2025
ჩვენ მივდევთ ქრისტეს, როცა მის საქმეში მას ვუერთდებით
2025 წლის ივნისი


„ჩვენ მივდევთ ქრისტეს, როცა მის საქმეში მას ვუერთდებით“, ლიახონა, 2025 წლის ივნისი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , 2025 წლის ივნისი

ჩვენ მივდევთ ქრისტეს, როცა მის საქმეში მას ვუერთდებით

ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მხსნელის საქმეში, როცა ვახდენთ ფოკუსირებას მის მიზნებზე, ვიცავთ მის მცნებებს და გვიყვარს ერთმანეთი.

ქრისტე და მდიდარი ჭაბუკი თავადი

დეტალი ნახატიდან ქრისტე და მდიდარი ჭაბუკი თავადი, ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ

როცა ვინათლებით, ჩვენ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღების პროცესს ვიწყებთ. ამ პროცესის ნაწილი ნიშნავს, რომ ჩვენ ვუერთდებით მხსნელს მის საქმეში. პირველი პრეზიდენტობის პირველი მრჩეველი, პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი, წერდა: „საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აზრია ჩვენი მზაობა და ვალდებულება, ვიტვირთოთ მხსნელის საქმე და მისი სასუფეველი“.

მხსნელის საქმეა „აღ[ასრულოს] ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“ (მოსე 1:39). უკვადავება არის იესო ქრისტეს უანგარო ძღვენი, რომელიც გარანტირებული გვაქვს მისი აღდგომის მეშვეობით. თუმცა, მარადიული სიცოცხლე იგივე რამ არ არის. მარადიული სიცოცხლე არის ღვთის უდიდესი ძღვენი, რომლის ბოძებაც შეუძლია ღმერთს კაცობრიობისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 14:7). ეს არის მის გარემოცვაში ოჯახთან ერთად მარადიული ცხოვრება. მარადიული ცხოვრების მისაღებად ჩვენ უნდა გავხდეთ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მხსელისა და მისი გამოსყიდვის რწმენით, მონანიებით, ნათლობით, სულიწმინდის ძღვენის მიღებით, ტაძარში აღთქმების დადებითა და დაცვით და ბოლომდე გაძლებით, ვიღებთ აღდგენილ სახარებას. ბოლომდე გაძლება გულისხმობს, რომ ვუერთდებით მხსნელს მის საქმეში.

აღფრთოვანებით ჩართულნი

ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მხსნელის საქმეში, როცა ვეხმარებით ღვთის შვილებს, გახდნენ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფენი. ეს გულისხმობს უფლის სახარების გაზიარებას და მაშასადამე, გაფანტული ისრაელის შეკრებას, მხსნელის ეკლესიაში პასუხისმგებლობის შესრულებითა და მცდელობით, დავემსგავსოთ მას. ჩვენი „წარმატება [მის საქმეში] არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ სხვები [ჩვენზე], ჩვენს მოწვევაზე ან {ჩვენს] გულითად, კეთილ საქმეებზე“. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დაგვიდასტურა: „ყოველთვის, როცა რამეს აკეთებთ, რაც ეხმარება ვინმეს— ფარდის ორივე მხარეს — გადადგას ნაბიჯი ღმერთის წინაშე აღთქმის დადებისა და მათი ძირითადი ნათლობისა და სატაძრო წეს-ჩვეულებების მისაღებად, თქვენ ეხმარებით ისრაელის შეკრებას“.

იმისთვის, რომ მხსნელის საქმე ჩვენს საქმედ ვაქციოთ, უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მის მიზნებზე, ვიცავდეთ მის მცნებებს და გვიყვარდეს ერთმანეთი. როცა უფლის საქმეს ვაკეთებთ, (იხ. მოძღვრება და აღთქმები 51:2), ზოგიერთი საკითხში დამოუკიდებლად უნდა გავერკვიოთ. მხსნელმა უთხრა წმინდანებს, რომლებიც შეიკრიბნენ ჯექსონის ოლქში, მისურიში:

„ვინაიდან, აჰა, არ არის შესაფერისი, ბრძანებები მოგცეთ ყოველივეში, ვინაიდან, ვისაც ყველაფერს აიძულებენ, ზარმაცია და არ არის ბრძენი მსახური; ამიტომ, არ მიიღებს ჯილდოს.

„ჭეშმარიტად გეუბნებით, ადამიანი უნდა მგზნებარედ ჩაერთოს მართალ საქმეში და აკეთოს მრავალი რამ საკუთარი თავისუფალი ნებით და აღასრულოს დიდი სამართალი;

„ვინაიდან, მათში არის ძალა, იმოქმედონ თავიანთი ნებით. და რამდენადაც ადამიანები აკეთებენ სიკეთეს, ისინი არ დაკარგავენ თავიანთ ჯილდოს“ (მოძღვრება და აღთქმები 58:26-28).

