა, რომელიც დაგვეხმარება, რომ:

  • ღმერთს დავუთმოთ პირველობა ჩვენს ცხოვრებაში.

  • მოვინანიოთ და მივუახლოვდეთ უფალს.

  • დავლოცოთ, ვანუგეშოთ, ვუხელმძღვანელოთ და გავუწიოთ მზრუნველობა.

  • „უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს“ (იხ.მოსია 3:19).

  • ვიპოვოთ მშვიდობა და სიხარული ქრისტეში, როდესაც აღთქმის გზაზე დავდივართ.

  • რათა მზად ვიყოთ „დაწვის დღისთვის“ და „ბოროტთა უბედურებისა[თვის]“ (მოძღვრება და აღთქმები 109:46).

  • შევასრულოთ უფლის საქმე მის მეორედ მოსვლამდე.

ტუსონის ტაძარი არიზონაში

ტუსონის ტაძარი არიზონაში, გუმბათის ფოტო ჯეიმს უიტნი იანგის მიერ

ხსნის მცველები

მამაზეციერის საქმე და დიდებაა, რომ „აღ[ასრულოს] ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“ (მოსე 1:39). თითოეული ტაძარი ღვთის ხსნის გეგმის მიწიერ მცველად დგას, რაც მიუთითებს მხსნელის ცენტრალურ როლზე ამ საქმესა და დიდებაში.

მისი ძალით შეიარაღებული, აღთქმის დამცველი ყოველი მამაკაცი და ქალი - დაქორწინებული იქნება თუ არა - ვინც ერთგულად იცავს ტაძრის აღთქმებს, დალოცვილი იქნება ამ ცხოვრებასა და მომავალ ცხოვრებაში.

პრეზიდენტი ნელსონი დაგვპირდა: „მიზანი, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის, არის უფლის სახლში ძალით შემოსვა, ოჯახებად ჩაბეჭდვა, ტაძარში დადებული აღთქმების ერთგულება, რაც გვაძლევს ღვთის უდიდესი ძღვენის - მარადიული სიცოცხლის - მიღების უფლებას. სატაძრო წეს-ჩვეულებები და იქ დადებული აღთქმები თქვენი ცხოვრების, ქორწინებისა და ოჯახის, ასევე მოწინააღმდეგის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარის განმტკიცების გასაღებია. ტაძარში თქვენი ღვთისთაყვანისცემა და იქ თქვენი წინაპრებისადმი მსახურება დაგლოცავთ პირადი გამოცხადებისა და სიმშვიდის გაძლიერებითა და გაამყარებს თქვენს თავდადებას, დარჩეთ აღთქმის გზაზე".

როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული, მე ვმოწმობ, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა.