„იპოვეთ სიხარული სახარებაში მოგზაურობის გზაზე“ ლიხონა, 2025 წ. ივლისი
ყოველთვიური ჟურნალი ლიახონა 2025 წ. ივლისის გზავნილი
იპოვეთ სიხარული სახარებაში მოგზაურობის გზაზე
უფლის მცნებების დაცვით მის მიმართ სიყვარულის გამოხატვის საბოლოო შედეგია ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი კურთხევები.
ეკლესიის გაღიმებული წევრები ტაილანდში (ქრისტინა სმითის ფოტო).
რამდენიმე წლის წინ, იაპონიაში მისიის ხელმძღვანელად მსახურებისას, მე ჩვენი მისიის ერთ-ერთ შორეულ კუთხეში მდებარე ქალაქში შაბათ-კვირის კონფერენციას დავესწარი. ოლქის პრეზიდენტმა დამინიშნა შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც ერთი წლის წინ შეურთდა ეკლესიას და სატაძრო რეკომენდაციის მიღება სურდა. იგი იმედოვნებდა, რომ საკუთარ შემოსვას ნათლობის ერთი წლის თავზე ან დაახლოებით ამ თარიღისთვის მიიღბდა.
ჩვენი საუბრისას ამ ახალმა წევრმა აღწერა, რაოდენ დიდად მადლიერი იყო იმ უხვი კურთხევებისთვის, რომლებიც ნათლობიდან ერთი წლის მანძილზე მიიღო. ის ყოველ კვირას სიამოვნებით დადიოდა ზიარებისა და სხვა შეკრებებზე. ის ღრმად ჩაერთო თავისი მრევლის ღონისძიებებში. ჩემი აზრით, ის აღთქმის ნდობას ასხივებდა, რაც მისი სახარებისეული მიზნის გაგებიდან გამომდინარეობდა, რაც ახლა მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ის ქრისტეზე მოქცეული მოწაფე იყო, რომელმაც გულში ძლიერი ცვლილება განიცადა (იხ. მოსია 5:12).
ჩვენი საუბრის დანარჩენი ნაწილიც იმედის მომცემი იყო. ჩვენ განვიხილეთ წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებიც ტაძარში მიღებული გამოცდილების ნაწილი იქნებოდა. მან მტკიცედ უპასუხა სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად საჭირო ყოველ სტანდარტულ შეკითხვას.
მახსოვს, ამ გასაუბრების შემდეგ ვუთხარი ოლქის პრეზიდენტს, რაოდენ მადლიერი ვიყავი ასეთ საოცარ მამაკაცთან შეხვედრისთვის. მე ვუთხარი მას, რაოდენ შთამბეჭდავი იყო, რომ მისიონერებმა და წევრებმა იპოვეს და სულიერად აღზარდეს ასეთი დონისა და პერსპექტივის მქონე ადამიანი.
გაოგნებული დავრჩი როცა შევიტყვე ოლქის პრეზიდენტისგან, რომ ამ მამაკაცმა ერთი წლის წინ დაიწყო მისიონერებისგან გაკვეთილების მოსმენა და ეკლესიაში სიარული. ის უსახლკარო იყო და უკიდურესად რთულ — თითქმის უიმედო — ვითარებაში იმყოფებოდა. შემდეგ ოლქის პრეზიდენტმა აღწერა, თუ როგორ მიიყვანა რამდენიმე თვის პერიოდში სახარების შესწავლამ და რწმენაზე მოქცევამ ეს ძმა ამ სასწაულ ცვლილებამდე, დააყენა რა იგი სულიერებისა და მიწიერი თვითუზრუნველყოფის გზაზე და ცხოვრების აზრი და სიხარული უბოძა.
სახარებამ მას ცხოვრების აზრის ნათელი სურათი აჩვენა. სახარების უბრალო და უძვირფასესმა ჭეშმარიტებამ მიწიერი ცხოვრების მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხი გასცა, დაწყებული იმის ცოდნით, რომ „ღმერთი არის ჩვენი მამაზეციერი და ჩვენ მისი შვილები ვართ“. … ღმერთი პირადად გვიცნობს და ჩვენ ვუყვარვართ მას“. თავის გეგმაში, „მამაზეციერმა უამრავი ძღვენი და სწავლება გვიბოძა, რაც მის გარემოცვაში დასაბრუნებლად გვეხმარება“.