როცა მივყვებით მხსნელს, ვუერთდებით მას მის საქმეში და ვეხმარებით სხვებს, გახდნენ მისი ერთგული მოწაფენი, ჩვენ ვასწავლით იმას, რასაც ის ასწავლიდა. იმის გამო, რომ არ ვართ უფლებამოსილნი, ვასწავლოთ სხვა რამე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 52:9, 36), ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას უფლის სწავლებაზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:25). ამის გარდა, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ღარიბებს, ღატაკებს და გასაჭირში მყოფ ადამიანებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 52:40). ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა, როცა მხსნელმა ნაზარეთის სინაგოგაში ესაიას ციტირება მოახდინა:

„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

„უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“ (ლუკა 4:18-19; იხ. აგრეთვე ესაია 61:1-2).

უფლის შეწყალების წელი გულისხმობს დროს, როცა ღვთის აღთქმის ყველა დალოცვა გადმოიღვრება მის ხალხზე. ჩვენ მივყვებით იესო ქრისტეს, როცა ვიწვევთ სხვებს, დადონ აღთქმები ღმერთთან, დაიცვან ისინი და მიიღონ ამის გამო დალოცვები, ასევე როცა ვზრუნავთ ღარიბებზე ან გასაჭირში მყოფ ადამიანებზე.

იესო ქრისტეს საქმეში ჩაბმა აღმაფრთოვანებელია, რადგან მისი საქმენი, ჩანაფიქრი და მიზნები „შეუძლებელია იყოს წარუმატებელი ან არაფრის მომტანი“ (მოძღვრება და აღთქმები 3:1). გულგატეხილებს უფალმა ურჩია: „ამიტომ, ნუ იქნებით დაღონებულნი სიკეთის კეთებისას, ვინაიდან საფუძველს უყრით დიად საქმეს. და პატარა საქმეებით ხორციელდება ის, რაც არის დიადი“ (მოძღვრება და აღთქმები 64:33]. უფალს მივანდოთ მოსავალზე ზრუნვა, ჩვენ კი უბრალოდ ჩვენი გასაკეთებელი ვაკეთოთ.

გული და მოწადინებული გონება

ჩვენი გასაკეთებელი უფრო მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან უფლის საქმის შესასრულებლად არ გვჭირდება არაჩვეულებრივი ნიჭი ან შესაძლებლობები. მისი მოთხოვნაა მხოლოდ ჩვენი სურვილი და ვალდებულება. უფალმა უთხრა წმინდანებს კირტლანდში, ოჰაიოში: „აჰა, უფალი მოითხოვს გულსა და მოწადინებულ გონებას“ (მოძღვრება და აღთქმები 64:34). უფალს შეუძლია, მსურველს უნარი მისცეს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ან არ მოისურვებს, უნარის მქონეს სურვილი გაუჩინოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვალდებულებას ავიღებთ და სურვილი გვექნება, უფალი შეძლებს ჩვენს გამოყენებას. მაგრამ როგორი ნიჭიერებიც არ უნდა ვიყოთ, ის არ გამოგვიყენებს, თუკი არ ავიღებთ მისი საქმის შესრულების ვალდებულებას და არ გვექნება მისი დახმარების სურვილი.

სამუელმა და ანა-მარია კოივისტომ გამოხატეს სურვილიც და ვალდებულებაც. მალევე ქორწინების შემდეგ, კოივისტოები ფინეთიდან, ჯივასკულადან, შვედეთში, გოტებორგში გადავიდნენ კარიერული ზრდის გამო. ჩამოსვლისთანავე, ძმა კოივისტო მოიწვიეს შვდეთის, გოტებორგის პალოს პრეზიდენტობის მრჩეველთან, პრეზიდენტ ლეიფ გ. მათსონთან, შესახვედრად. იმის გამო, რომ სამუელმა შვედური არ იცოდა, გასაუბრება ინგლისურად ტარდებოდა.

მოკლე საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა მათსონმა სთხოვა სამუელს, ემსახურა უტბის მეურვეობის მისიის ხელმძღვანელად. სამუელმა მას აშკარა მიზეზზე მიუთითა: „მაგრამ მე ხომ შვედური არ ვიცი“.

მაგიდასთან მჯდომარე პრეზიდენტი მათსონი სამუელისკენ გადაიხარა და თავაზიანად ჰკითხა მას: „მე გკითხეთ, იცით თუ არა შვედური თუ მზად ხართ, უფალს ემსახუროთ“?

სამუელმა უპასუხა: „თქვენ მკითხეთ, ვარ თუ არა მზად, უფალს ვემსახურო. მზად ვარ“.

სამუელმა მიიღო მოწოდება. ანა-მარიამაც მიიღო თავისი მოწოდებები. ორივენი ერთგულად მსახურობდნენ და პარალელურად, კარგი შვედურიც ისწავლეს.

სამუელისა და ანა-მარიას ცხოვრებას ერთგულება და უფლისადმი მსახურება ახასიათებდა. ისინი ეკლესიის ჩვეულებრივი გმირები იყვნენ. ყოველ ჯერზე, როცა მათ მსაუხრებას სთხოვდნენ, ისინი ერთგულად ასრულებდნენ ამას. მათ მასწავლეს, რომ მსახურებისას ჩვენ ჩვენს ნიჭს ვიყენებთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 60:13), შემდეგ კი უფალი გვეხმარება, მივაღწიოთ მის მიზნებს.

როცა მზად ვართ ვიმსახუროთ, ჩვენ ვცდილობთ, არ ვიწუწუნოთ და არ ვიბუზღუნოთ, რადგან არ გვსურს, რამენაირად შევლახოთ ჩვენი მსახურება. წუწუნი შეიძლება იყოს მერყევი ვალდებულების ნიშანი ან რომ ჩვენი სიყვარული მაცხოვრის მიმართ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ბუზღუნი, თუ მას ყურადღბას არ მივაქცევთ, შეიძლება უფლის წინააღმდეგ აშკარა აჯანყებაში გადაიზარდოს. ეს პროცესი ეკლესიის ადრეული წევრის, ეზრა ბუსის, ცხოვრებაში აღინიშნება, რომელიც ოჰაიოდან მისურიში მოიხმეს მისიონერად.

ეზრა 1831 წ. ივნისში წამოვიდა ოჰაიოდან და განაწყენებული იყო იმის გამო, რომ ზოგ მისიონერს ურიკით შეეძლო მოგზაურობა, მას კი ზაფხულის სიცხეში ფეხით სიარული უწევდა, თანაც გზადაგზა - ქადაგება. ის ბუზღუნებდა. მისურიში ჩასვლისას ის ძალაგამოცლილი იყო. მისური არ იყო ისეთი ადგილი, როგორიც მას წარმოედგინა. მან ირგვლივ მიმოიხედა და აღნიშნა, რომ „პერსპექტივა გარკვეულწილად უღიმღამო ჩანდა“.

ეზრას განწყობა სულ უფრო და უფრო ცინიკური, სარკასტული და კრიტიკული ხდებოდა. მისურიდან წამოსვლისას, იმის ნაცვლად, რომ გზად ექადაგა, როგორც მას ეს სთხოვეს, ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდა ოჰაიოში. მისი თავდაპირველი ბუზღუნი მერყეობაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი მან თავისი ადრინდელი სულიერი გამოცდილების მიმართ ნდობა დაკარგა. მალე ეზრა ეკლესიიდან წამოვიდა და „საბოლოო ჯამში, მან „ქრისტიანობაზეც უარი თქვა და აგნოსტიკოსი გახდა““.

იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს, თუ ყურადღებით არ ვიქნებით. თუ ჩვენ არ შევინარჩუნებთ მარადიულ პერსპექტივას, არ შევახსენებთ საკუთარ თავს, თუ ვისი საქმეა ეს სინამდვილეში, შეიძლება დავიწყოთ წუწუნი, ყოყმანი და საბოლოო ჯამში, დავკარგოთ ჩვენში არსებული რწმენა.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ გავაკეთოთ არჩევანი, მივყვეთ იესო ქრისტეს და მოვახდინოთ ეს მის საქმეში ჩართულობით. ამ პროცესში, ჩვენ მოგვენიჭება „უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი“ (2 პეტრე 1:4). ეს დალოცვები მოიცავს ცოდვების მიტევებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 60:7; 61:2, 34; 62:3; 64:3), ხსნას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:13; 56:2) და ამაღლებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:3–11; 59:23). ჭეშმარიტად, ჩვენ გვაქვს ღვთის ყველაზე დიდი ძღვენის დაპირება, რომლის მოცემას მას შეუძლია და ეს არის მარადიული სიცოცხლე.

შენიშვნები

  1. Dallin H. Oaks, His Holy Name (1998), 37.

  2. ისრაელის შეკრება ნიშნავს ყველას მოწვევას, ვინც კი იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნეა.

  3. იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023), 13, სახარების ბიბლიოთეკა.

  4. რასელ მ. ნელსონი, „ისრაელის იმედი“ (მსოფლიო სულიერების საათი ახალგაზრდებისთვის, 3 ივნისი, 2018), სახარების ბიბლიოთეკა.

  5. იხ. მეთიუ მაკბრაიდი, „ეზრა ბუსი და ისააკ მორლი“, Revelations in Context: The Stories behind the Se ctions of the Doctrine and Covenants (2016), 130–36.