ასეთი იყო ამ მამაკაცის კურთხევა და ის, იესო ქრისტეს სახარების წყალობით, თანაბრად ხელმისაწვდომია ღვთის ყოველი შვილისთვის.
ცხოვრების აზრი
იმის გამო, რომ იესო ქრისტემ აღადგინა თავისი სახარება წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით, „ჩვენ გვესმის ცხოვრების აზრი და ის, რანიც ვართ“ - განაცხადა პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა (1928-2023). ეკლესიისადმი დასკვნით დამოწმობაში პრეზიდენტმა ბალარდმა (იმ დროს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოქმედმა პრეზიდენტმა) თქვა:
„ჩვენ ვიცით, ვინ არის ღმერთი; ვიცით, ვინ არის მხსნელი, რადგან ჯოზეფი გვყავს, რომელიც მოზარდის ასაკში ტყეში წავიდა, რადგან ცოდვების მიტევებას ეძიებდა. …
„გაოცებული ვარ და დარწმუნებული, რომ მრავალმა თქვენგანმაც იცის, რაოდენ დალოცვილნი ვართ რომ ვიცით ის, რაც ვიცით ჩვენი ცხოვრების მიზნის შესახებ, რატომ ვართ აქ, რის გაკეთებას და მიღწევას უნდა ვცდილობდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის ეს ცოდნა მოიცავს ხსნის სრულყოფილ ღვთის გეგმას“. აგრეთვე ცნობილი როგორც „ბედნიერების დიადი გეგმა“, „გამოსყიდვის გეგმა“ და „ხსნის გეგმა“ (ალმა 42:8, 11, 15), იგი „ცხოვრებიდან საიდუმლოს, მომავლიდან კი გაურკვევლობას შლის“. ამ გეგმისთვის აუცილებელია „ქრისტეს სწავლება“, რომელიც ცხოვრების მიზნის შუაგულია.
სახარების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ ღვთის შვილები ვართ, რომლებიც დედამიწაზე მოგვავლინეს გამოსაცდელად და მოსამზადებლად, „აღ[ვ]დგეთ მკვდრეთით აღდგომით, კრავის გამარჯვებითა და ბრწყინვალებით“ (მოძღვრება და აღთქმები 76:39). ჩვენ ვიცით მცნებები და საკმარისი დარიგებანი მი[ვიღეთ], რომ გან[ვასხვავოთ] კეთილი ბოროტისაგან“ (2 ნეფი 2:5). ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე ვიმყოფებით, რათა ვემსახუროთ სხვებს და გვიყვარდეს ისინი. და ჩვენ ვიცით, რომ მხსნელმა მოგვიხმო, ვძლიოთ ამასოფელს და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში (იხ. იოანე 16:33; მოძღვრება და აღთქმები 64:2) უფლის მეორედ მოსვლისთვის მომზადებისას.
როდესაც მასზე ვახდენთ ფოკუსირებას ის, რასაც ჯოზეფ სმითმა „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახარების სასიხარულო ჰანგი“ უწოდა, გაგვაძლიერებს მძიმე დღეების ჟამს და ჩვენსა და სხვების ცხოვრებას აზრსა და დანიშნულებას შესძენს.
მოიდრიკება ყოველი მუხლი, ავტორი - დენ ვილსონი. კოპირება არ არის დაშვებული
მორჩილება, დალოცვები, სიხარული
ღმერთმა გვიბოძა ზნეობრივი თავისუფლება, რათა ჩვენი არჩევნისთვის პასუხისმგებელნი ვიყოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 101:78; 2 ნეფი 2:16). რადგან „ყველაფერს [უნდა] ჰქონდეს საპირისპირო“ (2 ნეფი 2:11), სატანას შეუძლია გვაცდუნოს, რომ თავისუფალი ნება არასწორად გამოვიყენოთ.
მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ, „[იცის] რა იმ უბედურებაზე, რომელიც დედამიწის მცხოვრებთ უნდა დაატყდეთ“, მოიხმო წინასწარმეტყველი, ჯოზეფ სმითი, „ელაპარაკა მას ზეციდან და მი[სცა] მცნებები“ (Doctrine and Covenants 1:17). ეს ნიმუში – როდესაც უფალი უმხელს თავის მცნებებსა და ნებას თავის წინასწარმეტყველებს, დღესაც გრძელდება პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შემთხვევაში — იგივე მიზეზით. ღმერთს სურს, გაგვიძღვეს ბედნიერებისკენ ამ ცხოვრებაში, მომავალ ცხოვრებაში კი – ცელესტიალურ ბრწყინვალებისკენ.
ღვთის მცნებებისადმი მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი მის მიმართ თავდადებიდან და სიყვარულიდან. თავად უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა, რომ გიყვარდეს ღმერთი „არის პირველი და დიდი მცნება“ (იხ. მათე 22:37-38). მან უფრო ღრმა წვდომა გვიბოძა, როცა განაცხადა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ (იოანე 14:15).
უფლის სიყვარულსა და მის მცნებების დაცვას ჯილდო მოჰყვება. ამ წყობაში მან აგვიხსნა „ზეცაში … შეუქცევლად გამოცხადებული კანონი, … რომელზეც დაფუძნებულია ყოველი კურთხევა—
„და როდესაც ღმერთისგან ვიღებთ რამე კურთხევას, ეს ხდება იმ კანონისადმი მორჩილებით, რომელზეც ეს კურთხევა არის დაფუძნებული“ (მოძღვრება და აღთქმები 130:20–21).
ასე რომ, უფლის მცნებების დაცვით მის მიმართ სიყვარულის გამოხატვის საბოლოო შედეგია ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი კურთხევები.
აღდგენილი სახარებისა და თანამედროვე გამოცხადების პრიზმით ცხოვრების დანახვა სიცხადეს გვაძლევს. ჩვენი ღვთიური წარმოშობისა და დანიშნულების ხედვით ჩვენ ვიცით, რომ რაც [ჩვენს] მოკვდავ ცხოვრებას საუკეთესოს ხდის, ზუსტად ისაა, რაც [ჩვენს] ცხოვრებას მთელი მარადიულობის მანძილზე საუკეთესოს გახდის!
დასასრული
მე დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე: წლების წინ იაპონიაში ახალმოქცეულთან მიღებული გამოცდილების გახსენებით. თავისი გულმოდგინებით, აგრეთვე მისიონერებისა და წევრების გულმოდგინებით, მან იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იპოვა. სახარების პოვნისას მან აგრეთვე საკუთარი დანიშნულება აღმოაჩინა, რამაც მისი ხედვა გააფართოვა. მან აგრეთვე ბედნიერების დიადი გეგმა იპოვა. ამ გეგმის აღთქმების მორჩილებამ მას კურთხევები და სიხარული მოუტანა, რამაც იგი სულიერად და მიწიერად აამაღლა.
მისმა მოგზაურობამ, რომელმაც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში წევრობამდე მიიყვანა, მისცა მას შესაძლებლობა, იესო ქრისტეს მოწმე გამხდარიყო. უხუცესმა პატრიკ კირონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ასე ახსნა სიხარული, რომელიც ამას მოჰყვება:
„ჩვენი მამაზეციერის სიყვარულით სავსე გეგმის გამო თითოეული მისი შვილისთვის და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს გამომსყიდველი ცხოვრებისა და მისიის გამო, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ ყველაზე მხიარული ხალხი დედამიწაზე! მაშინაც კი, როცა ამ ხშირად პრობლემურ სამყაროში ცხოვრებისეული ქარიშხალი გვატყდება თავს, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მზარდი და მუდმივი სიხარული და შინაგანი სიმშვიდე, ქრისტესადმი ჩვენი იმედის და ბედნიერების მშვენიერ გეგმაში ჩვენი ადგილის გააზრების გამო“.
მე გიზიარებთ ჩემს მადლიერებასა და დამოწმებას იესო ქრისტეს აღდგენილი სახარებისა, მათ შორის მასში ასე ღრმად ჩაქსოვილი ბედნიერების გეგმის შესახაბ. მე გიწვევთ, მიირთვათ სახარების ნაყოფი და იგრძნოთ მეტი სიხარული ამ ცხოვრებაში, მარადიული სიცოცხლისკენ მოგზაურობის გზაზე.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, July 2025. Georgian. 19601 131